როგორი იყო ილია ზდანევიჩის ცხოვრება და რა გზა გაიარა მან დიდი მასშტაბების აღიარებამდე
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:13
პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, ილია ზდანევიჩი (ილიაზდი) იყო მრავალმხრივი ხელოვანი – წიგნისა და ტანსაცმლის დიზაინერი, მკვლევარი, ქართული, რუსული და ფრანგული ლიტერატურული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რუსული ფუტურიზმისა და დადას თეორეტიკოსი, თბილისური ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ლიდერი, ნიკო ფიროსმანაშვილის პირველი ბიოგრაფი.
დაიბადა 1894 წელს თბილისში. მამამისი – მიხეილი, ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. დედა – ვალენტინა გამყრელიძე, პროფესიით პიანისტი იყო, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე. ილიას ჰყავდა უფროსი ძმა, კირილე ზდანევიჩი, ასევე ფერმწერი.
ილია ზდანევიჩი სწავლობდა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ – პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწორედ იქ დაუახლოვდა ავანგარდისტულ წრეებს. ილია ზდანევიჩმა ცნობილ გაზეთებში გამოაქვეყნა სტატიები ფიროსმანაშვილის შესახებ. მან ფიროსმანის ნამუშევრები გაიტანა მოსკოვში მოწყობილ ავანგარდისტების გამოფენაზე. ფიროსმანის შემოქმედებას ილიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. 1916 წელს დაასრულა და დადგა თავისი პირველი პიესა „იანკო – ალბანეთის მეფე“. წლის ბოლოს თბილისში ჩამოსულმა, ძმასთან ერთად, მოაწყო ფიროსმანაშვილის ერთდღიანი გამოფენა, რომელზეც წარმოადგინა მხატვრის 50 ტილო საკუთარი კოლექციიდან.
1917 წელს მონაწილეობა მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების არქეოლოგიურ ექსპედიციაში და, ლ. გუდიაშვილთან, დ. შევარდნაძესთან, მიხ. ჭიაურელთან და ალ. კალგინთან ერთად, გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების შესასწავლად.
1917 წელს თბილისში გაიხსნა პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“. აქ ილია ზდანევიჩმა რევოლუციის გამო რუსეთიდან გამოქცეულ მეგობრებთან, იგორ ტერენტიევთან, ალექსეი კრუჩონიხთან და ძმასთან ერთად, დააარსა ფუტურისტების ლიტერატურული გაერთიანება, მანვე მოხატა კაფეს კამარის მარჯვენა მხარე. მალე მათ ჯგუფს (პოეზიის ახალ სასწავლებელს) ეწოდა „უნივერსიტეტი 41°“. სწორედ აქ დაიბადა ზაუმის პოეზია, ფუტურისტული ზაუმური დრამების ციკლი. ამ დრამებშია ფუტურიზმის ყველა სიახლე: ზაუმური ენა, ფონეტიკური ორთოგრაფია, სტამბური ანაწყობით თამაში და ვიზუალური პოეზია.
გრიგოლ რობაქიძემ ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის „სმერტ გაპპოსს“ კითხულობდა...“
1920 წლის ოქტომბერში მხატვარი გაემგზავრა საფრანგეთში, რათა ხელოვნების ახალ მიღწევებს გასცნობოდა. საფრანგეთის ვიზის მოლოდინში ერთი წელი გაატარა კონსტანტინოპოლში, სადაც სწავლობდა აია-სოფიის ტაძრის არქიტექტურას. საფრანგეთში ის 1921 წლის ოქტომბერში ჩავიდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
პარიზში ილია ზდანევიჩი გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე, პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონებს, ტრისტან ტზარას, პოლ ელუარს, დადაისტებს. მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში და ატარებდა კონფერენციებს. აქვე პარიზში, კაფე „ქამელეონში“აღადგინა და დაამკვიდრა „უნივერსიტეტი 41°“. იყო „რუს მხატვართა კავშირის“ მდივანი.
1922 წელს, მაიაკოვსკისთან შეხვედრის შემდეგ, საბჭოთა ხელოვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით, დააარსა ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფი „ჩერეზ“.
ილიაზდის, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, საფრანგეთში ეკონომიურად არ უჭირდა. მუშაობდა ქსოვილის დიზაინერად „ბლექ-ბელერის“ ფირმაში, რომელიც 1928 წლიდან ფირმა „შანელის“ კუთვნილებაში გადავიდა. მხატვარი დასაქმებული იყო პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ ანერ-სიურ-სენის გარეუბანში მდებარე ქარხანაში და კოკო შანელის მოდის სახლისთვის ქსოვილების დიზაინს ქმნიდა. იყო ქარხნის დირექტორი, ფირმის დირექტორი.
1931 წელს პარიზში, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობასთან და თაყაიშვილთან ერთად, ილია ზდანევიჩმა შეაგროვა ინფორმაცია 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ და ხელახლა დახაზა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლების გეგმები.
1966 წელს ილია ზდანევიჩმა ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების კონგრესზე წაიკითხა მოხსენება – „კისამოსის ტაძარი კრეტაზე“ და დაურიგა მონაწილეებს თავისი წერილი „რუი გონსალეს დე კლავიოს მოგზაურობა საქართველოში და საათაბაგოს საზღვრისპირა ეკლესიები“, რათა გაეცნო მათთვის თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ნგრევის საგანგაშო მდგომარეობა.
ილია ზდანევიჩი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო მოდელი აქსელ ბროკარი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მათი პირველი შვილის ნათლია იყო კოკო შანელი. მისი მეორე მეუღლე გახდა ნიგერიელი პრინცესა იბირონკე აკინსემოინ, მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც შალვა დაარქვს. მესამე მეუღლე იყო კერამიკის მხატვარი ელენე დუარ-მარე.
ილია ზდანევიჩი 1975 წლის 25 თებერვალს, პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო:art.gov.ge; nplg.gov.ge;
მათიაშვილი ირმა. // ცივილიზაციური ძიებანი;
ციციშვილი მაია ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





