როგორია ერეკლე ბაღაშვილის მიერ ველოსიპედით გავლილი გზა საქართველომდე და ვინ იყო მისი შთაგონების წყარო
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:04
ერეკლე ბაღაშვილი რეკორდსმენი ველომოგზაური გახლავთ, რომელმაც საკუთარი თავი გამოწვევების წინაშე დააყენა და დიდი გამარჯვებებიც მოიპოვა.
ერეკლე ბაღაშვილი: მე და ველოსიპედი ბავშვობიდან ვმეგობრობთ. გარკვეული პერიოდი ველოსიპედს ვიყენებდი, როგორც ყოველდღიურ ტრანსპორტს, ეს იყო ბერლინსა და ნიუ-იორკში. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ კი პირველად გადავწყვიტე ველოსიპედით ყიდვა იმისთვის, რომ სპორტული მიზნებით დავკავებულიყავი. რაღაც მომენტში, ჯერ თბილისიდან ბათუმში მოვინდომე წასვლა და 420 კილომეტრის გავლა. მაშინ პირველად გავიარე დღეში 200 კილომეტრი, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამიღვივა ამ სპორტის მიმართ. გზადაგზა ვისწავლე, როგორ უნდა მომემარაგებინა ჩემი სხეული ენერგიით. შემდეგ პორტუგალიაში წავედი საცხოვრებლად და ჩემი ველოსიპედიც თან წავიღე. იქ ძალიან ბევრს დავდიოდი ამ ტრანსპორტით. პორტუგალიაში ერთი წელი ვიცხოვრე, ვსწავლობდი. იმ პერიოდში ველოსიპედით იმდენი „ვიკატავე“, რომ ძალიან თავდაჯერებული გავხდი, მივხვდი, რომ შემეძლო, დიდი დისტანციები დამეფარა და სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ველოსიპედით წამოვედი.
– დღეს ისეთი მიღწევები გაქვთ, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ძალიან დიდი ხანია, ამ სპორტში ხართ. არადა, ასე არ არის...
– ნამდვილად არ არის დიდი დრო, მაგრამ მე მჯერა, ადამიანს, სწორი მიზნებით და მოტივაციით, მოკლე დროშიც შეუძლია, დიდი შედეგების მიღწევა. პორტუგალიიდან რომ წამოვედი, დაახლოებით, ერთი წელი იყო გასული, რაც სპორტის ამ სახეობაში აქტიური ვიყავი. ერთ წელიწადში მივედი ამ ეტაპამდე და მომინდა, ჩემი ცხოვრების ორი თვე სრულად დამეთმო ველოსიპედისთვის.
– როგორი იყო გზა ველოსიპედით პორტუგალიიდან საქართველომდე. ალბათ, ბევრი თავგადასავალი გადაგხდათ.
– ეს გზა მთლიანად თავგადასავლებით იყო სავსე. თითქოს, ყოველი დღე ფილმს ჰგავდა. ჩემი მიზანი იყო, ეს ორი თვე მაქსიმალურად საინტერესოდ გამეტარებინა. როცა რაღაც მაინტერესებდა, ვჩერდებოდი, როცა მომშივდებოდა, ვჭამდი, როცა ვიღლებოდი, ვისვენებდი. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის არ იყო დაუძლეველი წინაღობა. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი, მაგრამ ჩემი მთავარი გამოწვევა იყო, ამ გზით სიამოვნება მიმეღო და ეს გამოვიდა.
სირთულეებს რაც შეეხება, ყოველდღიურად მიწევდა საკვების მოპოვებაზე ზრუნვა, რაც გარკვეულ ადგილებში მარტივი არ იყო. ფიზიკურადაც არ იყო მარტივი მოგზაურობა, მაგრამ იმავდროულად, რთული იყო მენტალური თვალსაზრისით. ვფიქრობდი, რომ ამ პერიოდში ბევრ რამეს ვიკლდებოდი საქართველოში. სახლი, მეგობრები მენატრებოდა. მიმძაფრდებოდა კითხვა – სწორ გზას ვადექი თუ არა, მაგრამ მალევე ვცემდი ამ კითხვას პასუხს – მე თავგადასავლები მწყუროდა. ერთხელაც არ დამიწუწუნია სირთულეებზე, მაგრამ ყოველ საღამოს, ყოველი მზის ჩასვლისას მეტირებოდა, რადგან ვაცნობიერებდი, რომ ჩემმა ძალისხმევამ სახლთან კიდევ ერთი ნაბიჯით მიმაახლოვა. მიზნის მიღწევა არ არის ისეთი დიდი სიამოვნება, როგორსაც ძალიან დიდი ძალისხმევის დაფასება გაძლევს. ეს იყო მოგზაურობის იდეაც, ყოფილიყო რთული და დაბრკოლებების გადალახვით მივსულიყავი მიზნამდე.
– გზაში არ იყო ბრძოლა და ფიქრი, რომ გაჩერებულიყავით?
– ორ მომენტში დავფიქრდი გაჩერებაზე. პირველად კუჭმა შემაწუხა ძალიან, ენტეროვირუსი დამემართა, ძალიან გამირთულდა და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა, შევძელი ამ პრობლემის მოგვარება. მეორედ, მუხლის პრობლემები დამეწყო და ისე ძლიერად მტკიოდა, მეგონა, შეიძლებოდა ამ ტკივილს გავეჩერებინე. თუმცა, გზადაგზა პედლის ტექნიკა შევცვალე, დანამატების მიღება დავიწყე, ვიპოვე გზა, რომ პრობლემები დაძლევადი გამეხადა და მაინც ჩამოვედი საქართველომდე. როცა გგონია, რომ რამეს ვერ შეძლებ, მაგრამ მცდელობას მაინც არ აკლებ და მიზანს აღწევ, ეს გამარჯვების შეგრძნებას იწვევს და თავდაჯერებულობას გმატებს.
– საერთო ჯამში, ფიზიკურად უფრო რთული იყო თუ ფსიქოლოგიურად?
– ეს ყველაფერი სირთულესთან საერთოდ არ ასოცირდება. პირიქით, დიდი სიამოვნება და პრივილეგიაა, ადამიანმა ორი თვე მოიცალო ისე, რომ რაც გსიამოვნებს, ის აკეთო. კი, რთული იყო, მაგრამ პლუსი გაცილებით მეტი ჰქონდა.
– კვება, ამინდი... ალბათ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
– ნახევარ საათში ერთხელ რაღაც ტკბილეულს ვჭამდი, რომ ენერგია მქონოდა, დილა-საღამოს თვითონ ვიმზადებდი საკვებს და დღეში ერთხელ ადგილობრივებთან ვჭამდი სხვადასხვა კვების ობიექტში. ხალხს ვესაუბრებოდი, მშვიდად ვმოგზაურობდი. ამინდს რაც შეეხება, ბევრჯერ მომიწია წვიმაში მოგზაურობა, თავიდან რთული იყო, რომ სველდები არ არის სასიამოვნო, მაგრამ მერე ხვდები, რომ რაც არის, ის უნდა იყოს, არ დადნები (იცინის).
– მშვიდად ვმოგზაურობდიო, აღნიშნე. არ იყო სახიფათო მომენტები?
– ყოველდღიურ რეჟიმში გზაზე ყოფნა საფრთხის შემცველია, ათასი მომენტია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, ალპებში, კლდეებში, დაახლოებით, 13 საათი ვათრიე ველოსიპედი, რაც ფიზიკურად ურთულესი მომენტი იყო.
– მგონია, რომ თქვენში ეს მოგზაურობა ბევრ რამეს შეცვლიდა...
– მე მთელი ცხოვრებაა ამ დინამიკას მივყვები, ვცდილობ, ჩემში თავდაჯერებულობა გავაძლიერო. ეს იყო გამოცდილება, რომლის დამსახურებითაც ამ მხრივ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე. საკუთარი თავი უძლეველი არ მგონია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა მიზანს თავისი გასაღები აქვს და მე ამ გასაღებების ძებნის ოსტატი ვარ.
– რადგან ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა, შესაბამისად, გაჩნდა კიდევ უფრო დიდი სურვილი, მსოფლიო რეკორდის დამყარება. არა?
– ეს იდეა გზაშივე დაიბადა. როცა სირთულეეებს გავდიოდი, ძალიან დიდ ძალას მაძლევდა კიდევ უფრო ამბიციურ იდეაზე ფიქრი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა რეკორდი, რომელიც ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ის, რასაც იმწუთში ვაკეთებდი, მაგრამ მე მჭირდებოდა ამის გაკეთება გმირის სტატუსისთვის. ამაზე ფიქრისას ძალიან დიდ ენერგიასა და ძალას ვიღებდი.
საბოლოოდ, იმ აზრზე ვიყავი, რომ მე თუ რომელიმე დღისთვის გაწერილი ასკილომეტრიანი მონაკვეთის გავლისას სისუსტეს გამოვიჩენდი, 500 კილომეტრს ვერ გავივლიდი, მაგრამ თუ 500 კილომეტრს გავივლიდი, გმირი ვიქნებოდი. ამ ფიქრში ჩემი ყოველდღიურად გასავლელი ასი კილომეტრი არაფრად მეჩვენებოდა და საერთოდ აღარ მერთულებოდა. როცა რთულ მიზანზე ფიქრობ და გულით გინდა მისი გაკეთება, საკუთარ თავს ისე აწრთობ, რომ ყველაფერი გადალახვადი ხდება.
– როგორ განხორციელდა ჩანაფიქრი, რომელიც მთელი გზა გამოძრავებდათ?
– ბევრად დიდი და გრანდიოზული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. დაახლოებით, ორი კვირა დამჭირდა ორგანიზებისთვის. ათი სპონსორი მყავდა და ძალიან კარგი კოლაბორაცია გამოგვივიდა.
16 სექტემბერს დავიწყე მოძრაობა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღმოსავლეთ წერტილიდან და ურეკში დავასრულე. ეს არის 525-კილომეტრიანი მარშრუტი. მაგისტრალზე არ გადავადგილდებოდი, მეორად გზებზე ვმოძროაბდი, შესაბამისად, საკმაოდ რთული მარშრუტი იყო. ამ მანძილის დასაფარად 29 საათი დამჭირდა. მომენტებში ვჩერდებოდი, ათი წუთი მეძინა კიდეც, თუმცა ეს იყო უწყვეტი მოძრაობა მნიშვნელოვანი შესვენებების გარეშე. პირველი 50 კილომეტრი ვაშლოვანში, უგზოობაში, ძალიან მკაცრი და რთული რელიეფი გავიარე. რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩემს მუხლებს. პირველად 70-80 კილომეტრში ვიგრძენი მუხლების ტკივილი და 120 კილომეტრი რომ მქონდა გავლილი, უკვე ძალიან ძლიერ ტკივილს განვიცდიდი. მაშინ ჩავთვალე, რომ ეს მისია შეუსრულებელი იყო, თუმცა, გზადაგზა წარმოუდგენელმა ძალამ შემაძლებინა წინსვლის გაგრძელება და მყესების ანთებით, ოცი საათი ვიარე ველოსიპედით. თუმცა, ის, რომ მყესების ანთება მქონდა, შემდეგ დამიდასტურა ექიმმა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ტრავმის გამო 4 საათი დავაგვიანე, მინდოდა, 25 საათში ჩავტეულიყავი, თუმცა 29 საათიც რეკორდია. ისეთი გრანდიოზული შედეგი არ არის, როგორიც მინდოდა, მაგრამ ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე, უბრალოდ, რეკორდული დროის დაფიქსირებაა. ამხელა ტკივილი დაძლიო იმის იმედად, რომ დანიშნულების ადგილას ჩახვალ და იქ დაგხვდება, ის, რაზეც თვეები ოცნებობდი, ძალიან ძლიერი განცდაა. ვიტყოდი, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. რეკორდი ოფიციალურად რეგისტრირებულია. ჩემი მოგონილი ზღაპარი სინამდვილეში ამიხდა და ძალიან ბედნიერი ვარ.
– განცდაც – ყოფილიყავით გმირი, რეალობაც იქცა...
– ეს განცდა მარტო იმის გამო კი არ მაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე, მე ვხედავ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც მიყურებენ ისე, როგორც მე ვუყურებდი ჯუმბერ ლეჯავას და სხვა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩემი შთაგონების წყარო გახდნენ. ვხედავ, რომ დღეს მე შემიძლია, სხვისთვის ვიყო მაგალითი, რაც ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





