სადღეგრძელოებით ნათქვამი საჩივარი - რა სასამართლო წეს-ჩვეულებები ჰქონდათ ძველად სვანეთსა და ხევსურეთში
ავტორი: ეკატერინე პატარაია 11:57
მოსამართლეები „სასწორში“
გიორგი დავითაშვილი (სამართლის პროფესორი, იურისტი): მოსამართლეები იკრიბებოდნენ. შეიძლება, საქმე მათ აერჩიათ. „ნეზგაჩუ მეგნე“ – ასე ერქვა სვანეთში შუამდგომ ადამიანს ანუ, ეს იყო მედიატორთა უფროსი. წარმოიდგნეთ, 12 მოსამართლეა და ერთად ირჩევენ მე-13-ს – თავმჯდომარეს. ის მოსამართლე აუცილებლად უნდა შეეთანხმებინათ მხარეებთან, ძირითადად, დაზარალებულ მხარესთან, მოსამართლე შუამავალიც იყო, ადვოკატიც და ამ შემთხვევაში ასეთ ფუნქციასაც ითავსებდა. ეს თვალნათლივ ჩანს ხევსურეთში. ხევსურეთში ასე ხდებოდა: მედიატორი მოსამართლეები სხდებოდნენ, ეგრეთ წოდებულ, „სასწორში“. როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ ორი სხვადსხვა სოფლიდან, ამ ორ სოფელს შორის შუა მანძილზე უნდა დამსხდარიყვნენ. ერთი მხარე ას ორმოცდაათი მეტრის დაშორებით დაჯდებოდა, მეორე მხარეც – ასი მეტრის დაშორებით. ისინი ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, იმიტომ, რომ შეიძლება, ერთი მხარე ცუდს ლაპარაკობს, იგინება, რაღაც ხდება. მაშინ ყველა შეიარაღებული დადიოდა და ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა სისხლისღვრას. ამიტომ, მოსამართლეები თვითონ მიდიოდნენ ჯერ ერთ მხარესთან და მას ესაუბრებოდნენ, მერე – მეორე მხარესთან და მას ესაუბრებოდნენ.
ეს ყველაფერი სვანეთში ცოტა სხვანაირად ხდებოდა. სვანეთში მოსამართლეები მიდიოდნენ ოჯახებში და იქ ხდებოდა მხარეების დაკითხვა. დავუშვათ, ასეთი სიტუაცია: ცნობილია, დამნაშავე ვინ არის. იშვიათად ხდებოდა სამედიატორო სასამართლო შეკრებილიყო ეჭვმიტანილის დასადგენად. მაგრამ, ეჭვმიტანილი იყო პიროვნება, მაგრამ ზუტად არ იყო ცნობილი, ვინ ჩაიდინა და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ადგენდნენ ვინ იყო დამნაშავე და ამისთვის ხშირად იყენებდნენ ეკლესიას, სადაც ეჭვმიტანილი იფიცებდა. თუმცა, ის მარტო არა, იფიცებდა თანამოფიცებთან ერთად, ანუ თავის მოგვარეებთან ერთად. სვანეთში, ნათესავების გარდა, სხვებსაც შეეძლოთ, დაეფიცათ, რომლებიც იცნობდნენ მას და მის პატიოსნებაზე იფიცებდნენ – დამნაშავე ვერ იქნებაო. ჯერ იწყებოდა დაზარალებული მხარის დაკითხვა. იქ აუცილებლად კარგი სუფრა უნდა გაშლილიყო. აუცილბელი იყო სამი სადღეგრძელო. პირველ შეხვედრაზე კარგი სუფრა სავალდებულო იყო. აუცილებელი იყო სამი სადღეგრძელოც – ღმერთის, მშვიდობის, მთავარანგელოზისა და წმიდა გიორგის. წმიდა გიორგის სადღეგრძელოს წარმოთქმისას დგებოდა დაზარალებული მხარის წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე მჭევრმეტყველი – ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო მოკლულის მამა, ბიძა ან სხვა მისი უახლოესი ნათესავი და ის იწყებდა საჩივარს. საჩივარი ერქვა სარჩელს. ვთქვათ, სარჩელს წარმოსთქვამდა მოსამართლეების მიმართ და ის მოსამართლეები მას უსმენდნენ.
ახლა მეორე ოჯახში იშლებოდა სუფრა. იქაც წმიდა გიორგის სადღეგრძელოს დროს, უკვე ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც დეტალურად დაიმახსოვრა ყველაფერი, უყვებოდა მეორე მხარეს. მეორე მხარე, რა თქმა უნდა, პასუხს აძლევდა ამ საჩივარს. ამას ყველაფერს დეტალურად მოისმენდნენ, ასევე, ჩაიწერდნენ და მერე დაზარალებულის ოჯახში გადადიოდნენ და მათ გადასცემდნენ ამ პასუხს. ასე, რამდენჯერმე შეიძლებოდა, მისულიყვნენ აქეთ-იქით. პირველი მისვლის მერე დიდი სუფრა აღარ ითვლებოდა აუცილებელ წესად.
შეიძლება, რაღაც დაპირისპირება მოსამართლეებს შორისაც მომხდარიყო, ნეზგაჩუ ნეგნე აუცილებლად მოარიგებდა ხოლმე მათ და საბოლოო დასკვნას მერე ის გააკეთებდა. შეიძლება, აერჩიათ კაცი, რომელიც პირველ განაჩენს, ანუ გადსახადის ოდენობას განსაზღვრავდა და დაადგენდა, რამდენი უნდა გადაეხადა დამნაშავე მხარეს. სვანეთში, მაგალითად, გადასახადი ხდებოდა მიწით. უშგულში, კალასა და სვანეთის ზოგიერ თემში გადასახდელი იყო ექვსი ნალჯომი მიწა. ეს საკმაოდ დიდი გადასახადი იყო. მკვლელობისთვის გადასახადს ერქვა წორი, თავსისხლი – ხევსურეთში. ძველ ქართულ სამართალში ქონებრივ საზღაურს ვუწოდებთ – სისხლს. აქედან მოდის ტერმინი სისხლის სამართალი. ერთი ნალჯომი მიწა ზემო სვანეთში, დაახლოებით, 25 ოქროს მანეთს უდრიდა, იმდროინდელი კურსით – მეფის რუსეთსი პერიოდში. დაახლოებით ეს იყო ექვსი ხარი, ასევე 36 ხარი. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად საუკეთესო, ნაყოფიერი მიწები. იქ მიწები სხვადასხვა ხარისხის იყო, ზოგი იყო კარის მიწები, რომელიც სოფელთან ახლოს იყო და ზოგი სადღაც სხვაგან, მთაში, გორაზე. აი, ეს კარის მიწები უნდა ყოფილიყო შუა ადგილი, საუკეთესო მიწები. უნდა აეზომათ და გადაეცათ მათთვის. თუ არ ჰქონდა ამდენი მიწები, შეიძლება ეს ჩაენაცვლებინა სათიბს, უძრავ ქონებას, სახლს, კალო-საბრძელს... აი, ასეთი წესები არსებობდა.
ტოლობის ფიცი მთის სამართალში
რას ნიშნავდა ტოლობის ფიცი და როგორ იდებოდა იგი? ტოლობის ფიცს მხარე ადებინებდა მედიატორ მოსამართლეებს. მაგალითად, დაზარალებული მხარე მეგარცამე ანუ ხატზე გადამცემი (ვინც წყევლის ფორმულას წარმოთქვამდა ამ ფიცის წინ.) წარდგებოდა მოსამართლეების წინაშე. ეს შეიძლება, ყოფილიყო მოკლულის მამა, საკმაოდ შესაცოდი ადამიანი, რომელიც მოსამართლეებისგან მოითხოვდა, რომ ორივე მხარე თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ისინი ყოფილიყვნენ ერთმანეთის ტოლნი და არავითარ შემთხვევაში მეორე მხარე არ აემაღლებინათ და მათი მხარე არ დაემდაბლებინათ. მოსამართლეებს თავიანთი თავი უნდა ჩაეთვალათ დაზარალებული მხარის ტოლად ანუ მის მდგომარეობაში და ისე უნდა მიეღოთ განაჩენი. ესე იგი, თითოეულ მოსამართლეს, ამ ფიცის მიხედვით, თავი უნდა ეგულისხმა დაზარალებული მხარის მდგომარეობაში და ისე უნდა გამოეტანა განაჩენი. ისეთი განაჩენი უნდა გამოეტანათ, რომელზეც, ისინიც დაყაბულდებონდენ, თუ მათ მდგომარეობაში იქნებოდნენ. იგივე მოთხოვნა ჰქონდა დამნაშავე მხარესაც – რომ მე თქვენ სამართლის მიხედვით უნდა განმსაჯოთ. კი, მე დამნაშვე ვარ და მზად ვარ, გადავიხადო, მაგრამ ჩვენც თანსწორნი უნდა ვიყოთ. თქვენ ჩემს მდგომარეობაში უნდა იგულისხმოთ თავი და ისეთი განაჩენი უნდა გამოიტანოთ, არა მხოლოდ მე, თქვენც კმაყოფილი იყოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენ კმაყოფილიო. ეს იყო ტოლობის ფიცი. ამ ფიცის მერე უკვე ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ მოსამართლეები სამართლიან განაჩენს გამოიტანდნენ.
აღუსრულებელი განაჩენი და ფიცის სასამართლო, სადაც მტკიცებულებები საჭირო არ არის
ძალიან იშვიათად ხდებოდა, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო. ამ შემთხვევაში განახლდებოდა შურისძიება და სისხლი იღვრებოდა. ან ის მხარე, რომელმაც ეს ფიცი დადო, შეურიგდებოდა მეორა მხარეს, ესე იგი ფიცისგან თავისუფლდებოდა. ნახეთ ახლა რა ხდება: ორივე მხარე დებს ერთგულების ფიცს. პირველი დებს ერთგულების ფიცს ხომ? (გარცამისა და წყევლის ფორმულას აქ აღარ მოვყვები, ძალიან მჭევრმეტყველური ფორმულები ჰქონდათ) გარცამი იყო სწორედ წყევლის ერთ-ერთი ფომულა, ერთი თემიდან მეორეში გადადიოდა და მეგარცამეებიც აქედან მოდიოდნენ, რომლებმაც კარგად იცოდნენ ამ წყევლის ფორმულების ჩამოყალიბება. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აი, შენ თუ უსამართლო განაჩენს გამოიტან, არა მარტო შენ უნდა დაგსაჯოს ღმერთმა, არამედ უნდა ამოწყდეს მთელი შენი შთამომავლობა, ნათესაობა – ძირითადი იდეა ეს იყო, მაგრამ ძალიან მჭევრმეტყველური და ძალიან საინტერესო ფორმულებია, რაც სვანეთში გვხვდება. ერთგულების ფიცი კი იყო, როდესაც აქეთ ადებინებდნენ მოსამართლეები მხარეებს. აი, ახლა მე განაჩენი გამოვიტანე, ტოლობის ფიცი ვთქვი და წყველიდნენ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ ამ განაჩენს ანდა განაჩენის გამოტანის საფუძველზე არ შერიგდებოდნენ და არ აღადგენდნენ ისეთ ურთიერთობას, როგორიც მათ მანამდე ჰქონდათ. ანუ, წონასწორობა, რომელიც დაირღვა ამ მკვლელობის შედეგად, ამ განაჩენის აღსრულების შედეგად უნდა აღდგეს. ამ შემთხვევაში, ანუ დაზარალებულის ფიცში ერთადერთი დამატებითი ელემენტი შედიოდა – ორივე მხარე იფიცება, რომ კი, ვიქნები ერთგული განაჩენის, შევურიგდები მეორე მხარეს და შურისძიებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ექნება, მაგრამ დაზარალებული მხარე სვანეთში აუცილებლად დაუმატებდა ამ ფიცს, რომ მანამ, სანამ არ წამომაძახებენ უსისხლოდ შემირიგდაო... რა თქმა უნდა, ამას ვერ შეეგუებოდა ვერცერთი, იმიტომ რომ ეს მათი დამცირება იქნებოდა. უსისხლო შერიგება და საპასუხო შურისძიების შერიგება მაინც დამამცირებლად ითვლებოდა, თუმცა ეს აუცილებლად თავისი ყურით უნდა გაეგონათ.
ხევსურეთში იყვნენ ძალიან ბრძენი, ჭკვიანი მედიატორები, რჯულის კაცები – ასე უწოდებდნენ ხევსურ მედიატორებს, მაგრამ მათ, ელემენტარულად არ იცოდნენ წერა, ამიტომ ისინი ვერც წერდნენ, რა განაჩენიც გამოჰქონდათ, მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, წინა მოსამართლეებმა რა განაჩენიც გამოიტანეს. როდესაც ისინი იკრიბებოდნენ, ანუ მოსამართლეები, პირველ რიგში იხსენებდენ იმას, თუ მსგავს, ანალოგიურ საქმეზე რა პრეცედენტები არსებობდა ძველად ჩატარებული სასამართლოების პირობებში. ეს არის, ეგრეთ წოდებული, ანდრეზი, ანუ ძველი ამბავი. რუსუდან ხარაძეს აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომი ამაზე – „ანდრეზი, როგორც სამართლის წყარო“. ანდრეზი, ეს არის მაგალითის სახით შენახული ძველი გადმოცემა. მეანდრეზეები არსებობდნენ ხევსურეთში, რომლებიც იმახსოვრებდნენ ამ ძველ შემთხვევებს. როდესაც ხევსურები იკრიბებოდნენ ბანზე, სადღაც, ისინი საუბრობდნენ ამ ძველ ამბებზე. ხევსურული ჯულის ცოდნა ნიშნავდა სწორედ ამ ძველი გადმოცემების ცოდნას. ხალხმა ეს ძველი გადმოცემები იცოდა და ეს გადმოცემები შემდეგ უკვე მეორდებოდა. ანალოგიურად ხდებოდა საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად, ხევსურეთში მოხდა ასეთი საინტერესო შემთხვევა, რომ პირველად მოკლეს ქალი, მაგრამ ამაზე განაჩენი არ არსებობდა. პირველი პრეცედენტი მოხდა. მოსამართლემ არ იცოდა, საკითხი როგორ გადაეწყვიტა. ამიტომ, ეს ავტორიტეტული ხალხი შეკრიბეს. როგორც ამბობენ, ერთი მოხუცებული ქისტიც კი მოიყვანეს და ამ ავტორიტეტულმა ადამიანებმა დაიწყეს საკითხის განხილვა. ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალი მამაკაცზე ნაკლებია, იმიტომ, რომ ის არც მეომარია, არც ვინმეს დამცველია, ამიტომ ქალისთვის დავაწესოთ უფრო ნაკლები გადასახდი, ვიდრე კაცისთვისააო. ხევსურეთში თუ კაცისთვის დაწესებული იყო სამოცი სული ძროხა, ქალის მკვლელობისთვის უნდა ყოფილიყო ოცდაათი ძროხა, ეს იყო ეკვივალენტი. მაინცდამაინც ძროხები არ მიჰყავდათ ხოლმე. ხევსურეთში გადახდა უფრო სპილენძეულით ხდებოდა. არსებობდა ხელითი ძროხა და ფეხითი ძროხა. ფეხითი ძროხა იყო თვითონ პირუტყვი და ხელითი ძროხა ეს, ძირითადად, იყო სპილენძეული. სახლის სახმარი ნივთები, რომელსაც ისინი ოჯახში იყენებდნენ. ეს იყო ქვაბები, ტაშტები, მაგალითად, საარყე ქვაბი, ძალიან დიდი, რომელიც შეიძლება, სპილენძის ყოფილიყო. იყო ასეთი შეფარდება, რომ ერთი ხელი ძროხა უდრიდა ოთხ ან ხუთ კილოგრამ სპილენძს, თუ მაგალითად, პირველი ჭრილობა სახის არეში იყო მიყენებული. ასევე, ასი გრამი ვერცხლი უდრიდა ერთ ძროხას. ასე რომ, ზოგიერთი ნივთი წინასწარ იყო შეფასებული. იყო ასეთი ჭურჭელი – ტულუხი, წყლის საზიდი, რომელიც ძროხას უდრიდა. ტაფა უდრიდა ერთ ცხვარს და ასე შემდეგ. რაღაცები წინასწარ იყო განსაზღვრული – შუამავლები, მედიატორი მოსამართლეები წონიდნენ ხოლმე. ამას ხევსურები დრამას ეძახდნენ. ანუ, ქონებრივ რაღაცებს ხევსურეთში ერქვა დრამა. ამ სპილენძს აწონიდნენ და ეს დრამა მიჰქონდათ დაზარალებულის ოჯახში და აბარებდნენ.
რჯული და კანონი
ხევსურეთში სამედიატორო სასამართლო იყო და მას ერქვა რჯული. მედიატორებს ერქვათ რჯულის კაცები. უბრალოდ, რჯული არ ტარდებოდა მკვლელობის საქმეზე თუ მკვლელი იყო ცნობილი, იმიტომ, რომ მკვლელობისთვის გადასახადი წინასწარ იყო დადგენილი, კაცისთვის – 60 ძროხა, ქალისთვის – 30 ძროხა. ეს იყო სისხლის საფასური. საბოლო ჯამში თუ ამას გადაიხდიდი, დასრულებული იყო ყველაფერი, მაგრამ ხევსურეთში ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ქალის მკვლელობის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. მაგალითად, გადაწყვიტეს, რომ გადასახადი არის 30 ძროხა. გარკვეული დროის მერე ქალის მკვლელობა ისევ მოხდა. ანდრეზი გაიხსენეს, ეს პრეცედენტი და რადგან 30 ძროხად შეფასდა ქალის სისხლისთვის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ანდრეზის მიხედვით ასეა და ქალის მკვლელობისთვის ასე დააწესეს. თუ რომელიმე მოინდომებდა ანდრეზის გადახედვას, რაც როგორც წესი, არ ხდებოდა ხოლმე, ამას ხევსურები ეძახდნენ ურჯულო რჯულს. საყვედურობდნენ ასეთ მოსამართლეს, შენ ურჯულო რჯული გინდა დაადგინო და ამაში მე ვერ შემოგიერთდებიო. რასაკვირველია, თავისი შინაარსით, ეს ძალიან კონსერვატიულია, მაგრამ ამ სამოცი ძროხის გადახდა, გაწელილი იყო მრავალი წლის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან