როგორი მამაა გიორგი გაგნიძე და რა ძალას აძლევს მარიამს მამის განვლილი გზა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 28.07

მარიამ გაგნიძე მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ქალიშვილია. მარიამი კონსერვატორიაში სწავლობს. მან მამის გზა აირჩია და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
მარიამ გაგნიძე: გერმანიაში გავიზარდე. ორი წლის ვიყავი, როდესაც ოჯახით იქ გადავედით საცხოვრებლად, რადგან მამაჩემის პროფესიას ასე დასჭირდა. პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გვიან ასაკში გამიჩნდა. ჩემი გამზრდელი ბებია იყო ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება მუსიკას დაუკავშირა.
– მამა – არა?
– მამა – არა. ის, ძირითადად, სულ გასტროლებზე იყო და ამ საკითხში აქტიურად ვერ ერეოდა. სურდა, რომ ინსტრუმენტი შემესწავლა და ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ რადგან იცოდა, როგორი რთულია მუსიკოსის გზა, მით უმეტეს, კლასიკური განხრით, მაინცდამაინც არ უნდოდა, მუსიკოსი გამხდარიყავი. უფრო პირიქით, მეუბნებოდა: მამიკო, სკოლაში კარგად ისწავლეო.
დედაჩემის დედა, ბებია იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემში მუსიკალური ნიჭი აღმოაჩინა და მიბიძგებდა, ჩემი ცხოვრება მუსიკისთვის დამეკავშირებინა. თან ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სცენა და ესეც მან შეამჩნია. ფორტეპიანოთი დავიწყე და როცა გავიზარდე, საოპერო ხმა აღმომაჩნდა. სცენა, თეატრი, სამსახიობო ოსტატობა ძალიან მიზიდავდა და ამიტომ გადავწყვიტე, საოპერო ხელოვნებას დავუფლებოდი. სხვათა შორის, ეს საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში, მოხდა. ბევრი გაცილებით პატარა ასაკში იწყებს, მაგრამ მამაჩემის აზრით, არ იყო რეკომენდებული საოპერო განხრით ადრე დამეწყო სიმღერა, რადგან შეიძლებოდა, ამას ჩემი ხმა დაეზიანებინა.
– როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– იცოდა, რომ ნიჭიერი ვიყავი და ხმა მქონდა, მაგრამ მაინც მაფრთხილებდა, თუ მთელი გულით არ გეყვარება ეს საქმე, თუ მზად არ ხარ შენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მას დაუთმო და ბევრ რამეზე თქვა უარი მისთვის, მაშინ სჯობს, სხვა პროფესია აირჩიო, რომელიც შენგან შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს. ეს პროფესია 24-საათიან კონცენტრაციას, დიდ ნერვიულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვსო. ისე ამიხსნა, რომ საკმაოდ შეშინებულმა დავიწყე.
– გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება? თან, მთელი ცხოვრება უყურებდით მამის რეჟიმს და კარგად იცოდით, რა და როგორ იქნებოდა.
– სხვათა შორის, არ იყო რთულად გადასაწყვეტი. თითქოს, გული მიგრძნობდა, რომ ეს გზა უნდა ამერჩია. სხვა პროფესიით რომ წავსულიყავი, ვფიქრობ, მთელი ცხოვრება ვინანებდი, რომ არ ვცადე.
თეატრში გაზრდილი ვარ და სცენის მიღმა, რეპეტიციების მაგიას რომ ვხედავდი, იმდენად საინტერესოდ მეჩვენებოდა, რომ „მოვიწამლე“ მუსიკითა და თეატრით. ამიტომ რთული არ იყო, ჯიუტად გადავწყვიტე ამ გზაზე სიარული (იცინის).
– იყო მსოფლიოში აღიარებული ბარიტონის შვილი, ეს, ალბათ, ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა, მაგრამ, როცა თვითონაც საოპერო მიმართულებით მიდიხარ, ასეთი აღიარებული მამის ფაქტორს, რა პლუსები და მინუსები აქვს?
– სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, არ ვიცოდი, რომ ამ ფაქტორს პლუსებთან ერთად მინუსებიც ჰქონდა. ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ სახლში უდიდესი მაგალითი გყავს, რაც დიდი მოტივაციაა. მისი ცხოვრება გიჩვენებს, რას შეიძლება, მიაღწიოს ამ სფეროში ადამიანმა თავდადებული შრომის შედეგად. მისი მაგალითი მიჩვენებს, როგორ უნდა წარვმართო ცხოვრება ამ სფეროში. გარდა ამისა, დიდი ფუფუნებაა, სახლში ვოკალის ასეთი დიდი ოსტატი რომ გყავს.
ის საუკეთესო შემფასებელია. სამწუხაროდ, მამას არ სცალია იმისთვის, რომ თვითონ მამეცადინოს, მაგრამ ძალიან კარგ პროფესორს, გოჩა ბეჟუაშვილს მიმაბარა.
რაც შეეხება მინუსებს, აქამდე ჩემთვის უფრო ხელის შემშლელი იყო ის ფაქტი, რომ მამაჩემი ასეთი დიდი არტისტია. გარშემო მყოფებისგან, თითქოს, შურის მომენტსაც ვგრძნობ ამის გამო. თითქოს ფიქრობენ, შენ რა განაღვლებს, ასეთი მამა გყავს და რაც არ უნდა იყოს, მაინც დაგეხმარებაო. არადა, ეს ისეთი პროფესიაა, ვერავინ დაგეხმარება. თუ კარგად ვერ მღერი და ბევრს არ მუშაობ საკუთარ თავზე, აქ ვერავინ ვერაფერს „ჩაგიწყობს“, ვისი შვილიც არ უნდა იყო, წინ ვერ წახვალ. კიდევ ბევრი ფაქტორია – უფრო მკაცრადაც მაფასებენ, თითქოს, მეტი მომეთხოვება.
– ასეთი მამის შვილს რაღაცები არ ეპატიება?
– კი, ზუსტად ეს დამოკიდებულებაა. არადა, ჯერ სტუდენტი ვარ, საწყის ეტაპზე კი შეცდომები ყველას მოგვდის. ამ მხრივ, ფსიქოლოგიურად ცოტა რთულია, რადგან საკუთარ თავს მეც მეტს ვთხოვ. მამა ყოველთვის მახსენებს, რომ ისიც იყო ჩემს ასაკში, რომ მანაც გაიარა ეს ეტაპი. კარგ ოპერის მომღერლად არავინ იბადება. ადამიანები იბადებიან კარგი ხმით, მაგრამ მთელი ცხოვრება შრომობენ სასურველი ოსტატობის მისაღწევად. ამ გზაზე შეცდომები ყველაზე მეტად გზრდის. მამა თავადაც საკმაოდ მომთხოვნია, მაგრამ სიმკაცრესა და ობიექტურობას შორის ზღვარს კარგად იცავს.
– როგორც მამა, როგორია? ასეთი კარიერის ფონზე როგორ ახერხებს დროის გამოყოფას ოჯახისთვის და გერმანიის შემდეგ სად გააგრძელეთ ცხოვრება?
– როგორც მამა ნამდვილად არ არის მკაცრი. პირიქით, ძალიან მეგობრულია. გერმანიაში 13-14 წლამდე ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა ძალიან გაგერმანელებულები ვიყავით. იქაურობა ძალიან გვიყვარდა, მეგობრები იქ გვყავდა და აქ ჩამოსვლა აღარც გვინდოდა. ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე წელი მაინც საქართველოში უნდა გვეცხოვრა, რომ საკუთარი სამშობლოს შეგრძნება და მისი სიყვარული გვქონოდა. ასევე, ქართული ენის ცოდნის დონეც გაგვეუმჯობესებინა. უკვე რვა წელია, საქართველოში ვცხოვრობთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედით. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ თუ იქ არ იცხოვრე, მაინც დაბნეული ხარ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა და მეორე სამშობლოა გერმანია.
რაც შეეხება მამას, როცა მე და ჩემი ძმა უფრო პატარები ვიყავით, სულ გასტროლებზე იყო წასული და უფრო „სკაიპით“ ვურთიერთობდით. პანდემიის დროს ყველა გასტროლი გაუქმდა და დიდ დროს ვატარებდით ერთად. მანამდეც ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდში განსაკუთრებულად დავახლოვდით და ბევრი რამ გავიგეთ მამაზე. სახლში დროის ერთად გატარებას სხვა ძალა ჰქონია. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. პანდემიის შემდეგ მამა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ამის გამო მუდმივად დანაკლისის შეგრძნება გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ მის კარიერას ასე სჭირდება.
– თქვენთვის რას ნიშნავს ასეთი მამის შვილობა?
– ასეთი მამის შვილობა ჩემთვის ძალიან საამაყოა, ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაც. რთულია, გინდა, იმდენს მიაღწიო, რამდენსაც მამამ, არ გინდა, ნაკლები იყო; გინდა, მხოლოდ ასეთი მამის შვილი კი არა, შენ შენ იყო, საკუთარი სახელი გქონდეს. ეს მომენტები არის, მაგრამ თან, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ოჯახში ასეთი ადამიანი გყავს. გულში სხვა ცეცხლი გაქვს, ძალიან დიდი მოტივაცია გეძლევა, რომ შენც ბევრის გაკეთებას შეძლებ.
კონსერვატორიაში ვსწავლობ და ყოველდღე მიწევს ჩვენს ოპერის თეატრთან გავლა და მამაჩემის ვარსკვლავს ვხედავ. ეს ყოველდღიურად მახსენებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს პროფესია, ჩემს თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელო. როცა რთული დღე მაქვს, მამაჩემის ვარსკვლავთან მივდივარ და საკუთარ თავს ვახსენებ, რომ წინ ძალიან საინტერესო გზა მელის.
– ახლა რა ეტაპია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– ახლა კონსერვატორიის მესამეკურსელი ვარ და შემდეგ წელს ვამთავრებ. ძალიან წარმატებული წელი გამოვიდა, ბევრი კარგი კონცერტი გვქონდა და კონსერვატორიის მადლობელი ვარ ამდენი შესაძლებლობისთვის. რომ დავამთავრებ სწავლას, ჯერ არ ვიცი, სად, მაგრამ სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურის მიმართულებით, რის შემდეგაც კონკურსებში ჩავერთვები.
– თქვენი ძმის ინტერესები როგორია?
– ჩემი ძმა უკვე პირველი კურსის სტუდენტია, გერმანიაშია, ბერლინში, მეორე სამშობლოს დაუბრუნდა და ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს. მან მუსიკა არ აირჩია და მამაც ბედნიერია, მეორე თავსატეხი არ აქვს (იცინის).
– დედის როლზეც მინდა, ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რომ მამა სულ გასტროლზე იყო, დედას მის თუ თქვენს წინაშე დიდი პასუხისმგებლობები ექნებოდა აღებული.
– დედა ყოველთვის ჩვენი ოჯახის საყრდენი იყო, ის, ვინც გვაერთიანებდა. მის გარეშე ვერც მე და ჩემი ძმა ჩამოვყალიბდებოდით ზრდასრულ ადამიანებად და მამაჩემსაც გაუჭირდებოდა კარიერის აწყობა. დედა ძალიან ეხმარებოდა ყველანაირი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად. დედამ უარი თქვა საკუთარ პროფესიაზე, მედიცინაზე, რისი გაკეთებაც ყველას არ შეუძლია და ჩვენზე სრული პასუხისმგებლობა მან აიღო. ჩვენ შორის ემოციური კავშირი ძალიან დიდია. ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია, ვისაც ყველაფერს ვუყვებით. პირველ რიგში, სწორედ მისი რჩევები გვჭირდება. დედაჩემის გარეშე ასეთი ჰარმონიული ოჯახი ვერ გვექნებოდა. ერთ რამეს მივხვდი, როცა ისეთი კარიერა გაქვს, როგორიც მამაჩემს, ან მარტო უნდა იყო, ან დედაჩემისნაირი პარტნიორი უნდა გყავდეს, რომელიც ყველაფერში გვერდით დაგიდგება. ეს იმდენად რთული პროფესიაა, იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ სხვანაირად არ გამოგივა. ასე რომ, მე, ჩემს ძმასა და მამაჩვენს ძალიან გაგვიმართლა და ვცდილობთ, დედას ეს ამაგი დავუფასოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან