რომელი ქართველი მონაწილეობდა შამილის დატყვევებაში და როგორ გამოიჩინა მან თავი ყირიმის ომში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 27.08

რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი ალექსი გაბრიელის ძე ქავთარაძე (ქოვთორაძევი) 1821 წელს დაიბადა. მას ძალიან წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა – მონაწილეობდა 8 სამხედრო ლაშქრობაში, მათ შორის, კავკასიის არმიის ბრწყინვალე ოპერაციებსა და თვით შამილის დატყვევებაში.
განათლება ალექსი ქავთარაძემ კერძო სასწავლებელში მიიღო. 1837 წელს ის ჯარისკაცად ჩაირიცხა შავი ზღვის სახაზო ბატალიონში.
1842 წელს მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში, რისთვისაც დაჯილდოვდა მე-4 ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით და დაიწყო მისი წარმატებული სამხედრო კარიერა.
ალექსი ქავთარაძეს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის 1853–1855 წლების ყირიმის ომში. მან თავი ისახელა ცნობილ ქიურუქ-დარის ბრძოლაში. აქ მოწინააღმდეგეების პოზიციების ცენტრზე შეტევის დროს შტაბს-კაპიტანმა ქავთარაძემ ერევნის პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეულით იერიში მიიტანა და გაანადგურა თურქთა ძირითადი ძალების დასახმარებლად მიმავალი ნაწილები. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და გამჭრიახობისთვის იგი წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
შეუდრეკელი იყო ალექსი ქავთარაძე ყარსის იერიშის დროს. მას უბოძეს წმიდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი და კაპიტნის ჩინი.
1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ მაიორობა მიანიჭა. ორ წელიწადში დაინიშნა მეფისნაცვლის ფლიგელ-ადიუტანტად. მალე კი ალექსი ქავთარაძე პოდპოლკოვნიკი გახდა, დააჯილდოვეს წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით (მახვილებით). 1871 წელს მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო და კიდევ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
1874 წელს ალექსი ქავთარაძე დაინიშნა დერბენდის ქვეითი პოლკის მეთაურად. ამ პოლკთან ერთად მიიღო მან მონაწილეობა რუსეთ-თურქეთის 1877–1878 წლების მთელ კამპანიაში და არაერთ საბრძოლო წარმატებას მიაღწია. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის პოლკოვნიკ ქავთარაძეს თურქეთის საველე ჯარების განადგურებაში ავლიარ-ალაჯის სიმაღლეებზე. მის პოლკს ყველაზე რთული ამოცანა დაევალა. მას უნდა აეღო ძლიერად გამაგრებული ორლოვის სიმაღლეები და დამკვიდრებულიყო მასზე. ალექსი ქავთარაძის საოცარმა ენერგიამ და სიმამაცემ უზრუნველყო დერბენდელთა გამარჯვება მოწინააღმდეგის ძალებზე, ამ გამარჯვებამ კი განაპირობა მათი წარმატება და მუხტარ-ფაშას არმიის სრული განადგურება.
ბრძოლაში გამოვლენილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის ალექსი ქავთარაძე წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა.
საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ალექსი ქავთარაძის 50 წლის სამხედრო მოღვაწეობა.
გენერალი ქავთარაძე 1890–1894 წლებში იყო მეცხრე ქვეითი დივიზიის უფროსი და ამავე დროს, 1907 წლის 4 ივლისამდე, სრულიად რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტის წევრი.
ალექსი ქავთარაძე გარდაიცვალა 1907 წელს, სანკტ–პეტერბურგში.
იყო დაოჯახებული და ჰყავდა 7 შვილი.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომი ქართულ პრესაში / მოამზადა დარეჯან ანდრიაძემ // ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი; ჟორდანია ოთარ. ქართველები კავკასიის არმიის გენერალიტეტში: (1801-1900 წწ.)// ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია: შრომები; http://www.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან