საზოგადოება

სად შეხვდა ალექსი კეზევაძე შავკანიანებს, რომლებიც თეთრ ადამიანს პირველად ხედავდნენ და როგორ გადაურჩა ის ხიფათს

№49

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:26

ალექსი კეზევაძე
დაკოპირებულია

ალექსი კეზევაძისთვის მოგზაურობა ცხოვრების წესია. არაერთი ქვეყნის მონახულების შემდეგ მისი გაკვირვება რთულია, თუმცა რადგან ყველა ქვეყანა თავისებურად გამორჩეულია, მისი თითოეული ტური კიდევ უფრო განსაკუთრებული გამოდის.

ალექსი კეზევაძე: მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ზაფხულში ქვეყნის დატოვება არ შემიძლია. ამიტომ უკვე ტრადიციად მექცა ოქტომბერში მოგზაურობა. მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ, მანქანით გადავაადგილდებით და ერთი ტურის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანას ვსტუმრობთ ხოლმე. წელს ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე, გარკვეული მისიით ორი კვირით მადაგასკარზე უნდა წავსულიყავით. დავთანხმდი, რადგან მადაგასკარზე მოგზაურობა საკმაოდ რთული, მაგრამ არაჩვეულებრივი თავგადასავალი იქნებოდა. წასვლამდე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე, იმას ვერანაირი ფოტო და ვიდეო ვერ აღწერს. იქ ორი კვირა სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრე.

ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია, შესაბამისად, უსაფრთხოების დონე - დაბალი, მაგრამ ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო, რადგან აქამდე მხოლოდ ევროპის კონტინენტზე ვიყავი ნამყოფი 20 ქვეყანაში.

თავგადასავლები პირველივე დღიდან დაიწყო. ერთი დღე კენიაში მოგვიწია გაჩერება. ტაქსის მძღოლმა გვითხრა, სად არ უნდა წავსულიყავით და მაშინვე შემოგვისაზღვრა ადგილები, სადაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ გადაადგილება შეგვეძლო, თუმცა როგორც კი სასაუზმოდ რესტორანში შევედით, იარაღიანი ხალხი გამოჩნდა. შეიარაღებულ ხალხთან ერთად არასდროს მისაუზმია და ეს იყო პირველი შოკი. აბოლუტურად ყველა შენობას – იქნებოდა რესტორანი, მაღაზია თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – შეიარაღებული დაცვა ჰყავდა. იქ ბილეთი თუ არ გაქვს, აეროპორტის ტერიტორიაზე ვერც შეხვალ. უამრავ აეროპორტში ვარ ნამყოფი და მსგავსი რამ არსად მინახავს, ოთხჯერ იყო საჭირო საავიაციო უსაფრთხოების გავლა. თუმცა, თუ შევადარებთ, კენია მაინც გაცილებით მაღალ დონეზე იყო განვითარებული, ვიდრე მადაგასკარი.

– მადაგასკარში რამ გაგაოცათ?

– პირველ ცდაზე ვერ გავფრინდით. თვითმფრინავში ვსხდებოდით, როცა რეისი მოხსნეს, რადგან თურმე, მადაგასკარში პროტესტის ტალღა აგორდა. დედაქალაქში, შეტაკება მოხდა და რვა ადამიანი მოკლეს. ხალხი ელემეტარულს – შუქს და წყალს ითხოვდა. ჩვენ ამ ამბიდან მეორე საღამოს ჩავფრინდით. 7 საათზე კომენდანტის საათი იწყებოდა და კონტროლის მაქსიმალური დონე იყო გამოცხადებული. ერთ მხარეს, ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი და ჟანდარმერია, მეორე მხარეს კი – ხალხის პროტესტი, ცოტა შემეშინდა, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანი ისეთი ადგილები იყო, სადაც არც ტურისტი ჩადის და ხალხმა პოლიტიკის შესახებ საერთოდ არაფერი იცის – სრულიად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს. ამიტომ ვიმედოვნებდი, რომ იქ მსგავსი დაძაბულობა არ იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა, თუმცა, იქ კიდევ განსხვავებული თავგადასავლები გველოდა.

გავოცდი ადგილობრივების ჩვენდამი დამოკიდებულებით. მსგავსი რამ აქამე არ გამომიცდია. სამი თეთრკანიანი ვიყავით და ოცი წამი რომ გავჩერებულიყავით ერთ ადგილას, 50 ადამიანი შემოგვარტყამდა წრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის უცხოები ვიყავით და ინტერესს ვიწვევდით. თავიდან შოკი გვქონდა. მერე მივხვდი, რომ ეს იქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემს ბევრ ვიდეოში ჩანან ბავშვები, რომლებიც ტირიან ჩემს დანახვაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ თეთრკანიანი ადამიანი არ ჰყავდათ ნანახი. მათთვის ჩურჩხელები მქონდა საჩუქრად წაღებული, მინდოდა, ბავშვები გამეხარებინა, მაგრამ ჩვენს დანახვაზე გარბოდნენ. საბოლოოდ მაინც დავმეგობრდით – ჩურჩხელის დამსახურებით, მაგრამ თავიდან მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, მოზრდილებისთვისაც რთული იყო ჩვენთან კომუნიკაცია.

ვნახეთ, რა პირობებში უწევთ ბავშვებს სკოლამდე გადაადგილება. მათ დემოგრაფიული პრობლემა არ აწუხებთ, პირიქით, რაოდენობრივად სწრაფად იზრდებიან და ზოგიერთი სკოლა სამ ცვლაში მუშაობს, თუმცა ისეთი გაჭირვებაა, ბავშვები ფეხშიმშვლები დადიან, ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ. ზოგან მდინარის გადალახვა უწევთ სკოლამდე მისასვლელად.

საქართველოში რომ დავბრუნდი, ყველას ვეუბნებოდი, თუ მადაგასკარში მოგიწევთ მოგზაურობა, მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება, მშივრები მოკვდეთ-მეთქი, რადგან ძალიან მძიმე პირობები იყო. ამას მხოლოდ ანტისანიტარიას ვერ დავარქმევ. ერთი მომენტი იყო, ოჯახში მიგვიპატიჟეს და საჭმლის მომზადების „ტექნოლოგია“ ჩემი თვალით ვნახე. ადამიანი ბრინჯს ამზადებდა და გემოს გასაგებად, კოვზით ამოიღებდა ქვაბიდან, ნაწილს დააგემოვნებდა პირით კოვზიდანვე და დანარჩენს უკან ჩააბრუნებდა. ამის ნახვა ჩემთვის რთული იყო, მაგრამ მივხვდი, ორი კვირა უჭმელი ვერ გავძლებდი და თუ მინდოდა, გადავრჩენილიყავი, ამაზე არ უნდა მეფიქრა. სხვათა შორის, ანტისანიტარიის მიუხედავად, მადაგასკარში ძალიან გემრიელი საკვები აქვთ.

ერთსა და იმავე ტალახიან მდინარეში საკვებ პროდუქტებსაც რეცხავენ და ტანსაცმელსაც. მდინარეები არის, მაგრამ ისეთი ჭუჭყიანი, წესით არ უნდა გამოიყენო.

გამოფრენის ბოლო დღეს ერთ-ერთ საკმაოდ კარგ სასტუმროში ვიყავით. მანამდე მთელი 13 დღის განმავლობაში ყავას ვსვამდი და იმ დღეს ჩაის დალევა გადავწყვიტე. რომ მომიტანეს, გიდს ვკითხე, ეს მწვანე ჩაია თუ შავი-მეთქი, რადგან საკმაოდ მუქი შეფერილობის იყო. ეს ადუღებული წყალია და ჩაის პაკეტი შენ უნდა ჩადოო, მიპასუხა. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა მითხრეს, შენ ახლა კიდევ თეთრ წყალს ხედავ, ეს დღეები ყავას რომ ვსვამდით, უბრალოდ, ფერი არ ჩანდაო. სავარაუდოდ, იმ ჭუჭყიანი მდინარის წყალი იყო ადუღებული და მთელი ეს დღეები მას მივირთმევდი ყავის სახით. ქალაქებში არის სუფთა წყალი, მაგრამ იმ რეგიონებსა და სოფლებში, სადაც ჩვენ ვიყავით, არანაირი ინფრასტრუქტურა არ იყო.

– ყავა და ჩაი შემთხვევით არ გვიხსენებია. ზუსტად ეს იყო თქვენი მოგზაურობის მიზეზი. მოვყვეთ თქვენს საქმიანობაზე...

– ხუთი წლის წინ უცხოელ პარტნიორებს შევუერთდი. მათ რვა წლის წინ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა და ჩაის წარმოების დაწყება. ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, არაფერი იცოდნენ ამ სფეროზე, მაგრამ მათი მიზანი იყო, საქართველოს დაბრუნება მსოფლიო ასპარეზზე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის მწარმოებელი ქვეყანა და მეორე – უნდოდათ, ეწარმოებინათ ორგანული ჩაი ყოვლგვარი შხამ-ქიმიკატების გარეშე. ჩვენს კომპანისა საქართველოში ნაკლები ცნობადობა აქვს, მაგრამ მსოფლიოს 45 ქვეყანაში გვყავს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი. ჩვენ არ ვყიდით ჩაის მაღაზიებში, ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ პირდაპირ ფერმიდან მიიღონ პროდუქტი. ერთ დღეს გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ყავაც შეგვეთავაზებინა, თუმცა არა ტიპური ყავა, გვინდოდა, ისეთი ადგილები მოგვეძიებინა, რომელიც მივიწყებულია, მსოფლიო არ იცნობს, მაგრამ სადაც საუკეთესო ყავა მოდის. ერთ-ერთი იყო პაპუა ახალი გვინეა, სადაც მე ვერ მოვახერხე წასვლა და მეორე – მადაგასკარი. მადაგასკარს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ყავა. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ გაჭირვებიდან გამომდინარე, ყავას ხეზე დამწიფებას არავინ აცდის, როგორც კი ოდნავ შეწითლდება, მაშინვე კრეფენ და ყიდიან, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ხარისხი არავის აინტერესებს. არადა, ეს მსოფლიოში უმაღლესი გემოვნური თვისებების მქონე ყავაა. ამაში ადგილზე დავრწმუნდით. მსოფლიომ არ იცის მადაგასკარის ყავის შესახებ და რადგან ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია, ზოგან მანქანაც კი არ მიდის, არც ინტერესდებიან მისით. ჩვენი მისიაა, რომ მსოფლიოს დავანახვოთ ეს ადგილი. ადამიანებს ოქრო აქვთ ყავის სახით და არ იციან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი