საზოგადოება

როგორი მისტიკური ისტორია ახლავს ანა მიქაძე-ჩიკვაიძის დაბადებას და რა ამბები მოხდა მის ცხოვრებაში სასწაულებრივად

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:54 05.12

ანა მიქაძე
დაკოპირებულია

ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ცხოვრებაში ცნობიერებისთვის რთულად აღსაქმელი ამბები არც თუ ისე იშვიათად ხდება. მისი დაბადებაც კი მისტიკური ისტორიითაა მოცული.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: როდესაც მე დავიბადე, ჩემი მშობლები უკვე საკმაოდ დიდი ასაკის იყვნენ. 12-15 წლით უფროსი და-ძმა მყავს. ცოტა რომ წამოვიზარდე, დედას ვეკითხებოდი, რატომ გამაჩინეთ ასე გვიან-მეთქი.

ჩემი მეზობლები რატომღაც ტობურიას მეძახდნენ და როცა გავიგე, რომ ეს მალულად გაჩენილ ბავშვს ნიშნავდა, კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩნდა. მაშინ მითხრეს, რომ ჩემს მშობლებს, ჩემი უფროსი და-ძმის გარდა, კიდევ ჰყოლიათ შვილი – გოგონა, მათზე უფროსიც, რომელიც ხუთი წლის ასაკში ბატონებით გარდაიცვლილა. თურმე, მის გარდაცვალებას მისტიკური ამბები ახლდა თან, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ისტორიაა. მე ამჯერად ჩემს დაბადებაზე მოგიყვებით.

38 წლის ასაკში დედა ჩემზე დარჩა ორსულად. უკვე დიდი შვილები ჰყავდა, მგლოვიარე იყო და თურმე, ორსულობის შეწყვეტა უნდოდა. ამ მიზნით ექიმთან წასვლას აპირებდა, რომ გონება დაუკარგავს. ამ დროს საკუთარი გარდაცვლილი შვილი უნახავს მუხლებზე დაჩოქილი, რომელსაც უთქვამს: დედა, ხელი არ მახლო, მე ვარ, მე ვბრუნდებიო. ყურადღება არ მივაქციე, – იხსენებდა დედა, ამის თავი არ მქონდა და ისევ დავაპირე ექიმთან წავლა. წასვლის წინ კართან კიდევ ჩავიკეცე და ისევ იგივე სიზმარი ვნახე: ჩემი გარდაცვლილი შვილი მეუბნებოდა: დედა, ხომ გითხარი, მე ვარ, მე, არ მომკლაო. ამის შემდეგ დედას აბორტის გაკეთება გადაუფიქრებია.

დედას არავისთვის უთქვამს, რომ კიდევ ერთ შვილს ელოდა და რადგან გამხდარი ქალი იყო, ორსულობისას წონაში რომ მოუმატებია, ხალხმა ჩათვალა, რომ უბრალოდ, გასუქდა, დედაც, ალბათ, სპეციალურად შესაბამისად იცვამდა. მშობიარობის დრო რომ მოვიდა, რაღაც იზამდა, ყველამ გაიგო, რომ ბავშვს ელოდა და ასე დავიბადე. ამიტომაც მეძახდნენ ტობურიას. ასე მოვევლინე ამქვეყანას და დაბადებიდან მისტიკური ამბები დამყვება. გარდაცვლილი დის სახელი დამარქვეს. მას მარიამი ერქვა. მაგრამი მე ძალიან მაწუხებდა ეს სახელი. მღვდელს შევჩივლე, რატომ მაწუხებს ასე ძალიან-მეთქი. მითხრა, რომ საერთოდ არ არის გამართლებული ადამიანისთვის მიცვალებულის სახელის დარქმევა. მერე ოფიციალურად გადავიკეთე სახელი და თითქოს, ყველაფერი დალაგდა.

არსებული სწავლებების მიხედვით, ადრე, როდესაც ადამიანი სიკვდილის პირას იყო მისული, რომელსაც ვერცერთი ექიმი ვერ შველოდა და არც წამალი, სახელს გამოუცვლიდნენ და მშვიდდებოდა, დაავადებებიც უკან იხევდა და ცხოვრება თავიდან იწყებოდა.

ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას განსაკუთრებულ ცოდნას სძენს. მე ამ ცოდნებს მერე და მერე ჩავუღმავდი და ამან ჩემში განსაკუთრებული უნარები დამანახვა. მაგალითად, დღეს მეზობელმა მეზობელს რომ კორპუსიდან კორპუსში რაღაც გადასძახოს, კედელზე რომ წარწერა დავინახო, მოსმენილი თუ წაკითხული სიტყვა ჩემთვის კოსმოსიდან მოსული მესიჯი აღმოჩნდება. ზუსტად იმ დროს ის წინანდადება მჭირდება ხოლმე. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთხელ და ორჯერ კი არ მომხდარა, უამრავჯერ გამოვცადე. თითქოს, ჩემთვის წერენ კედელზე უცნობი ადამიანები, ჩემთვის ეუბნება ქუჩაში გამვლელი თანამგზავრს რაღაცას. ადრე ამის შესახებ ფსიქოლოგს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, შენ ხარ ამის წამკითხველი, თორემ ყველა ვერ იგებს კოსმოსიდან მიღებულ ნიშნებსო. მე გახსნილი ვარ ამ მესიჯებისთვის. ჯერ არ მომხდარა, რომ რომელიმე გზავნილს ჩემთვის ემტყუნოს. მეტსაც ვიტყვი, ადამიანს რომ გავიცნობ, პირველივე შეხვედრიდან, პირველივე წინადადებიდან ვიცი, რით დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, ეს უკვე ინტუიციაა.

- შვილთან დაკავშირებითაც არ გიმტყუნათ ინტუიციამ...

- ჩემი შვილის ამბავი ბევრმა იცის, როგორ დაიკარგა და როგორ დაბრუნდა სახლში. ის სახლიდან წავიდა და ვერსად ვიპოვეთ. სახლში, კედელზე ჩემი შვილის ნახატი ეკიდა, რომელსაც შევხედე და ვხედავ, ეშმაკებით არის სავსე. ამ დროს ჩვეულებრივი ნახატი იყო, მწვანე ბალახით, მაგრამ მასზე ეშმაკებმა დაიწყეს სიარული არანორმალური სისწრაფით. ხან ერთ ადგილას გაჩნდებოდნენ, ხან მეორეგან. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვხატავდი. მერე ხატვაც საოცრად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ამაზეც მოგიყვებით, მაგრამ მანამდე ჩემი შვილის ნახატსა და ამ ისტორიაზე გავაგრძელებ.

იმ მომენტამდე ჩემი შვილის ნახატზე ასახული იყო ცხენები ცეცხლის ენებში. როდესაც ჩემი შვილი დაიკარგა და ვერსად ვიპოვეთ, გავიხედე ერთ საღამოს და ამ ნახატზე ვხედავ, რომ ცხენის ფლოქვებთან გამოკვეთილი ეშმაკი ზის. მეგონა, რომ მომეჩვენა და ჩემს მეორე შვილს ვკითხე, შენც იგივეს ხედავ-მეთქი?! თქვა: ვაიმე, დავიღუპეთ, დაინახა, ახლა ამას რა გაუძლებს თავის მისტიკებიანადო. თურმე, ყველას დაუნახავს. ავდექი და მწვანე საღებავით დავფარე ეშმაკი, ბალახად ვაქციე. დილა გათენდა და მეორე მხარეს იმავე გამოსახულებას ვხედავ. ისევ მშვიდად ავდექი და ისიც დავფარე. ასე დაიწყო ამ ნახატზე სირბილი ამ ეშმაკმა, ხან ერთგან გამოჩნდებოდა, ხან მეორეგან, მეც ასე მშვიდად, მთელი ნახატი გადავამწვანე. ბოლო დღე იყო. პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, თქვენი შვილი ვიპოვეთ და მორგში მობრძანდით ამოცნობაზეო, ამ დროს ნახატის მარჯვენა კუთხეში, სადაც ჩემი შვილი თავის ავტოგრაფს აკეთებდა ხოლმე, ზუსტად იმ ადგილას, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ქრისტეს გამოსახულება დავინახე. ნახატი დამშვიდდა. მე მაშინ პატრულს ვუთხარი, ჩემი შვილი მორგში არ იქნება, ის ცოცხალია-მეთქი. გზაში ძალიან ბევრი ვიტირე და მერე უცებ ღმერთს მივმართე: ღმერთო, შენ არ არსებობ, რომ არსებობდე, ჩემი შვილი იქ არ დამხვდება-მეთქი. იმავე საღამოს ჩემმა შვილმა დარეკა და მეუბნება, დედა, აქ და აქ ვარ, წამიყვანეო. ჩემს შვილს ჩემთვის სამი წელი დედა არ ჰქონდა დაძახებული. არამცთუ ცოცხალი აღმოჩნდა, წლების შემდეგ პირველად დამიძახა „დედა“. მაშინ, როცა ღმერთს ვსაყვედურობდი თავხედურად, ისიც ვუთხარი, ხუთი წუთით მაინც დამიბრუნე შვილი, დედა დამიძახოს და მერე წაიყვანე, შენი მოცემულია-მეთქი. ეს იყო ყველაზე დიდი სასწაული, რაც ჩემს ცხოვრებაში ასე მყისიერად მოხდა. მე ის დღეები საშინელებათა ფილმის სცენებში ვიცხოვრე. წვიმა, ქარი, სიბნელე, დაკარგული შვილი, რომელიც ჩემ მიმართ მანამდე აგრესიულად იყო განწყობილი, წარმოუდგენელი საშინელება...

მას შემდეგ ჩემს შვილს არაერთხელ ჰქონდა შეტევა, მისი მენტალური დაავადება ასე არ ქრება, მაგრამ მეძახის დედას, დაუბრუნდა იუმორი და შედარება არ არის მის მანამდელ მდგომარეობასთან. გამოჩენის შემდეგ, როცა ის კლინიკაში დავაწვინეთ, ბერი შემოვიდა და ყველაფერი მოვუყევი. ტირილი დაიწყო: ამ ხნის ბერი ვარ და არ მღირსებია უფლისგან ნიშანი, სულ ბრძოლებში ვარ, სულ ჩემს თავს ვეჭიდავები, შენ ერთხელ უსაყვედურე და იმავე დღეს დაგიბრუნა შვილი, გესმის, ეს რამხელა მადლიაო?! მას შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი არსებობს.

დღეს ადამიანს რომ შევხედავ ზუსტად ვიცი, მას რა მოუვა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეწინააღმედეგები, ყოველთვის ხომ არ გამართლდება ჩემი შეგრძნებები-მეთქი, მაგრამ გამორიცხულია, ზუსტად ისე არ მოხდეს, როგორც ვგრძნობდი და ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდეს. სიზმრებიც მაქვს. მაგალითად, ჩემი თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში. წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, მეორე დღეს თავის ქალა ახადეს ტყვიით. ასეთი სიზმრები იმდენად ბევრია, ვერც მოვყვები. ხანდახან ღმერთს ვთხოვ, საერთოდ არაფერი დამესიზმროს. მეშინია, ჩემი სიზმრების. თუ ვინმეს გაფრთხილება შემიძლია, ძალიან ფრთხილად ვეუბნები, რა არ უნდა გააკეთოს, იმას არ ვეტყვი, რომ სიზმარში ვნახე რამე ცუდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სიზმარას მეძახიან.

- ხატვა როგორ დაიწყეთ?

- ამ ასაკში რომ ფუნჯს აიღებ და ხატვას დაიწყებ, თან, ისე, რომ ნახატები იყიდება და ხალხი ელოდება მათ გამოფენას, ჩემთვის ესეც დიდი მესიჯია. ხაზი არ მქონდა გავლებული, როცა ერთ დღეს ავდექი და ხატვა დავიწყე. მაღაზიაში ძაღლის საჭმლის საყიდლად შევედი და თაროზე ორლარნახევრიანი აკვარელი და 50-თეთრიანი ფუნჯი იდო. მოხუც კაცს დაუტოვებია, იქნებ გამიყიდოთო. ხუთი ლარი დავტოვე და წამოვიღე, მაგრამ გზაში ვფიქრობდი, რისთვის მჭირდება-მეთქი. მივედი სახლში და ყვავილი დავხატე. მერე ერთი ნახატი ავარჩიე, გადმოვხატე და „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნე იუმორით. ისეთი ინტერესი გამოიწვია, გაოცებული ვიყავი. მერე დავიწყე ვიდეოების ყურება, რომ ტექნიკა მესწავლა. დავიწყე და დავიწყე... გაუჩერებლად ვხატავდი. მერე მივხვდი, რომ ქართულ მხატვრობაში ყველი არ ჭაჭანებს. მაშინ შევქმენი პროექტი „დახატე ყველი“ და მე თვითონაც ძალიან ბევრი დავხატე.

ხატვა 58 წლის ასაკში დავიწყე და ჩემთვის ესეც მესიჯია – მე უნდა მეხატა. ჩემი მძიმე ისტორიების შემდეგ ესეც თერაპიაა, რომელსაც სამყარო გადასარჩენად გიგზავნის. როცა ვხატავ, არც წნევა მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტიანი ვარ, შაქარიც დაბლა იწევს. ჩემთვის ეს ყველაფერი სასწაულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა