საზოგადოება

სად იყო ყველაზე მეტად აკრძალული ქართული ფილმების ჩვენება და სად კეთდებოდა საიდუმლო ასლები საბჭოთა კავშირში

№8

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 28.02

გოგი გვახარია
დაკოპირებულია

გოგი გვახარია გადაცემაში, „საქართველოს დაბადება“, ზუსტად გადმოსცემს კინოში არსებულ იმ პრობლემების მთავარ მიზეზზე, რომლის გამო ასე იჩაგრებდონენ ქართველი ხელოვანები და არა მხოლოდ ქართველი ხელოვანები. როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებას არცერთ დროში არ უნდოდა ან ხელსაყრელი არ იყო მასში შემავალ რესპუბლიკებს რამე ფორმით დასავლური გავლენა დამჩნეოდათ, რადგან საბჭოთა კავშირი იყო მესაკუთრე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს: ქვეყნიდან გაქცეული დირიჟორები, პიანისტები, „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორია და ასე შემდეგ.

კინოთეატრები საბჭოთა თბილისში

შეიძლება, ახლა ისე მოვყვე, ყველას ნოსტალგია გაგვიჩნდეს იმ პერიოდის მიმართ. სიმართლე გითხრათ, ეს ნოსტალგია მეც მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულს არასდროს მივტირი. დიდი არჩევანი, რომ რაც ნაყიდია, იმის ნახვა შეიძლება და მუდმივი მოლოდინი, რომ რაღაც ახალს და მართლაც საინტერესოს ნახავ – ეს ყველაფერი მაშინ მეტად იყო. ჩემს სახლთან, ყოფილ პლეხანოვზე (სანაპიროზე. ქორწინების სახლთან) რამდენიმე კინოთეატრი იყო. „გორკის კლუბში“ (ახლა „ვარდების ბაღი“ ჰქვია), აი, იქ უჩვენებდნენ ფედერიკო ფელინის ფილმს, „კაბირიას ღამეებს“. 14 წლის ვიყავი. მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი წავედით. ძალიან გამაღიზიანა დარბაზის რეაქციამ. დასცინოდნენ ფილმის გმირს. იმდენად გავბრაზდი, პირველად ვიტირე ფილმზე, რაც საერთოდ არ მახასიათებს. საერთოდ, მე არ მიმაჩნია, რომ კინოში ადამიანი ჩუმად უნდა იჯდეს, რაღაც რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. ჟაგგატიე ბავშვებს ეუბნებოდა: ჩემს ფილმს რომ ნახავთ („ცირკი“), ძალიან გამიხარდება, თუ ეკრანს პომიდვრებს ესვრით და ფილმის მოქმედებაში ჩაერთვებითო. არანაირად არ მაღიზიანებს, როცა ადამიანები კინოში საუბრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან და აზრს გამოთქვამენ. არ მიყვარს, შენიშვნებს რომ იძლევიან ხოლმე იმიტომ, რომ მე თვითონ მიყვარს აზრის გამოთქმა, როცა ფილმს მეგობრებთან ერთად ვუყურებ, მაგრამ ეს იყო ძალიან ცუდი რეაქციები, იქ დასცინოდნენ ფელინის ფილმის გმირს. ამ ფილმმა ძალიან შემცვალა, ძალიან შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ ცხოვრებაში. მერე ბიძაჩემმა მაჩუქა ფელინის წიგნი, რომელიც ახლაც შენახული მაქვს. ძალიან მიყვარს, ჩემის საყვარელი წიგნია, კარგი წარწერით და, აი, მაშინ მივხვდი, რომ გავხდი კინომანი. ალბათ, მერვე კლასში ვიქნებოდი. იტალიური ფილმები ასე თავისუფლად არ გადიოდა ეკრანებზე. „კაბირიას ღამეები“ შემთხვევით მოხვდა აქ, ჩვენთან, ეკრანებზე. აღმოჩნდა, რომ რელიგიური სცენები მთლიანად იყო ამოღებული ფილმიდან, არ მოხვდა, მაგრამ გაიპარებოდა ხოლმე ასეთი ფილმებიც. რასაც აჩვენებდნენ, ყველაფერს ვნახულობდით. ამის მერე დავიწყე და დავიწყე კინოზე წიგნების კითხვა. იმ დროს თბილისში ორი მთავარი კინოთეატრი იყო – „აპოლო“ („ოქტომბერი“ ერქვა მაშინ) და „რუსთაველი“. საინტერესოა ის, რაც ბევრმა არ იცის. ამ ორ კინოთეატრში უჩვენებდნენ, ეგრეთ წოდებულ, ქართულ ფორმატიან ფილმებს სამოცდაათმილიმეტრიან ფირზე. ძალიან რომ არ მოგწყინდეთ ამაზე საუბარი, გეტყვით, რა იყო ეს სამოცდაათმილიმეტრიანი ფირი. ამერიკელებმა 50-იანი წლების ბოლოს, ტელევიზიასთან კონკურენციის დროს მოიგონეს, გადაწყვიტეს, რომ ახალი დარბაზები ააშენონ, ახალი ტექნიკა დააყენონ და ამ ფირს ტელევიზიები ვეღარ გამოიყენედბენ. ანუ ეს იყო ზუსტად ამ დარბაზებისთვის გათვლილი – მრგვალი, დიდი ეკრანი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტერეო ხმა. ამ დარბაზებისთვის სპეციალურად იღებდნენ ფილმებს. ეს იყო „მუსიკის ჰანგები“, „კლეოპატრა“... სანახაობრივი ფილმები. მერე, რა თქმა უნდა, მოიგონეს სხვა ფორმატი და ეს ფირი გადაჰქონდათ უკვე სხვაზე, მაგრამ ტელევიზია ამ ფილმებს ვერ გაუშვებდა. სხვათა შორის, 60-იან წლებში ქართველებმაც გადაიღეს ფილმები ამ სამოცდაათმილიმეტრიან ფირზე. „ჩერმენი“, ნიკოლოზ სანიშვილი იყო რეჟისორი. აქტიურად იყვნენ ჩართული ამ კინოჩვენებაში კლუბები. ამ კლუბებში უჩვენებდნენ მეოთხე კატეგორიის ფილმებს. მეოთხე კატეგორიას ანიჭებდნენ კინოს, რომელიც არ იყო სასურველი, რომ ფართო საზოგადოებას ენახა. მაგალითად, ოთარ იოსელიანის „პასტორალი“, ანდრეი ტარკოვსკის „სარკე“ მეოთხე კატეგორიის ფილმები იყო. ბევრს უკვირს – მაშინ, რატომ თაროებზე არ დებდნენ ამ ფილმებს და რატომ უჩვენებდნენ კლუბებში. თაროზე იმიტომ არ დებდნენ, რომ ყველა ეს ფილმი იყო ვალუტა. იყო ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ყიდდა საბჭოთა ფილმებს. ანდრეი რუბლოვის ფილმი, ოთარ იოსელიანის „პასტორალი“ იყო მეოთხე კატეგორიის, რათა შეზღუდული ყოფილიყო საბჭოთა მაყურებლის რაოდენობა, მაგრამ გასულიყო საზღვარგარეთ. ჩვეულებრივად ყიდდნენ, ფესიტვალებზე უჩვენებდნენ და არ მიიჩნეოდა აკრძალულ კინოდ. აი, ამ ფილმებს უჩვენებდნენ კლუბებში და ამ დროს კლუბებში ვერც ხვდებოდნენ, რომ ყველაზე კარგ ფილმებს უჩვენებდნენ. მაგალითად, რუსთაველზე იყო ოფიცერთა სახლი. როგორც ჩანს, ის კინოკლუბი მაინც ჯარების კინოთეატრად მიიჩნეოდა. აქ ჩამოვიდა ტარკოვსკი, მოაწყო შეხვედრა მაყურებელთან და ფარაჯანოვი უჩვენეს... აქ ასეთი ფილმები გადიოდა. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი რამ. არ გაინტერესებთ, სოციოლოგიურად რა ხდებოდა? მაგალითად, ავიღოთ ორი კინოთეატრი – „ყაზბეგი“, რომელიც იყო ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე და კინოთეატრი „კოლმეურნე“, რომელიც იყო წერეთლისა და თამარ მეფის კუთხეში, ფაქტობრივად, დეზერტირების ბაზარში. „კოლმეურნე“ გათვალისწინებული იყო გლეხებისთვის, რომლებიც დღისით ბაზარში ვაჭრობდნენ და ღამეს იქვე მდებარე სასტუმროში ათევდნენ. საღამოს რა უნდა ენახათ? და, უჩვენებდნენ ინდურ და არაბულ ფილმებს (დღევანდელი ლათინურამერიკული ან თურქული სერიალები. პუბლიკა იგივეა, ფაქტობრივად). „ყაზბეგი“ იყო ულტრა-ელიტისთვის. აქ რა უნდა ეჩვენებინათ თუ არა „შერბურის ქოლგები“, „შესანიშნავი შვიდეული“, ამერიკული, ფრანგული ფილმები... მას თავისი მაყურებელი ჰყავდა. აქ უკვე ინდური კინო რეპერტუარში ვერ ჩაჯდებოდა, იმიტომ რომ ვაკელები არ წავიდოდნენ ინდური ფილმის სანახავად, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ინდურ ფილმებს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა. ეს ფილმები გამოდიოდა წლის ბოლოს, როცა გეგმა იყო შესასრულებელი. ერთდროულად ძალიან ბევრი არაბული და ინდური ფილმი გამოდიოდა და მაყურებელი იყო ბედნიერი. არის ასეთი საინტერესო კვლევა. ავტორი რუსი ქალბატონია. წერს: წავედი ინდური ფილმის სანახავად. ჩემ წინ მოხუცი ქალი ზის და ტირისო. ვკითხე, ასე ძალიან მოგწონთ ფილმი-მეთქი. გაუკვირდა, რა კითხვააო. მერე მიპასუხა: ეს ხომ ცხოვრებაა, რასაც ჩვენ ვუყურებთო. ამ დროს ინდური კინო საერთოდ არ იყო ცხოვრებისეული, მაგრამ ამ ადამიანებისათვის ცხოვრება იყო იმ საბჭოთა სინამდვილეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით. აქედან გადავხტეთ 90-იანების დასაწყისში, როცა ყველაფერი აირია. საქართველოს ტელევიზია უჩვენებდა ერთ მექსიკურ სერიალს, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. ამ ადამიანებს, ყველას სჯეროდა, რომ ეკრანიდან უყურებდნენ ცხოვრებას და რა იყო ეს? ეს იყო დილის საუზმე, ფორთოხლის წვენი, მაგიდაზე ანანასი, ბევრი შუქი, ბევრი ფერი... სათაურით – „მდიდრებიც ტირიან“. სათაურიც საინტერესოა, ხომ? ამას უყურებდა მთელი საქართველო. ასე რომ, ფილმების რეპერტუარის ზონებად, რაიონებად დაყოფა მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყოველთვის განსაზღვრული იყო იმ პუბლიკისთვის, რომელიც იქ ცხოვრობდა.

„კინოს სახლი“ ზემელზე – აკრძალული ფილმები და საიდუმლო ასლები

„კინოს სახლი“ ზემელზე, მეტრო „რუსთაველთან“. აკადემიაში რომ ჩავაბარე, დამცინოდნენ – გოგი, „დომკინოში“ როდის გაიჩითებიო. ასე უწოდებდნენ ამ „კინოს სახლს“. იქ იყო ფილმები, რომელსაც არ ყიდულობდნენ, მაგრამ მოსკოვი არალეგალურად აკეთებდა ამ ფილმების ასლებს. როგორ ხდებოდა ეს? რომელიმე ფესტივალიდან (ფრანგული, ინგლისური კინოფესტივალებიდან) ჩამოჰქონდათ შვიდი ფილმი. ღამე მიჰქონდათ ეს ფილმები „სახფილმფონდში“ (იყო ასეთი ორგანიზაცია) და იქ აკეთებდნენ საიდუმლო ასლებს, რომელსაც უკვე მერე ცეკას მდივნებს, კრემლის ელიტას შაბათ-კვირას, დასვენების დღეებში აგარაკებზე უჩვენებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი კოლექცია. ჩემმა ნათესავმა ოპერატორმა, რომელიც მოსკოვში, ცხოვრობდა, მითხრა, მიუზიკლს ვიღებო (თუ ფილმს იღებდი უფლება გქონდა, იქ, ორგანიზაციაში შესაბამისი ჟანრის სამი ფილმი გენახა, რომელსაც შენ აირჩევდი და რომელიც ეკრანებზე არ გადიოდა). „სუპერ სტარი“ ჩავწერე და ეს „სუპერ სტარი“ აკრძალული იყო ჩვენთან, მაგრამ მისი მუსიკა „ყვარყვარეში“ იყო ჩასმული და რომ მოგვესმინა, რუსთაველის თეატრში „ყვარყვარეს“ სანახავად იმდენჯერ დავდიოდი, რომ უკვე ზეპირად ვიცოდით მთელი სპექტაკლი. მარტო მაგიტომ დავდიოდით ამ სპექტაკლზე, რომ ის მუსიკა მოგვესმინა. რა თქმა უნდა, ვუთხარი ჩემს მეგობარს ეს და რა კარგია, წაგიყვან სტუდიაშიო. მაშინ მახსოვს, იქ პირველად მოვხვდი და ვნახე იმ პატარა დარბაზში შავ-თეთრ ფილმზე გადაწერილი „სუპერ სტარის“ საიდუმლო ასლი. გადაწერეს ეს ფილმები. კინემატოგრაფისტთა კავშირში (იგივე კინოსახლში) იმისათვის, რომ ხალხს საწევროები გადაეხადა, მოსაწვევებს ურიგებდნენ და ამ მოსაწვევებით ნახულობდნენ ამ აკრძალულ ფილმებს, უფრო სწორად იმ ფილმებს, რომლებიც არ გადიოდა ჩვენს ეკრანებზე. მაგალითად, „ნათლია“, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი პირველად იქ ვნახე. კავშირის წევრს ჰქონდა უფლება, ფილმის სანახავად წაეყვანა ერთი ადამიანი ან თავის მეგობრისთვის, მაგალითად, დალაქისთვის (პარიკმახერები იკრიბებიანო, იტყდონენ ხოლმე) ეჩუქებინა ერთი ბილეთი. ყოფილა შემთხვევა, რომ მეორე სეანსზე ბილეთი არ მქონია. ტუალეტში დავმალულვარ, რათა მეორე სეანსზეც მოვხვედრილიყავი, უკვე სხვა ფილმზე. ჩემი მეგობრის მამა ფელიქს ვისოცკი იყო, ოპერატორი და კინოკავშირის წევრი. ის აძლევდა თავის შვილს მოსაწვევს და მივყავდი. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი. მახსოვს, ცხენოსანი მილიცია იცავდა წესრიგს. ბილეთების კონტროლიორი რუსი იყო, გვარად აფანასი. მისი მოტყუება აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, თუმცა მეათე კლასში რომ ვიყავი, ისიც მახსოვს, ჩემი მეგობრები როგორ ხატავდნენ ამ მოსაწვევებს. არ ვიცი, როგორ აკეთებდნენ ამას, მაგრამ ყალბი მოსაწვევით რამდენჯერმე შევსულვარ ამ დარბაზში. იქ თუ მოხვდებოდი, ესე იგი, ახალი ცხოვრება ნახე. ეს ხდებოდა სამ თვეში ერთხელ, ანუ ამ საშუალებითაც შესაძლებელი იყო იმ კინოს ნახვა, რომელსაც შენ ვერ ნახავდი. მეორე მომენტი. როგორც კი კინო ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მე დავწიყე წიგნების კითხვა კინოზე. „კაგებესთან“ დაახლოებული რუსი კინომცოდნეები ფესტივალებზე დადიოდნენ და მერე წიგნებს წერდნენ. როგორ დაწერდნენ ამ წიგნებს, ხომ გასაგებია. აკრიტიკებდნენ, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ შინაარსი. სიტყვა – ეგზისცენტიალიზმი მაშინ გავიგე. იყო ასეთი წიგნი – „ეგზისცენტიალიზმის კრიტიკა“, მაგრამ იქიდან ციტატებს ვკითხულობდი, რომ გამეგო, რა არის ეს. იმას აღარ ვკითხულობდი, როგორ აფასებდნენ. ასე იყო კინოზეც. მაგალითად, როდესაც საბჭოთა გაქირავებამ ბერტოლუჩის „კონფორმისტი“ იყიდა, მე უკვე წაიკითხული მქონდა და გაგიჟებულები ვიყავით – როგორ იყიდეს „კონფორმისტი“. შეუძლებელი იყო ამის ჩვენება. მახსოვს, მე და ჩემი კურსელები რუსთაველში დილის ათსაათიან სეანსზე წავედით. ფილმი იყო ისეთი გადაკეთებულ-გადმოკეთებული, ამოჭრილი, ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ ამ ფილმის შინაარსი უკვე ვიცოდი ამ წიგნებით, უკვე ვიცოდი, რომ სხვა კინოს ვუყურებდი. ამას შეგუებულები ვიყავით, რომ რაღაცას ამოჭრიდნენ. რატომ ყიდულობდნენ? თუ ვთქვათ იმიტომ, კომპარტიის წევრი რომ იყო ბერტოლუჩი, უნდოდათ, კომპარტიის წევრი რეჟისორის ფილმი ეჩვენებინათ. რაც არ აწყობდათ, იმას ამოიღებდნენ, რაც აწყობდათ – დატოვებდნენ. სახელი იყო მათთვის ის, რომ იტალიურ კომუნიზმს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი ფილმი იყიდეს. თუ კინოგაქირავება რამე მოგებას მოიტანდა, ესეც იყო. აქედან გამომდინარე, ცოტა, მაგრამ რაღაც ფილმები მაინც გაიპარა, რისი ნახვაც შესაძლებელი იყო... მჟავანაძის დროს გამოვიდა „გიორგობისთვე“. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, ბაბუაჩემმა წამიყვანა კინო „სპარტაკში“ (ეს იყო რუსთაველის თეატრისა და თეატრალური ინსტიტუტის გვერდით). ფილმი იწყებოდა ეკლესიით. მაშინ მივხვდი, რას აკეთებდა საბჭოთა ცენზურა. ეს ეკლესიის სცენა ამოჭრეს. „გიორგობისთვეს“ ძალიან გაუჭირდა საქართველოში, მაგრამ ხდება ხოლმე ასე. მოსკოვმა მიიღო. უჩვენა ეკრანებზე. მჟავანაძეს არ მოსწონდა ეს ფილმი და ჩაერია (მაშინ 27 მეღვინის სასამართლო პროცესი და თბილისში ჩამოსული ლეონიდ ბრეჟნევის ზედმეტი კოცნა სრულიად საკმარისი არგუმენტი ხდება რეჟისორ ოთარ იოსელიანის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ვასილ მჟავანაძის კაბინეტში გამოძახებისა და მისი ახალი ფილმის, „გიორგობისთვის“ ეკრანიდან მოხსნისთვის – ე. პ.).

გაგრძელება შემდეგ ნომერში

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული