როგორ ცვლის უკეთესობისკენ ბარიატრიული ქირურგია ადამიანების ცხოვრებას და რა მითები არსებობს წონის კლების ამ თანამედროვე მეთოდზე
ავტორი: „თბილისელები“ 12:41 17.03

ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომელთა შედეგად ხდება წონის მნიშვნელოვანი კლება და შესაბამისად, ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ბარიატრიული ქირურგიის შესახებ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ზოგადი და ბარიატრიული ქირურგი – გია მოსიაშვილი.
– რატომ აირჩიეთ ბარიატრიული ქირურგია?
– ჩემი პროფესიული კარიერის დასაწყისში საქართველოში მუცლის ღრუს ოპერაციების თითქმის ასი პროცენტი ტრადიციული, ღია წესით კეთდებოდა. რაც უფრო მეტი წონა ჰქონდა პაციენტს, მით უფრო რთული შესასრულებელი იყო ოპერაცია და მით უფრო დიდი განაკვეთები კეთდებოდა მუცლის წინა კედელზე. უზარმაზარი ჭრილობები ხშირად იმაზე რთული სამკურნალო იყო, ვიდრე ის დაავადება, რის გამოც ოპერაცია კეთდებოდა. ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა საავადმყოფოებში მაღალტექნოლოგიური ლაპაროსკოპიული აპარატურისა და ქირურგიული ინსტრუმენტების გამოჩენამ. მორბიდულად მსუქან პაციენტებში განაკვეთების გარეშე გაკეთებულმა ბარიატრიულმა ოპერაციებმა მინიმუმამდე დაიყვანა გართულებების რისკი. ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია არ არის მხოლოდ წონის კლება – ეს არის შესაძლებლობა, პაციენტებს დავეხმაროთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევასა და ახალი, აქტიური ცხოვრების დაწყებაში. ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციები გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შევამციროთ წონა, არამედ რეალურად შევცვალოთ ადამიანის ცხოვრება.
ბარიატრიული ქირურგია კომპლექსური დარგია. მოითხოვს გამოცდილებას როგორც ლაპარასკოპიულ, ასევე, ღია ქირურგიაში, ტექნიკურ სიზუსტეს, საექიმო გუნდის მჭიდრო კოორდინაციას და მუდმივ განვითარებას. განსაკუთრებულია პაციენტების მეტამორფოზაც, რომელსაც ისინი განიცდიან ოპერაციის შემდეგ. სწორედ ეს გამოწვევები და შესაძლებლობა, რეალური ზემოქმედება მოვახდინო პაციენტებზე, გახდა მიზეზი, რომ ამერჩია ბარიატრიული ქირურგია.
– რა კატეგორიის პაციენტებში კეთდება ბარიატრიული ოპერაციები და რა ძირითადი მიზნები აქვს ამ ტიპის ქირურგიას?
– ბარიატრიული ოპერაციები რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40 ან მეტი, ან BMI 35-39.9 თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სუნთქვის პრობლემები, მათ შორის ძილის აპნოე, ართროზი და სახსრების დაავადებები, ასევე სიმსუქნესთან ასოცირებული სხვა დაავადებები; ან BMI >30 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. გარდა ამისა, ოპერაცია განიხილება იმ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ცვლილებების დახმარებით წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს წონის დაკლებას.
– ბარიატრიული ოპერაციები „ნიუ ჰო- სპიტალსში“.
– „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაპაროსკოპიული აპარატურით, რაც დაწესებულების ბარიატრიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, ვაწარმოოთ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები. ეს ოპერაციებია: კუჭის ვერტიკალური რეზექცია (იგივე სლივ გასტრექტომია), კუჭის ტრადიციული შუნტირებისა და ერთანასტომოზიანი შუნტირების ოპერაციები. ასევე, ოპერაციები წარსულში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციების არადამაკმაყოფილებელი შედეგების კორექციისთვის.ოპერაციების შემდეგ პაციენტები იმყოფებიან მუდმივ კონტაქტზე ბარიატრიულ გუნდთან. მოგეხსენებათ, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ იცვლება პაციენტის ცხოვრების წესი. ახალი რეალობა წარმოშობს უამრავ კითხვას, რომლებიც უპასუხოდ არ რჩება. დადგენილი პერიოდულობით პაციენტები იტარებენ ანალიზებს და იღებენ საჭირო დანიშნულებასა და რეკომენდაციებს.
– როგორია ოპერაციის შედეგები და პოსტოპერაციული პერიოდი?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ბარიატრიული ქირურგია ყველაზე ეფექტური მეთოდია ჭარბი წონის მართვისთვის და მასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისთვის. ოპერაციის შემდეგ პირველ 6-12 თვეში პაციენტები კარგავენ ზედმეტი წონის 60-80%-ს, ხოლო სრული შედეგი დაახლოებით 18-24 თვეში დგება. ოპერაცია ხელს უწყობს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 – 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა უმჯობესდება ან დაავადება სრულად გადადის რემისიაში. პაციენტების უმრავლესობას ოპერაციის შემდეგ აღარ სჭირდება არტერიული ჰიპერტენზიის მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა. ხდება სუნთქვის პრობლემების მკვეთრი გაუმჯობესება და ხშირად ძილის აპნოეს სრული გაქრობა. პაციენტები გრძნობენ მეტ ენერგიას, უმჯობესდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სოციალური აქტივობა.
– მითები და რეალობა ბარიატრიულ ოპერაციებზე.
– ბარიატრიულ ქირურგიასთან დაკავშირებით უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს, რაც ხშირად პაციენტებს ოპერაციის საჭიროებაზე ეჭვებს უჩენს. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: მითი: ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ ესთეტიკური მიზნებისთვის კეთდება. რეალობა: ბარიატრიული ოპერაციების მთავარი მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და მორბიდულ სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების განვითარების პრევენცია, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. მითი: ოპერაციის შემდეგ შეიძლება, წონაში ისევ მოიმატოს. რეალობა: წონის კლება ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გრძელვადიანია, მაგრამ წარმატებული შედეგისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პაციენტები, რომლებიც იცავენ კვების რეკომენდაციებს და ფიზიკურად აქტიურები არიან, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს. მითი: ბარიატრიული ქირურგია გადამეტებულად სარისკოა. რეალობა: თანამედროვე ლაპაროსკოპიული მეთოდების წყალობით, ბარიატრიული ოპერაციები მინიმალურად ინვაზიურია, აქვს დაბალი გართულებების რისკი და აღდგენის შედარებით სწრაფი პერიოდი. კვლევები აჩვენებს, რომ ბარიატრიული ოპერაციის გართულებების რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებისგან გამოწვეული გართულებების რისკი. მითი: ყველა, ვისაც ჭარბი წონა აქვს, ოპერაციის კანდიდატია. რეალობა: ბარიატრიული ოპერაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ BMI =40 ან =35 და თანმხლები დაავადებები. მითი: ოპერაციის შემდეგ პაციენტი ვეღარ ჭამს ნორმალურად. რეალობა: ოპერაციის შემდეგ პაციენტები იკვებებიან ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რეჟიმით. თავდაპირველად საჭიროა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია ყველა ძირითა-დი საკვების ზომიერად მიღება. მთავარია, პაციენტმა ისწავლოს სწორი კვების პრინციპები და მცირე ულუფებით ჭამა და ასე შემდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან