საზოგადოება

რომელი სასწაულები უკავშირდება სერაპიონ და სვიმეონ გარეჯელებს და რა უცნაურობა ახლდა მათ გარდაცვალებას

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 21.07, 2021 წელი

გარეჯელი მამები
დაკოპირებულია

ღირსი მამა სერაპიონ საკვირველთმოქმედი, გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე ძველი სტილით 24 აგვისტო, ახალი სტილით, 6 სექტემბერია.

საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული და მის მიერ აღვლენილი სასწაულების შესახებ ისტორიამ შემოგვინახა.

ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალთ, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და შეწუხებულებმა, ყველაფერი წინამძღვარს მოუყვნენ. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმინდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, – თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს.

ავაზაკებმა, როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი თავისი ტვირთით იქვე დატოვეს, გაიქცნენ და კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ, თურმე, გაკვირვებულები კითხულობდნენ: ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო.

ეს არ არის ერთადერთი ისტორია, რომელიც წმიდა მამის სასწაულმოქმედ ძალას ასახავს და რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ერთხელ ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დაახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრები თავისით, ადამიანების გარეშე, დაბრუნდნენ მონასტერში. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც მამა სერაპიონს გამოეცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

ერთხელ, ეკლესიაში მლოცველ წმიდა მამა სერაპიონ გარეჯელს ბერმა უთხრა: ავადმყოფი ბერი სიკვდილის პირასაა და შენი ნახვა უნდაო. მამა სერაპიონი ზეცად იყო ამაღლებული გონებით და არაფერი მიუგო, თითქოს არც გაუგია, რა უთხრეს. ახლა სხვა ბერმა გაუმეორა თხოვნა. წადი, შვილო და მეც მოვალო, – უთხრა წმიდა მამამ. ერთი საათის ლოცვის შემდეგ აიღო კვერთხი და მოხუცებული ნელი ნაბიჯით წავიდა ბერთან. გზად მონაზონი შემოხვდა, რომელმაც უთხრა, – მამაო, ის ძმა უკვე მოკვდაო. მამა სერაპიონს ძალზე ეტკინა გული, მიბრუნდა ეკლესიაში, დაემხო ტრაპეზის წინ, შუბლს მიწას ურტყამდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო ბერის სიკვდილის მიზეზი. როცა ღვთისგან პასუხი მიიღო, დამშვიდდა და წავიდა მიცვალებულის სენაკში, რომელსაც დასაკრძალავად ამზადებდნენ. შევიდა სერაპიონი და გულმდუღარემ სახელით მიმართა განსვენებულს. გარდაცვლილმა პასუხი გასცა. მამა სერაპიონმა ჰკითხა: ძმაო, როგორ ხარო. დიდად ავად ვარ, წმიდა მამაო. მამა სერაპიონი ჩაეკითხა: ქრისტეს მადლით რომ გამოჯანმრთელდე, უკეთესად იცხოვრებო? – დიახო – მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა. ერთი წელი კიდევ იცოცხლა და წლის თავზე მშვიდობით მიიცვალა.

თავად სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

წმიდა სერაპიონის თანამედროვე გახლდათ ღირსი სვიმეონი.

სვიმეონ გარეჯელი – ღირსი მამა, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდანი, მისი ხსენების დღე, ძველი სტილით, 4 სექტემბერია (17 სექტემბერი).

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა კახეთში. ცნობილია, რომ ის სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. სათნოებითა და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა გაიგო, სხვების დახმარებით, რადგან დამოუკდებლად სიარული უჭირდა, მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰო, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმიდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენ გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გამოჰყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა – უფალს მიაბარა წმიდა სული. ის გარეჯშია დასაფლავებული..

წინამძღვრის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ სერაპიონიც გარდაიცვალა. წმიდა სერაპიონს კელიაში ორი მტრედი ჰყავდა, რომელთაც საკუთარი ხელით კვებავდა. წმიდანის გარდაცვალების შემდეგ, მტრედებიც გაფრინდნენ და აღარ დაბრუნებულან.

როცა მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოება ეუწყა, ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი, საკუთარი ანდერძისამებრ, ტაძრის შესასვლელში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: „კარიბჭე“; მართლმადიდებლური ვიდეოები; „ამბიონი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი