საზოგადოება

სად გაიცნო გრიგოლ ურატაძემ სტალინი და როგორ იქცა ის ერთ-ერთ მოწინავე პოლიტიკურ ფიგურად

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.04

გრიგოლ ურატაძე
დაკოპირებულია

პოლიტიკოსი, დიპლომატი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი, ჟურნალისტი გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე ურატაძე დაიბადა 1878 წელს, ქუთაისის სოფელ აცანაში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი კლასების შემდეგ სწავლა განაგრძო სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც არ დაუსრულებია. სოფელში გაიცნო უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გავლენით გადაწყვიტა თავადაც უნივერსიტეტში ესწავლა. მიატოვა სემინარია და დაიწყო მასწავლებლობა სოფლად, რათა კერძო მომზადებით ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ ლანჩხუთის სკოლაში დანიშნეს მასწავლებლად. ლანჩხუთში გაიცნო და დაუახლოვდა „კვალის“ რედაქტორს ნოე ჟორდანიას.

ჩააბარა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. თუმცა მხოლოდ ერთ კურსს დაესწრო. საცხოვრებლად ლანჩხუთში გადავიდა და სახალხო მასწავლებლად განაგრძო მუშაობა. პეტერბურგში სწავლის დროს რევოლუციურ ლიტერატურას დაეწაფა და აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი ენერგიით ჩაება რევოლუციურ-პოლიტიკურ მოძრაობაში, განსაკუთრებით გურიასა და ბათუმში. მალე დატოვა ლანჩხუთის სკოლა, გადავიდა ნიგოითში და სათავეში ჩაუდგა გლეხთა გამოსვლებს მემამულეების წინააღმდეგ.

გრიშა ურატაძემ შეადგინა მოთხოვნები, რომელთა ერთგულებაზე ფიცი დადეს ნიგოითისა და სუფსის გლეხებმა. მან მიმართა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტს, რათა მას ეხელმძღვანელა გურიაში გლეხთა მოძრაობისთვის, მაგრამ კომიტეტმა, კარლო ჩხეიძის ხელმძღვანელობით, უარი უთხრა, რადგანაც ეს მოძრაობა პროლეტარიატისა არ იყო. შემდეგ იმავე თხოვნით მიმართა ქუთაისის კომიტეტს, თუმცა პარმენ ჭიჭინაძისა და მიხა ცხაკაიასგან, ასევე, უარყოფითი პასუხი მიიღო. გრიგოლ ურატაძე მონაწილეობდა გურიის კომიტეტის დაფუძნებაში. იყო ლანჩხუთის რაიონის წარმომადგენელი. შემდეგ, დაპატიმრების შიშით, დატოვა გურია და გადავიდა ქუთაისში, სადაც შეუერთდა რსდმპ-ის ქუთაისის კომიტეტს.

პირველად 1903 წლის ზაფხულში დააპატიმრეს. იჯდა ქუთაისის ციხეში და იქაც ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. ციხეში ყოფნისას გაიცნო სტალინი (ფსევდონიმით – კობა). სექტემბრის დასაწყისში ხარკოვში გადაასახლეს, იქიდან კი ეტაპით – ორენბურგში, საიდანაც გაიქცა და გურიაში დაბრუნდა. აქ იგი, როგორც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, იყო გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში გურიის რესპუბლიკის დამარცხებამდე.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. გურიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაპატიმრების საფრთხის გამო, გერასიმე მახარაძესთან ერთად, დატოვა გურია და განაგრძო არალეგალური საქმიანობა ქუთაისსა და თბილისში. ფსევდონიმებით თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან.

1911 წელს გრიგოლ ურატაძე არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. ცხოვრობდა შვეიცარიაში, ჟენევაში. მონაწილეობდა პარიზის „პარტიული სკოლის“ მუშაობაში, სადაც ამიერკავკასიის ორგანიზაციამ გაგზავნა, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე. აქტიურად იყო ჩართული რუსეთის იმპერიიდან დევნილი სოციალისტების პარტიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თბილისში დაბრუნებისთანავე ის კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს. პოლიტიკური საბაბით, ურატაძე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1915 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში ხელმძღვანელობდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1917 წელს, რუსეთში რევოლუციის დაწყების პერიოდში, გრიშა ურატაძე ლანჩხუთში იმყოფებოდა. მალე ქუთაისში გაემგზავრა და მუშათა დეპუტატების საბჭოს ჩაუდგა სათავეში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, 1917 წლის ნოემბერში, გრიგოლ ურატაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქუთაისის კომიტეტის წევრი; პარტიის ქუთაისის ბეჭდვითი ორგანოს – „სოციალ-დემოკრატის“ რედაქტორი. 1918 წლის განმავლობაში გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო, საპროპაგანდო და ხელოვნების კომისიების წევრი. დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებულად რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გასამართად, რაც 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულებითა და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებით დასრულდა. ამ დოკუმენტს საქართველოს სახელით ხელს აწერს გრიგოლ ურატაძე.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, გრიგოლ ურატაძე საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 22 მაისს ის საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისთვის მოსალოდნელი დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად. იზოლაციის წესით, მოთავსებული იყო მეტეხის ¹2 „გამასწორებელ სახლში“. თუმცა, ავადმყოფობის გამო ციხიდან მალე გაათავისუფლეს. გურიაში დაბრუნების შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს და ოზურგეთის ციხეში ჩასვეს. რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს და გურიიდან გააძევეს. თბილისში დაბრუნებული არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და 1922 წლის დასაწყისისათვის ფარულად გაემგზავრა საზღვარგარეთ. ემიგრაციაში თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდგომ – საფრანგეთში, პარიზში. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

გარდაიცვალა 1959 წელს პარიზში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: http://www.nplg.gov.ge; ვიკიპედია; https://archive.ge; გრიგოლ (გრიშა) ურატაძე // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელ ბიუროსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა