როგორი მეუღლე იყო ვაჟა-ფშაველა და იყო თუ არა ის ბედნიერი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:30 15.08
ეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრების დღიურებია, რომელსაც ფოლკლორისტი, პედაგოგი ეთერ თათარაიძე გვიამბობს:
„ქაქუცა რომ გაიქცევა და ხევსურეთს შეაფარებს თავს, მას და ლევან რაზიკაშვილს, მის თანაჯგუფელს გიმნაზიაში, ვაჟა-ფშაველას შვილს ერთად ტოვებდნენ. მეგობრობდნენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიხრილები იყვნენ სამშობლოსკენ, სხვანაირად არ იქნებოდა, ვაჟას გაზრდილი იყო ის ჩოლოყაშვილი. როცა ჩოლოყაშვილი გაჰყავთ უკვე, ხევსურეთით უნდა გაიყვანონ, მაღაროსკარში ვაჟას შვილი, ლევან რაზიკაშვილი დახვდება კომისარი. ვაჟა ამაზე გიჟდებოდა: იმიტომ არ დაგამთავრებინე გიმნაზია, რომ ამ ადგილას მოხვედრილიყავიო. განა იმიტომ, რომ ცუდ საქმეებს აკეთებდა, პირიქით, კარგ საქმეებს აკეთებდა ლევანი, მაგრამ მამამისს არ უნდოდა. მერე, როცა გაიგებენ, რომ ქაქუცას იარაღი ამან შეინახა და შეიფარა, თივებში კარცახავების ძირში დამალა, ისევ ფშავლებმა გაყიდეს. აპურმარილა, საკვები მისცა, თან გაატანა ქაქუცასო. მერე ეძებდნენ ლევანს. სათიბში, მთებში წასულა ორი სამი დღით. როგორც დასტურდება, დედინაცვალი და პატარა ვახტანგ რაზიკაშვილი გაჰყოლიან მილიციას. დედა ეტყვის ვახტანგს – წადი, ასწავლე მათ სად არის სათიბიო. დაიჭერენ, თიანეთში გადაიყვანენ და იქიდან გააქრობენ. ვინც დაიჭირა, იქ ინტელიგენციის წარმომადგენელი მუშაობდა და მას უთქვამს: ეს ვაჟა-ფშაველას ბიჭია. ერთადერთი ბიჭი ჰყავს და არ გინდათო (ვახტანგი არ ითვლებოდა შვილად. ვაჟა არ აძლევდა გვარს ცხრა წელიწადი. პირველი ცოლი, კეკე, როგორც იცით, მოუკვდა. ოთხი შვილი ჰყავდა მასთან – სამი გოგო და ერთი ბიჭი – ლევანი. ეს დედინაცვალი ღალატობდა ვაჟას). გაკომუნისტებულმა, ჩვენი სამშობლოს გამყიდველმა ხალხმა, ინტელიგენციას პასუხად გასცა – მაგას დავხვრეტთ კი არა, ვაჟაც რომ იყოს ცოცხალი, მასაც მივაყოლებდით და დავხვრეტდითო.
ვაჟა არ იყო პატარა ძალა. მარტო დიდი, გენიოსი მწერალი და პოეტი არ იყო. იგი იყო იმ დროისთვისაც და მუდმივი დროისთვისაც საქართველოსთვის უდიდესი პიროვნება. ყველაფერს შეიგრძნობდა ჩარგალში დარჩენილი პატარა ბიჭი. ვაჟას დედას სიზმარი ენახა და ჰყვებოდა (დედაც ფშაველის ქალი იყო, ფხიკლიშვილი): მესიზმრა, რომ ჩარგალს ვიყავ. ის იყო ცაში გადიოდა სინათლის ზოლი თოკივით, ამ თოკზე ისხდნენ ბიჭები ხუთნი თავისი ფრთებით, ადიოდნენ და ჩამოდიოდნენო. მართლაც, ხუთ ბიჭს გააჩენს: ლუკას, სანდროს, თედოს, გიორგის და ბაჩანას. ყველა უნიჭიერესი თავ-თავიანთ სფეროში. ვაჟა რომ არ ყოფილიყო, თითო ძმა თითო ამბად გამოდგებოდა. გიორგი იურისტი იყო, ის მაინც შორს იყო ამათი განცდებისგან და ყველაფრისგან. იგი პეტრბურგში სწავლობდა. ბაჩანა – მწერალი, თედო – შემკრები ფოლკლორული მასალებისა. ოკეანესავით დიდი მასალა ედო, რომელიც ოქროს ფონდშია დასაცავი. გორში (ცნობილი ამბავია) მთელი ეს ჯიშები – ვაშლის, მსხლის, ერთ-ერთი ძმის, თედოს მიტანილია. მოკლეს თედოც. მთელი სახლ-კარი აუბუნტეს. გულქანამ მითხრა: ერთხელაც ჩამოსულა მამა ქალაქშია. ვერაზე იყო ერთ-ერთი ძმის სახლი, მართლა არაჩვეულებრივი. უშვილო იყო ის ძმა და, ყველა თუ რამეზე მოდიოდნენ ქალაქში, სანდროსთან მოდიოდნენ. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ლაზარეთი. იქ დააწვინეს მომაკვდავი ვაჟა. ამბობდნენ, ლეგენდასავით, რომ წყალს ითხოვს მთისას. მთაწმინდიდან ჩამოუტანენ და იმას სვამს. ბალახებს და ყვავილებს დაუფენენ და იატაკზე წვება, ჩარგალი რომ ენატრებოდაო. ფილტვებით ვეღარ სუნთქავს და იქ კვდება.
ეს ძმები ერთმანეთზე უფრო სახელოვნები იყვნენ. და ჰყავდათ ერთი. ის დისშვილი ჩარგლის სკოლის მასწავლებელი იყო, ჯაფარიძე. მას ვინმე მართა შეუყვარდება, ხელს მოაწერს, ბიჭი ეყოლება, მაგრამ გვარს არ მისცემს. მერე მიდის სოფლიდან და ტოვებს ამათ დას შვილთან, მიხასთან ერთად. ვაჟას მიხა ჰყავდა გაზრდილი როგორც მეექვსე ძმა, უგონო ბიძები იყვნენ. იმ დროს სირცხვილად ითვლებოდ ქალი მიტოვებული ბავშვით... სუყველა ესენი აზროვნებდნენ ევროპულად და იცოდნენ, რომ ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. დისშვილიშვილი სახელად ჰყავდათ. ამათთან ერთად ნელ-ნელა ისიც შეიწირეს კომუნისტებმა. „მე და მამასა ერთ კალაპოტში გვიდგას ფეხები. ისიც ვერაფერს ნატვრას აუსრულებელი წავიდ ამა ქვეყნიდან და მეც ასე მივდივარო“, – თქვა მისმა შვილმა. 90 წლის იყო გულქანა, როცა მე მას ვესაუბრე. ამბობდა, მამას როგორი ხასიათი ჰქონდა, იციო? არ გაუტყდებოდა უქონლობასაო. სულ შიოდათ, სულ სწყუროდათ. გულქანა ცხოვრობდა დიდი ცემენტის სახლში, რომელიც ვახტანგს აუშენეს. ახლაც დგას ეს სახლი, ღობე ჩავლებულია, არც მინდა სასაუბროდ. ჭორაობა არაა ეს, მაგრამ ბინძური ამბავია და მე ვაჟა არ მემეტება ეგეთი რამეებისთვის. სუყველაფერი გამიმხილა გულქანამ, ყველაფერი ვიცი, ის, რაც მისთვს შეურაცხმყოფელი იყო, ცრემლიანი თვალებით შევინახე ამდენხანს ჩემთან და ახლა თვითონ გაამჟღავნეს ახლობლებმა, როცა ძალიან დაიღალნენ მეორე ფრონტით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ვაჟას არცერთ შვილს ბედნიერი, თუნდაც, მშვიდი ცხოვრება არ ჰქონია. თამარი გაათხოვა დედინაცვალმა მილიონერზე (იმ დროისთვის მილიონერზე). მთიანეთში დიდ ცხვარ-ბინა ჰქონდა და დიდი ფული. გულქანი მეტყოდა: პატარები ვიყავით ჩვენი თამარი დედინაცვალმა რომ გაათხოვაო. იმდენი ფული ჰქონდა და ისეთი წუწკი იყო სიძე, რომ კანფეტსაც კი არ მოგვიტანდა ბალღებსო (ჩარგალში რაც ენატრებოდათ ბავშვებს). ერთი ზამთარი გავატარეთ თუშეთში. კანფეტების დიდი მარაგი გვქონდა ხურჯინებით წაღებული. ოთხი და-ძმა ვიყავით და მთელი ზამთარი მომარაგებულები ვიყავით, იმიტომ რომ იქ მაღაზია არ იყო. მახსოვს, რომ მოგვინდებოდა კანფეტი და აღარ იყო, დედა უკვე შაქარყინულს გვიდნობდა. მთელი სოფლის ბალღებს ვურიგებდით კანფეტებს. როგორი წინარე ცხოვრება ჰქონდათ იქ, იმათ ბავშვობაში რომ გაგახედათ ახლა წარმოსახვით... თამარი უშვილოდ გარდაიცვალა. გულქანი თურმანაულზე გათხოვდა, ბიჭი ეყოლა. აი, მანდ მითოლოგიური ამბავია და აი, რა: „წმინდა გიორგი მესიზმრა: მოჰკეცდა ფეხებს იმისა ცხენი, გაიძრო ბეჭედი და გამიკეთა. უკვე ვიცოდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა. ჩემს ქმარს ვუთხარი: თუ ბიჭი გვეყოლება, გიორგი უნდა დავარქვაო“. პატარა გოგოს, ორსულად მყოფს, ძალით გათხოვილს იმისათვის, რომ შინიდან მოცილებულიყო, ხარების ნაცვლად შეაბამდნენ და ათრევინებდნენ თივას, იმიტომ რომ, ასე უნდოდა დედინაცვალს. არ იტყოდა ყველაფერს მაინც გულქანა, ისეთი იყო, ქრისტიანი. მხოლოდ იმას ამბობდა დედინაცვალზე, რა უნდა ექნაო – იქვე გაამართლებდა. სადაც პურს ვინახავდით, იმას კლიტე ედოო. რომ ვეტყოდით, გაგვიღებდა და ხელისგულა ოდენა პურს მოგვიტეხდაო. ჩვენი საყელოც ჭამდა და არ გვეყოფოდა ის, რაც გვქონდაო. ვაჟა არ იყო ბედნიერი, ელემენტარული საარსებო არ ჰქონდა. ჩამოდიოდა ქალაქს, დახეული ჩოხა ეცვა. ერთხელაც რომ ჩამოვიდა ქალაქს, გაიარა ქუჩაზედა, გამარჯობაო, – ბიჭებს უთხრა და არც გახედესო. მიფლეთილს ხომ არაფრად არ თვლიან. შევიდა სანდრო ძიასთან, ჩაიცვა სანდრო ძიას ჩოხა, იმიტომ რომ გამომცემლობაში უნდა წასულიყო, ეს თავის შედევრები უნდა წაეღო. გამაიარა ისევ იმ ადგილზედა და ჩაცმული რომ ნახეს, დაუძახეს: შემოდი, ვაჟა, შემოდიო. შევიდა. ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდეს. დალოცა: აბა, კარგად იყავით, ჯანმრთელადო და გრამი არ დალიაო. ეს ღვინო აიღო და სანდროს ჩოხის მასრებზე დააღვარა. რას აკეთებ, ვაჟაო? – ჰკითხესო. ვაჟამ წეღანაც აქეთ გავიარე დახეული ჩოხითა და ზედაც არ შამომხედეთ. ახლა ეს ჩოხა რომ მაცვია, ჩემი არაა, ჩემი ძმისააო... ხომ ცოდო იყო. განა მარტო ასეთები იყო, რაებს არ აბრალებდნენ საწყალსა. კრება იყო. მეზობელსა სთხოვდა: ამდენი ობოლი მყავს, ჩემს ყანაზედა სახედრები და ცხენები ნუ დაგიდის, გვერდზეა გზა და იმ გზაზე გაიარეთო. მაინცდამაინც ჯინაზე ატარებდნენ. ვაჟა არ იყო ბედნიერი ადამიანი. „ბევრი იკევეთეს მამაი, მაგრამ ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა“, – ამბობდა გულქანა. ვაჟა იდეალური მეუღლე იყო. კეკეზე, პირველ ცოლზე გიჟდებოდა. ის რომ კვდება, ვაჟა იგებს ამ ამბავს, მოდის შინ, ფანდურს ჩამოხსნის და მაშინა მღერის: „იას უთხარით, ტურფასა; მოვა და შეგჭამს ჭიაო...“ დიდი თოვლი მოვიდა, დროზე ვერ მიბრუნდა ვაჟა. საქონელს თივა გაუთავდა და კეკე მიდის ფეხმძიმე მეექვსე შვილზედა, რომ უნდა ჩამოზიდოს ის თივა. იქ დაემართება უბედურება. მუცელი წაერთმევა. ამ სისხლდენას გადაჰყვა. ამ ობოლი ბავშვების ყურება ადვილი იყო ვაჟასთვის?.. მე ვეკითხებოდი გულქანას: გულქან, გახსოვს დედა? რა გახსოვს დედისა? არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ ეგ მახსოვს, რომ ბუხართან ქვაზე ედო თავი, ბალღებს გვეგონა რომ ეძინა. მეზობელი შემოვიდა და მივარდა. კეკე, კეკე ქალოო, – უთხრა და თავი გადაუგორდა დედასაო. მერე ვკითხე: ვაჟამ და მისმა მეორე ცოლმა თამარმა იცოდნენ ჩხუბი-მეთქი. კიო, – მითხრა. ის ვერ ხვდებოდა, ეს რას აკეთებდაო. ერთხელ ყანას ვხნავდით, არ უნდა დაგვძინებოდა. მამაც, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩქარ-ჩქარაო. უცებ ჩაჯდა და რაღაც მინიშვნა დაიწყო პატარა ფურცელზე, ხან გამტვირანებულ ხელებზედა სიტყვებს ჩაინიშნავდა, რომ ის განცდა არ დავიწყდებოდა. ცოლმა უთხრა: იცი, რა, ლუკა, რაღაცას ჯღაპნი, ადექი რა საქმეს მიხედეო. შეხედა მამამ და უთხრა: ე, როგორი ბნელი ხარ, თამარ. შენ რომ იცოდე, ახლა რაც ჩავინიშნე, პირიქით მეტყოდი: გააგრძელე, ლუკა, არ ადგე, ფეხი არ ასდგაო. ერთხელ, ისე იჩხუბეს, გამოიტანა მთელი მისი ბარგი-ბარხანა, გარეთა ჰყრის ეზოშია და ეუბნება: წახვალ დღეს, მოშორდები ამ სახლ-კარს. მე როგორმე მოვუვლი ჩემს ობლებსო და შებრუნდა მამა სახლში. ეს ეზოში დგაას. გამოვიდა და გაღიმეულია მამა. მატყლის ჩასალაგებელი ტყავის საცერივით დიდი გამააქვს, ხოკერი და ეუბნება: შემაიტანე დედაკაცო ყველაფერი. შენ რა თადარიგიანი დედაკაცი ყოფილხარო, – ჰყვება გულქანა. ზღმარტლი ჰქონია დასამწიფებლად ჩაწყობილი. ალბათ, იმ ჩხუბში იფიქრა, სად წავა ღამდებოდაო და შეიბრალა მაინც. ვაჟა ძალიან გულმოწყალე იყო, სხვანაირი და მალევე შერიგდნენო. ბოლოს თქვა: ყველაზე მეტად მამაზე დამწყდა გული, როცა ქალაქში მოკვდა და მე ვერ წამიყვანესო. „ამბავი მოვიდა ქალაქიდანა. მე ხბოებს ვედექი თავზედა. ვიღაც ქრისტეფორე რაზიკაშვილი მოვიდა და მითხრა: გულქან, მამა აღარ გყავსო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან