საზოგადოება

როგორია საბა იბეროს წარმატებული კარიერის მეორე - სევდიანი მხარე და რამ დაუტოვა მას ფსიქოლოგიური ტრავმა

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 18.10, 2022 წელი

საბა იბერო
დაკოპირებულია

ესპანეთში მოღვაწე ქართველი გიტარისტი საბა იბერო, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის წარმატება ხვდა წილად, მალე საკუთარ სამშობლოს ეწვევა და კონცერტს გამართავს.

–საბა, როგორია მოგონებები ბავშვობიდან – სად დაიბადეთ და გაიზარდეთ და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მუსიკასთან?

– ბავშვობასთან კარგი მოგონებებიც მაკავშირებს და ცუდიც. 90-იანი წლების ბნელმა ეპოქამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა, რაც ლაქად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობა წამართვეს და მომავალში, წარმოუდგენლად კარგიც რომ გახდეს დედამიწაზე ცხოვრება, ჩემი ბავშვობის 10 წელი მაინც ბნელ ისტორიად მემახსოვრება, იმიტომ რომ ის დრო, ერთ გრძელ და დაუსრულებელ სერიალს ჰგავდა, რომლის სენსაციურობაც იმაში მდგომარეობდა, რომ ის არასდროს დასრულდებოდა.

მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 23 წლის ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვე და ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ესპანეთში გავატარე.

თუმცა, როგორც დასაწყისში გითხარით, ბავშვობასთან, ანუ საქართველოსთან, კარგი მოგონებებიც მაკავშირებს და ეს მოგონებები ჩემს ბებია-პაპას უკავშირდება. მე ყოველ ზაფხულს მათთან ვისვენებდი, სოფელში და ყველაზე დიდ სითბოსა და სიყვარულს მათგან ვგრძნობდი. ჩემი კარგი მოგონებები უკავშირდება ჩემს მეგობრებსაც.

რაც შეეხება მუსიკასთან ურთიერთობას, ეს მაშინვე დაიწყო, როდესაც გიტარაზე პირველი აკორდები ავიღე. იმდენად მიყვარდა ეს ინსტრუმენტი, სადაც კი მის ჟღერადობას მოვისმენდი, სუფრა იქნებოდა თუ კონცერტი, იქაურობას აღარ ვშორდებოდი. თუმცა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – გიტარა თუ მომღერლობა? როგორც ხვდებით, პარალელურად ვმღეროდი კიდეც. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში ორი წელი გავატარე, მაგრამ საბოლოოდ გიტარამ სამუდამოდ მიმაჯაჭვა თავის სხეულზე.

– რატომ გიტარა?

– ვატყობდი, რომ ამ ინსტრუმენტს საოცრად მაგიური და სულში ჩამწვდომი ტემბრი და ჟღერადობა ჰქონდა. როდესაც კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში გიტარის საფუძვლიანად შესწავლა დავიწყე, გენიალურ პროფესორ ვასილ ხუციშვილთან მოვხვდი. მაშინ იმდენად ღრმად შევედი „გიტარის სამყაროში“, რომ მომღერლობის სურვილმა უკანა პლანზე გადაიწია. ესპანური მუსიკა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ სანამ ახლოს გავიცნობდი ამ კულტურას, მანამდე, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს, აღმოვაჩინე ვირტუოზი ესპანელი გიტარისტის – პაკო დე ლუსიას აუდიოკასეტა და სწორედ მაშინ ვეზიარე ნამდვილ ფლამენკოს. მისმა არანორმალურმა შესრულებამ საბოლოოდ მიმახვედრა, რომ აუცილებლად მსურდა, გადავხვეწილიყავი შორეულ ანდალუსიაში, რომ ცხოვრება ფლამენკოსთვის მიმეძღვნა.

– ესპანეთი ფლამენკოს ქვეყანაა, რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება. როგორი იყო იქ ცხოვრების პირველი პერიოდი, რა სირთულეებთან გიხდებოდათ გამკლავება?

– ყველაზე რთული ოჯახისგან შორს ყოფნა იყო. პირველ ეტაპზე გიხარია, რომ საკუთარ წარმატების გზას დაადექი, ეს შენი ასპარეზია და სულ წინ და წინ მიიწევ, მაგრამ ამას მეორე და ძალიან მტკივნეული მხარე აქვს – გადის წლები და ოჯახს უკვე მხოლოდ სიზმარში ხედავ. იმ ნატვრით იღვიძებ, რომ შეეხო, ჩაეხუტო, მოეფერო. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს მონატრება უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. თუმცა საკუთარი განცდების გამოხატვა და ადამიანებისთვის გაზიარება რთულია. ამას ბევრი ვერ გაიგებს. შეიძლება, საკუთარმა დედამაც კი ვერ გაგიგოს, რადგან მას არ უცხოვრია უცხო მიწაზე.

– როგორ დაიწყო თქვენი ესპანური წარმატება?

– წარმატება მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემთვის საოცნებო ფლამენკოს აკადემიაში 4 წელი ვისწავლე. ამის შემდეგ იყო შეხვედრები ფლამენკოს ვარსკვლავებთან და ბოშურ ფლამენკურ ელიტასთან. პირველ ეტაპზე დიდი წარმატება გახლდათ ლეგენდასთან – პაკო დე ლუსიასთან შეხვედრა. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მოვლენა იყო. მთავარი წარმატება კი ის არის, რომ დღეს ხალხი მისმენს. უსმენენ ჩემს მუსიკას და ესწრებიან ჩემს სოლო კონცერტებს.

– დღეს თქვენი წარმატება მსოფლიო მასშტაბისაა. რით ამაყობთ განსაკუთრებით?

– კარიერის გაკეთება უცხო ქვეყანაში ძალიან დიდ შრომასა და წინდახედულობას მოითხოვს. სანამ კარიერაზე ფიქრს დაიწყებ, პირველ რიგში, ინსტრუმენტს უნდა ფლობდე იმ დონეზე, რა დონეც სჭირდება საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებს. შემდეგ კი საკუთარი პროდუქცია, ანუ საავტორო მუსიკა უნდა შექმნა და არა, ეგრეთ წოდებული, „ქავერები“.

მე ამაყი ვარ იმით, რომ ის, რაც დღეს ვარ, ჩემი 16-წლიანი შრომის შედეგია, რომელიც მარტომ გავწიე.

– თქვენს პირველ სოლო ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად – მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს ამის შესახებ…

– ალბომის ჩაწერა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. ერთი პროექტის დასრულებას 3 წელი დასჭირდა. თუმცა ამის შემდეგ მე უკვე გავედი მსოფლიო ბაზარზე, როგორც სოლისტი. 2019 წელს ჩემი დისკი გახდა ფლამენკოს საუკეთესო ნამუშევარი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა. ამ დროისთვის ჩემს მუსიკას 77 ქვეყანა უსმენს.

– მალე კონცერტი თბილისში გექნებათ. რას უნდა ელოდოს მსმენელი ამ ღონისძიებისგან, როგორია თქვენი მოლოდინი?

– ქართველი მსმენელი 22 ოქტომბერს იხილავს იმ ნამდვილ მუსიკას, რომლის მოსმენის საშუალებაც არც თუ ისე ხშირია საქართველოში, მუსიკას რომელიც ძალიან ახლოა ქართულ ტემპერამენტთან და კულტურასთან. როგორც უკვე იცით, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ლეგენდარული გიტარისტის, პაკო დე ლუსიას ჯგუფის მეორე გიტარისტი და აგრეთვე, მისი ძმისშვილი ანტონიო სანჩესი. კონცერტი დაიხურება ჩემი და ანტონიოს დუეტით. ეს იქნება პირველი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი და ესპანელი ერთმანეთს ქართულ სცენაზე ვხვდებით. ვფიქრობ, ეს ორმაგად „ვნების მომგვრელი“ იქნება ქართველი მსმენელისთვის. იქნება სიურპრიზები, ბევრი ემოცია, სიხარული და სიყვარული, რაც მე მავსებს პუბლიკასთან ურთიერთობის დროს.

ეს სამშობლოში ჩემი პირველი სოლო კონცერტია და ყველაზე მეტად ახლა ვნერვიულობ, გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. რაც უფრო ცოტა დრო რჩება კონცერტამდე, ემოციური ფონი მით უფრო იზრდება და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩემი პირველი და ბოლო სოლო კონცერტი საქართველოში, თუმცა ნამდვილად დაუვიწყარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა