როგორ ცვლიდა ბუმბერაზ მსახიობებს ოიდიპოსის როლზე დოდო ალექსიძე და რატომ ჩაწვა მის „კუბოში“ სერგო ზაქარიაძე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 07.05

1956 წელს მარტის ტრაგედიიდან ორიკვირაც არ იყო გასული, რუსთაველის თეატრში რომ პრემიერა გაიმართა – სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“… დათრგუნული ხალხი ჯერაც არ გამოსულიყო შოკიდან, გლოვობდნენ, განიცდიდნენ შეურაცხყოფას, მათ წინ დაიმსახვრა ყველა იდეალი, ყველა წარმოდგენა. იმპერიამ საზარელი სახე აჩვენა. უეცრად გამოფხიზლებული ხალხი ეძებდა სიმართლეს, დამნაშავეს და სწორედ ამ დროს სცენაზე თამაშდება სპექტაკლი – ოიდიპოსი ეძებს სიმართლეს, ჭეშმარიტებას, მისთვის მთავარია, გაერკვეს, ვინაა დამნაშავე ხალხის უბედურებაში. დიმიტრი ალექსიძის მიერ დადგმული „ოიდიპოს მეფე“ ერთხმად აღიარეს საბჭოთა თეატრის ალმასად. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საბჭოთა სინამდვილე არ სწყალობდა ანტიკურ დრამატურგიას. ბედისწერის მოტივი მიუღებელი იყო ათეისტური საზოგადოებისთვის. „ოიდიპოს მეფე“ 1946 წელს ბათუმში დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა. ათი წლის შემდეგ კი ალექსიძემ ანტიკური სამყაროს მარადიული ღირებულებებისკენ მიახედა საბჭოთა თეატრი. ოიდიპოს მეფის“ დადგმაზე ოცნებობდა სანდრო ახმეტელი, მაგრამ არ დასცალდა… მას გარკვეული ტაბუც ედო. მხოლოდ დიმიტრი ალექსიძე მიუბრუნდა მითოსურ საწყისებს. გაკეთდა განაცხადი ახალი, ძლიერი, მამაკაცური ტემპერამენტისა და ვნებების თეატრზე. მისთვის ეს სპექტაკლი ახალი გამოცდა იყო. ერთი მხრივ, იყო ის, რომ დიმიტრი ალექსიძე, კომედიების აღიარებული დიდოსტატი, ამჯერად ტრაგედიით უნდა წარმსდგარიყო მაყურებლის წინაშე და დაემტკიცებინა საპირისპირო და მართლაც, მან შეძლო, ეჩვენებინა გმირულისა და ფსიქოლოგიური საწყისების ერთიანობის მაგალითი. სწორედ ამიტომაც მოიხსენიეს ის, როგორც „სინამდვილის პათეტიკური ამსახველი“. სწორედ ალექსიძის უპრეცედენტოდ წარმატებულმა დადგმამ დაუბრუნა საბჭოთა სცენას ანტიკური ტრაგედია (ვასილ კიკნაძე).
თუ ჩავხედავთ ქართული თეატრის ისტორიის ფურცლებს, წარმატება მართლაც გამაოგნებელი იყო. როგორც ვასილ კიკნაძე აღნიშნავს, არცერთ სპექტაკლს, არცერთ შრომას იმდენი სიხარული და პოპულარობა არ მოუტანია ალექსიძისთვის, როგორც „ოიდიპოს მეფეს“. წარმატება იმდენად გახმაურდა, რომ სპექტაკლი ლენინურ პრემიაზე წარადგინეს, რომელიც სწორედ იმ წელიწადს დაარსდა და ყველაზე მაღალ ჯილდოს წარმოადგენდა საბჭოეთში. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტიდან. ჩამოვიდა ცნობილი პოეტი ტიხონოვი, კომპოზიტორი შოსტაკოვიჩი… სტუმრები აღაფრთოვანა სპექტაკლმა და იმედოვვნებდნენ კიდეც, რომ „ოიდიპოსს“ შემცილე არც ჰყავდა ლენინურ პრემიის მიღებაში. მაგრამ მოსკოვს წასულებმა დარეკეს და თეატრს შეატყობინეს, რომ კომიტეტზე სპექტაკლის განხილვა არ შედგებოდა, დღის წესრიგიდან მოხსნეს იმ მოტივით, რომ სპექტაკლი მოსკოვს უნდა ენახა. „ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა იყო. ლენინის პირველი პრემია უნდა მისცენ ქართულ თეატრს და არა რუსულს? ლენინის პრემია – ანტიკურ პიესაზე დადგმულს და არა საბჭოთა თემატიკას? ისიც ბედისწერის პრობლემას? ლენინის პრემია ჯერ რუსულ თეატრს უნდა მიეღო და მერე სხვებს“, – წერს ვასილ კიკნაძე. სპექტაკლი იმ მხრივაც იყო გამორჩეული რომ თეატრს ოიდიპოსის ოთხი შემსრულებელი ჰყავდა. ამ მხრივ, როგორც მოკულსკი აღნიშნავდა, რუსთაველის თეატრმა მიაღწია იმას, რასაც „ჯერჯერობით ვერც ერთმა თეატრმა ვერ მიაღწია საბჭოთა კავშირში“. თავიდან სამი ოიდიპოსი იყო თეატრში – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. როგორც ირკვევა, დოდო ალექსიძეს, დოდო აბაშიძისთვისაც შეუთავაზებია ოიდიპოსის როლი. „1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, უკვე სამი ოიდიპოსი იყო. მე ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი“? მერე, რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის-მეთქი და გავიქეცი თეატრიდან და წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში“, – იხსენებდა მსახიობი სიკვდილის წინ, კინომცოდნე ლელა ოჩიაურისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში. ოდნავ მოგვიანებით, სპექტაკლში ოიდიპოსის როლზე სერგო ზაქარიაძე შევიდა. როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დოდო ალექსიძეს ცეკამ დაავალა მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს. ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. „ჩაჯდა“ და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი. სერგო ზაქარიაძის საკავშირო ტრიუმფი სწორედ ოიდიპოსით დაიწყო. 1958 წელს რუსთაველის თეატრმა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე „ოიდიპოს მეფე“ წაიღო. მოსკოვმა სამი ოიდიპოსი იხილა აკაკი ხორავას, ეროსი მანჯგალაძისა და სერგო ზაქარიაძის. მოხდა უპრეცედენტო რამ – რუსთაველის თეატრმა ერთ დღეს – 30 მარტს სამჯერ ითამაშა „ოიდიპოს მეფე“. დღის 12 საათზე ოიდიპოსს ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. ეროსი მანჯგალაძეს გადაჭედილ დარბაზში უწევდა თამაში – სავსე იყო გასასვლელები, ახალგაზრდობა, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტობა პირდაპირ იატაკზე ისხდნენ. სპექტაკლს მიეძალა ახალგაზრდობა, ოიდიპოსიც – ახალგაზრდა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად 33 წლის იყო. მოსკოველებს უკვე ნანახი ჰქონდათ მისი ფოიერვერკული ლოპესი „ესპანელ მღვდელში“ და ახალგაზრდა მსახიობი ახლა უკვე ტრაგედიაში უნდა ენახათ. ვასილ კიკნაძე უშუალო მომსწრეა როგორ შეიჭრნენ კულისებში სტუდენტები. ეროსის ხელზე სამთხვევად დაიხარა ერთი ახალგაზრდა, ეროსი შეკრთა, უფლება არ მისცა. სამ საათზე მოსკოველი თეატრალების წინაშე ზაქარიაძე წარსდგა ოიდიპოსის როლში. „ოიდიპოსი კიბის საფეხურებს ვერ გრძნობს. დიდი სიმაღლიდან დაბლა, ორკესტრისკენ გადმოეშვება და ისე ძლიერ დაეცემა, რომ მაყურებელი გაოგნდება. ნუთუ შეიძლება, ადამიანმა ასე გაწიროს თავი? ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნილი მსახიობი შემზარავ ხმას გამოსცემდა, მერე ერთხანს გაინაბებოდა. მაყურებელს ეგონა, ვეღარ წამოდგებოდა. მერე ნელნელა დაიწყებდა ხელების ცეცებას, საყრდენს ეძებდა და დაიწყებდა მონოლოგს. ეს წუთები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე. ზაქარიაძეს ოიდიპოსი უკვე მოტეხილი წამოდგებოდა… უცებ დარბაზში გაისმა მამაკაცის თავშეკავებული ქვითინი, მაყურებელი მოურიდებლად, ხმამაღლა ტირიოდა. „თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი“, – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს… „ოიდიპოს მეფით დაიწყო მისი ტრიუმფი… აქედან შეიტყო მოსკოვმა, რომ რუსთაველის თეატრს, აკაკი ხორავასა და ვასაძის გარდა, კიდევ ჰყავს დიდი მსახიობი, დამამშვენებელი ყოველი რანგის თეატრისა“. საღამოს რვა საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ხორავას ოიდიპოსი. მოსკოვს ახსოვდა ხორავას ოტელო, სწორედ ოტელოს ნახვის შემდეგ უწოდეს მოსკოვში ხორავას „დიდი და გასაოცარი ტალანტი“. ვასილ კიკნაძე გაიხსნებს, რომ მოსკოვში პირდაპირ გასაქანს არ აძლევდნენ ხორავას, ქუჩაში აჩერებდნენ, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა, ზოგი – ბილეთს. „კიბის საფეხურებზე ნელ–ნელა ეშვება ხორავას მონუმენტური ფიგურა, მიდის დაბლა მაყურებლისკენ და ლოცვასავით ისმის მისი ჩურჩული, ოდნავ აწეული, რბილი, ხავერდოვანი ხმა, ეს რაღაც ღვთაებრივი ხმაა“ (ვასილ კიკნაძე). წარმატებული დეკადის შემდეგ მოსკოვმა რუსთაველის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ. დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს – „ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან