სად ინახება ჯანსულ კახიძის სადირიჟორო ჯოხი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 17.06

26 მაისს მას 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პროფესიული მოღვაწეობის დაწყების შემდეგ საქართველოს კლასიკური და ხალხური მუსიკის ისტორიაში არ იყო დრო, როცა მისი სახელი არ ქუხდა. თავისი გამორჩეული შესრულების სტილით, ოჯახიშვილობითა თუ კარგი ადამიანობით თავიდანვე დაიპყრო ხალხის გული. საქართველოს ჯანსურ კახიძე რომ ჰყავდა, ამით კიდევ დიდხანს იამაყებს ქართული საზოგადოება, მომავალი თაობა. მეოცე საუკუნის მიწურულს სწორედ მან გაათავისუფლა ქართული მუსიკალური ცხოვრება ელიტარულობის მარწუხებისგან, მუსიკა ხალხს დაუბრუნა და ასე აამაღლა ეროვნული საოპერო, სიმფონიური, კინო თუ ხალხური მუსიკის დონე. მსოფლიოში სახელი გაითქვა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებების შესრულებით. მისი სადირიჟორო რეპერტუარი 70-ზე მეტ ოპერას, ბალეტსა და სიმფონიურ ქმნილებას მოიცავს. მუსიკალურად გააფორმა უამრავი ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. არის ავტორი დღეს ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართული სიმღერებისა; თბილისის სიმფონიური მუსიკის ცენტრის მშენებელი და დამაარსებელი, რომელსაც მისი სიკვდილის მერე მისივე სახელი ეწოდა. ის დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოორკესტრს, მილანის ლა სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. მისი სადირიჟირო ჯოხი იტალიაში, ბუსეტოში ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება.
სადირიჟირო პულტთან აცეკვებული დირიჟორი
წლების წინ ჯანსუღ კახიძემ თავისი კრედო ასე ჩამოაყალიბა: „სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, მეგობრობა და ამ გრძნობისადმი პასუხისმგებლობა”... ქართველი მუსიკოსის გულწრფელობაში, ვფიქრობ, ისიც კი არ დაეჭვდებოდა, ვისაც თბილისის სიმფონიური მუსიკის ორკესტრის დირიჟორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო არტისტის შესახებ აუგი სიტყვა ბევრი უთქვამს. მის ნიჭს ოპონენტი არ ჰყოლია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაებედოს და ეთქვას, რომ ჯანსუღ კახიძე არ არის მაღალი პროფესიონალი და დიდი მუსიკოსი. და არა მარტო საქართველოში. კომუნისტური სისტემის მოშლამდე მას, როგორც შესანიშნავ დირიჟორს, უფრო მეტად საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში იცნობდნენ – 1971-1973 წლებში იგი ლოძის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს. მოსკოვში დირიჟორობა კი ხშირად უხდებოდა. ამბობენ, რომ 1990 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც ჯანსუღ კახიძემ აქაურ ორკესტრთან ერთად თავისი საყვარელი ნაწარმოები, ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია შეასრულა, ერთმა მოსკოველმა მუსიკისმცოდნემ თავი ვერ შეიკავა და შუა კონცერტის დროს შეჰყვირა: „ღმერთო ჩემო, როგორღა უჭირავს ტემპიო!”, რასაც, თურმე, პუბლიკის ოვაციები მოჰყვა. მერე საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჯანსუღ კახიძე უფრო ახლოს დასავლეთშიც გაიცნეს. და მართალია, ასაკს დიდი დირიჟორებისთვის მნიშვნელობა არც არასდროს ჰქონია, მართალია, კახიძის ტრიუმფი მაინც შედგა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ქართველი მუსიკოსის თაყვანისმცემლები გულისტკივილს ვერ მალავდნენ: „მსოფლიოს იგი მაშინ უნდა ენახა, როცა ჯანომ არ იცოდა, სად წაეღო თავისი ენერგიაო”. 70-იან წლებში, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში როდიონ შჩედრინის „მხიარული შაირების“ შესრულებისას, ჯანსუღ კახიძემ სადირიჟირო პულტთან ცეკვა დაიწყო. მერე კი მას პუბლიკაც აჰყვა. ყველაფერი ეს ძნელი წარმოსადგენია სიმფონიური მუსიკის კონცერტზე, მით უმეტეს, საბჭოთა ეპოქაში. მაგრამ კახიძეს „მუსიკალური ეტიკეტის“ დარღვევის არასდროს ეშინოდა, მით უმეტეს, თუ ამას თავად მუსიკა მოითხოვდა.
ღვთით ნაკურთხი
იგი არ მიეკუთვნებოდა დირიჟორებს, რომლებიც ემოციებს ნიღბავენ და თავიანთ ჟესტსა და მიმიკას პუბლიკასა და ორკესტრს უმალავენ ხოლმე. ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის შესრულების შემდეგ ჟურნალ „მუზიკალნაია ჟიზნის“ მიმომხილველი წერდა: „ჯანსუღ კახიძე ღვთით ნაკურთხი დირიჟორია. იგი ასხივებს ისეთ ძალასა და ზემოქმედებას, რომ შეუძლებელია, მას არ დაემორჩილოო”... მისი ასეთი, მართლაც რომ, დაუოკებელი ენერგია წარმოჩნდა არა მარტო კახიძის კონცერტებზე: 90-იან წლებში, როცა მის შემოქმედებას უკვე აღარავინ ზღუდავდა, ჯანსუღ კახიძემ თბილისის მუსიკალური ცენტრი დააარსა, უფრო ადრე, ძირეულად გარდაქმaნა ოპერის თეატრის რეპერტუარი, პირველად ააჟღერა აქ ვაგნერის მუსიკა, რეჟისორად რობერტ სტურუა მოიწვია და დადგა თავისი მეგობრის, თანამოაზრის, გია ყანჩელის ოპერები... თუმცა არც ამით დაკმაყოფილდა: 90-იანი წლებიდან, როცა ქართულ კულტურას კარჩაკეტილობის სენი დაეტყო, კახიძემ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზება მოახერხა, თბილისში უამრავი გამოჩენილი მუსიკოსი ჩამოიყვანა. ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის გახსნაზე, მისმა ორკესტრმა, ელისო ვირსალაძესთან ერთად, პროკოფიევის კონცერტი ისე შეასრულა, რომ თბილისში ჩამოსულმა სტუმრებმა გაკვირვება ვერ დამალეს: ესაა, ქართულ კულტურას უჭირსო?.. ასეთმა აქტიურმა ცხოვრებამ (რომელიც, ისევ კახიძის კრედოს თუ გავიხსენებთ, სრულყოფისკენ მისმა მიდრეკილებამ განსაზღვრა) ქართულ საზოგადოებაში შექმნა სახე ხელოვანისა, რომელიც მარად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გულმა უმტყუნა. ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსის თაყვანისმცემლები, მეგობრები ამბობენ: „დაბერებული ჯანოს ნახვას ვერ მოვესწარითო“, მერე კი იხსენებენ ბოლო დროს ჩაწერილ კახიძის სიმღერებს, რომელშიც სრულიად წაშლილია ზღვარი ექსცენტრიკასა და ლირიზმს, ირონიასა და სევდას შორის. „სრულყოფილებისკენ სწრაფვის“ კახიძისეული ფორმულა, როგორც ჩანს, სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრის გაუქმებას გულისხმობდა – დიდი ხელოვანი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს, სიცოცხლეს ბოლომდე უნდა გაუსინჯოს გემო, მაშინაც კი, როცა წინასწარ იცის: „სიცოცხლის ძირი მწარეა!“ დიდი ხელოვანისთვის თავად მუსიკაშიც არ არსებობს საზღვრები. ჯანსუღ კახიძის შემოქმედება ამის დადასტურებაა. მუსიკოსი, რომლის ინიციატივით საქართველოში პირველად შესრულდა სტრავინსკის „საღმრთო გაზაფხული“, შოსტაკოვიჩის მეოთხე სიმფონია, გია ყანჩელის, სულხან ნასიძის ყველა სიმფონია, აქტიურად მუშაობდა ეგრეთ წოდებულ „სასიმღერო ჟანრშიც“. უფრო სწორად, სიმღერით დაიწყო კიდეც. თბილისის კონსერატორიის დამთავრების შემდეგ ჯანსუღ კახიძე ჯერ საქართველოს საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი იყო, 1957 წელს კი ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა” ჩამოაყალიბა. ჯანსუღ კახიძის სიმღერებშიც წაშლილია საზღვრები – ქალაქური, „ოჯახური მუზიცირების” ფორმები აქ ორგანულად უკავშირდება ხალხურ ინტონაციებს, ხოლო ხალხური წარმომავლობის მელოდიის გამოყენების შემთხვევაში იგი იმდენად ცვლიდა აქცენტებს, რომ ნაცნობი მუსიკა ორიგინალურ ფორმას იძენდა, უფრო მჩქეფარე, უფრო ცოცხალი ხდებოდა. ლირიკულობისა და ირონიის გაერთიანებისკენ მისწრაფებამ ჯანსუღ კახიძე მოიყვანა ქართულ კინოში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჟანრების თავისუფალი აღრევით... კახიძის ეს იმერული იუმორი, წარმოჩენილი მისსავე სიმღერებში და სხვისი, თუნდაც გია ყანჩელის, სიმღერების შესრულების დროს, მისი უნარი სრულიად მოულოდნელად „შემოატრიალოს” მელოდია, განსაკუთრებით კინოს მოუხდა. დღეს წარმოუდგენელია საუბარი ელდარ შენგელაიას „შერეკილებზე” კახიძის „ჩიტი გვრიტი მოფრინავდას” გარეშე, წარმოუდგენელია ვინმემ გია დანელიას „არ იდარდო” გაიხსენოს და არაფერი თქვას იმაზე, თუ როგორ ასრულებს აქ ჯანსუღ კახიძე გია ყანჩელის სიმღერას. ჯანსუღ კახიძემ თავისი ცხოვრების კრედოდ პროფესიონალიზმი აირჩია. შეიძლება, ამიტომაც ამბობენ ახლა, ჯანოს ადგილს ქართულ კულტურაში ვერავინ შეავსებსო. კახიძეს აკრიტიკებდნენ, ებრძოდნენ, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის იგრძნობოდა ფარული აღფრთოვანება მაესტროს ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით. იმავე ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის შესრულების შემდეგ „მუზიკალნაია ჟიზნში“ დაბეჭდილ რეცენზიას ჟურნალის მიმომხილველი ასე ამთავრებდა: „არაჩვეულებრივად გამომსახველია კახიძის ჟესტი და არამარტო ჟესტი. ფინალში მაესტრომ თითქოს თავჩაღუნულმა წარმოთქვა ცხედართან გამოსამშვიდობებელი სიტყვა“.
სულწასული
ბიძინა კვერნაძე: ჩვენ ბევრი მეგობარი დავკარგეთ, გამოჩენილი ხალხი, ძალიან კარგი კომპოზიტორები, მაგრამ ასეთი განცდა, როგორიც ახლა მაქვს, არ მქონია. გარდა ზენიჭიერებისა, იშვიათი ადამიანი იყო. ყველაფერში ამოგიდგებოდა გვერდით. ამავე დროს, დაუნდობელი იყო უნიჭობის მიმართ და ამის შესახებ ხმამაღლა ამბობდა. მან მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორთა გვერდით დაიმკვიდრა სახელი. სულ ვეუბნებოდი: ბიჭო, თარგმნოს ვინმემ უცხოეთში გამოქვეყნებული რეცენზიები, ხალხმა ხომ უნდა გაიგოს-მეთქი და არაო, ყველამ ყველაფერი იცისო, მპასუხობდა. სწორია, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის უმეტესობა თვითდამკვიდრებაზეა გადასული... თვითონ ამბობდა: კომპოზიტორი არა ვარო და ამ დროს შესანიშნავ ნაწარმოებებს ქმნიდა. „სულწასული“ დავარქვი. ბიჭო, რატომ ვარ „სულწასულიო“ და მე ვუთხარი: აბა, რა ხარ, სულ წასული ხარ-მეთქი. ბოლოს, უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, დამირეკა და მითხრა: დღეს მნახე, რადგან მერე შეიძლება ვერ მნახო, მივდივარო. ასეც მოხდა.
სამოთხის სიმღერები
ანზორ ერქომაიშვილი: შეიძლება ჯანსუღ კახიძეს იცნობდნენ როგორც (და ასეც იყო) პროფესიონალ და მთელ მსოფლიოში გამოჩენილ დირიჟორს, მაგრამ საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მას ერთი წუთით არ მიუტოვებია ხალხური სიმღერა. იგი ხელში ატატებული, პატარა ბავშვივით დაჰყავდა მთელ მსოფლიოში და ყველას აცნობდა, მე იმ ქვეყნის დირიჟორი ვარ, რომელსაც ასეთი ქართული სიმდიდრე აქვსო. ქალაქ ბუსეტოში ვერდიმ ააშენა პაწაწინა თეატრი და თავისი ოპერების იქ დადგმა აკრძალა, მაგრამ ხანი გავიდა და დიდმა მაესტრომ, დეფერელიმ დადგა „ტრავიატა” და მერე ვერდის ოპერების ციკლი დაიწყო. ცოტა ხნის წინ, გარდაცვალებამდე, ჯანსუღ კახიძე ბუსეტოში სპეციალურად ჩავიდა და დეფერელის წარმატება მიულოცა. ორკესტრს სახელგანთქმული მუსიკოსი, პლაჩიდო დომინგო დირიჟორობდა. ამ საღამოს შესახებ ჯანსუღ კახიძემ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში უამბო გურამ მელივასა და თენგიზ კახიძეს. დეფერელიმ კახიძისაგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო. დომინგოს კი უთხრა, რომ ცხელი გული ჰქონდა და კარგად ესმოდა მომღერლების, მაგრამ პლაჩიდო, როგორც დირიჟორი, არ შეუქია. მაშინ დომინგო კახიძეს არ იცნობდა. მეორე დღეს ჯანსუღ კახიძეს ბუსეტოდან 60 კილომეტრის მოშორებით, სხვა ქალაქში კონცერტი ჰქონდა და მასზე დასასწრებად დომინგო სპეციალურად ჩავიდა. კონცერტმა ტრიუმფით ჩაიარა. კონცერტის შემდეგ უცებ კარი გაიღო და დიდი მაესტროს ოთახში დომინგო შევიდა. მან რამდენიმე პროფესიული კითხვა დაუსვა და სთხოვა, გაკვეთილები მომეცითო. ჯანსუღ კახიძეს უპასუხია: „გაკვეთილებს მოგცემთ, ოღონდ პირობა მომეცით, რომ თბილისში ჩამოხვალთ. გამღერებთ რასაც გინდათ, გადირიჟორებთ რასაც გინდათ, სამოთხეში გაცხოვრებთ და სამოთხის სიმღერებს მოგასმენინებთ (ფოლკლორი ჰქონდა მხედველობაში)”. ბოლოს შეთანხმდნენ, მაგრამ ყველაფერი დიდ მაესტროსთან ერთად წავიდა მარადისობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან