საზოგადოება

რუსუდან კერვალიშვილი: ჩვენი თავისთვის მსჯავრი ჩვენვე გაცილებით ადრე გამოვიტანეთ, ვიდრე გამოგვიტანდნენ

№14

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 12.04, 2021 წელი

რუსუდან კერვალიშვილი
დაკოპირებულია

ხუთი წლის წინ თბილისში უსიამოვნო, ვიღაცებისთვის კი, შეიძლება ითქვას, სასიამოვნო ამბავი მოხდა. სასიამოვნო იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღესაც მიაჩნია, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტმა“ მათ ძალზე სერიოზულ ზიანი მიაყენა, თუმცა ყველაფერ ამას თავისი, დამოუკიდებელი მიზეზები ჰქონდა, რის ახსნასაც ახლა არ დავიწყებ. მაშინ, კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავდა. მას „მიონის” ეპიზოდზე 7 წელი მიესაჯა, საიდანაც 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს. რაც შეეხება „ცენტრ-პოინტის” კიდევ ერთ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს, მისთვის მისჯილი 4 წელი სრულად, მარტის ბოლოს გავიდა და ის უკვე თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რუსუდანი ჯერ კიდევ არ გრნობს თავს იმდენად კარგად, როგორც უნდა იყოს, არც განწყობა აქვს და ბევრი დასვენება სჭირდება, შეპირებულ ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

– ქალბატონო რუსუდან, უპირველესად, გილოცავთ გათავისუფლებას! მინდა, ყველაფერი კარგი გისურვოთ ცხოვრებაში. 2016 წელს მითხარით: თუკი თქვენს დას (რომელიც თქვენს დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხვდა საკანში) მიეცემოდა რეაბილიტაციის, საქმის კეთებისა და დასრულების საშუალება, მზად იყავით თქვენ აგეღოთ ყველა პასუხისმგებლობა, რაც კომპანიასთან იყო დაკავშირებული. მე ვარ დამფუძნებელი, მე გავაკეთე ყველაფერი და მე ვაგებ პასუხსო. დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა, როგორ გახსენდებათ ის დრო?

– დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის და ამ კითხვისთვის. მე დღესაც მგონია, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბოლომდე მომეხადა მთელი ის პერიოდი, რაც იყო განსაზღვრული, როგორც ახლა მოვიხადე, ოღონდ მაიას ეკეთებინა თავისი საქმე და ცოცხალი ყოფილიყო ვახტანგ რჩეულიშვილი – მაიას ქმარი, რომელიც ამ საშინელმა ამბავმა შეიწირა. ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც შენებითა და კეთებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია თავისი ქვეყნისთვის, უნდა იყოს იქ, სადაც მისი საქმეა.

– როგორი იყო თქვენი შეხვედრა მაშინ?

– როგორც კი საკნის (ჩემთვის – პალატის კარი) კარი გაიღო, პირველი დავინახე ჩემი და რომელიც საოცრად მყავდა მონატრებული. ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ, დავბრუნდით ბავშვობაში, იმ მოგონებებში, რაც გვაკავშირებდა და დავიწყეთ ცხოვრების ახალი ეტაპი – ჩვენი ერთობლივი ჯვარი. იმავე დღესვე მოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ასე რომ, პირველი ადაპტაცია იმ გარემოსთან შესაგუებლად გიორგი ტუღუშისა და სოფო კილაძის დახმარებით მოხდა, რომლებმაც პირველი კონსულტაცია გაგვიწიეს. იქ, სადაც ჩემი დაა, სადაც ასეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ, ყველგან, ყოველთვის შესაძლებელია მათთან ყოფნა და პოზიტივის გამონახვა.

– დასაწყისში თქვენი დის ქმარი, ვახტანგ რჩეულიშვილი ახსენეთ, ამ ამბავმა შეიწირაო. ნამდვილად, რადგან არ დამავიწყდება ჩვენი, ასევე, ბოლო შეხვედრა, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, პირადად ვნახე, როგორ იტანჯებოდა იგი მაიას ამ მდგომარეობით, რომ მას გვერდით არ ჰყავდა თავის ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი. მაშინ ბატონი ვახტანგი დაუსრულებლად მელაპარაკებოდა მაიას დადებით მხარეებზე, იმაზე, თუ როგორ მოსწონთ მისი გაკეთებული საჭმელები მსჯავრდებულებს, როგორი მაგარი კულინარია... ვერავინ წარმოიდგენდა ერთი შეხედვით, ძლიერი ადამიანის ასე მოულოდნელად ამქვეყნიდან წასვლას. როგორ შეხვდით მის ამ საშინელ ფაქტს საპყრობილის გარემოში?

– როდესაც მე მაიასთან მოვხვდი, თორმეტ დღეში ვახო გარდაიცვალა. ამიტომ, ამ დიდი ტკივილის გადატანა და გაზიარება ერთად მოგვიწია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება. ალბათ, იმან შეგვაძლებინა, რომ თითქოს როდესაც იქ ხარ, იმ კედლებში, გგონია, რომ გარეთ შენი ახლობლები კარგად არიან და მათ მაინც არაფერი ემუქრებათ. ვფიქრობ, მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ მის ცხოვრებაში ვახო აღარ არის.

– როგორი იყო თქვენი ურთიერთობა მსჯავრდებულ ქალბატონებთან, ალბათ, ბევრ საინტერესო ისტორიას ისმენდით, ის, რაც მათ გადახდათ ცხოვრებაში.

– იმ კორპუსში, სადაც მე ვიყავი, ბუნებრივია, ყველასთან თავიდანვე მქონდა ურთიერთობა. მაია უკვე ადაპტირებული იყო იმ გარემოს. ორივეს ძალიან გვიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და თუკი შეგვიძლია, რაიმეთი გამოვადგეთ, ხელი გავუწოდოთ, ამას ყოველთვის ვაკეთებდით. ეს არის ადგილი, სადაც ერთამანეთს უნდა გააძლებინოთ, ერთმანეთის მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მე სპეციალობით, ექიმი ვარ, ამიტომ ბევრი ადამიანი კონსულტაციისთვის მომმართავდა, მაია სოციალურად ძალიან აქტიურია და სხვის ჭირ-ვარამს იზიარებდა, ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა. ეს იყო ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ოღონდ ცოტა სხვანაირი ფორმის, რომელიც მანამდე არ გვქონდა ნანახი.

– როდესაც საკუთარ თავთან მარტო აღმოჩნდით, თუ ფიქრობდით, აანალიზებდით ყველაფერს, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სად იყო თქვენი შეცდომა, სად არ იყო, რამ მიგიყვანათ აქამდე?

– ძალიან რთულია, როდესაც მარტო რჩები ასე, საკუთარ თავთან, მხოლოდ შეცდომებზე ფიქრობ, სხვა არაფერზე. ძალიან იშვიათად, ამ დროს იფიქრო იმაზე, რომ რაღაც ძალიან სწორად გააკეთე და საკუთარ თავს მხოლოდ ამ კუთხით უყურო. ძირითადად, საკუთარ შეცდომებზე ფიქრობ და სწორედ, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაფერს აანალიზებ, სადაც სულ ფიქრობ, რომ აი, ამას როგორ უფრო კარგად გააკეთებდი, მომავალში როგორ მოიქცევი... ფიქრობ იქ მყოფ ადამიანებზეც, ყველა გეცოდება. გარკვეულწილად, მისია გვაქვს და გვქონდა – როგორ შეგიძლია, შეუმსუბუქო ადამიანებს ეს მძიმე ხვედრი შენი იქ ყოფნით.

– და რა იყო ის შეცდომები, რა აღმოაჩინეთ?

– 2007 წლიდან, ფაქტობრივად, მე სამშენებლო ბიზნესში არ ვყოფილვარ და ათი წლის შემდეგ მოვხვდი იქ, სადაც მოვხვდი. ძალიან დიდი ხნის წასული ვიყავი ბიზნესიდან. შესაბამისად, შეცდომები, რომელიც იყო, ამას რისკების გაუთვალისწინებლობას უფრო დავარქმევ, იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადი, გაუთვალისწინებელია ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ამის შემდეგ რეაბილიტაცია პრაქტიკულად არ ხდება. დღემდე თბილისში 507 გაჩერებული მშენებლობაა და შედარებაც არ შეიძლება, ჩვენი შეცდომების იმდენად პატარა წილია. თუმცა, მიმაჩნია, შენთან დაკავშირებით ერთი ადამიანიც თუ დაზარალდა, ეს უკვე სერიოზული შეცდომაა. ამიტომ, ამას პირველი წუთიდან ვიზიარებ და დიდი სინანულის გრძნობა მაქვს. ჩვენი თავისთვის მსჯავრი ჩვენ თვითონ გაცილებით ადრე გამოვიტანეთ, ვიდრე გამოგვიტანდნენ. არ მინდა, ისეთ შედარება გავაკეთო, რომ ვინმეს გული ეტკინოს, მაგრამ დაზარალებულ კომპანიებს სხვა ქვეყნებში სხვანაირად ეხმარებიან, თუკი ეს დაზარალება მოხდა არა მხოლოდ კომპანიის მიზეზით, გარემო პირობების გათვალისწინებით.

– სიტყვა სინანული ვახსენეთ…

– სინანული ყველაზე დიდი გრძნობაა, რაც აქვს და უნდა ჰქონდეს ადამიანს. ამიტომ, ეს სინანული, რაც მთელი ეს წლები, 2008 წლიდან დაწყებული გვქონდა და გვაქვს მე და მაიას, სწორია.

– წეღან მსჯავდებულებთან თქვენს ურთიერთობაზე გკითხეთ და მინდა, ციხის ადმინისტრაციაზეც გკითხოთ. როგორი იყო მათი თქვენდამი და პირიქით, თქვენი მათდამი დამოკიდებულება?

– არ შემიძლია, არ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო ციხის ყველა თანამშრომელს, იმიტომ რომ ისინი არიან არაჩვეულებრივი მეგობრები, ექიმები, ნუგეში და ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პრაქტიკულად მათთან ერთად ატარებენ თავიანთი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს. ძალიან კარგი მოპყრობა, სიტუაცია და ხელშეწყობაა იმისთვის, რომ რეაბილიტაცია კარგად მოხდეს. ასე რომ, სიკეთის გარდა მათგან ვერაფერს გავიხსენებ. ცუდი არაფერი მახსოვს.

– გარეშე თვალისთვის, ალბათ, ისედაც ცხადია, როგორ აღიქვამდით ამ მდგომარეობას, თუმცა საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებდით, როგორი იყო ყოველდღიურობა?

– კაცისთვისაც მძიმეა, მაგრამ ქალისთვის, ალბათ, უფრო მეტად, იმიტომ რომ ქალი, რომელიც არის დედა, ბებია, რომელიც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, ძალიან აწუხებს ეს მდგომარეობა. საზოგადოება, სოციუმი, ადამიანები, თავისი ისტორია, ბიოგრაფია... გეტყვით, რომ ამ მდგომარეობამ მე და მაიას სრულიად წაგვართვა ჩვენი ისტორია, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდით. უცებ, აი, ასეთი საოცარი ამბავი მოხდა. ამიტომ, მე არ ვიცი, ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, მაგრამ ურთულესია. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარიყო.

– რატომ არ გაათავისუფლეს თქვენი და?

– მაიას სასჯელი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა, საქმე, რომელიც მაიას მხრიდან იყო დასამთავრებელი, აბსოლუტურად დამთავრებულია და მე იმედი მაქვს, რომ დღეების ამბავია.

– მთელი ეს პერიოდი ოჯახთან როგორი ურთიერთობა გქონდათ და ბოლოს, ახლა რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი კომპანიისგან დაზარალდნენ?

– ოჯახთან ისეთი ურთიერთობები მქონდა, როგორიც მქონდა, კიდევ უფრო მჭიდრო. რაც შეეხება იმას, თუ რას ვეტყოდი, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ და სამწუხაროდ, გაუცრუვდათ, მათ კვლავ უნდა ჰქონდეთ მაიას იმედი, იმიტომ რომ მაია არის ის ადამიანი, რომლის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობითაც ხორციელდება ყველა ის პროექტი, რაც უნდა განხორციელებულიყო და ვერ დასრულდა, მაიამ შეძლო, გადაერჩინა ის და არცერთი მათგანი არ დარჩება თავისი ქონების გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი