საზოგადოება

როგორი მამა და ქმარი იყო გიორგი ანწუხელიძე და რატომ ვერ გრძნობს მეუღლე მის არყოფნას

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 12.06, 2023 წელი

მაკა ჩიკვილაძე
დაკოპირებულია

მაკა ჩიკვილაძე თანამედროვე საქართველოს გმირის – გიორგი ანწუხელიძის მეუღლეა. 2008 წელმა ცხოვრება სამუდამოდ შეუცვალა, დიდი ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ამ ტკივილს ისევ და ისევ მეუღლის დამსახურებით უძლებს.

მაკა ჩიკვილაძე: გიორგი ახლობლის დაბადების დღეზე გავიცანი და იქიდან დავახლოვდით, თუმცა გამარჯობის დონეზე მანამდეც ვიცნობდი. მოგვეწონა ერთმანეთი და ურთიერთობა დავიწყეთ, რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ კი გავიპარეთ. მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა. ხშირად არ იყო სახლში და მარტო მიწევდა ხოლმე ყოფნა. შემდეგ ლევანი შეგვეძინა – ჩვენი პირველი შვილი. მალე გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯარიდან გამოუშვეს. რამდენიმე თვე სახლში იყო და ბავშვს ერთად ვზრდიდით. რამდენიმე სამსახურში სცადა ბედი, მაგრამ ვერაფერი მოირგო, მხოლოდ ჯარში უნდოდა. კუჭის პრობლემები აწუხებდა, წყლული ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვარდა და 2008 წლის მაისიდან ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, სულ რამდენიმე თვის აღდგენილი ჰქონდა თავი სამხედრო სამსახურში.

– სამხედრო სამსახურის გარეშე უჭირდაო, თქვით, თუმცა, თქვენი ოჯახისთვის ის რამდენიმე თვე, ალბათ, საუკეთესო პერიოდი იყო.

– რა თქმა უნდა, ის რამდენიმე თვე განსაკუთრებული იყო. გიორგი ზედმეტად არსად მიდიოდა, არც უნდოდა გარეთ გასვლა. ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. ბავშვს ძალიან დიდ დროს უთმობდა.

– როგორი მამა იყო?

– შვილს მოუთმენლად ელოდა. მე მისნაირი მამა არ მინახავს. ბავშვთან ახლოს არ მაკარებდა. მე მხოლოდ ვაჭმევდი, ის აცმევდა, უცვლიდა, აბანავებდა, ყველაფერს უკეთებდა, რაც პატარას სჭირდებოდა. ივნისში გავიგეთ, რომ მეორე შვილს ველოდით. სასწრაფოდ წამიყვანა სქესი გავიგოთო, მაგრამ არ გამოჩნდა, ჯერ ძალიან პატარა იყო. მოუთმენლად ელოდა, ძალიან უნდოდა გოგო გვყოლოდა და ასეც მოხდა, მაგრამ თვითონ ვეღარ გაიგო ამის შესახებ.

– როგორი მეუღლე იყო?

– მეუღლეც ისეთი იყო, როგორიც მამა – ძალიან კარგი. არ ვიცი, შეიძლება, გრძნობდა, რომ ერთად ცოტა ხანი უნდა ვყოფილიყავით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მისნაირები ბევრნი არ არიან.

– საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი...

– პატარა ასაკიდანვე ოჯახს ეხმარებოდა, ყურადღებას აქცევდა. ისეთი იყო, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. ყველას დახმარება უნდოდა. გაჭირვებულს რომ დაინახავდა, ბოლო კაპიკს ამოიღებდა ჯიბიდან და მისცემდა, მართლა ასეთი იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, ბავშვობას მაინცდამაინც ცუდად არ იხსენებდა. სამწუხაროდ, იმ წლებში არავის ულხინდა, ყველა გაჭირვებაში ცხოვრობდა. მით უმეტეს, გიორგის დიდი ოჯახი ჰქონდა – ორი და ჰყავს, გამზრდელი მამიდა და მშობლები ჰყავდა. გიორგის შემდეგ ორივე მშობელი გარდაიცვალა. მამა ისედაც ცუდად იყო, რომ გაიგო, გიორგი აღარ გამოჩნდა, ლოგინად ჩავარდა და რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. ასე იყო ჩემი დედამთილიც. შეიძლება, გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, ისე განიცდიდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლო. სულ ამბობდა, ჩემი შვილი ცოცხალიაო. არასდროს დაუჯერებია, რომ შეიძლებოდა, გიორგი მართლა მოეკლათ.

– აგვისტოს ომი – რა გახსოვთ იმ დღეებიდან?

– არავინ იცოდა, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო. ყველაფერი უცებ დაიწყო. თბილისში ვიყავით, გიორგი პასპორტს აკეთებდა, ავღანეთში წასასვლელად ემზადებოდა. მე სოფელში გამაცილა, გორის რაიონში და რამდენიმე დღეში ისიც ჩვენთან უნდა ჩამოსულიყო. ჩვენს სოფელთან ცხინვალი ძალიან ახლოს არის, მაგრამ იქ ჯერ არაფერი იგრძნობოდა. რომ დაღამდა, პირველისკენ, უკვე გვეძინა, საშინელი სროლა დაიწყო. იმდენად ახლოსაა ჩვენთან და სახლი ისე ზანზარებდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა. მალე დარეკეს, გიორგის სამსახურში იძახებდნენ. მას ვერ დაკავშირებიან და მე დამირეკეს. მივხვდი, რაც ხდებოდა.

ჯარში განგაში იყო, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, არ მინდოდა, ცუდი რამ დამეჯერებინა. გიორგის დავურეკე და ვუთხარი, გიძახებენ და ფრთხილად იყავი, მგონი, ომი დაიწყო-მეთქი. ამის თქმა მოვასწარი. მიპასუხა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. დილა რომ გათენდა, სოფლიდან წამოვედით. გვითხრეს, აქ გაჩერება საშიშიაო. გზაში კოლონა შეგხვდა, ბიჭები ცხინვალში შედიოდნენ. მათ შორის იყო გიორგიც, მაგრამ მისი ნახვის ან მასთან საუბრის საშუალება აღარ მომცემია. მისი ტელეფონი უკვე მიუწვდომელი იყო. მის მეგობართან ვცადე დარეკვა, მან ვიღაცას დამალაპარაკა, მაგრამ ის ჩემი არა, სხვა გიორგი იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს გიორგი უკვე ტყვედ იყო აყვანილი.

– ალბათ, სრული გაურკვევლობა და ძალიან დიდი ემოციები იყო...

– ეს დღეები კოშმარი იყო. ჯარი რომ დაბრუნდა და გიორგი არ ჩანდა, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. რამდენიმე დღე ველოდით, მერე გაკითხვა დავიწყეთ, სად აღარ ვცდილობდით მისი კვალისთვის მიგვეკვლია და მაშინ გვითხრეს, ტყვედ აიყვანესო. მერე დაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ არ შევჩერებულვართ, ვეძებდით. ზოგს სად ჰყავდა ნანახი, ზოგს – სად, მაგრამ ამომწურავი პასუხი ვერავისგან მივიღეთ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა. ვერცერთი წამით ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, გიორგი არ დაბრუნებულიყო.

– როდის შეეჯახეთ რეალობას?

– როდესაც „დეენემის“ ტესტი გავაკეთეთ. მე ვერაფერში ვიღებდი მონაწილეობას, ძალიან ცუდად ვიყავი, თან ფეხმძიმედ. ჩემი შვილი წაიყვანა ჩემმა დამ და ბავშვს „დეენემის“ ანალიზი გაუკეთეს. მანამდე ის ცნობილი კადრები გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ არ გვაჩვენეს. მერე მითხრეს, ამხელა მუცლით რომ მიადექი, ვინ განახვებდა ამ კადრებსო. ეს კადრები მე იმედს მაძლევდა, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ თურმე, პირიქით, მათში დამაიმედებელი ნამდვილად არაფერი ყოფილა. თუმცა, ის მე დღემდე არ მაქვს ნანახი, არც ჩემს შვილებს უნახავთ. ნოემბერში გადმოასვენეს ათი მიცვალებული და იანვარში, ახალი წლის დღეები იყო, როდესაც „დეენემის“ პასუხი მივიღეთ – მათგან ერთ-ერთი ნამდვილად გიორგი იყო. არადა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, ძებნას ვაგრძელებდით. დედამისი, მით უმეტეს, სად აღარ კითხულობდა. ყველა ხომ ვერ ეტყვის ადამიანს, შენი შვილი ცოცხალი აღარ არისო. ეს ყველაფერი გამოვცადეთ, საშინელება იყო.

– დარჩით პატარით და მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ, დიდი ტკივილით და დიდი პასუხისმგებლობებით...

– ყველა ზრუნავდა ჩემზე. იყო საშიშროება, რომ ბავშვი დამეკარგა. სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ეს მოხდა და 7 თვისას შემექმნა პრობლემა – ბავშვის გულისცემა აღარ ისმოდა. ფიქრობდნენ, რომ ნაყოფი დაღუპული იყო. ყველა სტრესი, რაც გადავიტანე, ბავშვზე გადავიდა და ჩვენ დღემდე ვებრძვით ამით გამოწვეულ პრობლემებს. ბავშვს მცირე მენტალური პრობლემები აქვს, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა. რომ დაიბადა, ძალიან ცუდად იყო. სუნთქვა უჭირდა, ფილტვების პრობლემებს ვებრძოდით. თითქმის ორი თვე კლინიკაში იწვა – მძიმეა, მაგრამ სტაბილური – ამ პასუხით. მთლიანად ბავშვზე გადავერთე. ყველანაირად ვცდილობდი, როგორმე გადაერჩინათ. ყოველდღე კლინიკაში დავდიოდი. ჩემი რძე მიმქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო. მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა გამოძვრა. რაღაც ძალა დაგვეხმარა, რომ ეს ბავშვი სიცოცხლისკენ მობრუნებულიყო. ძალიან ბევრი იბრძოლა გადარჩენისთვის.

– თქვენი მეუღლის სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ცხადია, მისით ძალიან ამაყები ხართ თქვენც და მთელი საქართველო, მაგრამ მეორე მხარეს არის ძალიან დიდი ტკივილი, ბრძოლა შვილისთვის, ზრუნვა უფროს შვილზე და ასე შემდეგ...

– სიმართლე გითხრათ, ბოლომდე დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რაც მოხდა, იმიტომ, რომ მე გიორგი მკვდარი არ მინახავს. რომ გადმოასვენეს, პირდაპირ დაასაფლავეს, მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? ადამიანი ფიზიკურად შენ გვერდით რომ არ არის, მაგრამ მის არსებობას მუდამ გრძნობ. გიორგის სახელი ცოცხალია, ყოველდღე მესმის, მასზე ყოველდღე ვლაპარაკობთ. შეიძლება, სოციალურ ქსელში ვნახო ინფორმაცია მის შესახებ, ტელევიზორში მოვუსმინო, გაზეთში წავიკითხო და ასეთი ადამიანი ყოველთვის ცოცხალია. მე არ მტოვებს განცდა, რომ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად გვერდით არ მყავს. დამიჯერეთ, გიორგი ჩვენ გვერდით არის.

– ასაკით საკმაოდ პატარა იყო. ფიქრობდით, რომ ასეთი გმირობის ჩადენა შეეძლო?

– 23 წლის იყო, 18 აგვისტოს ხდებოდა 24-ის. თავიდანვე ძალიან იყო ჯარზე შეყვარებული. სხვა სამსახურს ვერ ერგებოდა. მე ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, მთავარი იყო გიორგი ტყვედ არ ჩავარდნილიყო, გაქცევით ის არ გაიქცეოდა.

– შვილებს როგორ აცნობთ მამას?

– ჩემმა შვილებმა მამა ტელევიზიიდან, ფოტოებიდან და ჩემი მონაყოლით გაიცნეს. არანაკლებს უყვებიან გიორგის მამიდა და დები. ყოველდღე რაღაცას ვიხსენებთ ხოლმე. ლევანი ძალიან ჰგავს გიორგის, ერთი ერთში მამაა – მიმიკით დაწყებული, ქცევებით გაგრძელებული. ყოველთვის, როცა ამ მსგავსებას ვხედავ, მას ვეუბნები ამის შესახებ. მამას ისეთად იცნობენ, როგორსაც მე ვიცნობდი.

– დარწმუნებული ვარ, მადლობას ძალიან ხშირად უხდიან თქვენს შვილებს, როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე?

– კი, მართლა ასეა. ადამიანები ხშირად გამოხატავენ მადლიერებას მათი მამის გამო. ამით ძალიან ვამაყობთ. ბავშვებს შერცხვებათ ხოლმე, ცდილობენ, არ გაიგონ ვინ არიან, ერიდებათ, მაგრამ ძალიან ამაყობენ მამით.

– თქვენთვის რას ნიშნავს ასეთი ადამიანის მეორე ნახევრობა?

– პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამ სახელის ტარება, მაგრამ ვცდილობ, ისე ვატარო, როგორც ვფიქრობ, რომ გიორგის არ შერცხვებოდა. შვილების მიმართაც ასმაგი პასუხისმგებლობა მაქვს. ძალიან გვინდა, როგორც ჩვენ ვამაყობთ აქ მისით, ისე მან იამაყოს იქ ჩვენით. ვეტყოდით, რომ ძალიან გვიყვარს, მის გარეშე ძალიან გვიჭირს, მაგრამ ისევ ის გვაძლებინებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა