საზოგადოება

რომელი გენიალური სპექტაკლი გააფორმა პეტრე ოცხელმა 22 წლის ასაკში და რატომ ელოდა მას მამა ამაოდ

№52

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 06.01

პეტრე ოცხელი
დაკოპირებულია

„საქართველოს პეტრე ოცხელისთანა მხატვარ-დეკორატორი არ ჰყოლია“, – თქვა ერთხელ ელენე ახვლედიანმა. მართლაც, 22 წლის ჭაბუკმა გააფორმა კოტე მარჯანიშვილის გენიალური და უკვდავი დადგმა „ურიელ აკოსტა“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი იყო თავად მარჯანიშვილისთვისაც, რადგან სცენის ფარდა როგორც კი გაიღებოდა, პირველი, რაც მაყურებელზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, იყო დეკორაციები და მსახიობთა კოსტიუმები. რა დასანანია, რომ აი, ასეთ დიდი შემოქმედს ბრალად კონტრრევოლუციონერობა წაუყენეს, ჯერ ციხეში გამოკეტეს, ხოლო, შემდეგ დახვრიტეს. პეტრეს მამას დიდხანს ეგონა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, როგორც იმ დროს ბევრ მშობელს, მაგრამ...

ბავშვობა

1907 წლის 25 სექტემბერს სოვდაგარ გრიგოლ ოცხელის შეძლებულ ოჯახში დიდი მოვლენის მოლოდინში იყვნენ – ოჯახის ახალი წევრის დაბადებას ელოდებოდნენ. იმის გამო, რომ ოჯახს უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი, ოჯახის უფროსს აუცილებლობად მიაჩნდა მემკვიდრის არსებობა, რათა ოცხელის გვარს გამგრძელებელი ჰყოლოდა. გარდა ამისა, მემკვიდრე აუცილებელი იყო ფირმის – „ოცხელი და ვაჟიშვილების“ ვაჭრობაში წარმატებების მისაღწევადაც...

პეტრეს და, ნინო იხსენებს: (მოგონებები რუსული ტექსტიდან არის ნათარგმნი) „პეტრე ოცხელის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. პატარა პეტრე ფართო პირისახის, შავთვალება, ხუჭუჭა, შავთმიანი ბიჭი გაჩნდა. ბავშვობაში მეტად ნერვიული იყო. ეს ნევროზულობა ხშირ ტირილში გამოიხატებოდა. როდესაც მას ეკითხებოდნენ – რატომ ტირიო? პასუხობდა: მე თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ, მეტირებაო. პატარა პეტია-პეტუშოკი დიდ ოჯახში იზრდებოდა. ოთხი ბავშვი ვიყავით: ქალიშვილები – ნატაშა, ნინა და ორი ბიჭუნა – პეტია და ლიოვა. 1913 წელს გრიგოლ პეტრეს ძეს, ჩემს მამას, რომელსაც ჰყავს ძალიან ახალგაზრდა მეუღლე – ელენე სემიონის ასული, მთელი ოჯახი მოსკოვში გადაჰყავს. მას მიზნად ჰქონდა დასახული, მანუფაქტურით ვაჭრობის სანაცვლოდ ახალი კომერციული წარმოების შექმნა. მან გახსნა კავკასიური მაუდის ფაბრიკა (თუმცა, არ გააჩნდა სპეციალური განათლება. არც დედას და არც მამას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდათ მიღებული). მამა მეტად ნიჭიერი ადამიანი იყო. მოსკოვში ის საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებდა. აგრეთვე, იყო, მოსკოვის ქართული საზოგადოების წევრი. მოსკოვში ყოფნისას მამამ შეძლო, თავისი ოჯახისთვის შესანიშნავი პირობები შეექმნა. ბინა დიდი იყო. ვცხოვრობდით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ლიუბიანსკის გასასვლელში. გვქონდა სამი საბავშვო ოთახი: ორი საძინებელი და ერთი საკლასო. ჩვენ გვემსახურებოდა გუვერნანტი ფრანგი ქალი. გოგონები სასწავლებლად მიგვაბარეს კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ, ფრანგულ გიმნაზიაში. იქვე იყო, ასევე, ვაჟთა ფრანგული სკოლაც, რომელშიც ერთი წლის შემდეგ პეტია მიაბარეს. პირველი წლები, არაფრით იყო გამორჩეული. ხასიათით პეტია და ლიოვა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. თუ ლიოვა სიფრიფანა ბიჭი იყო, მოძრავი და ანცი, პეტია – პირიქით, არ ანცობდა. გამუდმებით ხატავდა, აწებებდა რაღაც თვითნაკეთ სათამაშოებს, რაც მას ყოველთვის ამხიარულებდა. ის ოდნავ ჩლიფინებდა, სახის ფერი მუქი ჰქონდა. ძმები ბავშვობიდან მეტად მეგობრულად იყვნენ ერთმანეთისადმი განწყობილნი, ცხოვრობდნენ ერთ ოთახში და მათი დღის განრიგი ფრიად განსხვავდებოდა ჩვენი დღის განრიგისგან. ჩვენ, ყველა, ვსწავლობდით ფორტეპიანოზე დაკვრას, მაგრამ ეს მეცადინეობები პეტიასთვის არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

ჩვენი მშობლები ძალიან ხშირად დადიოდნენ თეატრებში და ზამთრის სეზონებზე, სასკოლო არდადეგების დროს, ყველა მივყავდით თეატრში. ლოჟაში ცალკე გვსვამდნენ. ვესწრებოდით როგორც საბავშვო სპექტაკლებს, ასევე ოპერებს. მახსოვს, დედა მიყვებოდა, რომ რუბინშტეინის ოპერის – „დემონის“ მოსმენის დროს პეტიამ ამოიღო ჯიბიდან ფანქარი და თავისთვის რაღაცის ხატვა დაიწყო. როგორც ჩანდა, ის ძალიან დაინტერესდა ოპერის გაფორმებით. როგორც დედა გვიყვებოდა, იმავე წლებში პეტია ზოგჯერ არ უშვებდა ხოლმე დედას თეატრში, აიძულებდა, ტანსაცმელი გამოეცვალა. იქამდე ტიროდა, სანამ დედა სამოსს მისი სურვილის მიხედვით არ ჩაიცვამდა. უნდა აღინიშნოს, რომ დედასაც და მამასაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდათ, მოხდენილად იცვამდნენ. ბინაც ლამაზად გვქონდა მოწყობილი. ისინი იმ დროის საუკეთესო ქართულ საზოგადოებაში ტრიალებდნენ. 1917 წლიდან, რევოლუციის წლებში, ჩვენს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1918 წელს ლიოვაც და პეტიაც საცხოვრებლად ქალაქგარეთ, საბავშვო სახლის ინტერნატში შეიყვანეს, სადაც ისინი სწავლობდნენ კიდეც. ხატვის მასწავლებელმა ქალმა პეტიას ნახატებს ყურადღება მიაქცია და მას დიდი მონდომებით ადევნებდა თვალყურს. ერთხელ მასწავლებელმა თვითშემოქმედების საღამო მოაწყო და პეტიამ ქაღალდისა და მუყაოსგან დახატა და თვითონ დადგა სპექტაკლი „კონკია“. ქაღალდის ფიგურებს მსახიობი ბავშვები დეკლამაციის თანხლებით გადააადგილებდნენ. 1920 წელს, დიდი ძალისხმევის შედეგად, მშობლებმა შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. 1920 წლის სექტემბრის თვეში ჩვენი ოჯახი უკვე თბილისში იმყოფებოდა. გადმოსვლის შემდეგ, მალევე, ჩვენი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ჩვენ, ოთხივე, მეტად ხანში შესული მამის ანაბარად დავრჩით. 1923 წელს მამა საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა, სადაც ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში დავბინავდით. ქუთაისში ყოფნისას პეტია და ლიოვა ქართულ სკოლაში სწავლობდნენ. პეტიამ მალევე დაიწყო სწავლა სამხატვრო სკოლაში – პედაგოგ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით. აქ პირველად მიიღო სისტემატური ხასიათი ხატვაში მეცადინეობებმა. მეგობრებს ძალიან უყვარდათ პეტია და მეტად აფასებდნენ. მისი ხასიათი, ასე თუ ისე, ჩამოყალიბდა. სკოლაში პეტრე იყო გულღია, მხიარული და ენამახვილი ბიჭუნა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, მე და მამამ შესაძლებლად მივიჩნიეთ, პეტრე აკადემიაში გაგვეგზავნა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. მამას დაჟინებით, მან არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ უფრო მეტად პეტრე ფერწერით იყო დაკავებული. მას მეტად მომჭირნედ უწევდა ცხოვრება და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ დავხმარებოდით. მას მხოლოდ ჩემთვის, და სხვა არავისთვის, შეეძლო მოეწერა, თუ რა აწუხებდა ყველაზე მეტად (მამა ძალიან ხანდაზმული იყო, დედა კი მოსკოვში ცხოვრობდა). მე ზუსტად არ ვიცი, თუ როგორ მოხვდა პეტრე თეატრალურ საზოგადოებაში. მისი პირველი სპექტაკლი იყო ლუნაჩარსკის პიესა – „ცეცხლის გამჩაღებლები“, რომელიც დაიდგა მუშათა თეატრში (მარჯანიშვილის თეატრის შენობაში). ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ მედეა ქორელი, ვალიჩკა გვინჩიძე და ელენე დონაური. ამ მიზეზის გამო წარმოდგენას კოტე მარჯანიშვილი დაესწრო. როგორც ჩანს, მარჯანიშვილს სპექტაკლის გაფორმება იმდენად მოეწონა, რომ მან გამოიყვანა პეტრე სამხატვრო აკადემიიდან და დანიშნა იგი იმ თეატრის მთავარ მხატვრად, რომელიც ქუთაისში დაფუძნდა.“

უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე

წერილებს ნინასადმი მუდამ თან გასდევს პეტრე ოცხელის საოცრად ფაქიზი სიყვარული დისადმი. ერთ-ერთი მათგანიც ასე სრულდება: „კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არ შემხვედრია თეატრშიც კი, ჩემო ძვირფასო ნინკა, ამას გახსენებ სხვათა შორის, რომ არ დაგავიწყდეს.

გკოცნი, პეტია“.

ეს წერილიც იმისთვისაა, სიკვდილის პირისპირ მარტო დარჩენილი 30 წლის ბიჭი რომ არასდროს დაგვავიწყდეს…

საბრალდებო დასკვნა

ბრალდება: „პეტრე ოცხელი მოსკოვში „საქართველოს ნაციონალური ცენტრის“ აქტიური მონაწილე, ეწეოდა ანტისაბჭოთა მოღვაწეობას, კონტრრევლუციურ-ტერორისტულ საქმიანობას.“ ორი თვე გაგრძელდა ბრძოლა მტყუანსა და მართალს შორის. გამოძიებას არანაირი მამხილებელი ფაქტები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ ოცხელი იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. პეტრე ოცხელი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას. მის წინაანღმდეგ საბაბი ის გახლდათ, რომ ოცხელი მუშაობდა მცირე თეატრში და ამაღლობელის მიერ იყო მიწვეული. როცა ამაღლობელი დაიჭირეს, როგორც „საქართველოს ნაციონალური ცენტრის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, მას დაუკავშირეს პეტრე ოცხელის, ვახტანგ აბაშიძის და გიორგი ჟორდანიას სახელებიც. არანაირი „ცენტრი“ და არანაირი კონტრევოლუციური საქმიანობა არ არსებობდა, მაგრამ გამოძიებას სიმართლე არ აინტერესებდა. საკმარისი იყო, შენზე ვინმეს ეთქვა, კოტრრევოლუციონერიაო და დაპატიმრების ორდერიც მზად იყო. განუკითხაობის მსხვერპლნი გახდნენ პ. ოცხელი, ვ. აბაშიძე და გ. ჟოდანია. თუმცა ქართველთა „ცენტრი“ მართლაც არსებობდა. მოსკოველი ქართველები რომ იკრიბებოდნენ ხოლმე, ხანდახან საუბრობდნენ, სურდათ, ქართული კულტურა წარმოეჩინათ მოსკოვში. ეწყობოდა საღამო-კონცერტები, კითხულობდნენ ლექციებს. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც ეს ყოველ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ რუსეთის იმპერია არ იყო ცივილიზებული ქვეყანა. აქ ყველაფერი უკუღმართად იაზრებოდა. სამივე 21 სექტემბერს დაიჭირეს, ერთი და იმავე ბრალდებით გადიოდენ ერთ „საქმეში“. სამივე ვაჟკაცურად უარყოფდა „ცენტრის“ კონტრრევოლუციურ საქმიანობას. იქნებ ვერც ხვდებოდენ, რომ შეთქმულების უნებლიე მონაწილენი იყვნენ. შეთქმულებას კი თვით სახელმწიფო ახდენდა. რატომღაც ისე მოხდა, რომ ფართო საზოგადოებამ ხეირიანად არც კი იცის პეტრე ოცხელის ტრაგიკული ბედის შესახებ. დიდი მხატვრის რეპრესიაზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა და დღესაც, ათასში ერთხელ თუ ვინმე აღნიშნავს ამ ფაქტს, არადა სწორედ მისი რეპრესიების ხასიათია განსაცვიფრებელი (თუმცა ტიპური) მოვლენა. სრულიად ვერაფერი ვერ დაუმტკიცა გამოძიებამ, აბსურდულმა გამოძიებამ...

„პეტრე ოცხელმა სათეატრო მხატვრობის მწვერვალს მიაღწია. მჩქეფარე ნიჭით აღსავსე მხატარმა თავისი ეპოქა შექმნა... პეტრე ოცხელის მხატვრობა მთელი რევოლუციაა თეატრალური ხელოვნების ისტორიაში... საქართველოს პეტრე ოცხელისთანა მხატვარ-დეკორატორი არ ჰყოლია“ – ელენე ახვლედიანი. „ეს იყო ვუნდერკინდი ხელოვნებაში“ – ვახტან ბერიძე. „პეტრე ოცხელი შემოქმედება გვაგონებს მოკიაფე მეტეორს, რომელიც ჩქარა და ამავე დროს სამუდამოდ დარჩა ხალხის მეხსიერებაში“ – ვასილ ხარჩენკო. „რა უცნაური ბედი ჰქონია ამ ჭაბუკს. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მისი შემოქმედება რამდენი გენიალური მხატვრული ნაწარმოებით გამდიდრდებოდა“ – ვერიკო ანჯაფარიძე.

აი ასეთი დიდი მხატვარი დაკარგა საქართველომ 30 წლის ასაკში.

ტრიუმფალური წარმატება

22 წლისა იყო პეტრე ოცხელი, კოტე მარჯანიშვილის სახელგანთქმული სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ რომ გააფორმა. ჭაბუკი ხელოვანის ტრიუმფალურ წარმატებას მოჰყვა ახალ-ახალი სპექტაკლები, განა მართლა საოცრება არ არის „ურიელ აკოსტას“ მხატვრობა 22 წლის ასაკში? დიდ წარმატებათა გამო მიიწვია სერგო ამაღლობელმა მცირე თეატრში. ჯ. ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ გაფორმეისათვის გამოცხადებულ მხატვართა კონკურსზე კონსტანტინ სტანისლავსკიმ პირველი პრემია მიანიჭა მის ესკიზს. კოტე მარჯანიშვილის სპექტალებში გამობრწყონდა ოცხელის ნიჭიერება. დიდმა რეჟისორმა გვერდით ამოიყენა ახალგაზრდა მხატვარი. ოცხელის მოღვაწეობა სულ 9 წელი გაგრძელდა, 9 წელი ეძებდა ახალ სათეატრო მოდელებს. მის დეკორაციებში, მის ბრწყინვალე კოსტიუმებში, სამყაროს მისეულ ხედვაში მოქმედებდნენ ათასგვარი სცენური სახეები, მაგრამ სულ სხვადასხვა „დრამატული ნაწარმოების ბრწყინვალე გადაწყვეტის დროს“ მაინც „მუდამ რჩებოდა ღრმად ეროვნული ქართველ მხატვრად (ლ. ვოლინსკი).

ტრაგიკული ფურცელი

...და აი, 1937 წელი. სექტემბერი. ქართული ნიჭიერება ციხეშია გამომწყვდეული. გამომძიებელი ატაშიანი ეკითხება პეტრე ოცხელს: თქვენ ბრალი გედებათ, რომ ეწეოდით კონტრრეველუციურ მუშაობას. ოცხელი – მე არ ვეწეოდი კონტრრევოლუციურ მუშაობას! პარალელურად მიმდინარეობდა სერგო ამაღლობელის დაკითხვა: კითხვა – მოგვეცით ჩვენება თქვენს ტერორისტულ ჯგუფზე მცირე თეატრში, პეტრე ოცხელზე. პასუხი: „პეტრე ოცხელი მე გავიცანი 1918 წელს, როგორც კოტე მარჯანიშვილის თეატრის კარგი მხატვარი. ვხდებოდი მხოლოდ თეატრის საკითხებზე. ნამყოფია მოსკოვში ჩემს სახლში. ეს იყო, დაახლოებით, 1936 ან 1937 წელს. პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ გვქონია. ოცხელს ვთვლიდი აპოლიტიკურ ადამიანად.“ გამოძიება ორ თვეს გაგრძელდა. 1941 წლის 24 მაისს პეტრე ოცხელის მამა „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს“ იოსებ სტალინს სწერდა, რომ 1939 წლის 1 თებერვალს წერილი მივწერე პროკურორს, რომ განეხილათ ჩემი შვილის საქმე, მაგრამ მიპასუხეს, რომ მას მისჯილი აქვს 10 წელი შორეულ გადასახლებაშიო. ამაოდ ელოდა პეტრე ოცხელის მამა შვილს. ოთხი წლის წინ იყო დახვრეტილი – მამას კი სწერდნენ, გადასახლებაშიაო. რა იყო ეს? ცინიზმი თუ ჩეკასებური „ჰუმანიზმი“? რასაკვირველია, ადამიანის ბედის აბუჩად აგდება და ტოტალიტარული სიცრუე. პეტრე ოცხელი დახვრიტეს 1937 წლის 2 დეკემბერს, ამავე დღეს დახვრტეს ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ჟორდანია. ახალგაზრდა მხატვრის ბედი კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელია ქართული თეატრისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი