საზოგადოება

როლანდ ოქროპირიძე: უწესობასაც კი თავისი წესები აქვს

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 24.07, 2023 წელი

როლანდ ოქროპირიძე
დაკოპირებულია

როლანდ ოქროპირიძის ,,უცნობი მხარე"👇

– ვინ არის როლანდ ოქროპირიძე?

როლანდ ოქროპირიძე: ვცდილობ, ვიყო ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უყვარს ცხოვრება, შვილები, მეგობრები, თავისი ქვეყანა, პროფესია, კეთილი და შეგნებული ადამიანები.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– მაგალითად, როდესაც ვიღაცას პასუხი უნდა მოსთხოვო, არ არის სასიამოვნო პროცესი. შესაძლოა, ცოტა მკაცრად მოგიწიოს ამის გაკეთება. შეიძლება, შენს გამოც არ სთხოვდე პასუხს, სხვას მოექცა არასწორად, რაღაც დაუშავა და სხვა გზა არ არის, უნდა მოეთხოვოს პასუხი. ამის გამო შეიძლება ის გამწარდეს და თვითონაც არ გსიამოვნებდეს ასეთი რამის გაკეთება, მაგრამ თუ მან რამე ცუდი ჩაიდინა, აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხარ, მისგან აღიარება ან ბოდიში მოითხოვო, რადგან დააშავა. შეიძლება, ამის უფლება ადამიანს არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ აქვს. მაშინ აქვს, თუ მის ოჯახის წევრს ან სხვა ახლობელს, გოგოს ან ნებისმიერ უსუსურ ადამიანს ვიღაც დაჩაგრავს, რამე ცუდს გაუკეთებს, ამ დროს ვალდებული ხარ, შენ ის დაიცვა და ამის გამკეთებელს პასუხი მოსთხოვო, თუმცა, როგორც ვთქვი, არ არის სასიამოვნო პროცესი.

– ბოლოს როდის იტირე და რატომ?

– „ფეისბუკზე“ ვნახე უცხო ადამიანის ვიდეო. კაცი წლების უნახავ დედას ხვდებოდა აეროპორტში. დიდი კაცი იყო და თითქოს, ტირილი არ შეეფერებოდა, ამიტომ ძალიან ცდილობდა, თავი შეეკავებინა. მერე ისე მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს, რომ მეც მათთან ერთად ვტიროდი.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია, არის...

– ახალ წელს მე და ნინუცა მაყაშვილი წამყვანები ვიყავით ერთ-ერთ კაფეში. პირველ საათზე შევიკრიბეთ და იქ ვიღაცამ რაღაც მომაწევინა. ვერ ვიტან ასეთ რამეებს, არ ვეწევი და ძალიან ცუდი რამ მოხდა. ვეღარ წავიყვანე ის საღამო, ფაქტობრივად, ჩავშალე. ძალიან უხერხული მდგომარეობა იყო, პირველ რიგში, ნინუცასთან. მას შემდეგ, არ მომცემია საშუალება, მისთვის ბოდიში მომეხადა, ამიტომ ახლა ვუხდი. ძალიან უხერხული იყო მეპატრონესთანაც. არადა, მეგონა, რომ უწყინარი რაღაც გავაკეთე. როდესაც ეს მოსაწევი შემომთავაზეს, უარი ვუთხარი, მაგრამ ერთი „ნაპასი“ მაინც მოგეწიაო, მითხრეს და დავთანხმდი. თან, გავაფრთხილე, რომ ვერ ვიტან-მეთქი და არ არის ძლიერიო, მიპასუხეს. ვიფიქრე, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ დავდექი სცენაზე და ხმა ვერ ამოვიღე. ხალხმა ვერ გაიგო, რა მოხდა, რა მჭირდა. ჩემგან ფანდი ეგონათ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რამე სიურპრიზს ვუმზადებდი. ნინუცა მეკითხება, რა გჭირსო და პასუხსაც ვერ ვცემდი. ხმას ვერ ვიღებდი. ოჯახის წევრმა სცენიდან ჩამომიყვანა და ძლივს მოვახერხე მეთქვა, ხელი არ გამიშვა-მეთქი. ისეთი ძლიერი საშუალება ყოფილა, რომ მოვიწამლე და ფიზიკურადაც ცუდად გავხდი. ეს მდგომარეობა ჩემთვის ძალიან სამარცხვინო იყო. ადამიანები ჩემგან რაღაც კარგს ელოდენენ და მე საერთოდ, ხმის ამოღება ვერ შევძელი. თან, ახალი წლის ღამე იყო. იქ მყოფებსაც, საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც, რომლებიც მთელი ღამე მივლიდნენ, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი, ყველაფერი ჩავუშხამე. ცუდად ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რაც ხდებოდა და ძალიან მრცხვენოდა.

– მოგიპარავს რამე?

– სამწუხაროდ, კი. მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ, მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო. ეს არ მამართლებს, მაგრამ ფაქტია. როდესაც პატარა ხარ, ძალიან ბევრი რამ გინდა და არ გაქვს, ისეთი ელემენტარულიც კი, როგორიც „ჟუვაჩკაა“ და ამას აკეთებ. ეს ისეთი ჩვევაა, რომელიც შეიძლება, დაგრჩეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი კანონი არსებობს: რაღაც შეიძლება, რაღაც – არა. ყველგან არის წესები, უწესობასაც კი თავისი წესები აქვს.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– ძალიან ფეთქებადი ვარ. დიდხანს ვითმენ და გარშემო გრძნობენ, რომ ვითმენ, მაგრამ მაინც რომ არ ჩერდებიან, მერე ცუდი სიჩუმე ჩამოწვება ხოლმე. თითქოს ყველაფერი იყინება და ვფეთქდები. ახლა ცოტა ნაკლებად, ადრე უფრო მეტად ხდებოდა ასე. მადლობა ღმერთს, ცხოვრებამ მასწავლა შეგნებული ადამიანების შერჩევა. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც იმას აკეთებენ. წარმოიდგინე, თვალებში გიყურებს და აკეთებს. არ ვიცი, გიწვევს, მოსწონს, რომ კარგავ მოთმინებას თუ რა, მაგრამ ასე თუ ისე, უკვე ვცნობ ასეთ ადამიანებს და ვცდილობ, მათთან ერთად აღარ ვიყო. ადამიანს რომ ანიშნებ, ასე ნუ მოიქცევი, თორემ ორივესთვის ცუდი რამ მოხდებაო და მაინც აკეთებს, თუ ასე ერთხელ ხდება, იტყვი, რომ წასცდა, მეორედ – ფიქრობ, შეიძლება, ასეთ ხასიათზე იყოო, მეოთხედ? მეხუთედ? – ასეთ დროს ერთი ადამიანი არ არის დამნაშავე. შენ მდგომარეობიდან რომ გამოდიხარ, ამის გამო ხარ დამნაშავე და ის – იმიტომ, რომ გამოჰყავხარ მდგომარეობიდან. ვერიდები ასეთ ადამიანებს, რომ მერე რამე არასასიამოვნო არ მოხდეს.

– ბოლოს რა გაიგე საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?

– ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მერე მათზეც, ვინც ამას აკეთებს, როდესაც სოციალურ ქსელებში ძალიან მარტივად ილანძღებიან, ამ შემთხვევაში ჩემი მისამართით. შეურაცხყოფას გაყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდს არაფერს ამბობ, მით უმეტეს, შეურაცხყოფას არავის აყენებ. საერთოდ, ძალიან ვცდილობ, არავის ვაწყენინო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პირდაპირ გაგინებენ. ამ დროს არ მეზარება და ვურეკავ. მერე ძალიან ბევრ ბოდიშს იხდიან. ერთმა მითხრა, შენც კითხულობო?! მე ადამიანი არ ვარ? რატომ არ უნდა წავიკითხო? ერთმა მითხრა, ავსტრიაში გეპატიჟები, გამიხარდა, რომ წაიკითხეო. ანუ, გამიხარდა, რომ წაიკითხე, როგორ გლანძღავო. ვკითხე სად ხარ, წყალგაღმა გინება რა უბედურებაა, ახლოს ვნახოთ ერთმანეთი და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. რას ამბობ, დიდი მადლობა, რომ დამირეკე, ავსტრიაში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვარ მოწყობილი, ჩემთან გეპატიჟები, ბილეთსაც გამოგიგზავნიო. ეს ნორმალურია? ბევრმა მითხრა, თავი დაანებე ასეთ ადამიანებს, ნუ უსმენო. როგორ უნდა დაანებო თავი, როცა ადამიანი სახალხოდ გაყენებს შეურაცხყოფას. მიპოვია ეს ადამიანები და დავლაპარაკებივარ. ადამიანს თავზე აშარდავდნენ და იძახდა, რა კარგი წვიმა მოდისო, ხომ გაგიგიათ. მე ასე არ შემიძლია. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად გამოვიდე შოუებში და ჩემი აზრები საჯაროდ არ დავაფიქსირო, მაგრამ ანეკდოტიც რომ მოვყვე, ლექსიც რომ ვთქვა, შესაძლოა, ვიღაცამ მაინც საშინელება დაწეროს. ვცდილობ, ასეთი რამ არ ვაპატიო არავის. ამ დროს ხდება საჭირო ის, რასაც დასაწყისში ვამბობდი, ვგულისხმობ პასუხის მოთხოვნას. არაფერი დამიშავებია და შენ ამ დროს მაგინებ?

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?

– ერთხელ, ვიღაც სულელმა ჩემს გვერდით ადამიანი დაჭრა. არადა, ამ ბიჭს არაფერი დაუშავებია, საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. გვერდით ვიდექი და პირველი რეაქცია გაოგნება იყო. შეიძლება, იცოდე, რომ ადამიანმა რაღაც ისეთი დააშავა, ისე გაამწარა ვიღაც, რომ საპასუხოდ გამწარებული კაცისგან რამე ასეთი მიიღოს, მაგრამ ეს ადამიანი, პირიქით, ამშვიდებდა, ძალიან კეთილად ექცეოდა და უცებ ასეთი რამ მოხდა. მივხვდი, რომ მეც შეიძლებოდა, მის ადგილას ვყოფილიყავი. ვინც ეს გააკეთა, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის მოექცეოდა ასე. თავში ჰქონდა ჩადებული, რომ ადგილზე რომ მივიდოდა, ვიღაცისთვის ეს უნდა გაეკეთებინა და გაიქცა. მერე ძალიან შემეშინდა. საფრთხე აღარ იყო, ეს ბიჭიც საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. ცოტა ხანში ეს ბიჭი მაინც გარდაიცვალა.

– ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა?

– უყურადღებობისგან. ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მერე სისხლი მოეწამლა და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. 2003–2004 წელი იყო. მაშინ ცუდი მდგომარეობა იყო საავადმყოფოებში. ცუდ პირობებში ჰყავდათ, ოპერაციის შემდეგ მეტლახზე ეწვინათ, იყინებოდა და იხვეწებოდა, რომ სხვაგან გადაეყვანათ. ყურადღებას არ აქცევდნენ. ძალიან მწარედ მახსოვს. შევედი ამ ექიმებთან, სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ლუდს სვამდნენ, შებოლილ თევზს აყოლებდნენ თეთრი ხალათებით და ამ დროს ადამიანი მოკვდა. გამოძიება დაიწყო და იმ ბიჭს აბრალებდნენ, ვინც დაჭრა. ის ბიჭი გასაგებია, მაგრამ ამათ გადარჩენილი კაცი მიიყვანეს სიკვდილამდე. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს, გადარჩა ადამიანი და მერე, რეაბილიტაციის დროს, უყურადღებობით მოკლეს. პირდაპირ ვამბობდი, იმ კაცის ბრალი უფრო არ არის, ვინც დაჭრა, ამ ექიმების ბრალია-მეთქი. თევზი და ლუდი ძალიან კარგია, მაგრამ თავისი დრო და ადგილი აქვს. სამწუხაროდ, პატარა ვიყავი და მაშინ რაღაცები ჩემს თავზე ვერ ავიღე.

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?

– თითქმის ყოველდღე ვფიქრობ, როგორია სიკვდილი, საერთოდ რა არის. იმაზეც მიფიქრია, როგორი იქნება ჩემთვის, მაგრამ ვცდილობ, ამაზე შიშით არ ვიფიქრო. პათეტიკური გამოვა, მაგრამ ყველაზე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოსთვის კვდება. ყველაზე მეტად სასურველია სიკვდილი მაშინ, როდესაც რაღაცას ან ვიღაცას იცავ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სამშობლოს დაცვაა, შენი ფესვების, შენი კულტურის. ამ დროს სიკვდილი ყველაზე სანატრელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა