საზოგადოება

რომელ როლებზე ამბობდა უარს ოთარ კობერიძე და რა მძიმე ბრალდება წაუყენეს მას

№10

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:00

ოთარ კობერიძე
დაკოპირებულია

ოთარ კობერიძე – ეკრანზე ძალიან ამაყი, მკაცრი და ძლიერი, კადრს მიღმა, ცხოვრებაში, ბევრად უფრო წინააღმდეგობრივი და დრამატული იყო. ვფიქრობ, ისევე, როგორც ბევრმა მსახიობმა, ოთარ კობერიძემაც თავისი ეკრანული სახეებით შექმნა ეროვნული საგანძური. ერთხელ მას შესთავაზეს მთავარი როლი ერთ-ერთ ფილმში, სადაც გმირი მორალურად გატეხილი, კომპრომისზე წასული ადამიანი იყო. სცენარი კი – ფსიქოლოგიურად რთული. რამდენიმე კვირა იმუშავა ტექსტზე, მაგრამ საბოლოოდ, როლზე უარი თქვა. ის არ გაურბოდა ტრაგიკულ პერსონაჟებს, მაგრამ არ სურდა მაყურებელს ეგრძნო, რომ ზნეობრივი კაპიტულაცია „ნორმალურია“. ეს ამბავი შტრიხია მისი პიროვნების, მსახიობის, რომელიც მუდამ თავის პრიციპებსა და ღირებულებებზე იდგა. როგორც მსახიობი იხსენებს, მესამე კურსზე ყოფნის დროს საშინელება ტრიალებდა სიბნელე, პურის, ნავთის რიგები... ამან ძალიან იმოქმედა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943–1945 წლებში ის მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ჯარში ყოფნის დროს ის ახსენდებოდა, რაც ფილმში ჰქონდა ნათამაშები. მონაწილეობდა პრაღის გათავისუფლებაში. პრაღის ახლოს, ბანსქტონ-ბისტრიცაში იბრძოდა და რას წარმოიდგენდა, რომ 16 წლის შემდეგ ამავე ადგილებში მოუწევდა თამაში ნიკოლოზ სანიშვილის „შეწყვეტილ სიმღერაში“, სადაც გურამ გელოვანის როლი მისცეს. ფილმში კვდება, ომში კი ცოცხალი გადარჩა. ნამდვილი ვარსკვლავური აღიარება მოუტანა გლახუნას როლმა 1956 წელს ლეო ესაკიას მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმ „ბაში-აჩუკში“. „ბაში-აჩუკში“ გადაღებამდე ოთარ კობერიძემ ბესარაბიელი პარტიზანის როლი შეასრულა ნიკოლოზ შენგელაიას „შავ მთებში”.

ერთხელ, რეპეტიციისას

ერთ კინოპროექტზე ოთარ კობერიძე და სოფიკო ჭიაურელი ერთად მუშაობდნენ, ორივე ძლიერი მსახიობი იყო, სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე ენერგიის ბრძოლა სულ იგრძნობოდა. ერთხელ, რეპეტიციისას, სოფიკომ ირონიულად შენიშნა, რომ კობერიძე ზედმეტად „გმირულად“ თამაშობდა. ოთარმა ეს შეამჩნია და უთხრა – თუ გმირის არ გჯერა, ნუ თამაშობ მასთან ერთადო. მერე, რამდენიმე დღე თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ისეთი სცენა გამოვიდა, რომ პრემიერაზე ხალხი ტაშს არ წყვეტდა. კულისებში სოფიკომ ოთარს უთხრა – შენთან კამათი ტყუილია, მაგრამ სცენაზე ტყუილი არ გამოგდისო. ეს ურთიერთობა პროფესიულ სიმკაცრეზე იდგა.

საბჭოთა დროს პოპულარულ მსახიობებს გარკვეული სახის პრივილეგიები ჰქონდათ, მაგალითად, დეფიციტურ პროდუქტებზე, საცხოვრებელზე, სამედიცინო მომსახურებაზე. ერთხელ, გრძელ რიგში გამყიდველმა შენიშნა მსახიობი და შესთავაზა უკანა მხრიდან გასულიყო და იქიდან აეღო საჭირო ნივთი – თქვენ ხომ კობერიძე ხართ. თუ ყველა კობერიძე გახდება, მაშინ რიგიც აღარ იქნებაო, – უთქვამს ოთარს. არ უყვარდა განსაკუთრებული სტატუსის გამოყენება ყოველდღიურობაში.

ინტონაციისა და ემოციის გარეშე

80-იან წლებში ერთ კულტურულ ღონისძიებაზე მოსთხოვეს, საჯაროდ ეთქვა სადიდებელი სიტყვა სისტემის შესახებ. ტექსტი წინასწარ მომზადებული იყო. მან ტექსტი წაიკითხა, მაგრამ მშრალად, ინტონაციისა და ემოციის გარეშე. დარბაზმა იგრძნო მისი ირონია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები, ფორმალურად, სწორი იყო. ეს იყო მისი სტილი, ხმაურიანი, მეამბოხე პიროვნება, პრიციპული ინტელექტუალი, რომელიც საკუთარ სინდისის ზღვარს არ გადადიოდა არც როლში, არც ცხოვრებაში. ეკრანზე ხშირად განასახიერებდა ძლიერ კაცს. ცხოვრებაში კი, მისი სიძლიერე დუმილში, მის არჩევანსა და უარში ჩანდა. 70-იან წლებში კობერიძემ ღიად გააკრიტიკა ერთ-ერთი ისტორიული ფილმის სცენარის პოლიტიკური ნაწილი. პარტკომის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ტექსტი იდეოლოგიურად სუსტია, გმირი მეტ პატრიოტულ პათოსს საჭიროებსო. ოთარს უპასუხია: პათოსი იქ ჩნდება, სადაც სიმართლეა, ბრძანებით კი, გმირი არ იბადებაო. მისი კანდიდატურა რამდენიმე პროექტიდან ჩუმად მოიხსნა. პირდაპირ აკრძალვა არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული პერიოდები მთავარი როლები აღარ მიუღია. იმ წლებში ეს ნიშნავდა იმას, რომ დაპატიმრებული არ ხარ, მაგრამ არც გენდობიან. ეს იყო მსახიობზე უხილავი სანქცია. ერთ სპექტაკლში თამაშზე უარი განაცხადა, უფრო სწორად კი, უარი თქვა პერსონაჟის „დაბეჩავებულ“ ინტერპრეტაციაზე. როლი სხვამ ითამაშა. პრემიერაზე მაინც მივიდა, დარბაზში იჯდა.

ეს მისთვისაც რისკი იყო

ერთ ახალგაზრდა მსახიობს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, ოჯახის წევრი რეპრესირებული ჰყავდა და თეატრში მის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდნენ. ოთარ კობერიძემ ღიად არ დაიწყო მისი დაცვა, რადგან ეს მისთვისაც რისკი იყო, მაგრამ დირექტორთან მივიდა და თქვა: თუ ის წავა, მე აღარ ვითამაშებო. მართალია, ოფიციალურად ეს ფაქტი არსად არ წერია, მაგრამ იმ დღიდან ის ახალგაზრდა მსახიობი დარჩა და დარჩა. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ნაბიჯი ისაა, რომელიც საჯაროდ არ ჩანს.

მძიმე ბრალდება

მისი ოჯახური ცოხვრება იოლი არ ყოფილა. ახლო წრეებში დღესაც იგონებენ, რომ ერთ დროს მან პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა – ურთიერთობები, სიმშვიდე, შიდა წონასწორობა. ამ პერიოდიდან ეკრანზე მისი გმირებიც უფრო ცივი გახდნენ. ამბობდა: ცხოვრება რომ არ გაწვალებს მსახიობს, თამაში უფრო ზედაპირული გამოდისო. ეს უკვე სხვა ფაზა იყო... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მსახიობი აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში, მათ შორის კობერიძეც. ან იმიტომ, რომ პროექტები სუსტი იყო, ან იმიტომ, რომ არ სურდა საკუთარი წარსული, დიდება იაფად გაეყიდა და იყო ასე, თითქმის უკაპიკოდ დარჩენილი. ერთხელ უთქვამს: სიღარიბე მირჩევია, ვიდრე საკუთარი სახელით ვაჭრობაო. ეს კი, უკვე სხვა სიმტკიცეა, როცა არც სისტემა გიცავს და არც დიდება. ეს ისტორიები არ არის ფართოდ ცნობილი, იმიტომ რომ ოთარ კობერიძე არ იყო „სკანდალური ტიპი“. ის არ იძლეოდა ინტერვიუებს ხშირად, თითქმის არც კი, წერდა მემუარებს, საკუთარი თავზე არ ქმნიდა მითებსა და ლეგენდებს. რაც შეეხება მისდამი პედოფილობის ბრალდებას, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, მის წინააღმდეგ არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები არც საქართველოში, არც საერთაშორისო დონეზე. ეს ამბავი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჭორი. ეს იყო სპეკულაციური და უხარისხო ინფორმაციები. ლია ელიავა და ოთარ კობერიძე თბილისში იყვნენ ყველაზე ლამაზი და ცნობილი წყვილი ქართულ კინოში. მათი ქორწინება ხანგრძლივი არ ყოფილა, საბოლოოდ დაშორდნენ, მაგრამ ეს არ უკავშირდებოდა იმ „მძიმე“ ბრალდებას, ოთარ კობერიძის მიმართ, რაც იმ დროს პრესაში გავრცელდა. არ არსბებობს ასეთი რაიმე, სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც კობერიძე არასრულწლოვანთა მიმართ რაიმე სექსუალურ ძალადობაში არის მხილებული. უბრალოდ, საბჭოთა პერიოდის მსახიობთა წრეებში ხშირად მოიხსენიებდნენ წყვილთა დაშორების მიზეზად საკუთარ ძლიერ ეგოს, პროფესიულ კონკურენციას, ხშირ გადაღებებს, ემოციურ დაძაბულ ურთიერთობას ორ ძლიერ პიროვნებას შორის, რაც ქმნიდა რთული ოჯახური ცხოვრების შთაბეჭდილებას კინოსა და თეატრულ წყვილებში, ეს კლასიკური ისტორიაა ორი პოპულარული არტისტის – როდესაც კარიერა და ხასიათი პირად სივრცეში კონფლიქტს ქმნის.

სისხლი მაინც უნდა ყოფილიყო

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო მთიან ლოკაციაზე გადაღებული დევნის სცენა. სცენარში ეწერა: ბაში-აჩუკი მთის ფერდობზე სრული სისწრაფით ეშვება ცხენით, უკან მოსდევენ მდევრები. სტანდარტულად ასეთ სცენებს კასკადიორი ასრულებდა. კობერიძემ უარი თქვა დუბლიორზე. მთის ფერდობი სველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აფრთიხლებდა, რომ იქ ცხენი „მოცურდებაო“. ცხენმა მართლა დაკარგა წონასწორობა და წაიქცა, მაგრამ კადრში სხვანაირად გამოჩნდა, თითქოს ბაში-აჩუკი ბალანსს კარგავს. ფილმში ასევე გახსოვთ, არის ხმლით დაპირისპირების სცენა. კამერა ახლო ხედით იღებდა ამ სცენას. საბჭოთა კინოში ხომ ხშირად იყენებდნენ „მოჩვენებით“ იარაღს, მაგრამ იმ ეპიზოდში ნამდილი ხმლები გამოიყენეს. ერთ-ერთი დუბლისას პარტნიორმა მსახიობმა დრო და მანძილი ვერ გათვალა და ხმალი კობერიძეს მკლავზე ძლიერ მოხვდა. სერიოზული ჭრილობა ჰქონდა. რეჟისორმა გადაღება შეწყვიტა, კობერიძემ კი, სიმწრით, მაგრამ მაინც თქვა: არა უშავს, სისხლი მაინც უნდა ყოფილიყოო. „ბაში-აჩუკი“ ისტორიულ-ეროვნული სულის ფილმი იყო. საბჭოთა პერიოდში ასეთი გმირი ყოველთვის სიფრთხილით უნდა გადაღებულიყო. გადაღებების პროცეშივე დიდი კრიტიკისა და განხილვის თემა გახდა ესაკიას ეს ფილმი. როცა ფილმი პირველად აჩვენეს დიდ ეკრანებზე, ერთ სცენაში, სადაც ბაში-აჩუკი მარტო დგას და გადაწყვეტილებას იღებს – დარბაზში სრული სიჩუმე იყო. მოგვიანებით ერთმა ოპერატორმა თქვა: იმ მომენტში აღარავინ უყურებდა ფილმს. უყურებდნენ კობერიძესო. ეს იყო მისი, როგორც კინოვარსკვლავის დაბადება, მაგრამ არა სკანდალით, პროპაგანდით, არამედ ეკრანზე, სრული სიმშვიდით.

მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა გმირად გხედავს

„სხვისი შვილები“ – ეს ფილმი გარედან თითქოს მშვიდი, ლირიკული დრამაა, მაგრამ გადაღებებზე რამდენიმე ისეთი მომენტი მოხდა, რომელმაც თვითონ აბულაძეც კი შეაშფოთა. არის ასეთი ეპიზოდი, სადაც კობერიძის პერსონაჟი ბავშვებთან უხერხულად დგას – თითქოს არ იცის როგორ მიუახლოვდეს მათ. სცენარში ეწერა მოკლე დიალოგი. რეპეტიციის დროს ბავშვმა მოულოდნელად ხელი გაუწოდა მას და უთხრა – ბიძია! შენ მართლა წახვალ?.. ეს ტექსტში არ იყო. კობერიძე რამდენიმე წამით გაჩერდა, უბრალოდ, გაჩერდა. მერე ჩაიმუხლა და ბავშვი გულში ჩაიხუტა, კამერისგან ზურგით. დუბლი 15 წამი გაგრძელდა, აბულაძემ დაიძახა – „სტოპ“. პირველად დავინახე, რომ კობერიძე აქ აღარ თამაშობდა, ეს იყო ნამდვილი, როგორც ცხოვრებაში ხდებაო. გადაღების დასრულების შემდეგ კობერიძე კიდევ რამდენიმე წუთი მარტო იდგა ეზოში. კინოსტუდიაში ამ ფილმზეც დაიწყეს საუბარი, განხილვები – ასეთი მამაკაცი საზოგადოებაში არასწორ მაგალითს ქმნისო. აბულაძემ დაიცვა ეს სცენა. კობერიძე ჩუმად იჯდა. მოგვიანებით კი თქვა: თუ კაცი სისუსტეს აჩვენებს, მაშინ ბავშვებს რას ვასწავლით?.. სცენა დარჩა. იმ დროისთვის ეს პატარა რევოლუცია იყო. ფილმის ფინალის გადაღებისას ბავშვებმა რამდენჯერმე ვერ შეასრულეს ემოციური ეპიზოდი. ატმოსფერო ხელოვნური გამოდიოდა. კობერიძემ გადაღება შეწყვიტა და ბავშვებთან მივიდა. დაახლოებით, ნახევარი საათი მათთან ცალკე საუბრობდა. არავინ იცის, ზუსტად რა უთხრა მათ, მაგრამ როცა დაბრუნდნენ და კამერა ჩაირთო, ერთ-ერთი ბავშვი მართლა ატირდა. აბულაძემ მოგვიანებით თქვა – ეს ფილმი ბავშვებმა გადაარჩინესო. წლების შემდეგ, როცა აბულაძეს ოთარზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ ოთარს გმირის გარეგნობა ჰქონდა და ტრაგედიის ნერვიო. „სხვისი შვილები“ სწორედ ის ფილმია, სადაც პირველად გამოჩნდა ეს ნერვი, კაცის შიდა დაუცველობა. საბჭოთა ეკრანზე მამაკაცის ასეთი ტიპი არ არსებობდა და მსახიობისთვის ძალიან რთულია, როდესაც შენი იმიჯი და შენი როლი ერთმანეთს ეჯახება. აი, ამ პერიოდში მისი და ლია ელიავას ურთიერთობა უკვე დაძაბული იყო. ფილმში მათი პერსონაჟებიც კი ურთიერთობის კრიზისს გადიან.

მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით

1959 წელს ნიკოლოზ სანიშვილის ფილმის „შეწყვეტილი სიმღერის“ გადაღებაზე სლოვაკიის იმ კუთხეში მოუწია ყოფნა, სადაც ომის დროს იბრძოდა. ამან საოცრად ბუნებრივი გახადა გურამ გელოვანის სახე, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნამდვილად არ იყო მოკლებული სწორხაზოვნებასა და სქემატურობას. ამიტომაცაა, ალბათ, რომ „შეწყვეტილი სიმღერის” პოპულარული მელოდიის გაგონებაზე მაყურებელს, როგორც წესი, მთავარი როლების შემსრულებლები – ოთარ კობერიძე და ლია ელიავა – ახსენდებათ ხოლმე.

60-იან და 70-იან წლებში ოთარ კობერიძის პოპულარობა საქართველოს საზღვრებსაც გასცდა. მას წილად ხვდა ბედნიერება, ეთანამშრომლა მსოფლიო კინოს ისეთ ოსტატებთან, როგორიცაა ჯუზეპე დე სანტისი, კლაუდია კარდინალე, ჯანკარლო ჯანინი, შონ კონერი, პიტერ ფინჩი... მას გადასაღებად იწვევდნენ იტალიიდან, გერმანიიდან, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სტუდიიდან, მაგრამ მსახიობი არც ამით დაკმაყოფილებულა, 80-იან წლებში მან რეჟისურაში სცადა ბედი – გადაიღო ფილმები „ელოდეთ მეკავშირეს“, „სიბრძნის კარავი“, „ვინ არის მეოთხე“ და სხვა. 1993 წელს ოთარ კობერიძე მიიწვიეს ესენის გრილოს თეატრში, სადაც სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“ ტირეზიას როლი შეასრულა. მას სიცოცხლის ბოლომდე ეპატიჟებოდნენ გადასაღებად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან... ოთარ კობერიძის ყველაზე დიდ წარმატებად მაინც „ბაში-აჩუკი“ რჩება. დრო გადის და არა და არ ძველდება ქართული კინოს ეს ბესტსელერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი