საზოგადოება

რომელი საფლავი აქვს პატრიარქს დიდუბის პანთეონში პირად კონტროლზე აყვანილი და რა საოცრებების თვითმხილველი ხდება ბადრი ქუთათელაძე საფლავებთან

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 04.08, 2021 წელი

ბადრი ქუთათელაძე
დაკოპირებულია

ბადრი ქუთათელაძე დიდუბის პანთეონის დირექტორი გახლავთ. ის თითოეული ღირსეული ქართველის საფლავზე ზრუნავს და მათ უმეტესობასთან პირადი ურთიერთობებიც აკავშირებს. მისი ცხოვრება საინტერესოა სხვა მხრივაც, რაზედაც მასთან ინტერვიუში ვისაუბრებთ.

ბადრი ქუთათელაძე: პანთეონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი ეროვნული გენოფონდი, ჩვენი ერის ღირსეული ადამიანები მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში განისვენებენ და მათ აუცილებლად უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი. ისტორიას თუ მივყვებით, საქართველოში პირველი პანთეონი, სწორედ, დიდუბის პანთეონი გახლავთ. ამ ადგილას საფლავები მანამდეც იყო, მაგრამ მისი პანთეონად ქცევა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უკავშირდება.

გაცილებით ადრე, 1893 წელს ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა. უნდოდათ, რომ ის დღევანდელი დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე დაეკრძალათ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, სტეფანწმინდაში დაასვენეს. იმავე წელს განჯიდან გადმოასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილი და დაასაფლავეს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ. მაგრამ ოფიციალურად პანთეონი წლების შემდეგ – 1915 წელს ჩამოყალიბდა, როგორც გითხარით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით. რამდენიმე წლის შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პანთეონის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენდა. მაშინ ქალაქის ინტელიგენციამ – ივანე ჯავახიშვილმა, გიორგი ლეონიძემ, შალვა დადიანმა და სხვებმა, ხმა აიმაღლეს ამის წინააღმდეგ და ქალაქის ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ დათმობაზე წავიდა, თანხაც გამოყვეს პანთეონის მოსაწესრიგებლად. შემდეგ წლებში დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე ააბრძანეს ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, მოგვიანებით – ექვთიმე თაყაიშვილი, რასაც მეც მოვესწარი, უშანგი ჩხეიძე და რამდენიმე ადამიანი უნივერსიტეტის ეზო-სავანეში გადავასვენეთ.

– რის მიხედვით წყდებოდა, ვინ და რამდენი ხნის შემდეგ შეიძლებოდა, მთაწმინდაზე გადაგესვენებინათ?

– დიდი დრო იყო ამ ადამიანების გარდაცვალებიდან გასული, თუმცა ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთა ღვაწლს დროის გამოცდა არ სჭირდებოდა, ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ მთაწმინდას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ან შემოქმედებითი კავშირი აყენებდა შუამდგომლობას მთავრობის წინაშე, იმის შესახებ, რომ კონკრეტული ადამიანი, საკუთარი დამსახურებების მიხედვით, იმსახურებდა მთაწმინდაზე აყვანას. ასე იყო უშანგი ჩხეიძის გადასვენებასთან დაკავშირებით – ეს საკითხი მარჯანიშვილის თეატრმა დასვა. ასე მოხდა ექვთიმე თაყაიშვილთან მიმართებაში, როცა სამეცნიერო საზოგადოებამ და ხალხმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ის აუცილებლად მთაწმინდაზე უნდა ყოფილიყო.

– ადამიანები, რომელთა სამუდამო განსასვენებელი დიდუბის პანთეონშია, წლების განმავლობაში თქვენთან სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავშირებული, ბევრთან შესაძლოა, მეგობრობაც გაკავშირებდათ.

– კი, აქ ჩემი მეგობრებიც არიან. ბედმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემზე უფროს ადამიანებთან მქონოდა ურთიერთობა. დღეს პანთეონში რომ შევდივარ, უცნაური განცდა მეუფლება, რადგან აქ არის მურმან ლებანიძე, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რეზო ლაღიძე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი, ზურაბ ქაფიანიძე – ჩვენ თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, გიზო ნიშნიანიძე, მან მე არც ვიცოდი ისე, ორი ლექსი მომიძღვნა, რაც სრულიად შემთხვევით მითხრეს მის პანაშვიდზე, და არა მარტო ეს ადამიანები, კიდევ ძალიან ბევრი, რომლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ და ახლა აქ არიან დაკრძალულები. ვხუმრობ ხოლმე მეგობრებთან, დიდუბის პანთეონში რომ შევდივარ, ლამის „გამარჯობა“ ვუთხრა იქ დაკრძალულ დიდ ადამიანებს, იმდენი პირადი ნაცნობია მათ შორის-მეთქი. ტერენტი გრანელი, რომელთანაც ბუნებრივია, მე არანაირი ურთიერთობა არ მქონია, დიდუბის პანთეონში პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადმოვასვენეთ. მაშინ მე კომისიის წევრი ვიყავი და დღემდე მახსოვს ის უცნაური შეგრძნება, რომელიც ადამიანის 54 წლის შემდეგ გადმოსვენებას ახლავს თან. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა.

– ალბათ, ამ განცდების და პირადი ურთიერთობების გამო გაქვთ პანთეონის მიმართ ის დამოკიდებულება, რაზეც ბევრი საუბრობს და აღფრთოვანებას გამოთქვამენ.

– საერთოდ არ ვიცოდი, თუ ჩემზე ვინმე რამეს წერდა, რადგან მე არ ვარ სოციალური ქსელების მომხმარებელი. სრულიად შემთხვევით მითხრეს, იცი, რაებს წერენ ინტერნეტში პანთეონის მიმართ შენს დამოკიდებულებაზეო? ჩემს შვილს რომ ვკითხე თუ იცოდა ამის შესახებ, მიპასუხა, კი, ვიციო (იცინის). როცა წავიკითხე, შემრცხვა. საოცარ რამეებს წერდნენ უცნობი ადამიანები და საქებარ სიტყვებსა და მადლობებს არ იშურებდნენ. დიდი ბედნიერებაა ეს ყველაფერი, რადგან დიდუბის პანთეონი ჩემთვის სასაფლაო არ არის. აქ ჩვენი ერისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ადამიანები არიან დაკრძალული და ალბათ, კიდევ იმიტომაც, რომ მათ უმრავლესობასთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებდა.

– როდის დაუკავშირეთ ბედი პანთეონს?

– მე მთელი ცხოვრება კულტურის სფეროში ვმუშაობდი, პანთეონში კი 2005 წლიდან ვარ. ძეგლებთან შეხება ყოველთვის მქონდა, ოთხი წიგნი მაქვს გამოცემული ამ თემაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო წიგნებია.

– ვისი საფლავია, ვისაც დღესაც ყველაზე მეტად სტუმრობენ?

– ბევრია ასეთი. ადამიანი შესაძლოა, კონკრეტულად მისი ნაცნობის საფლავთან მოვიდეს, მაგრამ პანთეონში რომ გაივლის, მერე ხდება სასწაული. ბევრი, ვინც პირველად არის აქ, დიდი სინანულით აღნიშნავს – აქამდე როგორ არ დავათვალიერე აქაურობაო?! ერთ უცნაურ ამბავს გავიხსენებ: პანთეონიდან გამოვდიოდი და ასაკოვანი კაცი შემხვდა. ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და ისე შემოვიდა ეზოში. მომესალმა და მკითხა, აქ მუშაობთ? დიახ-მეთქი, მივუგე. იცი, რას გეტყვით – ახლა მე სიკვდილის უნდა მეშინოდეს? ასეთი ხალხია ამ ქვეყნიდან წასული და ჩემი სიკვდილი რას წარმოადგენსო? – დიდ ემოციებში იყო. ძალიან ბევრი უცხოელი მოდის, ბევრია საბჭოთა სივრციდან, ვინც იცის „ჯარისკაცის მამა“, „მონანიება“, ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს, კოტე მახარაძეს კითხულობენ. შედარებით ახალგაზრდა თაობიდან, ნიკო გომელაურის საფლავთან მოდის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. სხდებიან, სანთლებს ანთებენ. მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც არასდროს უნახავთ ტერენტი გრანელი. მის საფლავთან ყვავილები მოაქვთ, სანთლებს ანთებენ და მისივე ლექსებს უკითხავენ. ვერ გეტყვით, რამდენჯერ შევსწრებივარ ასეთ სურათს. შარშანწინ ძალიან უცნაური რამ მოხდა. სამსახურში ვიყავი, როცა უწმინდესის დაცვის სამსახურის უფროსმა დამირეკა და მკითხა სამსახურში ბრძანდებით, უწმინდესს და უნეტარესს უნდა თქვენთან მოსვლაო?! ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. კი, ბატონო, აქ ვარ, რა ხდება-მეთქი?! თვითონაც არ იცოდნენ მიზეზი. ერთ საათში მობრძანდა უწმინდესი, არც ტაძარში იცოდნენ, ატყდა ზარების რეკვა, ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა და უწმინდესი მეუბნება, ტერენტი გრანელის საფლავთან მიმიყვანეთო. დაბრძანდა მის საფლავთან, პატივი მიაგო, მერე დაცვას ახედა და ჰკითხა, ღვინო სად არისო? გაჩნდა ნაკურთხი პური და წითელი ღვინო. უწმინდესის ნებართვით მე გავხდი თამადა. სამი-ოთხი სადღეგრძელო ვთქვი, პატივი მივაგეთ იქ დაკრძალულ ადამიანებს. ძალიან უყვარს ტერენტი გრანელის პოეზია ჩვენს პატრიარქს. თუ შეიძლება, ასე ითქვას, ტერენტი გრანელის საფლავის მოვლა პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

– თქვენს სამუშაო კაბინეტში, კედელზე ასლარიანია პატრიარქის ხელმოწერით...

– დიახ, ეს ფული პატრიარქმა მაჩუქა. ჩარჩოში ჩავსვი, წარწერა გავუკეთე და ჩემს ოთახში ჩამოვკიდე. ზუსტად მაშინ მაჩუქა, როცა ტერენტის საფლავთან იყო. ერთი რამ მინდა ვთქვა: გული მწყდება, რომ ჩვენთან პანთეონი ასეთ მდგომარეობაშია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა დაიწყებს ყველაფრის მოწესრიგებას, აქაურობა ნამდვილად იმსახურებს ხელის შევლებას. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როცა ჩემთან მოდიან ადამიანები, მივყვები საფლავთან და ვუხსნი, ჩვენი ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობის ადამიანია იქ დაკრძალული, თუმცა ამის შესახებ თავადაც იციან იქ მომსვლელებმა და ამ დროს საფლავი დანგრეულია. თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ რაღაც შეიცვლება.

– თქვენ ხართ რომის პაპის სამახსოვრო მედლის მფლობელი. რით დაიმსახურეთ ეს პატივი?

– მაშინ ჯერ კიდევ კულტურის სფეროში ვმუშაობდი. ჩვენთან არის დასაფლავებული მიხეილ თამარაშვილი. დიდი ქართველი მეცნიერი და პროფესორი კათოლიკე გახლდათ. უცხოეთში მოღვაწეობდა და ძალიან დაფასებული იყო. სამწუხაროდ, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზღვის სანაპიროზე იყო და დაინახა, რომ იტალიელი მუშა იხრჩობოდა. თამარაშვილი საშველად გადახტა და თვითონ დაიხრჩო. ასე დაიღუპა ამხელა მეცნიერი.

1978 წელს ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა დიდი ამბით ჩამოასვენა მიხეილ თამარაშვილის ნეშტი და ის დიდუბის პანთეონში დაიკრძალა. ბატონმა რეზომ სურვილი გამოთქვა, თბილისში მისი სახელობის ქუჩა გვქონოდა და ამ საქმეში დახმარება მთხოვა. თბილისში არსებობდა მრჩეველთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ, მე კი თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. მე შევთავაზე საბჭოს, რომ თამარაშვილის სახელობის გამხდარიყო ქუჩა, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარეობს და საბჭომაც მიიღო ჩემი წინადადება. გურამიშვილი კი ავჭალისკენ გადავიტანეთ, სადაც გურამიშვილის მამული გახლდათ. დღეს ეს გამზირი კინო „საქართველოდან“ იწყება და სარაჯიშვილამდე გრძელდება. ბატონ რეზოს დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი თხოვნა ასრულდებოდა. შემდეგ გადაცემაც გავაკეთეთ მიხეილ თამარაშვილის შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, თამარაშვილის დაბადების დღეს, მირეკავენ კათოლიკეების წარმომადგენლები და მეუბნებიან, უნდა მოვიდეთ, ყველაფერი ხომ წესრიგშია და თქვენც ხომ იქნებით ადგილზეო. რა თქმა უნდა-მეთქი. მოვიდა მათი ეპისკოპოსი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, პადრეები, ჩვენი ქართველი საზოგადოება, სამთავრობო ხალხი. სიტყვა მისცეს ელჩს, რომელსაც ხელში ულამაზესი ყუთი ეჭირა. გამოვიდა ელჩი და ამბობს, ბატონი ბადრი ქუთათელაძე ჯილდოვდება რომის პაპის სამახსოვრო მედლითო. ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, ძალიან დიდი პატივია ასეთი ჯილდო.

– თქვენს წიგნებზე ისაუბრეთ, რომელიც, ფაქტობრივად, დოკუმენტური მასალაა. ამასთან ერთად, შემოქმედებითად აქტიურიც ხართ.

– კი, პოეზიაც არის ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავზე ცოტა რთული და უხერხულია საუბარი, მაგრამ ასეთი წიგნები ძეგლებსა და ქალაქზე აქამდე არ გაკეთებულა. ბატონი ელდარ შენგელაია წერს, გიცნობ, როგორც მრავალმხრივ მოღვაწესო და ალბათ, მართლაც ასეა: გადაცემებიც მაქვს დიდ ადამიანებზე, პოეზიაც არის ჩემს ცხოვრებაში, თბილისზე წიგნები, მოგონებები... და მოკლედ, ერთობლიობაში რაღაცას ვხლაფორთობ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი