საზოგადოება

როგორი გზა გაიარა მსოფლიო აღიარებამდე ალექსანდრე ქართველიშვილმა და რა ადგილი დაიმკვიდრა მან მსოფლიო ავიაციის ისტორიაში

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:10

ალექსანდრე ქართველიშვილი
დაკოპირებულია

ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია მსოფლიო ავიაციის ისტორიაში. მას ალექსანდრე ქართველადაც იცნობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი, აშშ საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, დაიბადა ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციითა და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა.

პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვიძა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა გამხდარიყო ჯერ მფრინავი, შემდეგ კი – ავიაკონსტრუქტორი. ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა.

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. მას თან დედაც გაჰყვა, მამა და მისი და თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა.

ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა და იმავდროულად, ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა, კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო ასპარეზობებში.

ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდარული ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე, თვითმფრინავების – Bernard-ისა და Ferbois-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრავმა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა, Bernar-Ferbua V2-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თავისუფალ დროს, ფრანგ ინჟინრებთან ერთად, მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი-ნიუ-იორკის რეისებისათვის. ამისთვის დიდი თანხები იყო საჭირო. ამიტომ მას ამერიკაში წასვლა ურჩიეს, სადაც მის ნიჭს მეტი ასპარეზი ექნებოდა.

ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, კობახიძის, იგივე ჯორჯ კობის შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ ნიუ-იორკში მიიწვია. მათ ერთად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც უწოდეს Uncle Sam. 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში Fokker American Company.

1931 წელს ის შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილ კორპორაცია Seversky Aircraft Corporation-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის ავიაგამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა Republic Aviacorporation, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად ალექსანდრე ქართველიშვილი დაინიშნა.

ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა.

მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 – Thunderbolt („მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში.

არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილებაა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავები: F-84 – Thunderjet, Republic F-105 – Thunderchif და Republic F-84.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. ის აირჩიეს მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე, აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

გამოყენებული მასალების წყარო: ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი): 1896-1974 // 100 ქართველი უცხოეთში; ქუთათელაძე ზურაბ. ალექსანდრე ქართველი - ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში; მახარაძე ირაკლი. ქართველები ამერიკაში; ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; დაუშვილი რუსუდან. ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში; http://www.nplg.gov.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი