როგორ ცხოვრობდა ივანე ნანუაშვილი ემიგრაციაში საქართველოზე ზრუნვით და რა გზით დააღწია მან ტყვეობას თავი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 04.06

ივანე (ვანო) ნანუაშვილმა დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისას ის ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, 1919 წელს კი ახლად გახსნილი თბილისის სამხედრო სკოლის კურსანტი გახდა. ივანე ნინუაშვილი იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდებს შორის იყო, რომელთაც ოფიცრის წოდება პირველებს მიენიჭათ. ის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან წარმოებული, 1921 წლის თებერვლის ბრძოლების თვალსაჩინო მონაწილეა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ვანო ნანუაშვილი იძულებული შეიქმნა, სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად, ემიგრაციაში გახიზნულიყო. 1921 წელს აპრილ-ივნისში იუნკრები სტამბოლში ელოდნენ თავიანთ ბედს. შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობის რეკომენდაციით, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდნენ. ივანე საბერძნეთში გაემგზავრა და სხვა რამდენიმე იუნკერთან ერთად ათენის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. როცა საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქართველმა კურსანტებმა სწავლის დასამთავრებლად პოლონეთში გადაინაცვლეს.
ივანე ნანუაშვილმა ვარშავაში დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და პოლონეთის არმიის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის წინ უკვე კაპიტნის წოდებას ფლობდა.
ივანე ნანუაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლონეთში ქართველ იუნკერთა კავშირის ჩამოყალიბებაში და ამ კავშირის პერიოდული ორგანოს, ჟურნალ „მხედრის“ ერთ-ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა. ჟურნალი 1929–1937 წლებში პარიზში გამოდიოდა. მისი პუბლიკაციები, ძირითადად, სამხედრო ისტორიისა და ხელოვნების საკითხებს ეძღვნება.
კაპიტანი ივანე ნანუაშვილი 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩადგა პოლონეთის დამცველთა რიგებში. გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და შესანიშნავი მეხსიერებით, სამხედრო ხელოვნების ღრმა ცოდნითა და ხასიათის სიმტკიცით. სამწუხაროდ, ვარშავის აღებისა და ოკუპაციის შემდეგ ნანუაშვილი გერმანელებმა დაატყვევეს და ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, სადაც ორი წელი გაატარა. ემიგრაციაში მყოფი გავლენიანი თანამემამულეების ძალისხმევით, 1941 წელს ივანე ტყვეობიდან გათავისუფლდა და იტალიაში გადაინაცვლა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა. 1944 წელს ის სწორედ იტალიაში დახვდა ამერიკის არმიას, შევიდა ინგლისის მხარეს მებრძოლ პოლონურ ჯარში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იტალიის გათავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლაში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვანო ნანუაშვილმა აქტიური სამხედრო კარიერა შეწყვიტა. ცხოვრობდა ლონდონში, ხოლო 1951 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიცოცხლის ბოლომდე ამერიკის მოქალაქე იყო. ცხოვრობდა ჯერ ნიუ–იორკში, შემდეგ კი ბოსტონში. მუშაობდა მუშად სხვადასხვა ფაბრიკაში ან მძღოლობით ირჩენდა თავს. ეწეოდა ძალზე აქტიურ სამწერლო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
ივანე ნანუაშვილი აირჩიეს ნიუ-იორკში ჩამოყალიბებული „ქართველთა დემოკრატიული კავშირის“ გამგეობის წევრად. ეს ორგანიზაცია ნიუ-იორკში გამოსცემდა ჰექტოგრაფიულ ჟურნალს „ჩვენი გზა“, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდებოდა. 1960 წლიდან ვანო ნანუაშვილი სან-ფრანცისკოში დასახლდა. გარკვეული პერიოდით ის არჩეული იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ და წარმატებით უძღვებოდა ამ ორგანიზაციას.
ივანე ნანუაშვილი ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლ აქტიურ ძალებთან. იყო სან-ფრანცისკოს ქართული კერის პერიოდული ორგანოს („სან-ფრანცისკოს ქართული კერა“) გამოცემის ინიციატორი და განმახორციელებელი; „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული დაპყრობილი ერების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
ივანე ნანუაშვილი ბევრი სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ნარკვევის ავტორია, რომელთა უმრავლესობა მან ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა. ერთ–ერთი ასეთი ნაშრომი სათაურით – „საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე“ – დაიბეჭდა ბოსტონში 1956 წელს.
ივანე ნანუაშვილის ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1973 წელს ნიუ-იორკში გამოქვეყნებული, ინგლისურ ენაზე დაწერილი მონოგრაფია „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“. წიგნი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ეს არის ინტერდისციპლინარული ხასიათის ნაშრომი, რომელიც ისტორიის, პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. 2012 წელს წიგნი ქართულად ითარგმნა და თბილისში გამოიცა.
ვანო ნანუაშვილი გარდაიცვალა 1975 წელს სან-ფრანცისკოში, დაკრძალულია სერბების სასაფლაოზე.
ივანე ნანუაშვილის საარქივო მემკვიდრეობის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაცია აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცივი ომის დროს. ისინი ქმნიდნენ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ქართულ საკითხს აცნობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებასა და მთავრობას, თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის ემიგრანტულ გაერთიანებებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებსა და ამერიკულ ორგანიზაციებთან.
გამოყნებული მასალების წყარო: ვიკიპედია; გრიშიკაშვილი ამბროსი. კაპიტანი ვანო ნანუაშვილი // ქართველები პოლონეთში; მურუსიძე შორენა. ივანე (ვანო) ნანუაშვილის საარქივო მემკვიდრეობა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის კვლევისათვის / შორენა მურუსიძე; ჯანელიძე ოთარ. ივანე ნანუაშვილი და მისი წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ”; www.nplg.gov.ge/
სიახლეები ამავე კატეგორიიდან