როგორი იყო ელისაბედ მარგველაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში და რა ტრაგედიის შემდეგ დააწყვა მას დიდი პასუხისმგებლობა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.09

ელისაბედ, იგივე ლიზიკო მარგველაშვილი, 1920 წელს ქუთაისში დაიბადა, ფილოსოფოს ტიტე მარგველაშვილისა და მარიამ ხეჩინაშვილის ოჯახში.
ტიტე მარგველაშვილი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. ის 1917 წელს თბილისში გამართულ პარტიის პირველსავე კონფერენციაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად. გამოირჩეოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობით.
ტიტე ემიგრაციაში 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა. გაემგზავრა გერმანიაში. მისი მეუღლე და ქალიშვილი ბერლინში მოგვიანებით, 1922 წელს, ტიტეს ძმამ ვასიკო მარგველაშვილმა ჩაიყვანა. აქვე 1927 წელს შეეძინათ შვილი – გივი მარგველაშვილი.
ელიზაბეტ მარგველაშვილი ბერლინში გაიზარდა და სკოლაც იქ დაამთავრა. 1933 წელს დედამ, მარიამ ხეჩინაშვილმა ტრაგიკულად, თვითმკვლელობით, დაასრულა სიცოცხლე. ლიზიკოს დააწვა უმცროს ძმაზე ზრუნვის ტვირთი. თუმცა, იმის გამო, რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, მან მალე დატოვა სახლი და ცალკე ცხოვრობდა.
არ მოიპოვება ინფორმაცია ელისაბედ მარგველაშვილის უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ადგილების შესახებ. ზოგადად, მისი ბიოგრაფიის შესახებ ცოტაა ცნობილი და გარკვეული ფაქტების რეკონსტრუქცია ოჯახში შემორჩენილი რამდენიმე წერილიდან თუ არის შესაძლებელი.
ელისაბედი 1944 წლამდე ბერლინში ცხოვრობდა და სავარაუდოდ, გარკვეული ხანი ერთ-ერთ სამინისტროში მბეჭდავად მუშაობდა.
1944 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართველების ჯგუფი (ძირითადად, ქართულ ლეგიონში მებრძოლი პირების ოჯახის წევრები), უსაფრთხოების მიზნით, იტალიაში გაიგზავნა. ამ ჯგუფის იტალიაში გაცილება, როგორც ჩანს, ელისაბედ მარგველაშვილს დაეკისრა.
ტიტე მარგველაშვილი საქმეების გამო ბერლინში დარჩა და ლიზიკოს არც უმცროსი შვილი გაატანა თან.
ჯგუფი პალუცაში ჩავიდა. იმ პერიოდს დაემთხვა ქართველი ემიგრანტების შეკრება ზალცბურგში, სადაც მათ სამომავლო გეგმებზე უნდა ემსჯელათ. იქ იყვნენ ტიტე და გივი მარგველაშვილებიც. ლიზიკო ცდილობდა, ხმა მიეწვდინა მათთვის, რათა ოჯახი ზალცბურგიდან იტალიაში წასულიყო და ამით თავი დაეღწია ბერლინს მოახლებული წითელი არმიისათვის. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა. მამა-შვილი ისევ ბერლინში დაბრუნდა.
იტალიაში ლიზიკო გუვერნანტად მუშაობდა ოჯახში. ასევე, ბავშვებს ფლეიტაზე დაკვრას ასწავლიდა. მუშაობდა სტატისტად მხატვრულ ფილმების გადაღებებზე, ასეთი იყო, მაგალითად, ფილმი Caliostro. მისი შეფასებით, ეს საქმიანობა დამღლელი, მაგრამ სახალისო იყო. რეჟისორი, ოლე რატოვი მას ამერიკაში გამგზავრებას სთავაზობდა, რაზეც უარი განაცხადა. ამასობაში იტალიურიც კარგად ისწავლა და თარჯიმნად მუშაობდა გამგზავრების სურვილის მქონე ქართველებისა და რუსებისათვის.
შემდეგ კი არგენტინაში გამგზავრება გადაწყვიტა, რადგან იქ მისი სკოლის მეგობარი ცხოვრობდა: „არგენტინაში გადავწყვიტე წასვლა. გადარეული ვარ, არა? მაგრამ, რა მქონდა დასაკარგი? ბერლინს ჩემს სახლად ვეღარ განვიხილავდი, იმიტომ რომ მსოფლიო ჭკუიდან შეცდა. არგენტინაში კი ახალი, სრულიად ეგზოტიკური შესაძლებლობები მეხსნებოდა, თანაც, საჩუქრად! გემზეც ვმუშაობდი... ყველაფერი კარგად აეწყო. ენების ცოდნის წყალობით, არგენტინაში სამსახურიც ვიპოვე, თავდაპირველად – ფაბრიკებში, შემდეგ სხვადასხვა უცხოენოვან წიგნის მაღაზიაში და ბოლოს მე თვითონ გავხსენი პატარა წიგნის მაღაზია. ეს საქმე ძალიან მიყვარდა და მახარებდა. მაღაზია მაშინ დავხურე, როცა ჩემს ქმარს ბარილოხში მოუწია გადასვლა და მეც თან გავყევი“.
არგენტინელ მეუღლესთან 30 წელი იცხოვრა. შვილები არ ჰყავდათ. უკვე პენსიონერი ბუენოს-აირესში დაბრუნდა, რადგან მისი მეგობრები იქ ცხოვრობდნენ.
1990-იანი წლების ბოლოს ლიზიკო მარგველაშვილი ორჯერ იყო ჩასული ბერლინში, სადაც მოინახულა მისი ძმა, ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი.
გარდაიცვალა 83 წლის ასაკში ბუენოს-აირესში 2003 წელს.
გამოყენებული მასალების წყარო: archive.ge/ka; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან