საზოგადოება

რომელი ქართული ხალხური ცეკვები გახადა ჯაზური ჯანო ბაგრატიონმა

№2

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:00 01.02

ჯანო ბაგრატიონი
დაკოპირებულია

საქართველოში ჯაზმა საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. ერთ დროს აკრძალულიც კი იყო, თუმცა, ქართველების დიდ ნაწილს შინაგანად ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს თავისუფლების ეს მუსიკა, რომელიც ყველა საზღვარს შლის სხვადასხვა ხალხის კულტურებს შორის.

საქართველოში ჯაზის ისტორიის საწყისად შეგვიძლია, 1930-იანი წლები მივიჩნიოთ, როდესაც პირველი ორკესტრები გამოჩნდა და მიუხედავად სტილისტიკისა, თითქმის ყველა მათგანს ჯაზს უკავშირებდნენ. 1930-იანი წლების მიწურულს სხვადასხვა ორკესტრში უკვე კარგად იგრძნობოდა ჯაზის ელემენტები, რომელიც საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული გახდა. და მაინც, ყველაზე მეტად ჯაზგავლენა ჰქონდა უფროსი ჯანო ბაგრატიონის ორკესტრს 1940-იან წლებში. ამ ანსამბლმა 1946 წელს შეასრულა ლეგენდარული ჯაზთემა „ყვავილების ქვეყანა“. საქართველოში ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრმა (მას „გეპეის ორკესტრს“ ან „გეპეის ჯაზსაც“ უწოდებდნენ) და მასთან არსებულმა ვაჟთა კვარტეტმა – იგივე „გეპეის კვარტეტმა“.

წლების განმავლობაში „გეპეის“ ორკესტრში აიდგა ფეხი უამრავმა ქართველმა ინსტრუმენტალისტმა თუ მომღერალმა, რომლებიც დროთა განმავლობაში საქვეყნოდ ცნობილები გახდნენ. მაგალითად, „გეპეის კვარტეტი“, რომლის წევრებიც იყვნენ გურამ ბზვანელი, თამაზ ცინცაძე, გურამ ბაკურაძე და შოთა ხარაბაძე, 1950-იანების მეორე ნახევარში ისეთი პოპულარული გახდა, რომ მოსკოვში, ხალხით გადაჭედილ დარბაზებში გამართულ მის კონცერტებს ცხენოსანი მილიცია იცავდა.

კაპიტალისტური ქვეყნიდან, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისეთი დიდი მუსიკოსის ჩამოყვანა, როგორიც ბენი გუდმენი იყო, უიშვიათესი მოვლენა გახლდათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართველი მსმენელი მომზადებული დახვდა ამერიკული ჯაზის ლეგენდას. კონცერტზე მუსიკისგან ექსტაზში შესული, ჯაზის მოყვარული თბილისელ მაყურებელთა ნაწილი სცენაზე აიჭრა და იქ უკრავდა ტაშს. ბენი გუდმენის კონცერტი ახლად გახსნილ სპორტის სასახლეში გაიმართა. მეორეჯერ ორკესტრმა მთაწმინდის რესტორანში დაუკრა.

ამჯერად ჯანო ბაგრატიონზე, მის მიერ ჩამოყალიბებულ ქართულ ჯაზზე და თბილისის სავიზიტო ბარათზე – „ყვავილების ქვეყანაზე“ ვისაუბრებთ. მან აჩუქა და შემდგომ მისმა შვილმა, უმცროსმა ჯანო ბაგრატიონმა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა თავის ქვეყანას, რომელიც სწორედ ჯაზურ ელემენეტებს შეიცავს და ყველას ასე უყვარს.

ჯაზში მხოლოდ ბაგრატიონები არიან

„ჯაზი დასავლურ გადმონაშთად ითვლებოდა და საბჭოთა კავშირში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მის პოპულარიზაციას. ჯაზს დაემატა ჩვენი გვარი – ბაგრატიონობა, რომელსაც ამრეზით უყურებდა საბჭოთა იდეოლოგია. ამიტომაც იყო, რომ გასტროლზე კავშირის მასშტაბითაც კი იშვიათად უშვებდნენ მამას. სულ ორი გასვლა ჰქონდათ რესპუბლიკის გარეთ, ისიც ერევანსა და ბაქოში. სამაგიეროდ, გასვლები ჰქონდათ საქართველოს მასშტაბით. ულამაზესი ფილარმონიის შენობა ჰქონდათ ქუთაისში, დარახველიძე იყო დირექტორი. მამაჩემი რომ გასტროლზე ჩავიდა, დიდი ამბავი ატყდა: ჯანოს კონცერტია დარახველიძის ფილარმონიაშიო. პირველ განყოფილებას თემურ ხელაშვილი ამთავრებდა, ისე მოეწონათ, ცხრაჯერ გაამეორებინეს სიმღერა. გამოვიდა გაბრწყინებული თვალებით თემო. მამაჩემი გახარებული გადაეხვია, მიულოცა, თან ეუბნება, შენი სიმღერა ცხრაჯერ ხომ იმღერე, მე „ყვავილების ქვეყანას” ათჯერ მამღერებენო. კონცერტის ბოლოს „ყვავილების ქვეყანა“ სრულდებოდა. თერთმეტჯერ გაამეორებინეს მამას, არ უშვებდნენ სცენიდან.” – იხსენებდა უმცროსი ჯანო ბაგრატიონი.

ქართული ესტრადა და ჯაზი აკაკის ხის ქვეშ

...როგორც ყოველთვის, აქაც ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. უნივერსიტეტის ჩრდილიან ეზოში ჯანო სოსო ტუღუშს შეხვდა, აკაკის ხის ქვეშ ჩადგმულ ძელსკამზე ჩამოსხდნენ და საუბარი გაუბა. ქართული საესტრადო მუსიკის დიდი მოყვარული, მესვეული და პოპუჭლარიზატორი სოსო ტუღუში იმჯერად უნივერსიტეტში თვითმოქმედ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. საუბარი ქართული ცეკვებით დაიწყეს, მერე ორკესტრის ავ-კარგზე გადავიდნენ. შემდეგ, საერთოდ ჯაზის ჭირ-ვარამი გამოამჟღავნეს... ვეღარც ჯანო იგონებდა და ვეღარც სოსო, ვის წამოსცდა პირველად – კარგი იქნებოდა, საესტრადო ორკესტრი შეგვექმნაო, ქართული ჯაზი! ერთი კია, როგორც ხმელ თივას პატარა ნაპერწკალი აანთებს ხოლმე, ისე ააბრიალა ჯანო ბაგრატიონის შთაგონება ამ ორმა სიტყვამ – „ქართული ჯაზი“. ააბრიალა და აკი გაჩნდა კიდეც ზემოთ მოყვანილი ჩანაწერი: „ვაგროვებ ხალხს. ჯაზი... ქართული ჯაზი“... თქმა და დაწერა იოლია, ძნელია საქმის გაკეთება, მაგრამ თუ საქმეს სათავეში მუსიკალური ხელოვნების ისეთი ენთუზიასტი ჩაუდგება, როგორიც ჯანო ბაგრატიონი იყო, ყველაფერს მოევლება. უპირველესად, მძლავრი, პროფესიული ორკეტრი შეიქმნა, რომელსაც ახალგაზრდა, 23 წლის სოსო ტუღუში ჩაუდგა სათავეში. სოსო ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. ეს იყო მოყვარულთა კოლექტივი, რომელთა უმრავლესობას არ მიუღია პროფესიული განათლება, მაგრამ სურვილმა და სიყვარულმა ყოველგვარი დაბრკოლება გადალახა. პირველი ქართული ჯაზ-ორკესტრი, რომელშიც 22 მუსიკოსი იყო გაერთიანებული ნამდვილი პროფესიული ორკესტრების დონეზე აჟღერდა. საესტრადო ორკესტრში თავი მოიყარა სოლისტების ძლიერმა, შემოქმედებითად ორიგინალურმა ჯგუფმა: უპირველესად ეს იყო მანანა ბაგრატიონი, რომელიც შესანიშნავად მღეროდა „მუხამბაზს“ და კომპოზიტორ ჩუბინიშვილის „ხმა გულისას“. ტკბილი, ნაზი ხმა ჰქონდა მანანას... ოდნავ დარდიმანდულად გადაიგდებდა მხარზე ფერად მანდილს, რაღაც თავისებურად აუქნევდა ხელს ორკესტრს და გაისმოდა ტკბილი ტენორი. დარბაზს ეფინებოდა მიხეილ ჩირინაშვილის მიერ გადამუშავებული ხალხური მელოდია: „ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე, რომ მითხარი, მოვალო, რატომ დაიგვიანე?!“ „რატომ დაიგვიანე?!“ – პირველად ჯანომ იკითხა ქართულ სცენაზე და მას შემდეგ გაისმის ეს სიმღერა კინოში, თეატრში, ესტრადაზე, რადიოში, სუფრაზე, ქუჩაში, ოჯახებში... ის პირველი შესრულებისთანავე გახდა საოცრად პოპულარული და ამ პოპულარობას, უპირველესად, შემსრულებელს, ჯანო ბაგრატიონს უნდა ვუმადლოდეთ. ერთხელ, დარბაზში იოსებ გრიშაშვილი აღმოჩნდა. როდესაც ჯანომ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა, გულმა აღარ მოუთმინა მგოსანს, კონცერტის დასასრულს არ მოუცადა, ავარდა კულისებში, ჯანო მოძებნა, აცრმლებულმა აკოცა და უთხრა: ყოჩაღ, ჯანო-ჯან, კაციც შენა ხარ და ქუდიცა გხურავსო... შემდეგ, ერთი თავისი ძველი ლექსი გაიხსენა – „ვარდი იყავ“... და ჯანო დაამუნათა: როცა „ბისზე“ გამოგიძახონ იგივე მოტივზე ეს ჩემი ლექსი შეასრულეო. თანაც იქვე დაუმატა: სხვა არაფერი გეგეონოს, „ყვავილების ქვეყანა“ (ტექსტის ავტორი – ბიძინა ფერაძე) ძალიან კარგი ლექსია, მისი შეცვლა სულაც არ არის საჭირო. შემ მხოლოდ, მეორედ რომ გაგიძახებენ სცენაზე, მაშინ იმღერე ჩემი ლექსი, იმავეს განმეორება რომ არ მოგიწიოსო. დაჰპირდა ჯანო და ყოველთვის გული სწყდებოდა, რომ საყვარელ მგოსანს დანაპირები ვერ აუსრულა. „მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით, – ამბობდა ჯანო, – რა მეჩქარებოდა, სახვალიოდ გადავდე. ხვალ-ხვალეში ცხოვრება პეშვიდან გადაქცეული წყალივით გამეპარა. ახლა დავბერდი. თუ როგორმე სცენა მეღირსა და მამღერეს, „ბისზე“ ვინღა მეძახის. სოსოს ლექსის სწავლასაც რაღა აზრი აქვს“. ისე კი, ამ შემთხვევის შემდეგ, იოსებ გრიშაშვილს ჯაზის არცერთი კონცერტი არ გამოუტოვებია, რომელიც თბილისში გაიმართა. შემოვიდოდა ხოლმე კულისებში. ფარდის უკან სკამს დაიდგამდა და ისე ისმენდა. დამთავრებისას კარგახანს უკრავდა ტაშს და ისე არ წავიდოდა, ჯანოსთვის იმედად ორიოდე ტკბილი სიტყვა არ დაეტოვებინა. ერთხელ, როდესაც „ჯანომ“ ჩვეული ოსტატობით შეასრულა აზერბაიჯაული სიმღერა „გიოზალიმ“ და სომხური „მარალ ახჩიკ“, სოსომ თავისი ხუმრობანარევი კილო წუთით დაივიწყა და დინჯად უთხრა: დიდებულია ჯანო-ჯან! ეგრე იმღერე, ძმაო, ძმობის სიმღერები, მაგით დიდ საქმეს აკეთებ, კავკასიის ხალხს ერთმანეთს კიდევ უფრო აყვარებო... ასე ახლოს იყო პირველ ქართულ ჯაზთან სოსო გრიშაშვილი. ბევრი ლექსი მიუწოდებია ახალგაზრდა ანსაბლისთვის. ზოგჯერ იქვე, რეპეტიციების დროს დაუწერდა ხოლმე სასიმღერო კუპლეტებს. სხვა მწერლებიდან ქართულ ჯაზთან ვასო პატარაია იდგა ახლოს, მოხდენილი საესტრადო იუმორისტული სიტყვის ოსტატი... ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების მთელი პლეადა ედგა მხარში ბაგრატიონს – ნიკოლოზ გუდიაშვილი და არჩილ კერესელიძე, გიორგი ცაბაძე და შოთა მილორავა, მიხეილ ჩირინაშვილი და ვლადიმერ კურტიდი – თავს არ ზოგავდნენ, რომ ქართული მუსიკის ეროვნული სულისთვის მიესადაგებინათ ჯაზური რიტმი, მაგრამ ორკესტრის მთელი შემოქმედებითი საქმიანობის მამოძრავებელი, ცხადია, ბაგრატიონი იყო... რა გასაკვირია, სადაც ჯანო ბაგრატიონი იყო, იქ პირველად ქართული ცეკვის კულტი იქმნებოდა. ასედაც მოხდა. „ქართულ ჯაზში“ სამუდამოდ მივიდნენ შესანიშნავი მოცეკვავენი...

ცეკვა და ჯაზი

საესტრადო წარმოდგენა იწყებოდა ცეკვით – „საქორწილო“... საოცრად ჩაჯდა ჯაზის რიტმში და შეეთვისა ესტრადის ხასიათს ცეკვა „ხევსურული“. ჯერ კიდევ ომის პერიოდში ჩაიფიქრა ჯანომ ეს ცეკვა – ქართველი ერის გმირული სულის გამოხატულება, საბრძოლო შემართება, მტრის განადგურებისკენ დაუოკებელი ლტოლვა. მელოდია თვითონ ჯანომ მოძებნა ხალხში და მისი თხოვნით, კომპოზიტორმა ნიკოლოზ გუდიაშვილმა შესანიშნავი მუსიკა შექმნა. ცეკვა ჯანომ დადგა... ჯაზში ჯანო ბაგრატიონმა ცეკვის სულ სხვაგვარი გახსნა მოძებნა... უაღრესად საინტერესო იყო ცეკვა „პაროდია რუმბაზე“, რომლის მუსიკაც აღებული იყო ვიქტორ დოლიძის ოპერპიდან – „ქეთო და კოტე“. კომპოზიტორმა ნიკოლოზ გუდიაშვილმა, ქორეოგრაფის თხოვნით, ქეთოს არია გადაამუშავა რუმბას რიტმში. ცეკვავდნენ სამნი. შეტანილი იყო ქართული ეროვნული ცეკვის ელემენტები, მაგრამ ამავე დროს, შენარჩუნებული იყო ზანგური ცეკვის ხასიათი. ტრადიციული სტილისგან გვერდის ავლით, ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი პირველ ქართულ ჯაზში საორკეტსრო ნომრებიც. ხალხური სიმღერა „ურმული“ არჩილ კერესელიძემ გადაამუშავა...

რაც მოხდა, არავინ ელოდა

ქართული ჯაზი წარმატებით მართავდა გასტროლებს რესპუბლიკის თითქმის ყველა კუთხეში. ნამდვილი ტრიუმფით მოიარა ახალგაზრდა კოლექტივმა ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, წყალტუბო, გაგრა, ფოთი, ბორჯომი, გორი და საქართველოს სხვა ქალაქები თუ რაიონები. ყველგან, სადაც კი ჩადიოდნენ დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით, სცენა – ყვავილებით. საქართველოს იმდროინდელი პრესა სავსეა აღტაცებული ქება-დიდების რეცენზიებით. რა ეპითეტებით არ ამკობდნენ ისინი ჯაზის შემქმნელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯანო ბაგრატიონს.

ჯაზის რეპერტუარი, ძირითადად, ქართულ-ხალხურ და ქართველ კომპოზიტორთა ეროვნულ მოტივებზე იყო აგებული. ეს მოტივები ისე იყო გადამუშავებული, რომ თანამედროვე ჯაზის რიტმებს შეგუებოდა. ცხადია, ეს არ იყო ჯერ სრულყოფილი ქართული ჯაზორკესტრი. წინ კიდევ დიდი გზა იყო, შრომითა და ოფლით გასავლელი ძნელი გზა. ყოველი კონცერტის შემდეგ ჩაღდებოდა კამათი, დაურიდებლად ლაპარაკობდნენ ამა თუ იმ ნომრის ნაკლზე... რაც მოხდა, არავინ ელოდა. ერთბაშად, უმიზეზოდ და უსაბუთოდ დაიშალა პირველი ქართული ჯაზი, რომელმაც სულ ოთხიოდე წელი იარსება და ნათელი კვალი დატოვა ქართული საესტრადო მუსიკის ისტორიაში. გულისტკივილით დასცილდნენ ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში შრომითა და მეგობრობით შესისხლხორცებული მსახიობები. ყველამ თავისი გზა მონახა. მხოლოდ ჯანო ბაგრატიონის გარშემო მუშტივით შეკრულმა ერთმა პატარა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბოლომდე გაეტანა თავისი, გადაერჩინა ასე წვალებით შექმნილი საესტრადო კოლექტივი. ათი წლის განმავლობაში ჯანომ თავისი ნიჭი, ფანტაზია და შესაძლებლობა რთულ საესტრადო ჟანრს მიუსადაგა. ჯანო ბაგრატიონმა თავის ცხოვრების ერთი დიდებული ათწლეული სწორედ ქართული ჯაზის, ქართული საესტრადო ორკეტსრის შექმნას შესწირა. შემდეგ ეს საქმე ნიჭიერ ახალგაზრდობას გადააბარა, თვითონ კი თავის უდიდეს ტრფიალს – ქართულ ხალხურ ცეკვას დაუბრუნდა, დაუბრუნდა საბოლოოდ, მთლიანად, როგორც პირველ და განუმეორებელ სიყვარულს უბრუნდებიან ხოლმე სიჭარმაგეში შესული ცდომილებიდან თავდაღწეული მამაკაცები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა