საზოგადოება

“როცა შენი საქმე ბედნიერებას გაძლევს, წარმატება გარდაუვალია“ — ტარიელ კაკაბაძე სამართლის და ღირსების გზაზე

ავტორი: „თბილისელები“ 10:48

ტარიელ კაკაბაძე
დაკოპირებულია

„ქართული-ამერიკული სამართლის აკადემიის“ ხელმძღვანელი და „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების“ დირექტორი ტარიელ კაკაბაძე — იმ თაობის იურისტებს ეკუთვნის, ვინც სამართალს არა მხოლოდ პროფესიის, არამედ მოწოდების დონეზე აღიქვამს. მისთვის ადვოკატობა ბრძოლაა სიმართლისა და ღირსების დასაცავად, სადაც ხშირად თავად გიწევს ძლიერი სისტემის წინაშე დგომა.

–როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი და რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ადვოკატი?

–ადვოკატის პროფესია მებრძოლი ადამიანების პროფესიაა. როდესაც სიმართლეს იცავ და ძლიერ ძალას უპირისპირდები, მზად უნდა იყო, რომ შეიძლება თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდე. ხშირად ხდები სამიზნე მხოლოდ იმის გამო, რომ შენს საქმეს ეფექტურად ასრულებ. თუმცა იმდენად უნდა გიყვარდეს სიმართლის დაცვა, რომ მზად უნდა იყო ნებისმიერი რისკისთვის.

ხშირად მოისმენთ,რომ საქმეში წარმატების მიღწევას მოაქვს ბედნიერება. მე კი ვიტყოდი პირიქით- ბედნიერებას მოაქვს წარმატება. როდესაც შენი საქმე ბედნიერებას განიჭებს, წარმატება გარდაუვალია.

–არაერთი გახმაურებული საქმეა თქვენს ანგარიშზე, რომელ მათგანს გამოარჩევდით?

–ყველა საქმე გამორჩეულია. ყველა საქმეს თავისი ინდივიდუალურობა აქვს. ხომ გქონიათ შემთხვევა, როცა ახალ წიგნს წაიკითხავთ და გგონიათ, რომ ეს არის ყველაზე მაგარი წიგნი, შემდეგ სხვა წიგნს წაიკითხავთ და გგონია, რომ სწორედ ეს წიგნია საუკეთესო. ანუ ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს საქმეებზეც. ყველაზე საინტერესო და ძვირფასი საქმე ყოველთვის მგონია ბოლო დასრულებული საქმე, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი დადგა.

თუმცა საზოგადოება ყველაზე ხშირად მერაბ კობიაშვილის ბრალდების საქმეს მახსენებს. ეს ყველაზე გახმაურებული საქმე იყო, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. ბრალდებულის სკამზე იჯდა ღირსეული ჯარისკაცი, რომელსაც რამდენჯერმე თავს დაესხნენ, მიაყენეს შეურაცხყოფები და თავდაცვის მიზნით მოახდინა გასროლები. საქმის მიმდინაორეობის დროს ქუჩაში, რესტორანში თუ მაღაზიაში, ყველგან მაჩერებდა ხალხი და ამ საქმეზე მეკითხებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს. ამ ამ საქმემ დიდად შეუწყო ხელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას.

–რამდენად ხშირად მიანდობთ ნაფიც მსაჯულებს საქმის განხილვას?

–პირადად მე ვცდილობ, ყველა ჩემი საქმე, რომელიც ნაფიცების განსჯადია, ნაფიც მსაჯულებს მივანდო. ვენდობი მსაჯულთა სამართლიანობას.

სამწუხაროდ, ნაფიცების შერჩევის შემდეგ პროკურორებს აქვთ უფლება ბრალდება შეცვალონ და მუხლი გადააკვალიფიცირონ იმ მუხლზე, რომელიც არაა ნაფიცების განსჯადი. პროკურატურა ამ ხერხს მიმართავს იმისათვის, რათა თავიდან აარიდონ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვას. უკვე დაახლოებით 10-მდე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მას შემდეგ რაც ნაფიცებს მივანდე საქმის განხილვა, პროკურორებმა მუხლი გადააკვალიფიცირეს და საქმეც მოსამართლეს დაუბრუნდა. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რაც ხელს უშლის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას.

–თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, რამდენად საინტერესოა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი?

–ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიული ფორმა. ხშირად გამოთქმულა მოსაზრება, რომ ადამიანის ბედი არ უნდა განიხილონ არაიურისტებმა, არაპროფესიონალებმა, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ მსაჯულებს სწორად შეარჩევ, სამართლიანი ვერდიქტი გარანტირებულია. აქამდე განხილული საქმეები აჩვენებს, რომ ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა.

მნიშვნელოვანია, რომ ნაფიცების მიმართ არ მოხდეს უკანონო ზემოქმედება და ყველა ნაფიცი მსაჯული დაცული იყოს ყოველგვარი არაკანონიერი ზეგავლენისგან.

–გიწევთ ისეთი ბრალდებულების დაცვა, რომელთა საქმეები განსაკუთრებით სენსიტიურია, რა შემთხვევებში გითქვამთ უარი საქმეში ჩართვაზე?

–ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ადვოკატი ვალდებულია ნებისმიერი პირი დაიცვას. ეს ასე არაა. ადვოკატის პროფესიის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის არჩევანის თავისუფლება. ადვოკატს არ ჰყავს უფროსი და მას ვერავინ მიუთითებს რა როგორ გააკეთოს. ადვოკატი თავად არჩევს რომელ საქმეში ჩაერთოს და რომელ საქმეში არ ჩაერთოს.

თუ შენ არ გჯერა, რომ კონკრეტული პირის დაცვით კარგ საქმეს აკეთებ, მას ვერ დაიცავ ეფექტურად. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია დამაჯერებლობა და სანდოობა. ნაფიცი მსაჯული და მოსამართლე ადვოკატში უნდა ხედავდეს ღირსეულ ადამიანს, რომელიც არ ატყუებს მას და რომელსაც ნამდვილად სჯერა რომ პირის დაცვით ღირსეულ საქმეს ემსახურება.

–გქონიათ შემთხვევა, როცა დამნაშავეს იცავდით და გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა, რა შემთხვევაში უშვებთ ამას?

–როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულს იცავ, მნიშვნელოვანია, რომ მას ამართლებდე ან სამართლებრივად ან მორალურად.

ბევრი საქმე მქონია, სადაც ვიცავდი ბრალდებულს, რომლის ქმედებას მორალურად ვამართლებდი.

ერთ-ერთი ასეთი საქმე ეხებოდა შემთხვევას,როცა ბრალდებულის ახლადმოყვანილ ცოლს პირი ქუჩაში თავს დაესხა. იძალადა ფიზიკურად, მიაყენა დაზიანებები. ასევე ასევე ჰქონდა გაუპატიურების მცდელობა. ბრალდებული გამოედევნა ამ ადამიანს და ორ ადგილას დაჭრა. ასეთ შემთხვევაში მართალია, სამართლებრივად პირის ქმედება მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება, თუმცა მორალური თვალსაზრისით ეს ადამიანი მართალი იყო. მსგავს სიტუაციაში ალბათ ძალიან ბევრი კაცი იგივეს გააკეთებდა.

როცა მისი დაცვა გადავწყვიტე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ადამიანი არ იყო საზოგადოებისთვის საშიში.

ეს ბრალდებული სასამართლომ სრულად გაამართლა. დღეს ის წარმატებული ადამიანია, ჰყავს ბედნიერი ოჯახი, აქვს კარგი სამსახური და საზოგადოების ღირსეული წევრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა