საზოგადოება

როგორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლი პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და რა მიაჩნია სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერს თსსუ-ის მთავარ უპირატესობებად

№9

ავტორი: ეკა სულხანიშვილი 18:00 09.03, 2021 წელი

ზურაბ ორჯონიკიძე
დაკოპირებულია

  განვლილი 2020 წელი ურთულესი აღმოჩნდა როგორც მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვისაც. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდგომ, დღის წესრიგში დადგა განვლილი პერიოდის შეფასება, რომელიც უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს. ვესაუბრებით სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერს, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს:

– როგორ შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პანდემიას და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას, რამდენად მზად იყო მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამკლავებოდა არსებულ გამოწვევებს, შეექმნა სათანადო პირობები პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ონლაინ სწავლებისთვის?

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოულოდნელი კრიზისული სიტუაციის მიუხედავადაც კი, პანდემიის პირველი ტალღიდან დაწყებული დღემდე მოწოდების სიმაღლეზე დგას. მას შემდეგ, რაც 2020 წლის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა და პანდემია გამოაცხადა, უნივერსიტეტი შეეცადა, მაქსიმალურად მოკლე დროში მოეხდინა ეფექტური რეაგირება, მიეღო სწორი გადაწყვეტილებები და მოემზადებინა ყველაფერი იმისთვის, რათა საგანგებო სიტუაციის მიუხედავად, ხარვეზების გარეშე წარმართულიყო როგორც აკადემიური პროცესი, ისე საუნივერსიტეტო კლინიკებისა და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობა.

ონლაინ სწავლების აუცილებლობის დადგომის მომენტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სათანადოდ მომზადებული შეხვდა, შევსებული და განახლებული, დისტანციური სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათანადოდ დატრენინგებული აკადემიური პერსონალით.

– როგორ აფასებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის როლს დღევანდელ სიტუაციაში და როგორ ხდებოდა კლინიკის მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილება საგანგებო სიტუაციის პირობებში?

– ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების, როლი ყველასთვის თვალნათელია. კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ჩვენ შევძელით, ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე, სათანადოდ მოგვემზადებინა და აღგვეჭურვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და სხვა საჭირო დანადგარების, სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების რეზერვის შევსება, რაც იმთავითვე სიმშვიდის და თანმიმდევრული მოქმედების საშუალებას აძლევდა როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე კლინიკისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა ის ძირითადი ადგილი, სადაც მკურნალობას გადიოდნენ და დღესაც გადიან დაავადების მძიმე ფორმის (მათ შორის კრიტიკული) მქონე პაციენტები.

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხორციელდება რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისულმა ვითარებამ მათი მიმდინარეობის შეფერხება ხომ არ განაპირობა?

– მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, თსსუ-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანი, სწორედ, ამ პერიოდში დასრულდა, ზოგიც წარმატებით მიმდინარეობს:

2020–2021 სასწავლო წელს ფუნქციობა დაიწყო ახალმა, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულმა და აღჭურვილმა მეხუთე სასწავლო კორპუსმა; წარმატებით მიმდინარეობს მეორე სასწავლო კორპუსის რეკონსტრუქციის პროექტირების სამუშაოებიც; საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობის ზრდის ვექტორმა, სრული საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების კონტექსტში, დღის წესრიგში დააყენა საუნივერსიტეტო კამპუსის ჩამოყალიბების აუცილებლობა. თანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი კი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის გარეშე წარმოუდგენელია. თსსუ-ის ადმინისტრაციამ გააცნობიერა ეს გამოწვევაც: ამ ეტაპზე, მიღწეულია შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომლის თანახმადაც, თსსუ-ის მიწის ნაკვეთზე, სასწავლო კორპუსების მიმდებარედ, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი, არანაკლებ 1 200 პერსონაზე.

2020 წლის ივლისის თვიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარედ, გუდამაყრის ქუჩა ¹4-ში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, ფუნქციობა დაიწყო „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკამ“, რომლის შექმნის მიზანიც გახლდათ რეგიონში პირველი, საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა.

აღნიშვნის ღირსია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიაში მოლეკულური პათოლოგიების მიმართულების ამოქმედება, რომლის წყალობითაც, კლინიკის ლაბორატორიამ დაიწყო უამრავი ახალი, მათ შორის გენეტიკური კვლევების განხორციელება და რაც დღეისთვის ყველაზე უფრო აქტუალურია, PCR ტესტირების ჩატარება. ასევე, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო უნივერსიტეტის, სახელმწიფოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CARITAS) ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობის დაწყება, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლიდან ამოქმედდება და რომლის ფუნქციობასაც სრულად უზრუნველყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

არ შემიძლია, თსსუ-ის 2020 წლის პროექტებს შორის განსაკუთრებულად არ გამოვყო „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში“ საკუთარი შემოსავლების ფარგლებში 40-პროცენტიანი წილის შეძენა – COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად, აკადემიური, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის წარმართვისათვის და იმ სამედიცინო სერვისების მიწოდებისათვის, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება SARS COV2-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას.

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უაღრესად მნიშვნელოვან წვლილთან ერთად SARS COV2-თან ბრძოლაში, უნდა აღინიშნოს სხვა საუნივერსიტეტო კლინიკები, მათ შორის თსსუ-ის სტომატოლოგიური კლინიკები, რომელთაც ფუნქციობა არ შეუწყვეტიათ და 2020 წლის გაზაფხულზეც კი, საგანგებო მდგომარეობის დროსაც, ეწეოდნენ გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტების წვლილი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი როგორც კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობის პროცესში, ასევე გეგმავდნენ და ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

– და ბოლოს, მოახლოვდა ღია კარის დღეების პერიოდი და წლის ის დრო, როდესაც ახლანდელი აბიტურიენტები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი ალმა-მატერის არჩევასთან დაკავშირებით. რას ეტყოდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ექიმობის რთული გზა აქვთ არჩეული, რატომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი?

– თსსუ – იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი, ყველაზე ტრადიციული, განვითარების თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე კერაა. ამჟამად თსსუ ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში; აქ 10 500-მდე სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი და რეზიდენტი იღებს განათლებას, მათგან 2 500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტია.

თსსუ – იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტის ხედვა და განვითარების სტრატეგია შეესაბამება უმაღლესი სამედიცინო განათლების ეროვნულ მახასიათებლებს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს; მეტიც, უნივერსიტეტი თავად იყო და არის ჩართული ამ უკანასკნელთა შემუშავებასა და დადგენაში. თსსუ-ის ადმინისტრაციის, პროფესურის, სტუდენტების, ექიმებისა და მკვლევრების თავდაუზოგავი შრომით მიღწეულია სერიოზული შედეგები: შექმნილია და ვითარდება თანამედროვე უმაღლესი სამედიცინო განათლების შესატყვისი საუნივერსიტეტო გარემო, ინერგება და ეფექტურად ხორციელდება სწავლის, სწავლების და შეფასების ახალი მეთოდები.

თსსუ – იმიტომ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გარემონტებული და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღჭურვილი სასწავლო კორპუსებით, საუნივერსიტეტო კლინიკებითა და სამეცნიერო-კვლევითი ისნტიტუტებით. ყოველივე ამის განხორციელება უნივერსიტეტმა საგრძნობლად გაზრდილი ბიუჯეტის მეშვეობით შეძლო, რომლის 98%-ს საკუთარი შემოსავლები შეადგენს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მეამაყება, რომ ათეული წლებია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მისი ნაწილი ვარ; მეამაყება, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ამ ყოველდღიურობით, თავის სასიქადულო ისტორიას ქმნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა