საზოგადოება

როგორ უშველა მამა გაბრიელს ავლიპ ზურაბაშვილმა, როცა ის საბჭოთა ხელისუფლებამ გიჟად გამოაცხადა

№47

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 28.11, 2023 წელი

მამა გაბრიელი
დაკოპირებულია

მამა გაბრიელი რუსეთში არსებულ ყველა წმინდანზე წინ დააყენეს, რადგან მასთან ჩამოვიდნენ და შეეკითხნენ... რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, კირილე რომანოვის მეუღლეს, ლეონიდა ბაგრატიონს, თავისი შვილიშვილი მიუყვანია ბერთან და უკითხავს: აღდგება თუ არა მონარქია რუსეთშიო? მამა გაბრიელს უპასუხია: შენ ვერ მოესწრები და შენი შვილიშვილი მეფე გახდებაო. ეს, მამა გაბრიელის ძალზე საინტერესო დღიურებია. არ გამოტოვოთ.

გზა სალოსობამდე

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია ყოფილი „მოწყალების და“ თამარ ბეგიაშვილი იყო. იმ პერიოდში საქართველოში კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა – იდევნებოდა სარწმუნოება, ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები, უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის პატივსაცემად ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული, ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის ოჯახი დაესმინათ. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა და მარტოობასა და მდუმარებას ამჯობინებდა. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრით და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; გაკვეთილებს კი მცირე ხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს თავისი ბავშვობის ერთი ეპიზოდი გაუხსენებია: „მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა“...

მეორე მსოფლიო ომის დროს გაუბედურებული ხალხი, ვისაც ფრონტიდან ცნობა არ ჰქონდათ ახლობლებზე, ვასიკოსთან მიდიოდა ამბის გასაგებად. მამა გაბრიელი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, ყველას პასუხს აძლევდა და თან უქადაგებდა: „ეკლესიაში იარეთ, ქრისტეს არ მოსწყდეთ და სულის ცხონება არ დაკარგოთ“. პატარა ვასიკოს სიტყვა არასდროს ცუდდებოდა; მადლიერი ხალხიც თანდათან სარწმუნოებას უბრუნდებოდა და ეკლესიაში იწყებდა სიარულს. ხალხისგან პატივისცემას ვასიკო ყოველთვის გაურბოდა და თავის დასამბდაბლებლად ხანდახან ძალიან უცნაურად იქცეოდა: უბანში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ნაგავში ჩაჯდებოდა და ხმამაღლა ამბობდა: „არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოს“. ოჯახის წევრები ვასიკოს ამისთვის ურისხდებოდნენ და სჯიდნენ კიდეც, მაგრამ ხალხი მის დაცინვას და შეურაცხყოფას ერიდებოდა.

შენც ხომ ადამიანი იყავი

გაბრიელ ბერის ცხოვრების ამავე პერიოდს ეხება კიდევ ერთი განსაცვიფრებელი ამბავი: კომუნისტური რეჟიმის დევნისას ხალხი წმინდა ხატებს სხვენსა თუ სხვადასხვა საცავში მალავდა. მრავალ ადამიანს გაუნელდა რწმენა და სიწმინდეებს საჭირო პატივს ვეღარ მიაგებდა. ამნაირად მიადგებოდა პატარა ვასიკო და ეუბნებოდა: „თქვენთან, სახლში (ადგილს ზუსტად მიუთითებდა) ხატი გისვენიათ. ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ანდა მე მომეცით და ჩემთან მექნება; შემდგომ, თუ კვლავ მოინდომებთ მათ პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთ“... მის მიერ აშენებულ ეკლესიაში და სამთავროს დედათა მონასტერში არსებულ კელიაში დღესაც ყველას აოცებს ლამაზად და დიდი რუდუნებით გამშვენებული ხატები, რომლებიც თითქმის სრულად ფარავენ კედლებსა თუ ჭერს, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მომლოცველებსა თუ დამთვალიერებლებზე.

პატარა ვასიკოს თითქოსდა უშფოთველი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედა – ბარბარე, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ქალი გახლდათ. ახალგაზრდობაში ლამაზი შეხედულების ყოფილა და ადრიანად, 14 წლის ასაკში გათხოვდა. პირველი ქორწინებიდან მას სამი შვილი – ემა, მიქაელი და გოდერძი-ვასიკო შეეძინა. შემდეგ ოჯახში მოხდა ტრაგედია; მეუღლე ვასილი გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა. 22 წლის ქალი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემწე არავინ ჰყავდა და იძულებული იყო, ოჯახი მძიმე შრომის ფასად ერჩინა. მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი – ჯულიეტა შეეძინა. პირველი სერიოზული გამოცდა გაბრიელ ბერს 12 წლის ასაკში მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა არ იყო ურწმუნო ადამიანი, პატარა ვასიკოს თითქმის სრულიად უკრძალავდა სარწმუნოებრივ ცხოვრებას. თავდაპირველად, როდესაც შვილმა სარწმუნოებისადმი საოცარი ლტოლვა გამოამჟღავნა, დედის გაკვირვება გამოიწვია. მაგრამ, როდესაც ვასიკოს პიროვნებაში ქრისტეს რწმენამ ღრმა და ჩამოყალიბებული სახე მიიღო, დედამ კატეგორიულად მოსთხოვა შვილს, ხელი აეღო მის არჩევანზე: „ადამიანი არა ხარ, რა თავს იტანჯავ, ჩვეულებრივ, როგორც ყველა, ისე იცხოვრე. თუ გინდა, მორწმუნე იყავი, მაგრამ ისე არა, მხოლოდ სახარება და სარწმუნოება გინდოდეს“. მრავალი წლის შემდეგ, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, როდესაც მძიმედ დასნეულებულ გაბრიელ ბერს სამთავროს მონასტრის სენაკში მოხუცებული დედა და დები ესტუმრნენ, ცრემლმორეულმა ბარბარემ ტირილით მიმართა: განა რა იყო შენი ცხოვრება, გაბრიელ, ტანჯვა-წამების გარდა? ბავშვობა შენ არა გქონია და არაფერი, რა იქნებოდა ცოტა მაინც დაგეჯერებინა და თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავი. გაბრიელ ბერმა თვალებაცრემლებული დედა რომ იხილა, შეწუხდა; შეწუხდა, ერთი მხრივ, იმით, რომ მშობელ დედას კვლავ არ ესმოდა მისი. და მეორე: ის იყო დედა, რომელიც მონაწილე იყო შვილის მძიმე ცხოვრებისა და მისი ეს ცრემლები ღრმა ცხოვრებისეული ტკივილისგან მოდიოდა. ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ მამა გაბრიელმა ლმობიერი ხმით უპასუხა: მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო.

დარაჯი – ბერი სალოსი

16 წლის ჭაბუკი მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით წავიდა. იქ ვასიკოს ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო. მამა გაბრიელის ცხოვრების ამ პერიოდში საგულისხმოა კიდევ ერთი ამბავი: ძველი ვერის სასაფლაოზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერები იყვნენ დაკრძალული, კომუნისტურმა მთავრობამ ბაღის მოწყობა გადაწყვიტა და ტერიტორია ბულდოზერებით მოასწორეს. ამ ბარბაროსული ქმედების შედეგად მიცვალებულთა ძვლები მიწის ზედაპირზეც აღმოჩნდა. ახალგაზრდა ვასიკომ ეს ძალზე განიცადა და ღამღამობით, ფარულად, ძვლებს ტომრებში აგროვებდა და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა. 1949 წელს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმინდა ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმინდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. ამ დროიდან ვასიკო კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა სულიერ ცხოვრებას. სახლის საკარმიდამო ეზოში მცირე ზომის საცხოვრებელი აიშენა, სადაც განმარტოებით, სიმშვიდეში იწყო მოღვაწეობა. წირვა-ლოცვებზე სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა. ახალგაზრდა ვასიკომ მალევე მიიქცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ყურადღება. პატრიარქის კურთხევით, ვასიკომ დარაჯად დაიწყო მუშაობა, შემდგომ კი მედავითნედ მსახურობდა სიონის ტაძარში. 1955 წლის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ვასიკო ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ, გაბრიელი ეწოდა. 3 დღის შემდეგ წმინდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.

დღიდან აღკვეცისა გაბრიელ ბერი საოცარი სიყვარულითა და მოშურნეობით იღწვოდა ღვთისა და მოყვასისთვის. მელქისედეკ მესამის კურთხევით, ჯერ სიონში მსახურებდა, 1960 წლიდან კი ბეთანიის მონასტერში, თავის საყვარელ მოძღვართან მამა გიორგისთან (მხეიძე) და მღვდელ-მონოზონ ვასილთან (ფირცხალავა) ერთად მოღვაწეობდა. 1962 წლის მიწურულს, მამა იოანეს (მაისურაძე), მღვდელ-მონოზონ ვასილის (ფირცხალავა) და მამა გიორგის (მხეიძე) გარდაცვალების შემდეგ, მთავრობამ ბეთანიის მონასტერი დახურა. გაბრიელ ბერი თბილისში დაბრუნდა, სადაც თავის საკარმიდამო ეზოში სრულიად მარტომ დაასრულა შვიდგუმბათიანი, მცირე ზომის ეკლესიის მშენებლობა.

1962-1965 წლებში გაბრიელ ბერი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურობდა, სადაც მცირე მრევლი ჰყავდა შემოკრებილი... როდესაც ღვთის ნება ადამიანთა ცხოვრებაში შემოდის, მაშინ ჩვენი გონებისთვის მრავალი საკვირველი რამ ხდება, – ამბობდა მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი ბევრჯერ გახდა წამების ობიექტი. გარდა იმისა, რომ მას ფიზიკურად აწამებდნენ, იგი გიჟად შერაცხეს. დახვრეტის ნაცვლად, ფსიქიატრიულში მოათავსეს. შემდეგ დააპატიმრეს. დაპატიმრებიდან 7 თვეში გაათავისუფლეს, რაშიც გარკვეული წვლილი მიუძღოდა ღვაწლმოსილ აკადემიკოსს, ავლიპ ზურაბაშვილს. სამი ათეული წლის შემდეგ, როდესაც გაბრიელ ბერი უკვე სამთავროს მონასტერში მოღვაწეობდა, მას სტუმრად ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მართლმადიდებლური მონასტრის წმინდა გერმანე ალიასკელის ძმობის წევრი მღვდელ-მონაზონი გერასიმე, რომელმაც შემდგომში ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი „ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე მსოფლიოში”. წიგნი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „მამა გაბრიელმა დაგვლოცა. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვბრუნდებოდით უკან და არ გვტოვებდა განცდა იმისა, რომ მოწმე შევიქმენით ახალი აღთქმის ეკლესიის ტრიუმფისა ჩვენს დროში“. გავიდა 4 წელი გაბრიელ ბერის ციხიდან და საგიჟეთიდან გათავისუფლების შემდეგ. კომუნისტური ხელისუფლება ვერ ეგუებოდა ბერის გაბედულ მოღვაწეობას და აღმსარებლობას. გადაწყდა მისი ეკლესიის დანგრევა, რაც გამოხატულება იყო პირსისხლიანი წითელი რეჟიმის შინაგანი ბრძოლისა გაბრიელ ბერის წინააღმდეგ. საოცარია, მაგრამ დანგრეული ეკლესია გაბრიელ ბერმა კვლავ აღადგინა. მასთან ბოდიშის მოსახდელად ჯერ მილიციის უფროსი მისულა ფარულად, ხოლო შემდეგ კი – რაიკომის მდივანი. მამა გაბრიელმა ეკლესია-სამლოცველო მალევე აღადგინა, მაგრამ არა პირვანდელი სახით. შვიდი გუმბათის მაგივრად მხოლოდ ერთი და მაღალი გუმბათი დაადგა თავს. დღეს გაბრიელ ბერის მიერ აშენებული ეს საოცარი ეკლესია სწორედ ამგვარი სახით დგას...

1971 წელს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორისა და მიტროპოლიტ ილიას (დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; მისი უწმინდესობა იმხანად სემინარიას განაგებდა) კურთხევით გაბრიელ ბერი დადგინდა სამთავროს დედათა მონასტრისა და სემინარიის მოძღვრად. საცხოვრებლად, მუდმივ მფლობელობაში, გადაეცა სამთავროს მონასტერში მდებარე კოშკი. მამა გაბრიელი ხანდახან წრფელი სიხარულით იტყოდა: „მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით და ორი პატრიარქის კურთხევით მაქვს ეს სენაკი მოცემული“.

ამ სახით და ამ ზომამდე თავმდაბალი

1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში, ეგრეთ წოდებულ, კაკლოვანში, ძალზე მცირე ზომის ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე მონასტერი საქათმედ იყენებდა, შემდგომ კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამ პერიოდში მამა გაბრიელი იშვიათად, სამი დღით ან ერთი კვირით თუ დატოვებდა მონასტერს და შემდეგ ისევ თავის ფიცრულ საცხოვრისს უბრუნდებოდა. ცხოვრების ეს ნირი ერთდროულად გამომხატველი იყო მისი სიმდაბლისა და ასკეტიზმისა: სიმდაბლისა, რადგან ძნელია ადამიანმა ამ სახით, ამ ზომამდე დაიმდაბლო თავი.

გაბრიელ ბერი თითქმის სრულიად ფარავდა თავის სასწაულთმოქმედების ძალას, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სარწმუნოებისა და ქრისტიანული საფუძვლის – ერთარსი სამების დოგმატს – შეეხო, საღმრთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მან ღმრთისაგან მოცემული ნიჭი ცხადად გამოავლინა. ერთხელ მას ესტუმრა ინდუიზმის მიმდევარი

ქართველი, რომელიც წლების განმავლობაში მისდევდა ამ რელიგიას და ინდოეთშიც ხშირად ჩადიოდა დიდი ხნით, სადაც თავისი მასწავლებელი ჰყავდა. მამა გაბრიელმა აიღო პური, ყოვლადწმინდა სამების სახელით ჯვარი გადასწერა და პურის მაგიერ წყალი, ხორბალი და ცეცხლი გამოჩნდა. – კარგად შეხედეთ მოყვასო და ნახეთ: ასევე არის წმინდა სამება სამად განიყოფა: მამად, ძედ და სული წმინდად. შემდეგ, მამა გაბრიელმა ყოვლადწმინდა სამების სახელით კვლავ პირჯვარი გადასახა და წყალი, ხორბალი და ცეცხლი ისევ პურად იქმნა. – როგორც ეს პურია განუყოფელი, ასევე არის წმინდა სამება, ღვთაებით ერთარსი და განუყოფელი. წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მიმსვლელთ. ხოლო მისი სიცოცხლის ბოლო წელს – მკვეთრად, ბოლო ჟამზე დაიწყო ქადაგება. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. – თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაონს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში – შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ.

უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. „იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი“. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან „ხვალე“ – ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს: – მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა: 12 წლიდან შენ მოგდევ, უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე. მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა: – დედა… დედა! დაო…დაო! მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იდგა 1995 წლის 2 ნოემბერი…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი