რომელი ძეგლის დადგმისთვის წარადგინეს ზურაბ წერეთელი ნობელის პრემიზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ზურაბ წერეთლის მსოფლიო აღიარებას უკვე ვეღარავინ აკონტროლებს. მისი სკულპტურების აღლუმი მთელ პლანეტას განეფინა, მისი გამოფენა მთელს დედამიწაზეა. იგი წარმოუდგენლად მაღალპროდუქტიული შემოქმედია. „გარკვეულ ქვეყნებსა და ადამინებს თავინათი ფერი აქვთ. ჩემი ფერი ლურჯია. ლურჯი ფერის გულისთვის ჩამოვედი პარიზში, – იტყვის შაგალი. – ზურა, თქვენი ფერი რომელია? – ჩემი ფერი საქართველოს ფერია, ჩემი მამულისფერი...“
ისინი ნაპოვნი გზით ცხოვრობენ და, იშვიათად თუ ახსოვს ხელოვნების ისტორიას, ამ არაჩვეულებრივი გზიდან ვინმეს გადაეხვია, რადგან ჭეშმარიტი მიზანი გზაა თვითონ და არა ის, რასაც მიაღწევ. ისინი სიკვდილამდე იბრძვიან ამ გზაზე, ზოგი ლუკმას დანატრებული, ზოგი მეფესავით გამდიდრებული. ამ გზას ახსოვს სურიტინი, რომელიც შიმშილით მოკვდა და გებელსს სურათი მაინც არ მიჰყიდა, მოდელიანი, ვან გოგი, ფიროსმანი და მრავალნი, რომელნიც ღატაკნი და მიუსაფარნი წავიდნენ ამქვეყნიდან... ხოლო, თუთმოსი, ქარესი, ტიციანი, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი, დალი, პიკასო და სხვანი მდიდარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ყველა ესენი, მდიდარნი თუ ღატაკნი, მაინც ერთი გზისკენ მიილტვოდნენ, სილამაზისა და თავისუფლების ფორმულის აღმოსაჩენად...
ახლა, იგი ჩვენს გვერდით აღარაა. ამ დღეებში მიაბარეს მოსკოვიდან ქართულ მიწას და დიდუბის პანთეონში, საყვარელი მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალეს, რომელიც ყველაზე ძლიერ ენატრებოდა. ასე დასრულდა ეპოქა სახელად – ზურაბ წერეთელი. ჩვენ უკვე მის ცხოვრების ეპიზოდებს ამ მოცემულობაში გადაგიშლით. თუ რამხელა ადგილს იტევდა ადამიანების კულტურულ ცხოვრებაში მისი შემოქმედება, როგორ ასაზრდოებდა სულიერად ყველას და რატომ არის ფასდაუდებელი მისი პიროვნება, ამ სტატიაში წაიკითხავთ.
ლიდერი
ზურაბ წერეთელმა შეძლო და გამოიყენა 20-იან წლებში ავანგარდის მიერ აღმოჩენილი „ატრაქციონების“ მონტაჟის ხერხი – აღდგენა სანახაობისა, რომელიც მნახვლთან შესახვედრადაა მიმართული. მნახველის ჩართვა თამაშში, რომელშიც ყველა თანასწორია, სადაც აღარ არსებობს ავტორიტეტის გაგება და იგი უარს ამბობს „აღბეჭდილი დროისა“ და „აღბეჭდილი სივრცის“ გამოყენებაზე. მან შეძლო სოცრეალიზმის გვერდის ავლა ოფიციალურად და არა იატაკქვეშ. იმპერია „აიძულა“ მისი წარმოსახვებისა და ფანტაზიის თამაშში დიდი ფული გადაეხადა... წერეთლის ზღაპარი პლაცებოს ეფექტით მოქმედებს მნახველზე, ამიტომაც მოიზიდა უამრავი მნახევლი საბჭოეთის ყველა მხრიდან და უცხოეთიდანაც. „მე დავინახე ზღაპრული ქალაქების ციხესიმაგრეები და დიდებული ტაძრები, სადღესასწაულოდ მორთული თაღები და ფანტასტიკურ-ნაპირებიანი მდინარეები, ციცაბო კლდეების კონტურები და სამყაროდან შემოსული საიდუმლოებებით მოცული ქანდაკებები... და ამის შემხედვარეს, გეუფლება ადამიანისა და ბუნების შემოქმედების ერთიანობის შეგრძენება“ (ო.შვიდკოვსკი). ადლერში ჩავიდა დავიდ ალფარო სიკეიროსიც. მან იხილა ფერწერული ქანდაკებები და მოცულობითი მოზაიკა, 70-იან წლებში მსოფლიოში რომ არავინ აკეთებდა. 1973 წლის 3 მაისს სიკეიროსმა მსოფლიოს სააგენტოების წამომადგენლებს განუცხადა: „ცეცხლის ალის“ ქანდაკება პირველად შეიქმნა მსოფლიოში. ზურაბ წერეთელი მომავლის ხელოვნების სარბიელზე გავიდა, სადაც ქანდაკება შერწყმულია ფერწერასთან. ზურაბ წერეთლის ხელოვნება გასცდა ეროვნულ საზღვრებს და საკაცობრიო მნიშვნელობა შეიძინა.“ სიკეიროსმა წერეთელი ცნობილ დიეგო რივერას შეადარა: „წერეთელს უფრო მეტი მგრძნობიარობა, სითბო და ოპტიმიზმი აქვს, ვიდრე რივერას. საქართველოში დაიბადა ახალი ძიება, ახალი ხელოვნება – მონუმენტური, მოზაიკური სკულპტურა, ნათელი, აქტიური, ენერგიული. მისი ავტორია ზურაბ წერეთელი – ცეცხლოვანი ტემპერამენტითა და აბსოლუტური მხატვრული სმენით.“ ადლერის მერე ის ლიდერია!..
ყველაფერი ასე იწყებოდა
1958 წელს დაამთავრა აკადემია. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა – „სიმღერა თბილისზე“, მოსკოვიდან ჩამოსული მარტიროს სარიანი დააინტერესა, მაგრამ სეროვი გააღიზიანა მისმა ყურადღებამ და თქვა: „ეს რა არის? ასეთი სტუდენტები ამთავრებენ თქვენთან? ჩამოხსენით“... სოცრეალიზმიდან გადახვევა არ შეიძლებოდა და მოსკოვს ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. „მაშინ იმპრესიონისტებით ვიყავით ყველა გატაცებული, ვეძებდით კოლორიტს, ფერსა და ჩრდილს. ჩემს ტილოზე იყო იისფერი-ვარდისფერი ტონების გამა. ორი გოგონა იჯდა ბალახზე და მღეროდა. რა არ მოეწონა სეროვს, გაუგებარი იყო. დიპლომის დაცვამდე დღეები რჩებოდა, სხვა ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა, ყველა მგულშემატკივრობდა, რას გავაკეთებდი...“ მოქანადაკე ალიკა რატიანი დახატა... „ჩაუთვალეს.“
ადამიანი, რომელიც კედელში გადის... ეს დედა ტერეზაა
1989 წელს ლონდონის ცენტრში გაიხსნა წერეთლის ქანდაკება – „ადამიანი, რომელიც კედელში გადის“. გახსნას ესწრებოდნენ მარგარეტ ტეტჩერი, მრავალი ცნობილი ადამიანი, ლოდრთა პალატის წარმომადგენლები, მაგრამ 9 აპრილმა წერეთლისათვის ყველაფერი შეცვალა. იქ დაურეკეს და დედა ტერეზას საქართველოში ჩამოსვლა მოითხოვეს. წერეთელმა უმოკლეს დროში ჩამოიყვანა დედა ტერეზა საქართველოში. „არასოდეს დამავიწყდება თვითმფრინავის ტრაპზე დედა ტერეზა, რომელმაც პატარა სიტყვა წარმოთქვა, გვიღიმოდა, ხელი დაგვიქნია და გაფრინდა“. წერეთელმა დახატა დედა ტერეზა. მონაზვნის ჟესტები, ღიმილი, გარეგნობა ბრინჯაოშიც უკვდავყო – ეს არის რეალისტური სკულპტურა, ყოველი დეტალი „თბილია“ და ფაქიზადაა დამუშავებული. აგრეთვე, შექმნა ლედი დაიანას ქანდაკება – გრაციოზული, ნატიფი დედოფალი...
რეალობად ქცეული სიზმარი
„ერთხელ, ფერადი სიზმარი მესიზმრა.. წმიდა გიორგი შუბით ბირთვულ რაკეტებს ანადგურებდა. გაოცებული დავრჩი, გაოგნებული ვიყავი, იმდენად ცხადი სიზმარი იყო. „ოგონიოკის“ კორესპონდენტს მოვუყევი. ორი კვირა სახელოსნოში ჩავიკეტე. გარეთ გასვლა არ მინდოდა, ყველას უცხოეთში ვეგონე. სიზმრის განხორციელება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ. ბოლოს და ბოლოს გავაკეთე ესკიზები, მაგრამ ჩემთვის ვამბობდი: სიგიჟეა! იცით, რატომ? წმიდა გიორგი ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისათვის, განსაკუთრებული წმიდანია. პატრიარქის სიტყვებმა კი დამარწმუნდა, რაც მე მიფიქრია ხანდახან. წმიდა გიორგის მსგავსად, საქართველოც მუდამ განსაცდელშია. ჩემთვისაც, რაღაც უცნაურად გაერთიანდენ საქართველო და წმიდა გიორგი, შეიძლება, სიმბოლურად, როგორც ილია მეორე ბრძანებს... ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გადავწყვიტე 365 წმიდა გიორგის გამოსახულება გამეკეთებიბა ფერწერაში, გრაფიკაში, მინანქარში, ბრინჯაოში... ამ აღთქმას ნელ-ნელა ვასრულებ“... და აი, 1990 წლის 5 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინის წინ, ცათაბჯენებს შორის აღიმართა 30 მეტრი სიმაღლის ქრისტეს მხედრისა და წმიდანის წმიდა გიორგის მონუმენტური ქანდაკება, რომელიც მეოცე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების, დემონტაჟირებული რაკეტებისგან – ამერიკული პერშინგ-2–ისა და რუსული CC 20-სგან შექმნილ ურჩხულს შუბით კლავს. „კეთილმან სძლია ბოროტსა“ – ასე ჰქვია ძეგლს, როგორც ხალხისა და სახელმწიფოთა ურთიერთობის განმსაზღვრელ იდეას... მეოცე საუკუნეში წერეთელმა საოცარი სითამამით მთელ სამყაროზე მიმართულ ბოროტებას, დამანგრეველ, მრისხანე ძალის ბირთვულ რაკეტებს, წმიდა გიორგის შუბი დაუპირსიპირა და ამით სამყაროში სიკეთის დამკვიდრების სურვილი გამოხატა. ასეა ნიუ-ორკში, ასეა მოსკოვში და ასეა დღეს თბილისში... რაც დასაწყისში „სიგიჟედ“ მონათლა წერეთელმა, პრაქტიკულად უმოკლეს ხანში განახორციელა. მშვიდობის დაცვის კომიტეტის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა 6 ჩამოწერილი რაკეტა CC-20 გაუგზავნა ბაგებში. გაეროს მდივნის პერეს დე კუელიარის მოთხოვნით კი, ამერიკული პერშინგები მიიღო. არავის მოსვლია აზრად ამ შეუთავსებელი სიმბოლოების შეთავსება... ამერიკის ცათაბჯენებს შორის აღმართული 30 მეტრი სიმაღლის ქრისტეს მხედარი წმიდა გიორგი მეოცე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ ურჩხულს ჰა, ჰა და ამერიკის მიწაზე მოკლავს... „კეთილმან სძლია ბოროტსა“ – ეს ქართული გზავნილია ამერიკის მიწაზე გამოთქმული. ტრიუმფი ნიუ-იორკში ამერიკის წამყვან გაზეთებშიც გაგრძელდა, მისი ტრანსლირება მსოფლიოს თითქმის ყველა ტელეარხით მიმდინარეობდა, საბჭოეთი დუმდა...
ჩემი ჰონორარი – მილიონ ორასი ათასი დოლარი ამ ბავშვებს
1979 წელს დაიდგა წერეთლის პირველი ბრინჯაოს მონუმენტური ანსამბლი – „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“. 15 მეტრი სიმაღლის 5 მონუმენტია ამოზრდილი მიწიდან. აქ წერეთელმა უარი თქვა კლასიკურ პედესტალზე. ეს არის კოსმიური საუკუნის სივრცესთან თამაში, უჩვეულო კონფიგურაციითა და უჩვეულო სტილისტიკით. ხუთივე მონუმენტი მამაკაცურია. აქ უმოძრაო ფორმებით ადამიანის სწრაფვაა ზეცისკენ ასახული. ეს სილუეტია შორიდან... მიუახლოვდები და სკულპტურა „ჩაცმულია“ მაღალი რელიეფური ფაქტურით. მფრინავი ადამიანები ვარსკვლავებს შორის ბურთს თამაშობენ. მემორიალის გახსნაზე ათასობით ინვალიდი ბავშვი მოიყვანეს. საბჭოეთის გარდა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ღონისძიებას მუჰამედ ალი ხელმძღვანელობდა. აქ იყო ამერიკის პოლიტიკური და სპორტული ელიტა. მუჰამედ ალიმ დამსწრეებს განუცხადა: „მე, მსოფლიოში ყველაზე კარგი მოკრივე ვარ, წერეთელი კი – მსოფლიოში ყველაზე კარგი მოქანდაკე“... სიტყვით გამოვიდა მამა-ბუში, ედუარდ კენედი და სხვანი. „ამდენი ინვალიდი ბავშვის ერთად ნახვამ გამაოგნა. მანამდე მსგავსი არაფერი მენახა. სამადლობელ სიტყვაში, ჩემდაუნებურად განვაცხადე: „მილიონ ორასი ათას დოლარს, რომელიც ჩემი ჰონორარია ამ ძეგლისთვის, ვწირავ მსოფლიოს ინვალიდ ბავშვებს“... მსოფლიოს თითქმის ყველა სააგენტომ, პრესამ, ტელევიზიამ, გაავრცელა ინფორმაცია ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით. საბჭოეთი დუმდა. „ამერიკელებმა ნობელის პრემიაზე წარმადგინეს, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ გამომიძახა, სსრკ სახალხო მხატვრის წოდება მომანიჭეს და მითხრეს: ზურაბ კონსტანტინოვიჩ, გამოითხოვეთ საბუთები ნობელის კომიტეტიდან, სანამ ლეონიდ ილიჩი არ გახდება ნობელიანტი, სჯობს, თავი შეიკავოთ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან