როგორია მაია იორამაშვილისა და მიშა რამიშვილის თანაცხოვრება და როგორ შექმნეს მათ ოჯახი გაცნობიდან ძალიან მოკლე დროში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

მუსიკოსი მაია იორამაშვილი ადვოკატ მიშა რამიშვილის მეუღლე გახლავთ. მათი ოჯახური ტანდემი მრავალ წელს ითვლის. ქალბატონ მაიასთან მისი ბავშვობის, პროფესიის, სიყვარულისა და ოჯახის შესახებ ვისაუბრეთ.
მაია იორამაშვილი: გადასარევი ბავშვობა მქონდა. როგორც ხდება ხოლმე – დედა, სკოლის პარალელურად, ყველა წრეზე მატარებდა, იქნებოდა ეს ცეკვა, მუსიკა, უცხო ენები თუ სხვა. ვიოლინოზეც დავდიოდი და მეშვიდე კლასში გადავწყვიტე, რომ მუსიკა იყო ჩემი საქმე. განცდა, რომელსაც მუსიკა მანიჭებდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვის მუსიკის მეცადინეობა სიამოვნების წყაროს წარმოადგენდა. ამიტომაც მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ კი – კონსერვატორიაში.
– როგორ გახსენდებათ კონსერვატორიაში გატარებული წლები?
– მე რომ კონსერვატორიაში ჩავაბარე, ქვეყანაში ძალიან მძიმე წლები იყო, 90-იანებს ვგულისხმობ, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. წარმოიდგინეთ, საბურთალოდან რუსთაველზე ფეხით მივდიოდი ხოლმე, ოთახები გაყინული იყო. სწავლა ბევრი სირთულის ფონზე გვიწევდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სტუდენტობის პერიოდი მაინც ძალიან კარგად მახსენდება.
– ზუსტად ამ პერიოდში შეხვდით თქვენი ცხოვრების სიყვარულს და მაშინ დაიწყო ყველაფერი...
– მე და მიშა ერთმანეთს 1996 წელს შევხვდით. მაშინ მე მეოთხე კურსზე ვიყავი, მიშა კი ამთავრებდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორიაში ხუთი წელი ვსწავლობდით, რატომღაც, მიშასთან გადაკვეთა მანამდე არ მქონია. ბოლო წელს კამერული მუსიკის გაკვეთილი მქონდა, სადაც მიშა შემოვიდა და ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჩემი მეგობრის კურსელი აღმოჩნდა და მათმა კურსმა სწავლა რომ დაამთავრა, ბანკეტზე დამპატიჟეს.
– თურმე, ეს შემთხვევით არ მომხდარა, ბატონი მიშას მოთხოვნა ყოფილა...
– მე ეს მერე გავიგე (იცინის). მაშინ არაფერი ვიცოდი. კონსერვატორიაში ჩემს დროს ბევრი სტუდენტი არ სწავლობდა, ასე თუ ისე, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ამიტომ თუ მაღალმა კურსმა ბანკეტზე დაგპატიჟა, გასაკვირი არ იყო. დაბადების დღეებსა თუ სხვა შეკრებებზეც ერთად დავდიოდით და ამიტომ მაშინ არაფერი მიფიქრია.
– მას თავიდანვე მოსწონებიხართ და საერთო ჯამში, თქვენი ურთიერთობა მალე განვითარდა, მაგრამ სინტერესოა, თქვენ როდის გაგიჩნდათ მის მიმართ სიმპათიები?
– იმდენად უცებ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყურადღება, დარეკვა, დაპატიჟება, ყველაფერი, ისე სწრაფად ხდებოდა, რომ ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონია (იცინის). ალბათ, დროსაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. შეიძლება, ადამიანთან წლები გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ვერ გაიცნო ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ ერთ თვეში დავქორწინდით. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე, შემომთავაზა და იმწუთას დავთანხმდი.
– თურმე, სასიდედროს არ მოსწონდა, მაგრამ მასზეც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილების მოხდენა მოუხერხებია...
– დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ უნდოდა, შეიძლება, იმიტომაც, რომ ასე მოკლე ხანში გადავწყვიტე გათხოვება ან სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ჩემს არჩევანს პატივისცემით შეხვდა და შემდეგომში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სიძე და სიდედრი წლების განმავლობაში მხარში ედგნენ ერთმანეთს.
– თქვენს მეუღლეს ყველა იცნობს, თან, სხვადასხვა ინტერესებით. საინტერესოა, როგორია ოჯახში, მეორე ნახევრის, მამის, მეოჯახის ამპლუაში?
– ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, საკუთარი საქმე ოჯახში არ შემოიტანოს. იურისტია, საკმაოდ მძიმე საქმეებზე მუშაობს, მაგრამ ცდილობს, ეს ოჯახს არ შეეხოს. საკმაოდ კარგი მამაა. ლიზა რომ დაიბადა, ფაქტობრივად, როგორც მე ვათენებდი ღამეებს, ისე ათენებდა მიშაც. ყველაფერში ჩართული იყო. ყოველთვის იცის, რა ხდება შვილების ცხოვრებაში. ლიზა მუსიკოსია და მიშას გარეშე მის არცერთ კონცერტს არ ჩაუვლია, ამ მხრივ, მხოლოდ წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. ლუკა სპორტსმენია და მიშას არც მისი არცერთ შეჯიბრება არ გამოუტოვებია. არ მახსოვს ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მიშა არ ესწრებოდა.
– რამდენად რომანტიკული მეუღლეა?
– საკმაოდ რომანტიკულია. ჩემთვის სიმღერაც მოუძღვნია, ლექსიც. ბოლო პერიოდში დაიწყო აქტიურად ლექსების წერა და გამოქვეყნებაც. თავის დროზე მისმა ასეთმა ხასიათმაც მომხიბლა. საერთოდ, ორ ადამიანს შორის გარკვეული თანხევდრა უნდა იყოს. თუ რადიკალურად განსხვავებულები ხართ, ერთად ვერაფერს შექმნით, მით უმეტეს, ოჯახს.
– ოჯახის შექმნის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება, შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– მიშას ის დიდი პლუსი აქვს, რომ არანაირი შეზღუდვა არ ახასიათებს. მე ვმუშაობ ოპერისა და ბალეტის თეატრში, როგორც მუსიკოსი. კამერულ ორკესტრშიც ვუკრავდი და ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე გასტროლზე წასვლა. ხანდახან მთელი თვეც ვყოფილვარ წასული და არ მახსოვს მისგან, თუნდაც, ამ მხრივ, შეზღუდვა მქონოდა. პირიქით, ყოველთვის ხელს მიწყობდა. მერე კი იურიდიული დაამთავრა, მაგრამ თვითონაც მუსიკალურ სფეროში გაიზარდა, იცის, როგორია მუსიკოსის ცხოვრება და ალბათ, არც უნდოდა ისეთი ცოლი, რომელიც სულ სახლში იჯდებოდა.
– როგორ გახსენდებათ პერიოდი, როცა იურიდიული მიმართულება აირჩია და საკმაოდ რთულ გზას დაადგა?
– როცა იურიდიულზე ჩააბარა, მე უკვე მისი მეუღლე ვიყავი. ეს სრულიად განსხვავებული სფეროა. იყო პერიოდი, როცა ერთად ვმეცადინეობდით ხოლმე, მაგალითად, როცა გამოცდები ჰქონდა. ეს პერიოდიც ერთად გავიარეთ. მეც ყველანაირად ვცდილობდი, დავხმარებოდი. ოჯახიც ეს არის, სხვანაირად წარმოუდგენელია.
– ყველამ იცის, როგორ რთულ საქმეებზე მუშაობს, როგორც იურისტი და საფრთხის წინაშეც არაერთხელ ყოფილა. მის საქმიანობას სტრესიც ძალიან დიდი ახლავს. ეს ყველაფერი ოჯახზე როგორ აისახება?
– ჩვენთვის უფრო მძიმე და რთულია ეს ყველაფერი, მით უმეტეს, რაც ბავშვები წამოიზარდნენ. ხომ იცით, როგორი პერიოდია, სოციალურ ქსელში, ვისაც რა უნდა, იმას წერს. იყო საქმეები, რომელთა გამოც ძალიან განიკითხავდნენ. მით უმეტეს, ჩვენი ბიჭი ამ დროს გარდატეხის ასაკში იყო. რასაკვირველია, ბავშვები განიცდიდნენ, მაგრამ ვუხსნიდი და ერთად უფრო მარტივად გადაგვქონდა. ჩვენთვის ბევრად რთული იყო, ვიდრე მიშასთვის. როცა ის თავის საქმეშია ჩართული, შეიძლება, არც იფიქროს, ვინ რას ამბობს ან რას წერს. ასე თუ ისე, ჩვენც მშვიდად ვხვდებოდით ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მშვიდი ცხოვრება გამოვიარეთ. ხალხი ზოგჯერ ძალიან დაუნდობელია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. არადა, ამ დროს მიშა თავის საქმეს აკეთებს. რას ვიზამთ, ვერავის დავუშლით საკუთარი აზრის გამოთქმას.
– თქვენ რამდენად უჭერთ მხარს?
– ყოველთვის მხარში ვუდგავარ. მიუხედავად იმისა, რომ მის არცერთ პროცესზე არ ვყოფილვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახური პრობლემები ავარიდო. მაგალითად, გირგვლიანის პროცესის დროს, როცა ქალბატონი ირინა ენუქიძე სასამართლო პროცესებს ითხოვდა და მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, ხალხი გარეთ გადიოდა, მაშინ მე ფეხმძიმედ ვიყავი და მე და მიშა ერთად დავდიოდით გამოსვლებზე. სხვა მხრივ, ჩემი მხარდაჭერა უფრო იმაში გამოიხატება, რომ სახლში არ შეიქმნას პრობლემები.
– არ გითხოვიათ, ასეთი რთული და გახმაურებული საქმეები არ აეღო?
– მიშას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი პრინციპები და ამის გამო წინააღმდეგობის გაწევა არ გამოვა.
– მისი საქმიანობის გამო რეალური საფრთხის წინაშე ხომ არ აღმოჩენილხართ?
– მუქარა ყოფილა შვილების მისამართით. მაგალითად, უთქვამთ: ვიცით, რომ ახლა შენი შვილი ჩამოდისო, ლიზას დაჰყვებოდნენ და მანქანიდან უთვალთვალებდნენ. კი, ძალიან ძნელია, მაგრამ ამის გამო პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. არც უნდა აჩვენო ვინმეს შიში.
– წარმატებული შვილები გყავთ, თან განსხვავებულ სფეროებში საქმიანობენ. მოვყვეთ მათ შესახებ.
– ლიზა ჩამოყალიბებული მუსიკოსია. საზღვარგარეთ, ესპანეთში სწავლობდა, დედოფალ სოფიას სახელობის აკადემია დაამთავრა. პანდემიის დროს ჩამოვიდა და აქ დარჩა. საზღვარგარეთ აქვს კონცერტები და საქართველოდან დადის გასტროლებზე. ახლა პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო მუსიკალურ სემინარიაში და პედაგოგიც საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. ძალიან მიხარია, რომ მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას ახმარს.
– რადგან თქვენს სფეროშია, კრიტიკული ხომ არ ხართ შვილის მიმართ?
– მართლა ძალიან კრიტიკული ვარ და მეუბნება ხოლმე, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც შემაქოო. ახლა კიდევ უფრო შეიძლება, შევაქო, მაგრამ ბავშვობაში, ვცდილობდი, განვითარებულიყო და ამიტომაც უფრო კრიტიკულად ვუდგებოდი. ახლა ისეთი პროფესიონალია, შეიძლება, აქეთ მომცეს შენიშვნა.
რაც შეეხება ლუკას, მუსიკაზე დადიოდა, ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოზე უკრავდა, მაგრამ თქვა, რომ სპორტი ერჩივნა და თავიც გამოიჩინა. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია ფარიკაობაში. გიტარაზეც უკრავს, სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში, თვითონ ისწავლა კომპიუტერის დახმარებით და თავისუფალ დროს უკრავს, თორემ სპორტული მიზნები აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან