საზოგადოება

რომელი ფილმი გასკდა მოსკოვში ბომბივით და რას აბრალებდა საკუთარ თავს ბაადურ წულაძე

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ბაადურ წულაძე
დაკოპირებულია

ბაადურ წულაძე. კინორეჟისორი და მსახიობი, რომელმაც მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც შექმნა, მხატრულ ფილმებში კი მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა, მაგრამ საკმაოდ სიანტერესო სახეები შექმნა თავისი გამომსახველობით, მსახიობის ოსტატობით, ცოტა თანამედროვე, ცოტაც მუნჯური კინოს თვისებებით. კინოში პირველად როგორც პატარა მაყურებელი, შემდეგ კი როგორც მექანიკოსი, ისე მოხვდა. „ვგიკშიც“ ბედი შემთხვევით სცადა და გამოუვიდა. შვიდი წელია, ის ჩვენ გვერდით აღარაა, მაგრამ დაგვიტოვა თავისი ეკრანული სახეები და საინტერესო ჩანაწერები დღიურის სახით.

კინო

...ბავშობიდან მიყვარდა, რაღაც სხვა სამყაროა, ზღაპრული. არ არსებობდა, დედაჩემს კინოში კვირაში ერთხელ მაინც არ წავეყვანე. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, მექანიკოსადაც დავიწყე მუშაობა. დღისით ვსწავლობდი და კინო საღამოობით გადიოდა, მაგრამ მე არასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი მსახიობად ან რეჟისორად. მოხდა ისე, რომ ერთხელაც მოსკოვში ჩავედი და სრულიად შემთხვევით, სარეჟისოროზე ჩავაბრე. მსახიობობას არც ვაპირებდი. მე და მიხეილ კობახიძემ გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი, სადიპლომო ფილმი „ქორწილი“ და აი, იქ გადამიღეს პატარა ეპიზოდში. აქედან დაიწყო და დაიწყო. ალბათ, ასზე მეტი როლი მაქვს ნათამაშები. გადაღებული მაქვს შვიდი ფილმი. საერთოდ, ჩემს პროფესიას ბედნიერ პროფესიად ვთვლი, იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა. ვთვლი, რომ ყველა პროფესიას აქვს თავის სიძნელეები, როცა არ გიყვარს შენი საქმე, ის სიძნელეები კატასტროფად გეჩვენება, ჩემთვის კი, პირიქით. ეს სასიამოვნო იყო, რადგან ყველაფერი ჩემს პროფესიასთან იყო დაკავშირებული. ნაწილობრივ ყველაფრის ინტერესი მქონდა, გარკვეულ დონეზე ყველაფერი მაინტერესებდა. მე, ბათუმში დავიბადე და გავიზარდე და იქ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადამიანის სულიერი განვითარებისათის იყო მუსიკა და რადიო, ამიტომ მუსიკაც ძალიან, ძალიან მიყვარდა. ლიტერატურას სულ ვკითხულობდი და დღემდე დამრჩა ინტერესი მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიო ისტორიის მიმართაც. სპორტიც მიტაცებდა, რა თქმა უნდა. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი რაღაცები კარგად ვიცი, დილეტანტის დონეზე. ცოტა მეტიც. ასე რომ, ნებისიერი პროფესიის ადამიანთან შემიძლია, ვისაუბრო. სხვათა შორის, ხელოვნებაზე დიდად არ მიყვარს ლაპარაკი. საერთოდ, ბავშვობიდან ვარ ისეთი, რომ ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს. ბავშვობაშიც აბსოლუტურად არ ვიზიარებდი სხვის აზრს. არც სხვა გადამიყვანია ჩემს აზრზე და კიდევ, გაუგებარია ჩემთვის ასეთი გამონათქვამი – კამათში იბადება შეჭმარიტებაო. არაფერი ჭეშმარიტებაც არ იბადება კამათში. კამათში იმარჯვებს ის ადამიანი, ვინც მომზადებულია ან უფრო დიდი დემაგოგია. უმრავლეს შემთხვევაში ჩიხში შეჰყავს ის ადამიანები, რომლებიც კამათობენ, თორემ ამ დროს ჭეშმარიტება არ იბადება.“

ძალიან ძნელი ბავშვობა მქონდა

„...იყო ომი და შიმშილი. ის კი არა, ახლა რომ გააღებენ პირს და მშია, მშიას გაიძახიან. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა იყო შიმშილი, მაგრამ დრო ისეთი რამ არის, რომ კარგიც გახსენდება და ცუდი ნელ-ნელა მიდის. და მაინც, ასე მგონია, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო იყო ბავშვობა, ამავე დროს – ძნელიც. დამთავრდებოდა თუ არა სკოლა, მკრავდნენ პანღურს და გამიშვებდნენ სოფელში. იქ ხილი იყო, ბოსტნეული, რაღაც საჭმელი... წიგნის კითხვა მიყვარდა ძალიან. ამიტომაც, წიგნი ითვლებოდა ჩემთვის სხვა სამყაროში შესვლის საშუალებად. ახლა იმდენი საშუალება გაჩნდა, რომ ადამიანი კარგავს წიგნს, აღარ კითხულობს. შეიძლება, ეს ანაქრონიზმია რასაც ვამბობ, მაგრამ მე მგონი, ასეა. ქუჩაში გავიზარდე და ქუჩამ კი არ გამაფუჭა, პირიქით, ბევრი რამ მასწავლა კიდეც. ოროთახიანი ბინა გვქონდა, ეზოც – პატარა, ამიტომ სულ ქუჩაში ვეგდე. მქონდა პატივისცემა, ერთგულება მეგობრის მიმართ. ყველაფერი ის, რაც მთავარია პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, ქუჩამ მასწავლა და თუკი დღეს მე რამე მაქვს დადებითი, ისიც ქუჩის დამსახურებაა.

ძალიან კარგი და მყავს

... რომელიც ზრუნავს ჩემზე, მაგრამ შენი პირადი ოჯახი მაინც სხვაა. რა თქმა უნდა, ახლა ვფიქრობ ამაზე და მაშინ არ ვფიქრობდი. ალბათ, ვნანობ კიდეც. სულ ვიძახდი მერე, მერე და დავრჩი ასე, მაგრამ ვისი ბრალია? ჩემი ბრალია!“

„ნაძლევიდან“ „იღბლამდე“

პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავიდანვე იღბლიანი აღმოჩნდა, „ნაძლევი“ იყო, თუმცა, სანამ საქმე გადაღებამდე მივიდოდა, რეზო გაბრიაძის მონაყოლ ამბავს დიდი ხნის განმავლობაში, თურმე, ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა. ბატონ რეზოს ახალგაზრდობაში ერთი ასეთი თვისება ჰქონია: სანამ რაიმეს დაწერდა, ჩანაფიქრის შესახებ ბევრს ჰყვებოდა. გამონაკლისი არც, ეგრეთ წოდებული, სამი გიჟის ისტორია ყოფილა, რომლითაც ვერავინ დააინტერესა, მით უმეტეს, კინოსტუდიის ხელმძღვანელები, რომლებსაც სისულელედ მიაჩნდათ ეს ყველაფერი და თვლიდნენ, რომ ქართულ კინოს, მსგავსი რამ არ ეკადრებოდა. ეგ კი არადა, ერთი პერიოდი უკვე გადაღებული სერიალის აკრძალვაზეც კი იყო საუბარი – მასში სამი იდიოტი ქართველია წარმოდგენილიო. არიან თუ არა ფილმის პერსონაჟები იდიოტები, სხვა საკითხია, მაგრამ რეზო გაბრიაძე რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დადიოდა სტუდიაში და ჰყვებოდა ამ ამბავს, ფაქტია. ყველა თავს უქნევდა, მაგრამ… მაშინ მოსკოვში არსებობდა გაერთიანება „ეკრანი“, რომლისთვისაც კინოსტუდიას წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ერთი სრულმეტრაჟიანი და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა მიეწოდებინა. თან, ეს ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინათ, რადგან გეგმით ასე იყო გათვალისწინებული. ნოველებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებად დებიუტანტებს აძლევდნენ, რადგან მთავარი იყო გეგმა შეესრულებინათ და ფული არ დაკარგულიყო, თორემ შემდეგ ამ ფილმებს ტელევიზიით მეორეჯერ აჩვენებდნენ თუ არა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჰოდა, ერთ წელიწადს სასწრაფოდ გახდა გადასაღები მესამე ნოველა. სწორედ ამ დროს გაახსენდათ რეზო გაბრიაძე და სთხოვეს, თავისი მონაყოლი ამბისთვის რაღაც ფორმა მიეცა. მაშინ მეორე რეჟისორად მუშაობდა რამაზ შარაბიძე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მხოლოდ თავისი რეჟისორობით გადაეღო რამე. რეზო გაბრიაძემ სცენარი სასწრაფოდ დაწერა, რამაზ შარაბიძემ კი მომენტალურად გადაწყვიტა, რომ მთავარი გმირები კახი კავსაძეს, გივი ბერიკაშვილსა და ბაადურ წულაძეს განესახიერებინათ. გადაღების სასიამოვნო პროცესი მალე დასრულდა და ფილმი მოსკოვში წაიღეს. განსაკუთრებულს არავინ არაფერს ელოდა, გარდა იმისა, რომ ფულს მიიღებდნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: მოსკოვში ბომბივით გასკდა ერთი პატარა მოკლემეტრაჟიანი სურათი და ატყდა ერთი ამბავი – ეს სამი პერსონაჟი ეკრანიდან არ გაუშვათ, კიდევ გადაიღეთ რამეო. ეს იყო 1975 წელს. მას შემდეგ რამაზ შარაბიძემ კიდევ სამი ნოველა გადაიღო – „შაბათი საღამო“, „სამი მანეთი“ და „თერმომეტრი“. ამ ნოველებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გადამღებ ჯგუფს ყველაფერი დამთავრებული რომ ეგონა, მოსკოვიდან ისევ მოითხოვეს მსგავსი ფილმების გადაღება, ცხადია, იმავე პირობით, რომ პერსონაჟები არ შეეცვალათ. შემდგომი ორი ფილმი, „ლიმონის ტორტი“ და „ალპინისტები“, უკვე თავად რეზო გაბრიაძემ გადაიღო რეჟისორ ამირან დარსაველიძესთან ერთად, თუმცა სამი სულელი გმირის (თუ შეიძლება ასე ითქვას) ეპოპეა ამით არ დასრულებულა: რეჟისორმა რევაზ ჭარხალაშვილმა გადაიღო „სამი სასიძო“; მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი ფილმი „პეპელა“ კი გენო წულაიასა და მისი მეუღლის – ნელი ნენოვას რეჟისორობითაა გადაღებული. რაც შეეხება სერიალის ბოლო ფილმს – „იღბალს“, ის ფილმის ერთ-ერთი გმირის, ბაადურ წულაძის ნამუშევარია. „ნაძლევიდან“ „იღბალამდე“ ერთი წელი გავიდა. მოსკოვიდან კვლავაც მოითხოვეს სერიალის გაგრძელება, მაგრამ რეზო გაბრიაძეს რაღაც უსიამოვნება მოუვიდა ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლებთან და კატეგორიული უარი თქვა სცენარის დაწერაზე. საერთოდ, კინო მეზიზღებაო, ამბობდა. სხვა ავტორების ძებნა დაიწყეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ალბათ არც გამოვიდოდა, რადგან რეზო გაბრიაძის სტილს ვერავინ მოერგებოდა და მისი პერსონაჟების შესახებ მასავით ვერავინ დაწერდა.

დაგვიანებული ჰონორარი

„ნაძლევის“ გადაღების შემდეგ ჩვენმა გმირებმა ერთხმად მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ, რადგან მაყურებელს ფილმი ასე ძალიან მოეწონა, მაქსიმალური ჰონორარი მოეთხოვათ. მაშინ ყოველ გადაღების დღეზე მაქსიმალურ ჰონორარს – 56 მანეთს – მოსკოვი ამტკიცებდა. დაწერეს განცხადება და ჩააბარეს შესაბამის ორგანიზაციას მოსკოვში გასაგზავნად. თანხას კარგა ხანს ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მოსკოვში დარეკეს და თქვენ წარმოიდგინეთ მათი აღშფოთება, როცა შეიტყვეს, რომ მათი საბუთები მოსკოვში საერთოდ არ მიუღიათ – თურმე გოგონას, რომელსაც ეს საკითხი უნდა მოეგვარებინა, საბუთები უჯრაში ჩაუწყვია და მათი მოსკოვში გაგზავნა არც კი გახსენებია. „მე ხომ გავბრაზდი, მაგრამ თქვენ კახის გაბრაზება წარმოიდგინეთ. ის რომ გინებას დაიწყებს, მტრისას! საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ჩვენი საბუთები მოსკოვში გააგზავნეს და შემდგომ ფილმებზე მაქსიმალურ თანხას გვიხდიდნენ“, – იხსნებდა ბაადურ წულაძე“. გინებაზე გამახსენდა, კახის გინებასაც კი რაღაც სხვა ეშხი აქვს, თამაშს რომ თავი დავანებოთ. ის რომ რამეზე გაბრაზდებოდა და გინებას დაიწყებდა, ქალიან-კაციანად, ყველა სიცილით იხოცებოდა. მის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, ქალები, ალბათ, თავში რაღაცას ჩაარტყამდნენ, კახის გინებაზე კი სიცილს ვერ იკავებდნენ… ესეც ხელოვნებაა.“

ჩაშლილი გადაღებები

„ძალიან საინტერესო გადაღებები გვქონდა. ძირითადად, თბილისის შემოგარენში ვიღებდით. ყველაზე შორს კასპში გავდიოდით. მახსოვს, ერთხელ სწორედ კასპში მივდიოდით მანქანით მე, კახი და ბერიკა. გადამღები ჯგუფი იქ ათენებდა ღამეს. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებოდით სახლში და დილით ადრე ისევ კასპში ვიყავით ხოლმე – არასოდეს ვიგვიანებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის არაპუნქტუალური ბერიკაც კი არ იგვიანებდა ხოლმე. ჰოდა, დილით ადრე მივდივართ კასპში და უცებ გზაში მანქანით მაგარი დამრტყმელი, ნაღდი თბილისელი ბიჭი, ამირან დუმბაძე წამოგვეწია. მოგვიკითხა და ერთმანეთს მალე დავცილდით. ის წინ წავიდა. არ გასულა დიდი ხანი და ერთ-ერთ მოსახვევში მისმა მანქანამ გზა გადაგვიღობა. თავი ვერაფრით დავაღწიეთ – რესტორანში შეგვიყვანა. იქიდან ვინღა გამოგიშვებდა?! ბოლოს უკვე თავს ვიმთვრალებდით, მაგრამ არც ამან გვიშველა. გადაირია, თურმე, რეზო (ფილმს რეზო გაბრიაძე იღებდა), ვერაფრით გაიგეს, სად შეიძლებოდა, დავკარგულიყავით. სახლებში დარეკეს და გაარკვიეს, რომ წამოსულები ვიყავით. გზაზე გვეძებეს და ვერსად აღმოგვაჩინეს. მოკლედ, ერთადერთი ეს შემთხვევა იყო, როდესაც გადაღება კოლექტიურად ჩავშალეთ. რეზოს როგორ გადავურჩით? რა გვექნა, ამირანს ჩემი მტერი გადაეყარა, ჩხუბს ხომ არ დავიწყებდით? არ გამოგვიშვა და გათავდა! რეზომ კი იცოდა, ვისთანაც გვქონდა საქმე და გაჩერდა, რას გვეტყოდა?! მიხვდა, მძევლად რომ ვიყავით აყვანილები და ასე ადვილად ვერსად გავექცეოდით…“ „ყველაზე დიდი პრობლემა „პეპელას“ გადაღების დროს შეგვექმნა – აბა, იმდენ პეპელას სად მოვძებნიდით, ან ჩვენს გემოზე ხომ არ იფრენდნენ? ისინი ისე გვქონდა სპეციალურ ძაფებზე დამაგრებულები, რომ ეს ძაფები კადრში არ გამოჩენილიყო, რაც ძალიან რთული გადასაღები აღმოჩნდა. სხვათა შორის, თავიდან სცენარი რომ წავიკითხეთ, მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვა, მაგრამ ფილმი კარგი გამოვიდა, რაც ლიკა ქავჟარაძის დიდი დამსახურებაა. ლიკა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, საოცრად ლამაზი და საყვარელი და ეს სამი „დურაკი“ დავდევდით ამ პატარა გოგოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ შეასრულებდა ამ როლს, რადგან მაყურებელს უნდა დაეჯერებინა, რომ ამ პატარა, ულამაზესი გოგოსთვის შეიძლება, ჭკუიდან შეიშალო. ლიკას ამ როლზე დაკავება მართლაც სწორი არჩევანი გამოდგა. მან ჩვენც საოცრად რომანტიკული გარემო შეგვიქმნა, რაც ზედმიწევნით გადმოვიდა ეკრანზე. ალბათ, ამიტომაც ჰქონდა და აქვს ფილმს ასეთი დიდი რეზონანსი“.

თვალს რომ გაუხარდება

„დრო არ მაქვს ამისთვის, თორემ მშვენიერი საჭმელების მომზადება ვიცი. შიმშილით თავს არ მოვიკლავ. იცით, გურმანობა იგივე ხელოვნებაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ლამაზადაა გაკეთებული. საერთოდ, ვაბობ ხოლმე, რომ რეჟისურა და კულინარია ძალიან ჰგავს ერთმანეთს... კაკო კვანტალიანი გურმანი კი არა, მეტიც იყო. „გიორგობისთვეს“ ვიღებდით გურჯაანში და ყოველ საღამოს სულ პურმარილები გვხდებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც მე, კაკო კვანტალიანი, ბუხუტი ზაქარიაძე და დოდო აბაშიძე ვართ და სუფრა განსაკუთრებული, უმშვენიერესი დაგვხვდა. დოდო ამბობს – რა ამბავია, კაცო, ამას ახლა რა შეჭამსო. კაკომ უთხრა: იყოს, თვალს გაუხარდება. აი, ასეთი უნდა იყოს სუფრა, თვალს რომ გაუხარდებაო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა