რუსუდან ხორბალაძის კალიგრამებით ჩანაცვლებული ელექტროინჟინერია და ქართული ანბანით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები
ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 25.12, 2023 წელი

28 წლის რუსუდან ხორბალაძის მიერ ქართული ანბანით შექმნილი კალიგრამები მართლაც რომ, ხელოვნების ნიმუშებია. რუსუდანი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ლამაზი კალიგრაფიით და ამ სფეროს მიმართ ინტერესიც პატარა ასაკიდან ჰქონდა, თუმცა წლების შემდეგ საყვარელი საქმე პროფესიად აქცია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც კალიგრამებს ქმნის.
რუსუდან ხორბალაძე: ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ კალიგრაფიის პროფესიული კურსი შარშანწინ გავიარე, თუმცა, კალიგრამების წერა არ მისწავლია. შეიძლება ითქვას, საქართველოში, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით პირველი ვარ. კიდევ ერთი ქართველი გოგონაა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და კალიგრამებს ქმნის, მეც მისგან შევიტყვე ამ სფეროს შესახებ, მაგრამ ის უფრო შავ ფურცელზე თეთრად მუშაობს. კალიგრაფია არის ჩემი ჰობიც და სამსახურიც, რაც ჩემთვის ორმაგად საინტერესოა.
– როგორც ვიცი, სხვა პროფესიაც გაქვთ...
– პროფესიით ელექტროინჟინერი ვარ, 12 წელი ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ახალ-ახალ პროფესიას ვეძებ ხოლმე, ახლაც სხვა რამეს ვსწავლობ, თუმცა, ძირითადად, კალიგრაფიით ვარ დაკავებული – აქ ვიპოვე საკუთარი თავი. ბებია და ბიძაც კალიგრაფები არიან და მეც ბავშვობიდან ვცდილობდი, ლამაზად დამეწერა. სკოლაში წიგნების ყდებზე, მისალოც ბარათებზე, ყველაფერზე, მე ვწერდი ხოლმე.
– ანუ, შეიძლება ითქვას, ნიჭი გენეტიკურად გადმოგეცათ. ხატავთ კიდეც?
– კი, შეიძლება, ასე ითქვას. ბებო ხატავს და ულამაზესად წერს. ბიძა უფრო პროფესიონალურ დონეზე კალმის წვერითაც წერს და ბავშვობაში კალიგრაფი იყო, ასევე ხატავს და მისგან ვიღებდი რჩევებს. კალიგრაფიის მიმართ ინტერესი სწორედ ბებიისგან და ბიძისგან მქონდა, ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. დღეს უკვე აღარ ვბაძავ, რადგან მივხვდი, რომ კალიგრაფიაში სტანდარტები არ არის. შეიძლება ისეთი რამ დავწერო, მეც ვერ წავიკითხო, მაგრამ მომეწონოს, იმ ემოციას გადმოსცემდეს, რასაც კონკრეტულ მომენტში გრძნობ. კალიგრაფობა მხოლოდ ლამაზი წერა არაა. როგორც ბევრს, თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ სულ სხვა რამეა. რაც შეეხება ხატვას, ვხატავ, მაგრამ რომ გითხრათ, კარგად-მეთქი, არა. ბევრ შეკვეთაზე უარიც მითქვამს ამის გამო, ვერ შევძლებდი. ხატვაც ბავშვობიდან მიყვარს, რაც კალიგრამები დავიწყე, ბევრი რამე ვისწავლე და ახლა სამოყვარულო დონეზე ვარ.
– ფიქრობდით, რომ ამ საქმეს პროფესიად აქცევდით?
– როცა კურსი გავიარე, მაშინაც არ მეგონა, თუ სამსახურიდან წამოვიდოდი და კალიგრაფიის სამყაროში გადავერთვებოდი. ვმუშაობდი Majid Al Futtaim-ში, cco დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და როდესაც კურსი დავასრულე, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დაინტერესება იქნებოდა. უბრალოდ, გამოფენაზე გავიტანე რამდენიმე კალიგრამა, არც მიფიქრია, თუ ჩემს ნამუშევრებს გავყიდდი. ხალხისგან წამოვიდა დაინტერესება, მოწონება და მერე გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. სამსახურიდან თებერვალში წამოვედი და იქიდან მოყოლებული, შეკვეთებზე ვმუშაობ, სკოლებში მასტერკლასებზე დავდივარ და ბოლომდე ამ საქმით ვარ დაკავებული.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
– სახლში არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, რადგან იცოდნენ, რომ წერა მიყვარდა. პირველად, როცა კურსზე დავიწყე სიარული, თანამშრომლებიც ცოტა „ისე“ მიყურებდნენ, მეუბნებოდნენ – პირველკლასელი ხარო (იცინის). სიმართლე გითხრათ, მეც არ მეგონა, თუ სამსახურიდან წამოვიდოდი და ასე, კალიგრაფიით ვიმუშავებდი.
– რთული და სპეციფიკური სამუშაოა?
– ძალიან რთულია. შეიძლება, სამი დღე ვიმუშაო და ნამუშევარი ბოლოს გამიფუჭდეს, მელანი გაითხაპნოს ან რაიმე შემეშალოს. მერე თავიდან მიწევს მუშაობის დაწყება, რადგან ამ სფეროში შეცდომის გამოსწორება რთულია. არის ნამუშევრები, რომლებიც სირთულით გამოირჩევა, ზოგი მარტივია და შეიძლება, რამდენიმე საათშიც გავაკეთო.
– როგორ იქმნება კალიგრამა და რის მიხედვით არჩევთ ხოლმე თემას?
– შეკვეთების გარდა, როცა დრო მაქვს, სურვილის მიხედვით ვწერ, ძირითადად, ხელოვნებასთან დაკავშირებულ კალიგრამებს. მოვლენებთან დაკავშირებითაც ვარჩევ თემებს. ძაღლი „კუპატა“ რომ დაიღუპა, ძალიან იმოქმედა ჩემზე და მინდოდა დამეწერა – „კუპატა“. ადრე ადამიანებს არ ვხატავდი, რადგან ასოებით სახეს კარგად ვერ ვამსგავსებდი, თუმცა ესეც დავხვეწე. ჯერ არის მონახაზი, კონტური და შემდეგ ვიწყებ წერას. ზოგჯერ არ ვიცი, რა ტექსტი დავწერო და დრო მჭირდება მოსაფიქრებლად.
– რით იქმნება კალიგრამა?
– კალიგრაფიულ ნამუშევრებს ყოველთვის კალმის წვერითა და მელნით ვწერ – ბოლო პერიოდში ლოცვები და ფსალმუნები დამიგროვდა. კალიგრამებს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მელნების დეფიციტი გვაქვს და უცხოეთში მიწევს მათი შეძენა, ტუშით ვწერ – ყველა ფერი მაქვს. თუ საჭიროება მოითხოვს, კალმის წვერსაც ვიყენებ. კალიგრამა მთლიანად ხელით იქმნება. ამიტომ არის რთული და დიდ დროს მოითხოვს.
– რამდენად დიდი დაინტერესებაა საზოგადოების მხრიდან? უცხოეთში თუ გაგაქვთ ნამუშევრები?
– ვერც ვიფიქრებდი, თუ კალიგრამებს ამდენად დიდი ინტერესი მოჰყვებოდა. ზოგს ჰგონია, რასაც სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ, მარტო იმათ ვაკეთებ და მეკითხებიან: შეიძლება, სხვანაირად გადავაკეთოთო. ყოფილა შემთხვევა, კვირაში 30 შეკვეთა ერთად მქონია, ამიტომ მიწევს ხოლმე ღამეების თენება. უცხოეთს რაც შეეხება, ახლაც რამდენიმე ქვეყანაში ჩავდივარ და გამზადებული შეკვეთები მიმაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან