საზოგადოება

როგორ უსწრებდა დროს იოსებ ჟღენტის სწავლების არაორდინარული მიდგომები და სად აიხდინა მან დიდი ოცნება

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 13.03

იოსებ ჟღენტი
დაკოპირებულია

იოსებ ჟღენტი მოგვიყვება, როგორია გზა მასწავლებლობიდან სცენამდე. იოსები გახლავთ მასწავლებელი, რომელიც დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარ იუბილეზე დააჯილდოვა. ის ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას.

იოსებ ჟღენტი: მსახიობის პროფესია და სცენა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, როდესაც მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, შვილი ამ პროფესიას გაჰყოლოდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ისტორიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი. სკოლაში სულ აქტიური ვიყავი, ჩემ გარეშე ღონისძიება არ ტარდებოდა. ყველა აღნიშნავდა, რომ სამსახიობო და ორატორული ნიჭი მქონდა და მსახიობის კარიერას მიწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, როგორც ვთქვი, ისტორიული ავირჩიე. მსახიობობა კი ყოველთვის ჩემს ოცნებად რჩებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მეგობარი, ყოფილი მსახიობი ხათუნა ასათიანი მირეკავს და მეუბნება, ვაკეთებ პროექტს „სცენა – ახდენილი ოცნება“ და მინდა, მასში შენც ჩაერთოო. გადმომცა სცენარი – ოთარ ბაღათურიას პიესის „მეფე ლირი მოხუცთა თავშესაფარში“ და მითხრა, რომ მთავარი როლი მე უნდა მეთამაშა. სხვა როლები ჩვენი ქალაქის, ზესტაფონის კოლორიტებზე, სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებზე ნაწილდებოდა. მათგან ბევრი იყო ისეთი, ვისაც ჩემსავით ბავშვობის ოცნებების ახდენა სურდა. რეპეტიციები სამი თვის განმავლობაში გვქონდა და ეს დიდი ბედნიერება იყო. რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი გახლავთ. 2 და 3 თებერვალს ნამდვილი დღესასწაული გვქონდა, რამაც მთელი ქალაქი გააერთიანა. სცენაზე ვიდექით არაპროფესიონალი მსახიობები: მასწავლებელი, ექიმი, ფინანსისტი, საჯარო სამსახურის მოხელეები, პენსიონერი და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად დგომა, ვგულისხმობ ნამდვილ მსახიობებს. მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვცემოდა ჩვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება. პრემიერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. მას ჩემი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ და ყველაზე ბედნიერი ზუსტად იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეები ტაშს მიკრავდნენ. მერე მათაც ვუთხარი ის, რაც გულწრფელად განვიცადე, მე მათთვის ვითამაშე სცენაზე, მე მათთვის გავაკეთე ეს ყველაფერი.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს სცენაზე გამოჩენას?

– გულწრფელად გეტყვით, ქუჩაში მაჩერებენ და მეფერებიან. ქალაქი ითხოვს, კიდევ მნახონ სცენაზე, განსაკუთრებით ჩემი მოსწავლეები (იცინის). უცხო ადამიანებიც საოცარ სიყვარულს გამოხატავენ და მარტო ჩემ მიმართ არა, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სცენაზე იდგა. ამ ამბავს მედიის მხრიდანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სკოლაში წლები გავატარე, ათი წელია, მასწავლებელი ვარ და კოლეგები, მასწავლებლები თუ სხვები, ყველა ერთხმად მეუბნება, რომ სცენა ჩემია, რომ მე იქ უნდა ვიდგე. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ მასწავლებელი მსახიობიც ხარ. თუ სამსახიობო ნიჭი არ გაქვს, გაკვეთილზე ძალიან გაგიჭირდება. გაკვეთილზე კიდეც უნდა იცინო, კიდეც იტირო და თუ საჭიროა, უნდა იცეკვო კიდეც. გაკვეთილი მასწავლებლისთვის ერთი მსახიობის თეატრია.

– ალბათ, თქვენმა მოსწავლეებმაც იციან, რომ მსახიობობაზე ოცნებობდით და ახლა იმის ხილვა, რომ ოცნება ამ ასაკში აიხდინეთ, მათთვისაც კარგი მაგალითია...

– მოსწავლეები რომ მეკითხებიან, რატომ გადადგით ეს ნაბიჯიო, ვუხსნი, რომ ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ვეუბნები, რომ აუცილებლად იქ უნდა წავიდნენ, სადაც თავი წარმოუდგენიათ და ნუ იქნებიან მშობლებზე დამოკიდებული. ისინი იმასაც ხედავენ, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ოცნებებს ეხება, წარმატებულიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო. მგონია, რომ ბავშვებს დიდი მოტივაცია მივეცი და თან, თეატრითაც დაინტერესდნენ, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია. მეუბნებიან: სოსო მას, თქვენ შეძელით ოცნების ახდენა და ჩვენც აუცილებლად უნდა ავიხდინოთო. ვგრძნობ, რომ ამ ნაბიჯით უმცროსი თაობა ძალიან გავამხნევე.

– ხომ არ აპირებთ ოცნების პროფესიას გაჰყვეთ?

– როცა თეატრიდან სკოლაში დავბრუნდი და გაკვეთილზე შევედი, ცოტა დრო დამჭირდა, ვფიქრობდი, რატომ ვიყავი იქ და არა თეატრში. შინაგანი კონფლიქტი მქონდა საკუთარ თავთან. მართალი ყოფილა ის, რაც სცენის მტვრის სიყვარულზე გვსმენია. ძალიან მენატრება რეპეტიცია, სცენა, სპექტაკლი. გაკვეთილების შემდეგ შეიძლება, ავდგე, თეატრში წავიდე და მარტომ ვითამაშო ჩემი როლი ან, უბრალოდ, დავჯდე ცარიელ დარბაზში. აქამდე ყოველთვის მაყურებლის როლში ვიყავი, მსახიობობა ურთულესი პროფესია ყოფილა და ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე. გულწრფელად ვამბობ, მე მირჩევნია, თეატრში ვიყო.

– ამაზე რას ფიქრობს თქვენი მეუღლე, რომელიც იმ სკოლის დირექტორია, სადაც თქვენ მუშაობთ?

– ჩემი მეუღლე, როგორც სკოლის დირექტორი, ძალიან დამიდგა გვერდში. მეუბნება, მგონი, შენს საქმეს მიაგენი და დროა თეატრში წასვლაზე იფიქროო. მე მირჩევნია, ორივეგან ვიყო და ორივეგან ჩემი საქმე ვაკეთო. მინდა, ჩემს მოსწავლეებს თეატრის სიყვარული ვასწავლო და ოცნებების ახდენის მნიშვნელობაც არ დავავიწყო.

– ერთ-ერთი ყველაზე გლამურული მასწავლებელი ხართ, ვინც მინახავს. თქვენი სტილი არ აკვირვებთ ხოლმე მასწავლებლის სტანდარტულ იმიჯს მიჩვეულ ადამიანებს?

– ხშირად მიწევს კომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან და როცა ვამბობ, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ, გაკვირვებული მიყურებენ (იცინის). რომ ვეკითხები, ასე რატომ მიყურებთ-მეთქი, მპასუხობენ, მსახიობი ან მხატვარი გვეგონეთ. თქვენ ისე გამოიყურებით, არ გეტყობათ მასწავლებლობაო. და რატომ უნდა მეტყობოდეს? მე ვამსხვრევ სტერეოტიპებს. ბავშვები გვბაძავენ, მათ სხვანაირი, არაორდინარული მაწავლებელი სჭირდებათ. საერთოდ, ისეთ რამეებს ვაკეთებ, თავიდან რომ უკვირთ, მაგრამ წლების შემდეგ თავადაც აკეთებენ და მეცინება ხოლმე, როცა მახსნდება, რომ მე ეს წლების წინ გავაკეთე. ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და არაჩვეულებრივი კომპლექსური დავალებები გვაქვს, თუმცა, მე ეს დავალებები მანამდეც გამიკეთებია, მაგრამ მაშინ სისტემაში არ ჯდებოდა და იყო ხოლმე გულისწყვეტები. მეუბნებოდნენ, რატომ არის ასეთი თავისუფალი შენი გაკვეთილეობიო. არადა შემოქმედებითი გაკვეთილები, სადაც ბავშვს გამოხატვის საშუალება აქვს, მას კრეატიულობის საშუალებას აძლებს. ამის გამო საყვედურიც მიმიღია – არ შეიძლება, ბავშვს ასეთი თავისუფლება მისცეო. თუმცა, გავიდა დრო და ახლა უკვე სისტემაც იმავეს გვასწავლის, მივედით ამ აზრამზე და ეს მართლა ძალიან მაგარია. ბავშვი ამ პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული და შედეგი არაჩვეულებრივია. ამ ბავშვებისგან მე თვითონ ვსწავლობ ძალიან ბევრს.

– რით განსხვავდებიან თქვენი მოსწავლეები სხვებისგან?

– ჩემი მოსწავლეები ძალიან თავისუფლები და უკომპლექსოები არიან, მაგრამ უზრდელები – არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერესდებიან, რა არის კარგი და რა – ცუდი. ცდილობენ, მასწავლებელს გული არ ატკინონ, არც სხვებს და ვგრძნობ, რომ მათთვის ავტორიტეტი ვარ. ისინიც სწავლობენ და მეც ბევრ რამეს ვსწავლობ ამ საუკეთესო თაობისგან.

– ის წინააღმდეგობები თუ გადალახეთ, რომელიც დასაწყისში გქონდათ თქვენი არაორდინარული მიდგომების გამო?

– უკვე მაღიარეს. კი, იყო წინააღმდეგობები, მაგრამ დაინახეს, რომ ჩემს მეთოდებს შედეგი აქვს. მშობლებიც, ბავშვებიც და საზოგადოებაც ამას აფასებს და უკვე სიახლეებს ელიან ჩემგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №12

20-26 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი