საზოგადოება

სად ვახშმობდა ბადრი ბეგალიშვილი ორ ცოლთან ერთად და რატომ დააბერეს ის

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ბადრი ბეგალიშვილი
დაკოპირებულია

ბადრი ბეგალიშვილმა ფილმებში თავისებურად საინტერესო, სახასიათო სახეები განასახიერა და ქართული კინოს ისტორიასა და ქართველ მაყურებელსაც ასეთად შემორჩა. ის მუსკომედიის წამყვანი მსახიობი იყო, იქაც სახასიათო როლებით, შესანიშნავი არტისტიზმითა და ვოკალით გამოირჩეოდა და მაყურებელს ნამდვილ თეატრალურ სიამოვნებას ანიჭებდა. დღეს კი მინდა, შემოგთავაზოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმის – „ჩარი რამას“ კადრს მიღმა ამბები და აქედან გაგაცნოთ ეს უნიჭირესი მსახიობი.

ახალგაზრდა ბებერი

„ამ ფილმამდე კინოსთან შეხება არ მქონია, ამდენად ჩემს კინოდებიუტად „ჩარი რამა“ მიმაჩნია. მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვარ. ვთამაშობდი ცნობილი აზერბაიჯანული კლასიკური ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „არშინ მალანანში“. ამ სპექტაკლის მხატვარი ნიკა ყაზბეგი გახლდათ. მითხრა: ბადრი, დღეს სპექტაკლზე დასასწრებად ნიკოლოზ სანიშვილი მოვა, ახალ მხატვრულ ფილმს იღებს და მე შენი თავი შევთავაზეო. რეჟისორი ჩემს მსგავს ტიპაჟს ეძებდა ჭიპილიას როლისთვის. სხვა ცნობილ მსახიობებზეც იყო ლაპარაკი, მაგალითად, იპოლიტე ხვიჩიაზეც, მაგრამ რეჟისორს სხვა უნდოდა. სხვათა შორის, ნიკოლოზ სანიშვილი ბევრი კინომსახიობის ნათლიაა. პირველად სწორედ მან გადაიღო ბევრი არაცნობილი პიროვნება კინოში და მას შემდეგ გახდნენ კინოვარსკვლავები. მოკლედ, სპექტაკლი რომ დამთავრდა, დირექტორის კაბინეტში დამიძახეს. იქ სანიშვილი დამხვდა. დამინახა თუ არა, თქვა, როგორი ახალგაზრდააო. მერე, ჩვენს გრიმიორს, თინა კაჭარავას მიუტრიალდა და უთხრა – ეს კაცი უნდა დამიბეროთო. მეორე დღეს დამიძახეს კინოსტუდიაში და როგორც გახსოვთ ფილმიდან ჭიპილიას გმირი, ამდენად დამაბერეს. 42 წლის კაცი 70 წლისას დამამსგავსეს. როლზე მაშინვე დამამტკიცეს ისე, რომ სასინჯი გადაღებები არც მქონია.

ყველაფერი მზადაა

ნიკოლოზ სანიშვილს ხმით კარგად ვბაძავდი. მკაცრი კაცი იყო. ერთ დღესაც, გადაღებაზე რომ წავედით ოზურგეთში, რეჟისორმა დაიგვიანა. არავინ ინძრეოდა ადგილიდან, მის მოსვლას ელოდებოდნენ. დავიმალე ბუჩქებში და დავიწყე მისი ხმით ყვირილი: „სად არის ოპერატორი“ სად არის მხატვარი? მსახიობები? რატომ არ ხართ მზად!“ ყველა დაფაცურდა, აფუსფუსდნენ, ყველაფერი გაამზადეს და რეჟისორი მოიძიეს. ბატონო კოლია, სად ხართ? ველაფერი მზადაა. დავიწყოთ?.. სანიშვილი კი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა მანქანით. გადახედა, გადმოხედა იქაურობას, ხედავს ყველაფერი მზად არის, იდეალურ წესრიგშია. მერე უთხრეს როგორც იყო. გაუკვირდა – ნეტავ ვინ იყოო. მერე დავდექი სიმინდებში და კიდევ ერთხელ დავიძახე იქიდან – „სად არის რეჟისორი სანიშვილი?“ გაგიჟდა კაცი: აიტ, შე მამაძაღლო, შენ იყავიო?!

სახალხო ფილმი

როგორც იცით, ფილმში შვიდი თუ რვა შვილი მყავს. იქიდან ორი გოგონას როლს თამაშობდნენ ხათუნა ჟორდანია – მერაბ ჟორდანიას და ლია ხორბალაძე – „მზიურიდან“. სპორტის სასახლეში რაღაც ტურნირი ტარდებოდა და მას ვესწრებოდი. გავიხედე და მოდის ჩემი კარგი მეგობარი, ცნობილი ფეხბურთელი ლეო ჟორდანია თავის ქალიშვილთან ერთად. ხათუნა გამოექცა მამამისს და მე შემომეხვია კისერზე, – მამა, მამაო... ლეო გაუბრაზდა, ვინაა, გოგო, მამაშენიო... ახლა ლეოს რომ დავურეკავ ხოლმე და მოვიკითხავ: ერთი, ჭიპილიას ქალიშვილს სთხოვე ტელეფონთან-მეთქი, იცინის.

ძალიან ადვილად გასაგები და სანახავი ფილმი სავსეა მუსიკალური ნომრებით. ბრწყინვალე მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა გომარ სიხარულიძემ. ზუსტად ამ ფილმში მოხდა ხალხური სიმღერების შერწყმა მაშინდელ ესტრადასთან. ყველას აინტერესებდა, ჩვენ თვითონ ვმღეროდით თუ გახმოვანებულზე პირს ვაღებდით. ჩანაწერებს, რომლებიც ამ სიმღერაშია გამოყენებული, რა თქმა უნდა, ხმას ვაყოლებდით, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში, ფრანგულად რომ ჩავურთავთ, იქ უკვე მართლა ჩვენ ვმღერით. გოგი ქავთარაძის სიმღერას კი თვითონ გომარ სიხარულძე ასრულებს. ფილმი ძალიან მალე გადავიღეთ – სამ თვეში. რეჟისორი სულ იძახდა: ფილმს კანის ფესტივალისთვის არ გავაკეთებ, უბრალო, მაყურებლისისთვის გასართობ, მუსიკალურ ფილმს ვიღებო. ამ ზაფხულს ქობულეთში ვისვენებდი და თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავმა ადამიანმა მიცნო. სულ თავს დამტრიალებდნენ – ჩვენი ჭიპილია, ჩვენი ჭიპილიაო. კინოკრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დაბალი ხარისხის ფილმი იყო, კი ბატონო, მაგრამ ძალიან ადვილად გასაგები და კარგი სანახავია. ეს არის მხიარული ფილმი, რომელსაც დღემდე უყურებს მაყურებელი და მოსწონს.

ბედნიერი ასო „ჩ“

ელენე ყიფშიძე ჩემი მეუღლის როლს თამაშობდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან თითქოს შიში მქონდა, რომ ასეთი დიდი მსახიობის გვერდით უნდა მეთამაშა, თანაც მისი ქმრის როლი. მერე ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გაჩნდა ჩვენ შორის, რომ სრულიად გამიქრა შიშის გრძნობა. მგონი, ძალიან შევეწყვეთ კიდეც ერთმანეთს და „სიმონიკა და ივანიკაშიც“ ცოლ-ქმარი ვითამაშაეთ. ვიღაცამ იხუმრა კიდეც: მესამედ თუ კიდევ ცოლ-ქმარს ითამაშებთ, ალბათ, ცხოვრებაშიც ცოლ-ქმარი იქნებითო, მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრებაში ეს არ მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემს ცოლს, ქსენიას რომ ვეუბნები – „პარდონ“ და ის რომ მპასუხობს – სახლში მიგცემ კარდონსო – ეს ტექსტი ელენეს მოფიქრებულია.

მთელი გადაღების პროცესს ჩემი მეუღლე, მუსკომედიის მსახიობი, იზა ბოჭორიძეც ესწრებოდა. ერთხელ, ვახშამზე ერთად ვისხედით – ლენა, მე და იზა. ამ ფილმის ქორეოგრაფი იურა ზარეცკი შემოვიდა და თქვა: ვა, ჭიპილია ორ ცოლთან ერთად ვახშმობო? ყველამ ჩვენ შემოგვხედა. სხვათა შორის, რეჟისორმა ჩემს ჭკუაზე მიმიშვა. ალბათ, ამიტომაც არ გამჭირვებია ამ როლის თამაში. იმპროვიზაციის უფლება მომცა და ამან გამათავისუფლა დაძაბულობისაგან. ჩემს ცხოვრებაში ასო „ჩ“. ბედნიერების მომტანია. პირველი ფილმი „ჩარი რამა“ იყო, მეორე ფილმი – „ჩირიკი და ჩიკოტელა“, მესამე – „მოსფილმის“ „ჩეგემსკი დეტექტივ“, თეატრში სპექტაკლები – „ჩემი მშვენიერი ლედი“, „ჩანჩურა“ და ასე შემდეგ.

უპატრონო ინდაური

ქორწილის გადაღებების ეპიზოდები ათი დღე გრძელდებოდა. ამ ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ახალ-ახალი გოჭები, ხაჭაპურები მზადდებოდა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ჯგუფის ხელმძღვანელობას ფული უჯდებოდა. არადა, მეორე დღეაც ხომ შეიძლებოდა იგივე გოჭი გადაეღოთ? შორი კადრში ჩანს ბუტაფორია, ხოლო, რომელიც ახლო კადრი იყო, ის ნამდვილი უნდა ყოფილიყო. ზაფხული იყო, ხორცს ბუზი ეხვეოდა, კი ვაფარებდით, მაგრამ სად იყო მაშინ მაცივარი, რომ შეგვენახა. ჯგუფის ხელმძღვანლი შურა ჯაგარაბედოვი ცოტა ეშმაკი კაცი იყო. მან თქვა. მოდი, ბიჭებო, ერთი რამე გავაკთოთ. მე ამ გოჭს ორას მანეთად ვყიდულობ, საღამოს კი ნახევარ ფასში მოგყიდითო. ასე ვყიდულობდით პურმარილს, რომელში გადახდილი ფულითაც მეორე დღეს დირექტორი ახალ გოჭს ყიდულობდა. ღვინო სახლის უფროსს ჰქონდა. იქ არის ერთი პატარა სცენა, სახლში რომ მოვდივარ და მომყავს ჩემი მეგობრები. ჩემს მეუღლეს, ქსენიას ვეუბნები – ინდაური დაკალი-მეთქი. ის ინდაური შემთხვევით იყო იქ, არ გამოუჩნდა პატრონი და მართლა დავკალით. სხვათა შორის, მშვენივრად გეახელით.

ექიმი ფუჩლოლოგი

ამ ფილმში ერთ-ერთი მოხუცის როლს მსახიობი ვახტაგ მიხეილიძე თამაშობს. დილით ძალიან ადრე დგებოდა, მიდიოდა სანაპიროზე, იჭერდა მედუზებს და ტანს იზელდა. ვიღაცამ ურჩია, რევმატიზმს უხდებაო. იქ, ვიღაც რუსი დამსვენებელი ქალი ყოფილა, რომელიც წყალში არ ჩადიოდა და ქოლგით ხელში იჯდა სანაპიროზე. უყურა ამ კაცს ერთხელ, ორჯერ. ერთ მშვენირ დღესაც მიუახლოვდა და ჰკითხა, რას შვრებითო. ვახტანგმა დამტვრეული რუსულით აუხსნა, ეს ბევრ ავადმყოფობას უხდებაო. ქალმა ისევ ჰკითხა, ექიმი ხომ არ ხართო. ვახტანგმა დაუმალა, არ უთხრა, რომ მსახიობი იყო და აქ ფილმის გადაღებებზე იყო ჩამოსული. ამდენს ვერც ეტყოდა რუსულად და უთხრა – კი ექიმი ვარო. ეს ქალი ჩააცივდა, თურმე, რისი ექიმი ბრძანდებოთო. დაიბნა ვახტანგი, მაგრამ სიამაყით უპასუხა. „ია ფუჩლოლოგ, და!“ იმ ქალს ძალიან გაკვირვებული სახე ჰქონია. იმ დღის შემდეგ კი იქ აღარავის უნახავს. ეტყობა, იკითხა რას ნიშნავდა ეს სიტყვა. ასე გახდა ვახტანგი ექიმი „ფუჩლოლოგი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი