როგორია ემილიას ერთი დღე და როგორ ერთობა ყველაზე პოპულარული ვიდეოების გმირი გოგონა
ავტორი: ნათია კუპრაშვილი 20:00 15.03, 2021 წელი
ემილია – ყველაზე პოპულარული გოგონა საქართველოში, რომელიც თითქმის ყველა ოჯახმა შეიყვარა და მიიღო. პატარა ქართველების ყველაზე საყვარელი გმირი ვიდეოებიდან, რომლის თამაშისა და გართობის ამსახველი ვიდეოები ყველა პატარას მოსწონს და ბაძავს. ემილია ალიმბარაშვილი დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია. ის, ოჯახთან ერთად, 7 წლის ელისაბედ ყაზიშვილს დაბადების დღეზე ეწვია და მისი გული გაახარა. როგორია ემილიას ერთი ბავშვური დღე, რითი ერთობა, რომელია მისი საყვარელი პერსონაჟები, როგორია ალიმბარაშვილების ოჯახური TV?!
ლევან ალიმბარაშვილი (ემილიას მამა): ემილიას პირველი ვიდეო საჯაროდ, დაახლოებით, 4 წლის წინ განვათავსეთ. ემილიამ პირველივე ვიდეოთი დაიპყრო პატარების და არა მარტო პატარების, გულები და სიყვარული და ყურადღება დაიმსახურა. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ემილია როგორც პირველ ვიდეოში, ასევე ახლაც რეალური ემილიაა, გადმოსცემს რეალურ ემოციებს და უყვარს, რასაც აკეთებს.
– ემილიას თამაშის ვიდეობლოგების ჩაწერა და გამოქვეყნება ვისი იდეა იყო?
– არ დამიჯერებთ და, ეს სურვილი თვითონ ემილიასგან მოდიოდა. ემილია უყურებდა მსგავსი შინაარსის ინგლისურ და რუსულენოვან ვიდეოებს, რაც მაშინ იშვიათობა იყო. საქართველოში კი საბავშვო საერთოდ არაფერი იყო და ემილიამ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ მისთვის გადაგვეღო ასეთი გასართობი ვიდეოები. მშობლებმაც
შევუწყვეთ ხელი ამ ყველაფერში. ეს იყო თვითონ ემილიას იდეა და პირველ რიგში, ამიტომაცაა წარმატებული. შემდეგ თავისით მოვიდა მაყურებლების ამდენი სიყვარული, ყურადღება და მოთხოვნაც, რომ მეტი და მეტი ვიდეო გადაგვეღო.
– ლევან, როგორია ემილიასთვის ჩაწერის პროცესი, ხომ არ იღლება?
– ემილიასთვის ვიდეოს გადაღება, ჩაწერა არის სიხარული და გართობა, მშობლებისთვის – შრომა. (იღიმება). სცენარის მომზადება, გადაღებისთვის საჭირო დეტალების შეძენა, განათების განთავსება, გადაღება, ვიდეომონტაჟი – ეს არცთუ მარტივი პროცესია.
ხშირ შემთხვევაში, თვითონ ემილია გვთხოვს ხოლმე, რომ ვიდეო გადავიღოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრიორიტეტი ბავშვის სწავლა-განათლებაა. Emili TV-ის ვიდეოს კვირაში 1-2-ჯერ ვიღებთ, რასაც თვითონ ემილიას გრაფიკიდან დიდი დრო არ მიაქვს.
– ემილია, ძალიან საყვარელი გოგონა ხარ, პოპულარული... რა თამაშები გიყვარს, გარდა იმისა, რომ ვიდეობლოგებს წერ?
ემილია ალიმბარაშვილი: დანიელასთან თამაში მიყვარს. ჩემი პატარა დაიკო სულ მთხოვს, რომ ვეთამაშო და ამას სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს სხვა მეგობრებთან ერთად. სმარტფონში იშვიათად ვთამაშობ, არ მიზიდავს. საკუთარი ზღაპრების გამოგონება მიყვარს, შემდეგ მე და ჩემი და სპექტაკლად ვდგამთ და დედიკოს და მამიკოს ვაჩვენებთ. სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთები უნდა შეიძინონ. ასევე, მიყვარს ცურვა.
– შენი საყვარელი პერსონაჟები და ზღაპრის გმირები...
– კუდიანი დედაბერი, (იცინის) იმიტომ რომ რაღაც დაჩაგრული მგონია. კიდევ ბევრი საყვარელი პერსონაჟი და ზღაპრის გმირი მყავს, მაგრამ ეს განსაკუთრებით მომწონს.
– ემილია ყველაზე პოპულარული გოგონაა საქართველოში – ბევრი ეფერება, ყურადღებას აქცევს, მასთან ფოტოს გადაღება სურს, ამაზე როგორ რეაგირებს
ლევან ალიმბარაშვილი: ემილიას ძალიან მოსწონს და სიამოვნებს ამხელა სიყვარულსა და სითბოს რომ გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარკში, ქუჩაში ან სავაჭრო ცენტრშია. ბავშვებიდან დაწყებული ბებია-ბაბუებით დამთავრებული სცნობენ, ესიყვარულებიან, რა თქმა უნდა, ბევრი მასთან ფოტოს იღებს. ემილიას არასდროს არავისთვის უთქვამს უარი ფოტოს გადაღებაზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მარტივი არ არის, მით უმეტეს, ბავშვისთვის. ემილიას არ უყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ გულს არავის წყვეტს.
– ემილიას ოჯახი, მისი დედიკო და მამიკო და პატარა დანიელა, როგორია თქვენი ერთი დღე?
– ჩვენი ოჯახის ერთი დღე, ალბათ, არაფრით გამოირჩევა, ვიღვიძებთ ემილიასთან ერთად (უფრო დედიკო), ვაცილებთ სკოლაში. დანიელა შედარებით მოგვიანებით იღვიძებს. თუ ძალიან ცუდი ამინდი არ არის, აუცილებლად ვასეირნებთ ბავშვებს სკვერში, ჰაერზე. ბავშვები რომ იძინებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ კომპიუტერთან მუშაობას, ტანია ამ ბოლო დროს სამზარეულოსთან დამეგობრდა, გემრიელობებს გვიმზადებს ხოლმე. ჩვენ, ასევე, გვაქვს საოჯახო YouTube არხი Emili Family და პატარებისთვის – Dani TV. გვიწევს ვიდეოს გადაღების დაგეგმვა და მომზადება, სიუჟეტისთვის სცენარის დაწერა და ასე შემდეგ. ჩვენთვის, მშობლებისთვის, შაბათ-კვირა არ არსებობს, რეალურად, თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს.
– ემილია, რა გინდა, გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
- ძალიან მინდა, გამოვიდე „ცხოველების დამცველი“, ძალიან მიყვარს ცხოველები და არ მინდა, რომ ვინმემ ცხოველი დაჩაგროს და ცუდად მოეპყროს, ასევე, ძალიან მომწონს მზარეულობა.
– რას ეტყოდა ემილია ჩვენს მკითხველებს?
– ვისაც მე ვუყვარვარ და მიყურებს, დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის – მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს სიყვარულს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მიხარია. დაუჯერეთ დედიკოებს და მამიკოებს, ისწავლეთ კარგად, მე კიდევ ახალი ვიდეოებით გაგახარებთ ხოლმე. ძალიან მიყვარხართ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან