საზოგადოება

როგორ უყვარდათ ერთმანეთი ელენე დარიანსა და პაოლო იაშვილს და რის გამო გადაეკიდა ეროტიკული ლექსების ავტორი ქალი პოეტს

№27

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 09.07

ელენე დარიანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26 (1226)

წერილის განადგურება აუცილებელი იყო

ქუთაისი. 1915 წლის ზაფხული ილეოდა. ცისფერყანწელები მარიამობის დღესასწაულთან ღირსეული შეხვედრისათვის ემზადებოდნენ. ვარდფენობა იყო ქუთაისში. ვარდების ზღვაში ტალღას თუ აქა-იქ შეარხევდნენ მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების შეცხადებებით და ისიც მალევე ჩაქრებოდა. ქუთაისური ნიავწანწალა ქუჩა-ქუჩა დააქროლებდა ქუთაისური ყვავილების ნაფერთალებს.

იმ დილას ვარდის სურნელით გაიღვიძა პაოლომ. გამოეწყო კიდეც, რომ შეთქმულმა მეეტლემ მისი სახლის წინ ეჟვანი აახმაურა. პაოლო ეტლში ჩაჯდა და ბაგრატის ტაძრის გორიდან, დაბლა, ხიდისაკენ დაეშვნენ. რიონის ხიდის ყურთან საყვავილესთან გაჩერდნენ და იქ შეთქმულებმა დაახვედრეს მინდვრის ცისფერი ყვავილების თაიგული. ეტლი ქუთათურებისთვის კარგად ცნობილი მოღვაწე ქალბატონის, კატო მიქელაძის სახლის წინ გაჩედა. ეტლის კოფოზე და აღვირ-ავშარის გაყოლებაზე ცისფერი აბრეშუმის ზონარი შემოევლოთ. დღეს მიემგზავრება თბილისში ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფელი ელლი და იქიდან განჯისაკენ აიღებს გეზს. დათქმული აქვს იქ, ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს მარიამობის დღესასწაულს.

პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასაგან მოულოდნელად თვითონ შეება, ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელა ბალახის ცისფერი ყვავილებდაბნეული ელლი.

სანამ ეტლი რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა, ქალაქიდან გასავლელი ყველა ქუჩა მასში შებმულმა პაოლომ შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალისგან ატაცებული ყვავილების ნაფერთალები.

ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი და თან ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: „…მალე გაიგებ, ელლი, რაც მოხდება ქუთაისში. ელოდე წერილებს”…

იმ დღის რეჟისორი იყო პაოლო იაშვილი, მთავარი გმირი ელლი ბაქრაძე და მაყურებელი კი ქუთათურები. ყველანი ერთად კი ზეიმობდნენ ცისფერ თეატრალიზირებულ დღესასწაულს. იმ წლის შემოდგომაზე ქუთაისში დაიბადა გალაკტიონ ტაბიძის გენიალური ლექსები: „მთაწმინდის მთვარე“ და „ლურჯა ცხენები“. ორივე ლექსი ხელნაწერების სახით ხელიდან ხელში გადადიოდა. განსაკუთრებით ქუთაისის ქალთა სასწავლებლის მოსწავლე გოგონები იყვნენ აღტაცებულნი. ხოლო იმ დროის სკოლებში, მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმისდა მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში დააშრიალებდა რამდენიმე ცისფერკაბიანი ქალიშვილი და ცისფერპერანგიანი ყმაწვილი. ცისფერი ედებოდა ქუთაისის ქუჩებს. ახალგაზრდობას ჯერ არ ჰქონდა მოოხებული გული „მესაფლავისა“ და „მერის“ ლექსთა სტრიქონებით და კიდევ დაიბადა ორი შედევრი, რომლებიც დაიბეჭდა ჟურნალ „ცისფერი ყანწების“ ფურცლებზე.

სწორედ იმ შემოდგომას, ღვინობის თვის დასაწყისში, ქუთაისს ეწვია „რუსი ავთანდილი“ პოეტი კონსტანტინე ბალმონტი. მისი სტუმრობის ის სამი დღე დიდ დღესასწაულად აქციეს ქუთაისელებმა და ამ ყველაფრის მაესტრო იყო პაოლო იაშვილი.

და მაინც პაოლოსათვის დიდი სიცარიელე იყო ქუთაისში. ცისფერყანწელთა დედოფალი ელლი აქ აღარ სუნთქავდა.

ელლი ბაქრაძე უკვე განჯაში იყო. იმ დღეს სწორედ მარიამობის წვეულებაზე, თედო ბაქრაძის ოჯახში გადაწყვიტეს, რომ ხილის ტაბლა და ყვავილები გაეტანად ქრისტიანების სასაფლაოზე, სადაც გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილი განისვენებდა. ეს ასეც მოხდა. ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი დაჩოქილი იყო ცისფერის აპოლოგეტის, ტატო ბარათაშვილის ნააკლდამართან და ბუტბუტებდა:

„ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდან ვეტრფოდი…“ ელლიმ იმ დღის ისტორია მისწერა პაოლოს. პაოლოს, როგორც გადმოსცემენ, უტირია ამ დღის გამო და მისთვის გაუგზავნია წერილი და ლექსის, „სონეტი ელლის“ ხელნაწერი.

ორივეს სასოებით ინახავდა ადრესატი, მაგრამ წერილის განადგურება აუცილებელი იყო, ხოლო ლექსს, ვერ შეელია. ყველასათვის ცნობილია პაოლოს ეს ლექსი, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ იგი ელენე ბაქრაძისადმია მიძღვნილი.

1915 წლის შემოდგომას და ქრისტესშობის თვეში ქუთაისში კიდევ ჩატარდა რამდენიმე ლიტერატურული საღამო. ცისფერყანწელების ლიდერი სცენიდან უკითხავდა მსმენელებს ელენე დარიანის სამ ლექსს, რომელიც იმჯერად პრესაში გამოქვეყნდა. ქუთაისელები გაოცებულები იყვნენ ჯერ ამ ლექსების გამოქვეყნებით და მერე პაოლოს მიერ სცენიდან წაკითხვის გამო. ერთ-ერთ საღამოზე კი მსმენელებმა ორატორს ლაყე კვერცხებიც კი დააყარეს.

ელენე დარიანი და მისი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება

ქუთაისური ლიტერატურული საღამოების შთაბეჭდილებებია გადმოცემული ელენე ბაქრაძისადმი მიწერილ წერილში, რომლის ავტორია მისი ბიძა იაზონ ბაქრაძე. ნაწყვეტი ამ წერილიდან: „...შენი მინიატურა მომივიდა და ძლიერ მომეწონა. გადავეცი რედაქციაში და დაბეჭდეს კიდეც. ამასთანავე გიგზავნი გაზეთიდან ამოჭრილ ადგილს და ამასთანავე მთელ ნომერს, რომელშიც იყო ის დაბეჭდილი რედაქციაში მოუხდენიათ მხოლოდ ორი ცვლილება: ერთი ამოუშლიათ – „ვუძღვნი შორეულს“, იმ მოსაზრებით, რომ ასეთი მიძღვნა ვითომ არაფერს ამბობს, – ადრესატი არ ჩანსო. მეორე – ჩაის ვარდი – გაუსწორებიათ ლურჯ ვარდად. მართალია, უხერხული სიტყვა არის ჩაის ვარდი, მაგრამ „ლურჯის“ მაგიერად „თეთრი“ რომ დაებეჭდათ, იქნებ უკეთესი იქნებოდა, რადგან თეთრი უფრო მოგაგონებს კაცის სისპეტაკეს და უმანკოებას. ძლიერ მაინტერესებს ზაფხულში „სამშობლოში“ დაბეჭდილი ლექსის (ელლის) ფსევდონიმი და ახლანდელი მინიატურის ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნის თუ არა? ის ლექსიც კარგი იყო, როგორც მაშინ გითხარი. მაინტერესებს კიდევ ერთი რამ: გისინჯავს თუ არა მოთხრობების წერა? თუ მოთხრობებსაც ისე ლამაზად დასწერ, როგორც მინიატურები დაგიწერია, მე მაშინ მოთხრობების წერას მივცემდი უპირატესობას, რადგან ასეთ მინიატურაში ჩვეულებრივად წუთიერი განცდაა, შთაბეჭდილებაა გამოსახული, მოთხრობებში შეგიძლია დახატო მთელი ცხოვრების სურათები, მრავალ ტიპთა დასურათება, ადამიანის სულის განსახიერება მთელი მისი ტანჯვითა და სიხარულით. ეს კია, მოთხრობების წერას მეტი შრომა უნდა, მეტი დაკვირვება, სხვისი ვნებათაღელვის, ტანჯვისა და სიხარულის შენს სულის ცეცხლში გატარება! ელენე დარიანის ლექსები პაოლო იაშვილმა წაიკითხა თეატრში ერთ ლიტერატურულ საღამოზე; მე არ დავსწრებივარ, მაგრამ გადმომცეს, რომ მეტად თამამად დაწერილია, იმდენად თამამად, რომ ბევრმა შიგ პორნოგრაფია დაინახა და თეატრიც მიატოვაო. რა სამწუხაროა. ლირიკაში პორნოგრაფია რა საჭიროა, ლირიკულმა ლექსმა თავისი სიფაქიზით ადამიანის სულის, ღრმა განცდის ლამაზი გადმოცემებით უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ესე იგი, ადამიანის, მსმენელის სული უნდა ააღელვოს, აამოძრაოს და არა მისი გრძნობიერება. სწორედ ამით განირჩევა ნამდვილი ლირიკული ლექსი პორნოგრაფიისაგან, რომ პირველი აღელვებს, აღვიძებს ადამიანის სულს, გრძნობას, მეორე კი – გრძნობიერებას. მე, სამწუხაროდ, თვითონ არ მომისმენია დარიანის ლექსები და არ ვიცი, რომელი დარგის ლექსს უფრო შეეფერება, მაგრამ ზოგიერთმა დამსწრემ გადმომცა ის, რაც ზევით მოგახსენე. მეთანხმები ამაში? ვინ არის ელენე დარიანი? მისი ლექსები, რომ წამეკითხა, უფრო კონკრეტულად გამოვთქვამდი ჩემს აზრს: დასასრულ უნდა გითხრა, რომ მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ შენი წერა ცელქობა კი არ არის, არამედ სერიოზული მოწოდება და თუ განავითარებ შენს ნიჭს და იშრომებ, ასე დიდს ნუგეშს მიანიჭებ შენს სულს ცხოვრების ეკლიან გზაზე მსვლელობის დროს. შენი ცხოვრება ჯერ მომავალშია და ამ დიდი ხნის განმავლობაში ვინ იცის ცხოვრება რამდენნაირად არ შესცვლის შენს სულიერ განწყობილებას და ხელოვნება იქნება შენთვის ნუგეში და სიხარული.

გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას, სახელსა და დიდებას.

მარად მოსიყვარულე ბიძია იაზონი.“ 1.X,915

როგორც ჩანს და მოტანილი წერილიდანაც დადასტურდა, რომ ბევრი რამ ხდება ქუთაისში.. თვით წერილებში კი ბევრი საგულისხმო ფაქტია მოცემული, მაგრამ მაინც უცნობი დარჩა, თუ ვინ იყო ელენე დარიანი. საიდუმლოების მიზეზი იყო თვით ელენე დარიანი და მისი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება.

ასე ორჭოფული აზრით დამთავრდა მღელვარებით სავსე 1915 წელი.

პაოლო ქუთაისში ბობოქრობს, მშვენიერი ელლი კი გულსევდიანი განჯაში დააბიჯებს.

ელენე დარიანი საშიშია

1915 წელს პაოლო იაშვილმა ქუთაისში საჯაროდ წაიკითხა ეროტიკული შინაარსის ლექსი, რომელიც ერთ-ერთია ლიტერატურაში „დარიანული ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი 14 ლექსიდან. ამ ლექსების ავტორად იაშვილმა ვინმე ელენე დარიანი დაასახელა და საზოგადოებას ავტორის დაუსწრებლობის გამო ბოდიშიც მოუხადა. ლექსების შინაარსი თამამად გადმოსცემდა ქალის ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს, რამაც ბევრი დამსწრე აღაშფოთა. ერთმა ქალმა მსმენელმა დარბაზიც დატოვა. „ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის, ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს.“ – წერდა გაზეთი სამშობლო 1916 წელს.

ელენესგან გადარჩენილი კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია და ელენე ბაქრაძე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს შავჩოხიანები: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი შავ ცხენებზე ამხედრებულები სწვევიან ცისფერყანწელთა დედოფალს – ელენე დარიანს. მათთვისაც მოუგვრიათ ორი ცხენი და უთხოვიათ: შენ და სიმონ ჯანაშია უნდა გახდეთ ჩვენი ძმობის წევრებიო. შავჩოხიანებს ელენე დასთანხმებია, მაგრამ სიმონ ჯანაშიას უთხოვია, შეწყვიტეთ ასეთ რამეზე ფიქრიც კი, თორემ მთავრობაში უკვე იციან ამის შესახებ და დაგვაპატიმრებენო. მე, პირადად, ყოველთვის თქვენთან ვიქნები, მაგრამ ივანე ჯავახიშვილს ვერ ვუღალატებ, თუ არ შეწყვეტთ ამაზე ფიქრს, იმასაც დააპატიმრებენ და ჩვენცო. ასე რომ, ჩაიშალა შავჩოხოსანთა ის ლაშქრობა. იმ პერიოდში შეუძლოდ შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდია. ის მოსკოვში წავიდა სამკურნალოდ და იქიდან საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ელენემ მის სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად გზის ფულისთვის თავის ყველა სამკაული გაყიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა