საზოგადოება

როგორი მამა იყო ჯემალ ჭკუასელი და რატომ გაუჭირდა მას ქალიშვილის გათხოვებასთან შეგუება

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 21.03, 2023 წელი

ეკა ჭკუასელი
დაკოპირებულია

ეკა ჭკუასელი – „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი, ჯემალ ჭკუასელის ქალიშვილი გახლავთ, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი გზა განაგრძო და საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა ძმასთან – შერმადინთან ერთად აიღო.

ეკა ჭკუასელი: ცეკვა და სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოგეხსენებათ, მამა -– ჯემალ ჭკუასელი, მომღერალი, ლოტბარი და 30 წლის განმავლობაში ჩვენი ანსამბლის, „ერისიონის“, სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ჩვენ მაღალი ხელოვანების გარემოცვაში გავიზარდეთ. ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებული განწყობა იყო, ჩვენთან საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ.

ბავშვობიდან მოყოლებული, ვმღეროდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ცეკვა მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა და მეტწილად მისკენ გადავიხარე. ახალგაზრდობაში დედაც ცეკვავდა. მერე გათხოვდა და ოჯახსა და შვილებზე ზრუნვასთან ერთად, ვეღარ შეძლო კარიერის გაგრძელება. თუმცა, მასაც დიდი სიყვარული ჰქონდა ხელოვნების ამ მიმართულებისადმი და ეს სიყვარული ჩემში ჩადო. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ცეკვა, მაშინ 6 წლის ვიყავი და სკოლის ჯგუფში შემიყვანეს. თუმცა, მალე თავი დავანებე და შემდეგ უკვე, 10 წლის ასაკში, არტოს ბაღში მიმიყვანეს – ბავშვთა მხატვრული აღზრდის სასახლეში. იქ ბატონი ფრიდონ სულაბერიძე და ქალბატონი იამზე დოლაბერიძე ასწავლიდნენ და სწორედ ისინი იყვნენ ჩემი პირველი პედაგოგები. შემდეგ კი ბატონ რევაზ ჭოხონელიძესთან გავაგრძელე სწავლა.

– როგორი იყო თქვენი მაშინდელი წარმატებები?

– ალბათ, არ ვიყავი ურიგო მოცეკვავე, რადგან ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას. არაერთი გასტროლი გვქონდა და 1980 წელს, 12 წლის ვიყავი, როდესაც არგენტინაში მომიწია მოგზაურობა. საბჭოთა პერიოდში ეს საკმაოდ სერიოზული გასვლა იყო. იმ დროისთვის საქართველოდან იქ თბილისის „დინამოს“ შემდეგ, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ნამყოფები. მაშინ საოცარი რეცენზიებიც იწერებოდა და იმდენად მოეწონათ ჩვენი ცეკვა, „პატარა მარადონებიც“ კი გვიწოდეს. სხვათა შორის, ამ მოგზაურობის დროს, ნამდვილ მარადონასაც შევხვდით, ხელიც ჩამოვართვით და ავტოგრაფებიც მივიღეთ. მაშინ ის ამომავალი ვარსკვლავი იყო. მერე და მერე უფრო მეტად დავაფასე ეს შეხვედრა, რადგან წლების შემდეგ უკეთ მიხვდი, რამხელა პიროვნებას შევხვდი.

– ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ამ ანსამბლის ასეთი წარმატება, დიდწილად ჯემალ ჭკუასელის დამსახურებაა. რა სულისკვეთებას ხედავდით მთელი ცხოვრება ამ ადამიანში?

– ეს ანსამბლი 137 წლის არის, უკვე მესამე საუკუნეში შეაბიჯა. ამ წლების განმავლობაში, თუკი ვინმე დიდი ქორეოგრაფი და ლოტბარი არსებობდა, ამ ანსამბლში მოღვაწეობდა. ძალიან ვამაყობ იმით, რომ მამას მოღვაწეობის 30 წელი, ბატონ რევაზ ჭოხონელიძესთან ერთად, ამ ანსამბლის „ოქროს ხანად“ არის აღიარებული. თუმცა, რომ არა კავსაძეების მთელი დინასტია, ჯანო ბაგრატიონი და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი, ჩვენი ანსამბლი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომაც უწოდებენ მას ანსამბლ-მუზეუმს. სიტყვებით ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რასაც მე ამ ანსამბლში ვგრძნობ. ეს ჩემთვის სულის სიწმინდეა, ეს არის ტაძარი, სადაც ყოველდღე ვეზიარები ყველაფერს საუკეთესოს, თუკი რამე შეიძლება, არსებობდეს შემოქმედებითი თუ ადამიანური თვალსაზრისით. ეს განწყობა მამასგან გადმომედო, რადგან მასში ზუსტად იმავეს ვხედავდი. ის ამ ანსამბლის კეთილდღეობისა და წინსვლისთვის ცხოვრობდა.

– მისი პასუხისმგებლობა თქვენ და თქვენმა ძმამ გადმოიბარეთ. რთული იყო ემოციური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით?

– ეს თავისთავად მოხდა. ჩვენ წლების განმავლობაში ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავით. მამამ ჩათვალა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო, თუმცა, ეს მხოლოდ მამას სურვილზე არ იყო დამოკიდებული, ასე ჩათვალა კულტურის სამინისტრომ და ანსამბლის წევრებმაც. პირველ რიგში, ჩემი ძმა – შერმადინ ჭკუასელი დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად, ბატონი რეზოს გარდაცვალების შემდეგ კი მთავარ ქორეოგრაფად მე დავინიშნე. ესეც არ ყოფილა შემთხვევითი, მე 17 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბატონ რეზოსთან ერთად, სცენაზე დგომის პარალელურად, ვიყავი ქორეოგრაფ-რეპეტიტორი და საერთო საქმეში ჩემი წვლილი შემქონდა.

– რამდენად მკაცრი იყო მამა შვილების შეფასებისას?

– ჩვენ არასდროს გვქონია რამე პრივილეგია იმის გამო, რომ მისი შვილები ვიყავით. რამდენის შესაძლებლობაც გვქონდა, იმდენს ვაკეთებდით და შენიშვნებსაც ისე გვაძლევდა, როგორც ანსამბლის სხვა წევრებს, თუ ამას ვიმსახურებდით. ყოველთვის ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ ბატონო ჯემალი მკაცრი იყო. რეალურად ის შრომისმოყვარე ადამიანი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინას. სიმკაცრეც საჭიროა, როდესაც კოლექტივი 90 ადამიანისგან შედგება, ამის გარეშე არ შეიძლება და არც წარმატება მოვა თავისით, მაგრამ პირველ რიგში, ეს იყო დისციპლინა მისი მხრიდან. ამის მიღმა ჯემალი ძალიან თბილი და იუმორით სავსე ადამიანი იყო. გულწრფელად ვამბობ, თუკი რამე შეიძლება დადებითი იყოს ადამიანში, მასში დაინახავდით. შვილისგან შეიძლება, ცოტა უხერხულია მამაზე ამის თქმა, მაგრამ ახლა ვსაუბრობ არა მამაზე, არამედ ჯემალ ჭკუასელზე, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელზე.

მისი გზის გაგრძელება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა, თვითონაც იგივე განცდა ჰქონდა წინაპრების მიმართ. ძალას ისევ მამა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდი მაძლევს, რომელიც ოქროს ხანად შეაფასეს. მინდა თამასა დაბლა არ დავწიოთ და პირიქით, ღირსეულად გავაგრძელოთ ანსამბლის შემოქმედებითი წინსვლა. მგონია, რომ გამოგვდის. ვფიქრობ, რომ მამა ბედნიერი და კმაყოფილი იქნებოდა ბოლო პერიოდის მდგომარეობით. ამის თქმის საფუძველს მაყურებლის მხარდაჭერა და შეფასებები მაძლევს.

– როგორი მამა იყო?

– ძალიან თბილი და მოსიყვარულე. მე ორი ძმა მყავს, ისინი ჩემზე უფროსები არიან და ხმამაღალი სიტყვა არც მათთვის უთქვამს, მაგრამ მე განსაკუთრებულად მათამამებდა. ამის მიუხედავად, ზღვარი ყოველთვის გვქონდა და ჩემს თავს უფლებას არასდროს ვაძლევდი, მისი კეთილგანწყობით მესარგებლა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მამას ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და გასტროლზე წასვლაც ხშირად უწევდა. შეიძლება, რამდენიმე თვე გასულიყო და ვერ მენახა. მე არ მახსოვს, მაგრამ მამა თვითონ ყვებოდა ხოლმე ერთ ისტორიას: ერთხელაც, სახლში მოვედი და ხუთი-ექვსი წლის ეკას ტირილი მომესმა. ამბობდა, მამა მინდაო და გული დამეწვა, ერთი სული მქონდა, მივსულიყავი, გულში ჩამეკრა, მოვფერებოდი და მეთქვა: მამა, მოვედი, აღარ იტიროო. მივედი ხელგაშლილი, უნდა ჩავეხუტო, მაგრამ ეკამ შემომხედა და ტირილით გააგრძელა, მამა მინდაა! ვერ მიცნოო (იცინის). არ ვიცი, რამდენად მართალია, მამამ ყველაფრის გაფორმება და საოცარი მოყოლა იცოდა, მაგრამ სიმართლესთან ახლოს აუცილებლად იქნებოდა (იცინის). მახსოვს ისიც, რომ როცა საშუალება ჰქონდა, მანქანაში ჩაგვისვამდა მე და ჩემს მეგობრებს და ქალაქგარეთ გავყავდით. ერთად დროს ძალიან თბილად ვატარებდით.

– თქვენი მეუღლე, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანსამბლის ცხოვრებაში, ჯერ მამას გაუცვნია. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– როდესაც მამა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე 16 წლის იყო და ანსამბლში როგორც მომღერალი, ისე მივიდა, მამას მოეწონა და მიიღო. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს უფროს ადამიანებთან ურთიერთობა, მასაც კარგი იუმორი აქვს, გახსნილი პიროვნებაა და ის და მამა ძალიან დამეგობრდნენ. კარგი ხმა ჰქონდა, ნიჭიერი მომღერალი გახლდათ და მამას მოსწონდა. მე თბილისში ვცეკვავდი, მაშინ პატარა ვიყავი და ზაფხულობით, არდადეგებზე მამას ქუთაისში მივყავდი. ანსამბლთან ერთად იქაც ვვარჯიშობდი, რომ ფორმა შემენარჩუნებინა. მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი და დავმეგობრდით, ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და როგორც ბავშვს, ისე მიყურებდა. სკოლა რომ დავამთავრე, მამამ თავისთან წამიყვანა, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე და უკვე გაზრდილი გოგო რომ ჩავედი, ჩემს მომავალ მეუღლეს სხვანაირად აუჩქროლდა გული (იცინის). გრძნობებში რომ გამომიტყდა, თავიდან სასტიკად ვიუარე, როგორც მეგობარს, მართლა ისე ვუყურებდი, მაგრამ ალბათ, შიგნით უკვე იყო დამალული რაღაც გრძნობა, რასაც თვითონაც ეწინააღმდეგები, მაგრამ ეს ისეთი მოუსვენარი აღმოჩნდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტვინი გადაეტრიალებინა ჩემთვის და მოახერხა კიდეც (იცინის). მერე გავიპარეთ. ვერც მე და ვერც მან ვერ გავბედეთ მამასთვის რამის თქმა. იმიტომ კი არა, რომ გვეშინოდა, დიდი რიდი გვქონდა. ჩემმა მეუღლემ მამას მეგობრები ჩააყენა საქმის კურსში. უთხრა, ეკა მიყვარს და შეუღლებას ვაპირებთ, მაგრამ ბატონ ჯემალს ვერ ვეუბნები და თქვენ იცოდეთო.

– მამამ რომ გაიგო, რა რეაქცია ჰქონდა?

– ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა, გაბრაზდა და მერეც ამბობდა, იმიტომ კი არ გავბრაზდი, რომ შეუღლდით, პრობლემა ის იყო, რომ არ მითხარითო და ამას ძალიან დიდხანს ვერ გვპატიობდა. რამდენიმე თვე არ გველაპარაკებოდა. ქორწილშიც არ ჩამოვიდა, არადა მის გარდა, თითქმის ყველა ჩვენი ნათესავი იყო. ძალიან დიდი ქორწილი იყო და უცებ, რაღაც მომენტში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დავინტერესდით, რა ხდებოდა და უცებ ექოსავით მოვიდა ხმა, ჯემალი მოვიდაო. მართლაც, თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა, ხელი ჩამოგვართვა, გადაგვკოცნა, მოგვილოცა, მაგრამ არ გაჩერდა, ცოტა ხანი იყო და წავიდა (იცინის). აქედან დაიწყო ყინულმა ლღობა და მერე ჩემს მეუღლესა და მამაჩემს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, შვილებისგან არ არჩევდა, მაგრამ სადღაც მაინც წამოგვაძახებდა ხოლმე, ვერ გპატიობთ, რომ გაიპარეთო (იცინის).

– მშობლებს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონიათ. დედა 17 წლის ყოფილა, როდესაც ბატონ ჯემალს მოუტაცებია და ისინი ექვსი თვის შუალედით გარდაიცვალნენ. მის წარმატებაში როგორი იყო მეუღლის წვლილი?

– ჩვენ დედის დამსახურებით ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. მამაც რომ ასეთი წარმატებული იყო, დიდწილად ესეც დედის დამსახურებაა. ძალიან უწყობდა ხელს. ამასთან დაკავშირებით შეხუმრებულებიც იყვნენ, დედა ეტყოდა ხოლმე, მე რომ არ ვყოფილიყავი, შენ რა ჯემალ ჭკუასელი იქნებოდი, კი ვიციო (იცინის). დედას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, განათლებული და ლამაზი ქალი იყო. მამა სულ ეუბნებოდა ხოლმე: გიული, ხომ იცი, ჯერ მე უნდა წავიდე და მერე შენ, უშენოდ ერთი წუთიც ვერ ვიცოცხლებო. როდესაც დედა გარდაიცვალა, მამას ძალიან გაუჭირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე თვეში თვითონაც დაგვტოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა