საზოგადოება

სად ქადაგებდა ქრისტეფორე წამალაიძე ზვიად გამსახურდიასთან ერთად და როდის უნდოდათ მისი ლიკვიდაცია

№9

ავტორი: ეკატერინე პატარაია 23:00 10.03

ქრისტეფორე წამალაძე
დაკოპირებულია

აგენტურა ეკლესიაში

ქრისტეფორე წამალაიძე: „ალბათ, იკითხავთ. რას აკეთებდა ეს ხალხი „კგბ-სთვის“, – ეს იყო აგენტურა. განწყობა მიდიოდა ისეთი, ეკლესიაში რომ აღსარებას აბარებდი, ეს უკვე, თავისთავად, დასმენილი იყო – მიდოდნენ და სადაც არს, იქ მიჰქონდათ ყველაფერი. შეიძლება, ასეთი რაღაც ყველგან არც იყო, მაგრამ ეკლესიის გარყვნა, ეკლესიის გაუბედურება, ეკლესიის გაპარტახება ხდებოდა. ლენინი ამბობდა: პატიოსანი მღვდელი ათასჯერ უარესია ჩვენთვის, ვიდრე ამორალური, რადგან მისი მხილება ათასჯერ უფრო ძნელი არისო. როცა სასულიერო პირების რეპრესიები დაიწყეს, გარყვნილს ტოვებდნენ და წმიდა ხალხს ხვრეტდნენ, მაგრამ მე, იცით, რას ვფიქრობდი და ვგრძნობდი მაშინ, რომ ეს მარტო „კგბ-ს“ ამბავი არ იყო. „კგბ-ს“ იქით კიდევ რაღაც ძალა იყო, რომელიც „კგბ-ს“ ავალებს, ეს უკეთური ძალები ეკლესიაში შემოყაროს.

ახლა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატზე მოგახსენებთ. ეს გახლდათ ორგანიზაცია, რომელიც თითქოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. სინამდვილეში, ეს იყო „კგბ-ს“ თანამშრომლებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებაში იხედებოდა. ცდილობდნენ, ნორმალური ხალხი ეკლესიიდან წასულიყო ან „დავერბოვკებულიყო“. კარგად უნდა გაეგოთ, ვინ ვინ იყო, რომ პატრიოტი ადამიანი იქ არ შეპარულიყო. თავიანთი ოფისი ჰქონდათ პარლამენტის შენობის უკან, შემდეგ პლეხანოვზე, 65 ნომერში გადავიდნენ. საჩხერის ეკლესიის გახსნა რომ გვინდოდა და ვერ ვახერხებდით, წერილებს ვაგზავნიდით, მაგრამ უშედეგოდ. მერე ასეთი რამ მოვიფიქრეთ. ორი ავტობუსით შავებში ჩაცმული 60 წელს გადაცილებული ქალები წავიყვანე. ასმეტრიანი თოკი გავაბი თავისუფლების მოედნიდან, რომ არ დაკარგულიყვნენ, თითო თითო მეტრაზე მყავდა ჩაბმული ეს შავოსანი ქალები. დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. ამ შავოსან ქალებს, უამრავი ცნობისმოყვარე ახლდა... მიადგნენ რელიგიის რწმუნებულის აპარატს. იმ აპარატის ოფისის მოპირდაპირედ ხუთ მეტრში იყო შევარდნაძის ბრიფინგი. ვიცოდით, რომ სესიას თუ რაღაცას ატარებდა და აბა, იქ წივილ-კივილი დაიწყეს... გამოცვივდნენ, ეს თოკი წაართვეს... იყო ამ ქალების წივილ-კივილი, წყევლა, შეძახილები – საჩხერის ეკლესიას არ გვიხსნიან... და ერთ კვირაში პლეხანოვზე გადაიტანეს ოფისი. მაგათი კადრი იყო ეგ და რა თქმა უნდა, ეშინოდათ. როცა ვიღაც ჰყავდათ აყვანილი, ძირითადად „ავერბოვკებდნენ“, მისი ყველა ცოდვა იცოდნენ და როცა უნდოდათ, მაშინ გამოუმზეურებდნენ. ჩემი „დავებოვკებაც“ სცადეს, პირველად ეს იყო 1976 წელს, როცა ახალი ნაკურთხი ვიყავი. საქართველოში ტარდებოდა მსოფლიოს სამშვიდობო მისიების კონფერენცია. ძალიან ბევრი უცხოელი იყო ჩამოსული. იცოდნენ, რომ მე წარდგენილი ვიყავი მომხსენებლად, საკმაოდ დიდი სიტყვა მქონდა. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ორმოცი გვერდი იყო დაწერილი. ვფიქრობდი, ჩემზე მეტი მცოდნეები არიან, ჩემზე მეტი ხარისხი აქვთ და მაინც მე რატომ წარმადგინეს. ერთია, რომ გიხარია, მაინც, სადღაც პატივს გცემენ და, მეორეა, რომ ფიქრობ – არა, აქ, რაღაცაშია საქმე. ვატყობდი, რომ ჩემი „დავერბოვკება“ უნდოდათ, მაგრამ ისეთი სიტყვა მქონდა მომზადებული... რუსეთის მთავრობა ვამხილე და ამაზე გაგიჟდა პატრიარქი. რა არის ეს? შენ ხომ არ გგონია დასავლეთი უკეთესია... მოდი, რაღაცები შეცვალეო. მე რაც დავინახე, ეგ არის-მეთქი. მაშინ მიხვდენ, რომ მე არ ვიყავი ის პიროვნება, ვინც დაწინაურებისა და რაღაცების გამო, ყველაფერზე წავიდოდი. მერე, ვიღაცებს გაასწორებინეს ტექსტი. ვიცოდი, რომ რაღაცას მომიწყობდნენ. როგორ არ ვცდილობდი, რანაირად არ ვცდილობდი, თუმცა ავარია მაინც მომიწყვეს, მაგრამ მაინც საოცრად გადავრჩი. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ, რათა იმ დღეს კონფერენციაზე სიტყვით არ გამოსვულიყავი, მაგრამ უკვე ხომ ყველა ჩამოსულმა უცხოელმა იცოდა, რომ მე ვიყავი მომხსენებელი საქართველოდან. კასტილით, მაგრამ მაინც გამოვედი ამ კონფერენციაზე.

ურთიერთობები ზვიად გამსახურდიასთან

თევდორე მღვდელი დახვრიტეს, იმიტომ რომ ისიც ასეთივე პატრიოტი იყო. მას, სინამდვილეში, თვითმფრინავის საქმეში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ამით ჩვენი დაშინება უნდოდათ. ქორეპისკოპოსობისას მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ არის ეკლესიასა და საპატრიარქოში, როგორც მეგონა (ეს არის 1979-1980 წლები). ჩვენ – მე, ზვიადი, ჩიხლაძე, ჩემი ჯგუფი დავდიოდით, მთელი საქართველოს ეკლესიებში და ვქადაგებდით. ზვიადი რომ გამოვიდა ციხიდან, შევდიოდით ხოლმე სიონის საკათედრო ტაძარში. იქვე, უკანა მხარეს, მარჯვენა კედელთან იდგა და არ ეკონტაქტებოდა ხალხი. რამდენჯერმე ვიკითხე, რატომ არავინ არ ეკონტაქტებით-მეთქი. საჯარო მონანიება რომ გააკეთა, შეიძლება, ეშინოდათ ან სხვა რაღაც იყო მიზეზი. მე გამოვდიოდი და ვქადაგებდი ძალიან პატრიოტულს. ქაშვეთშიც გამოვედი და ვთქვი: აღარ გვინდა თქვენი ლენინი, მოგვაბეზრეთ თავი-მეთქი. აი, მაშინ გავიცანი ზვიადი, გამაცნეს. როგორ ვართ გადარჩენილები, აზრზე არ ვარ. მერე დაინახა ზვიადმა, რომ ყველაზე სასურველი მისთვის იმ წუთას ჩვენს ჯგუფში შემოსვლა იყო, რადგან პატრიოტული მიზნები გვქონდა და მაშინ ერთადერთი იყო ჩვენი მოძრაობა. ისინი ხომ პატიმრობაში იყვნენ და სანამ გამოვიდოდნენ, ჩვენ უკვე აღებული გვქონდა მაგარი ეროვნული მოძრაობის კურსი. იმ დროს ეროვნულ მოძრაობაში არცერთი სასულიერო პირი არ იყო ჩაბმული. 1988 წელს მხოლოდ ამბროსი ქათამაძე შემოვიყვანე და ის ჩაერთო ეროვნული მოძრაობის საქმიანობაში. ყველას ეშინოდა, არავინ შემოდიოდა. საღვთისმეტყველო კრებული რომ გამოვეცი, რომელზეც კოკო ამბობს, ზვიადმა გამოსცაო, ზვიადი მე შევიყვანე ამ კრებულში. ეს საღვთისმეტყველო კრებული რომ ჩამოყალიბდა, ეროვნული მოძრაობის ნამდვილი ბირთვი, მაშინ ავარდა... ვისაც უნდა, იმას აკურთხებს პატრიარქი. გინდა, ჰქონდეს სასულიერო სემინარია დამთავრებული, გინდ – არა. ვინც არ აწყობს, იმას დაამთავრებინებს, ასწავლის, არ აკურთხებს, გვიან აკურთხებს. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილ ღირსეულ მამულიშვილს ეპისკოპოსად არ აკურთხებს.

ეროვნული მოძრაობის მუხტი და კერატიშვილის საქმე

გამსახურდია დაეტაკა კერატიშვილს. მე ვფიქრობ, რომ რაშიც მას ბრალს სდებდნენ (ოქრო-ვერცხლის მოპარვაში), მოწყობილი იყო. მე არ ვიცი, რამ გამოწვია ყოველივე, როცა ის ასე უჭერდა მხარს. კერატიშვილს უცხოეთში არ უშვებდნენ, ყველანაირად ზღუდავდნენ, ციხეში ჩააგდეს. როგორ ფიქრობთ, იქნებოდა ეს კაცი აგენტი? იქნებოდა მათი კადრი? თუმცა, პირადად მე იმ მომენტში გახარებული ვიყავი, ის რომ დააპატიმრეს – პატრიარქს მტერი მოშორდა-მეთქი, მაგრამ ახლა ამას სხვა მხრიდან შევხედოთ. ამ დროს თავად პატრიარქი საზღვარგარეთ ყველგან დადის, ყველა კონფერნციაზე და საბჭოთა პოლიტიკას ატარებს. ის კი არადა, ავღანეთში ჯარი რომ შეიყვანეს, ეს გაამართლა. კერატიშვილი რომ მართლა აგენტი ყოფილიყო, რატომ არ გაუშვებდნენ, ცოდნაც ჰქონდა, გარეგნობაც, აბსოლუტურად ყველაფრით შემკული პიროვნება იყო. მე არ ვიცი ახლა, იმ გარყვნილებაში არის ცნობილი თუ არა ისე, როგორც სხვები, მაგრამ ისმის კითხვა, „კგბ“ თავის კაცს 15 წელს მიუსჯიდა? სად არის ძაღლის თავი დამარხული?.. როცა ზვიადი ჩვენს გუნდში შემოვიდა, მე ხომ ყველაფერი ვიცოდი და რაც მე ვიცოდი, ის უკვე გადაცემული იყო ზვიადზე. ერთი ჯგუფი ვიყავით ხომ? იქ ერთმანეთთან არაფერს ვმალავდით, მხოლოდ ჭანტურიასა და სხვებს არაფერს ვეუბნებოდით. ზვიადმა მითხრა, მე მყავს ორი მანქანა – „ვილისი“ და „ვოლგა“. მე თვითონ დავჯდები საჭესთან, სადაც გინდათ, წამოვალ, ერთად ვიაროთო. დავდიოდით ერთად, სამეგრელოში, გურიაში, აფხაზეთშიც ჩავსულვართ, ყველგან დავდიოდით საქადაგებლად, მაგრამ მაშინ, არარეგისტრირებულ ეკლესიაში შესვლა არ შეიძლებოდა. მაგაზე იყო მთელი ამბავი და დევნა. 1980 წელს დაბრუნდა ზვიადი გადასახლებიდან. პატრიარქისადმი, მიუხედავად იმისა, რომ მან საოცარი „მწვანე შუქი“ აუნთო, მტრულად იყო განწყობილი. მეც პირდაპირ მიკრძალავდნენ, ზვიადთან არავითარი კავშირი არ გქონდესო. საპატრიარქოში არ უშვებდნენ. ზვიადიც ადგა და დაიწყო მაგათი მხილება – ვინ იყვნენ აგენტები. ძირითადი პრეტენზია ის იყო, რომ ეკლესია სოდომ-გომორად, აგენტთა სათარეშო ადგილად გადააქციეს. ჩვენი მთელი ბრძოლა ამის წინააღმდეგ იყო. ზვიადმა წიგნში ყველა ამხილა სოდომურ ცოდვაში. საიდან ჰქონდა ზვიადს ეს? მას ჩვენზე ადრე ჰქონდა ეს ინფორმაციები, მაგრამ ეს, მერე, პატრიარქის კუთხევის შემდეგ აღარ ჰქონდა. ეს უკვე ჩვენ გვქონდა. მე ამ დროს შიგნით ვიყავი. საინგილოდან ჩამოყვანილი მოსე ოთარაშვილმა რომ მოყვა, ხელი ჩამიყო შიგნითო, ამაზე მეტი საბუთი გინდათ?.. ანდა, ანანიაშვილმა რომ წაიყვანა ჩემი 13 წლის საჩხერელი მრევლი თავისთან. მისი დედა და მამა პეტრეპავლობაზე იყვნენ ჩასულები. იქ, თვალი დაადგა ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსმა ანანიაშვილმა ამ პატარა ბიჭს, როგორი კარგი ხარ, გაკურთხებ, ჩემთან ჩამოდიო... ჩაიყვანა და 26 დღე ჰყავდა. გახარებული იყვნენ იმ ბავშვის მშობლები, ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსმა ასეთი პატივი სცა ჩვენს შვილს, თავისთან წაიყვანაო. სინამდვილეში ეს ბავშვი 26 დღე გარყვნილებაში ჰყავდა. მერე კი, როცა ჩვენ, მე, შიომ და აბროსი ქათამაძემ, დავიწყეთ ჩივილი, ყველაფერი აღიარა. სასამართლო იყო. ჩვენს დაჭერას აპირებდნენ ცილისწამებაზე. როცა წარვუდგინეთ ეს საბუთები და ყველაფერი, ბავშვიც მივიყვანეთ იქ, მერე დაიჭირეს. მგონი, სამი წელიწადი მისცეს.

„მდევნიდნენ, ჩემი ლიკვიდაცია სურდათ“ – ქორეპისკოპოსობიდან ეპარქიებამდე

ისეთი ავტორიტეტი შეუქმნა „კგბ-მ“ პატრიარქს, რომ იქ აუცილებლად შენ გამოდიხარ დამნაშავე. აბა, ვინმეს რამე გაებედა. „კგბ-ს“ რომელი პიროვნებაც არ აწყობდა ეროვნული მოძრაობიდან, იმდენს ატრიალებდნენ, რომ მერე გამოაცხადებდნენ – პატრიარქის მტერიაო... პატრარქობა უნდაო... თუ დაინახავდნენ ვინმე ღირსეულ პიროვნებას, აი, იგივე ზვიადს, ამბობდნენ – ნახეთ, პატრიარქობა უნდაო. სკანდალი ყოველთვის იყო, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თაყვანისმცემლები – ჯერ ისე რამდენი ადამიანი ტრიალებდა მის გვერდით, მერე ეს აგენტურა რამდენად დიდი იყო, წარმოიდგინეთ, 80 000 ათასი და ყველა მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე მუშაობდა. მე მომწამლეს, ავარია მომიწყვეს, ოჯახის წევრები დამიჭრეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეპარქიაში რომ ვიყავი, მხოლოდ მაშინ, სამჯერ განახორციელეს ჩემზე თავდასხმა. იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ გავქცეულიყავი. ეს იყო 1995 წელს. ლიკვიდაციაზე მიდიოდნენ. დავუშვათ, საჩხერეში ვიყავი. საჩხერეში ვიტყოდი, ხალხს ვაგონებდი, დღეს ზესტაფონში მივალ და თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარით, ალბათ, საღამოსკენ ამოვალ-მეთქი. ავიდოდი, ვიტრიალებდი ცოტა ხანს მანქანით, რომ კუდი ამერიდებინა, მერე თბილისში წამოვიდოდი. მოძრაობის დროს ჩავდგებოდი ორი დიდი მანქანის შუაში, რომ ჩემთვის კიდევ არაფერი გაეკეთებინათ, ავარია არ მოეწყოთ და აი, ასე ჩამოვდიოდი თბილისში. 12 წელიწადი ასე ვიარე. „კგბ-სთვის“ ჩემი ლიკვიდაცია ძალიან მარტივი იყო, მაგრამ იმას ისე არ უნდოდა, როგორც მის იქით მყოფ ადამიანებს. „კგბ-ს“ საქმე იყო, როგორმე ავარია მოეწყო. არ უნდოდათ, რომ აქაური ამბები საზღვარგარეთ გახმაურებულიყო, იმიტომ რომ ეპისკოპოსს მაინც დიდი გავლენა ჰქონდა. ამიტომ ცდილობდნენ, ასეთი ფორმით მოეცილებინათ მათთვის არასასურველი პიროვნებები. მეორე მხრივ, ყველაზე მეტად ჩემი და ანზორ ქათამაძის მოცილება იმ გარყვნილ ხალხს უნდოდა, რომლებიც ვამხილეთ. საჩხერეში დედობილი გვყავდა და ერთხელ იმასთან მისულა ერთი. მის მეზობლად იყო ერთი ძალიან ძლიერი ოჯახი, აქედან რომ მასთან მინისტრები ჩადიოდნენ, ერთი რაიკავშირის თავჯდომარე იყო და ჭიათურაში მთავარი ბუღალტერი, მეორე – ატეკის დირექტორი და მოკლედ, სულ ამ ოჯახში ტრიალებდნენ. ხომ იცით, იმერლებმა როგორ იციან, როცა საპატიო სტუმარი მოსდით, უნდათ, რომ იქ სასულიერო პირიც იყოს. დიდი ამბით დაგპატიჟებდნენ. ძალიან მიღებული ვიყავი მათ ოჯახში. ერთხელაც, ჩამოსულან ვიღაცები და იქ არ ვარ. ერთ-ერთ სტუმარს უთქვამს, ქორეპისკოპოს ქრისტეფორეს სადღეგრძელო დავლიოთ, ჩვენი ეპარაქიის მმართველისო. მერე, იმ ოჯახის წევრის, ცოლის ძმას, ქურდი იყო და უკითხავს, რატომ დალიეს მისი სადღეგრძელოო. უპასუხეს ჩვენი ოჯახის წევრის უბრწყინვალესი სტუმარიაო და დედობილზე მიუთითეს, რომელიც სუფრას ემსახურებოდა, – ამის შვილობილიაო. მერე იმას უთქვამს, მაგას ორ კვირაში გააგორებენო. როგორ, გააგორებენ, რას ამბობთო?.. 150 000 მანეთია დადებული

მაგის მოკვლისთვისო. აღშფოთებულან. როგორღაც შეაჩერეო. მე კი ვეცდები, მაგრამ დიდი თანხა არისო... მოდი, ერთს გეტყვით. გადაეცით, რომ სადმე სტუმრად ნუ გაჩერდება და ნურც ეკლესიაში. საჭესთან დაჯდომას, ხომ, საერთოდ მოერიდოს ანდა, დროებით სადღაც წავიდეს, გაერიდოს აქაურობასო. შუაღამისას დავზვერე, რომ არავინ არ იყო. მანქანა დაქოქვის გარეშე გამოვაგორე, დაბლა მოედანზე დავქოქე და ჩქარა წამოვედი თბილისში. ჩავედი მეტეხში და იქ გავაჩერე ჩვენს სანათესაოში. ერთი თვე არსად წავსულვარ. მეტეხში, მთელს სოფელში გამორთეს დენი და დაესხნენ თავს ჩემს ოჯახს. მე ზუსტად მაშინ არ ვიყავი. ჩემი მეუღლე დაჭრეს... ღმერთმა გადამარჩინა. მათ ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ. ერთი ჩვენი ახლობელი გამომძიებელი იყო. იმდენი ვიტრიალეთ, იმდენი, სანამ ის ქურდი არ ვიპოვეთ. არავინ გასცა, მით უმეტეს, ვიცოდი, რომ რამდენიმე პიროვნება იყო, ვინც მის შესახებ იცოდა. დააპატიმრეს. მერე ეთქვა იქ, ციხიდან გამოჟონა ინფორმაციმ, ახლა აქედან თუ არ გამათავისუფლებთ, ყველაფერს ვიტყვიო და იქვე მოკლეს ციხეში. ეს პიროვნება იყო ამირან იაძე. რამდენი ასეთი შემთხვევა ჩამოვთვალო...

ისეომ უთხრა

სარეთოდ, ზვიადის სურვილი იყო მოეწვია რუის-ურბნისის კრების მსგავის კრება, რომ გაეწმინდა ეკელსია. ჩემთან ბევრჯერ უთქვამს, რომ თუ ეკლესია არ გაიწმინდა, ერის ხსნაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო. ფაქტობრივად, ის ეკლესია მას თავიდანვე დაუპირისპირდა და მერეც, როცა უკვე პრეზიდენტი იყო. იცოდა, ვინ იყო მისი მტერი. იცოდა, რომ პატრიარქი იყო მისი დაუძინებელი მტერი, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვამხელდით, ისიც ასე ამხელდა მას. რაც ჩვენ ვიცოდით, ზვიადმაც ის იცოდა. პატრიარქი რომ წერს მთავრობას, დეპეშას უგზავნის 1983 წელს: ზვიად გამსახურდია ეკლესიაზე ცუდს წერს და ზომები მიიღეთო. ეკლესიიდან დადიოდა პიროვნება და ყველა ფოსტაში ყრიდა ჩემზე წერილს, ცუდ ინფორმაციას ავრცელებდნენ – არავინ მიხვიდეთ ეკლეისიაში ქრისტეფორესთანო. ასეთი მდგომარნობა იყო. მე კი გეუბნებით, რომ ეკელესია არასდროს არაფერს აკეთებდა ხალხისთვის, მაგრამ მაინც დღემდე აქვს დიდი რეიტინგი. ძალიან კარგად იციან თვით პოლიტიკოსებმა, რომ არ არის მათი გზა სწორი, ღმერთს ამით კი არ ასიამოვნებენ, პირიქით. მაგრამ, მაინც იყენებენ, თავიანთი ინტერესებისთვის სჭირდებათ. ზვიადს უნდოდა, ეკლესიასთან დაელაგებინა ურთიერთობა, მაგრამ არ გამოუვიდა. ერთ-ერთ თავის თანამებრძოლთან აქვს ნათქვამი და ის წერს, რომ ზვიადს რუის-ურბნისის მსგავსი კრება უნდოდა მოეწყოო, მაგრამ ამბობდა, ჯერ ამისთვის ხალხი შემზადებული არ არის, თან, საპატრიარქოში 12 მღვდლიდან 9 „კგბ-ს“ თანამშრომელიაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა