როგორ ცხოვრობდა დიდი ქველმოქმედი ქალი ანასტასია ორბელიანი და როგორია მისი და მასზე 25 წლით უფროსი მეუღლის გასაოცარი სიყვარულის ისტორია
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 01.08, 2023 წელი
ანასტასია, იგივე ტასო, ორბელიანი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. იგი მანანა მირმანოზის ასულ ქსნის ერისთავისა და დავით ივანეს ძე ორბელიანის ასული გახლდათ.
მანანა ორბელიანი თავისი დროის ცნობილი ბანოვანი იყო. მას თბილისში სახელგანთქმული სალონი ჰქონდა, სადაც იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მწერლები, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწეები. მათ შორის იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი... სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ თბილისში ჩამოსული უცხოელებიც.
მანანა ორბელიანის სალონში ქართულ ხალხურ მუსიკასთან და ფორტეპიანოს აკომპანემენტით სიმღერებთან ერთად სრულდებოდა ევროპული მუსიკის ნიმუშები. მანანა ორბელიანი ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში, ვინც ფორტეპიანოზე უკრავდა. იგი მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებასა და მუდმივი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბების პროცესში. აქედან გამომდინარე, დიდია მისი წვლილი ქართული ხელოვნების ისტორიაში.
ანასტასიას მამა, დავით ორბელიანი, სამხედრო გახლდათ და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკში, 1830 წელს დაიღუპა. მანანა ორბელიანი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლისა დაქვრივდა და სამი ობოლი დარჩა – ივანე, ტასო და ალექსანდრე. ორბელიანის ქვრივს ამის შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია, ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა.
ანასტასია ორბელიანი ამ ოჯახში 1825 წლის 13 ივლისს დაიბადა. გარეგნობით დედასავით ლამაზი იყო და როგორც ახასიათებენ, სილამაზესთან ერთად, ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანიც გახლდათ.
1853 წელს ანასტასია ცოლად გაჰყვა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, ქვრივ თავადს ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინს. ტასო ამ დროს 28 წლის იყო, ხოლო თავადი გაგარინი მასზე — თითქმის 25 წლით უფროსი. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ანასტასიასა და ალექსანდრეს განსაკუთრებული გრძნობა აკავშირებდათ და მათ სიყვარულზე იმ დროის არისტოკრატიულ წრეებში ლეგენდებიც კი დადიოდა.
სამწუხაროდ, წყვილის ბედნიერი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ტასომ თითქოს დედის ბედი გაიზიარა და ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა. საქმე ისაა, რომ 1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.
დაქვრივებულმა ანასტასიამ საქართველო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადავიდა საცხოვრებლად.
ანასტასიასა და ალექსანდრეს საკუთარი შვილი არ ჰყავდათ და ქმრის დაღუპვის შემდეგ ქალი სხვისი ბავშვების გასახარებლად არაფერს იშურებდა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელს უმართავდა გაჭირვებულებს — ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურში მოწყობით.
თავადის ქალმა თავის მამულში პატარა, კომფორტული საავადმყოფოც ააშენა, რომლის მედპერსონალს თავად ინახავდა და არასდროს ეუბნებოდა უარს მკურნალობაზე ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს. ამიტომაც დაიმსახურა მათგან დიდი სიყვარული და პატივისცემა.
ანასტასია და თავადი გაგარინი ოცნებობდნენ, რომ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, პლაკას კონცხზე ციხესიმაგრე აეგოთ. მართალია, ალექსანდრეს სიკვდილმა ამ სურვილის აღსრულებას ხელი შეუშალა, მაგრამ თავადის ქვრივმა მაინც შეძლო გარდაცვლილი მეუღლის ოცნების განხორციელება – ნიშნად მათი მარადიული სიყვარულისა.
ანასტასიამ, მართალია, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ უკვე სიბერეში შესულმა, 1902 წელს, მაინც წამოიწყო საოცნებო კოშკის მშენებლობა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი ნიკოლაი კრასნოვი უძღვებოდა. ქალი თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდაო, გამუდმებით აჩქარებდა არქიტექტორს, რომ მშენებლობა მალე დასრულებულიყო.
მშენებლობა 1907 წელს დასრულდა – კონცხის თავზე თეთრი მარმარილოთი და ვენეციური ბროლის ჭაღებით გაწყობილი სამსართულიანი ულამაზესი ციხესიმაგრე – „ყირიმის მარგალიტი“ აღიმართა. შუა საუკუნეების გოთური სტილის ნაგებობა მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.
ანასტასია ორბელიანი-გაგარინისა 1907 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ყირიმშივე, კარის ეკლესიის გვერდით. იქვეა დაკრძალული მისი ბიძაშვილის, იაკობ ერისთავის ასული ელენე თარხან-მოურავი, რომელიც მან იშვილა.
ალექსანდრე და ანასტასია გაგარინების ქონება გაგარინის ნათესავებს დარჩათ. თუმცა, 1918 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მამულიცა და სასახლეც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
1927 წელს ყირიმში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. თუმცა, სასახლე იმდენად მყარად იყო აგებული, რომ არათუ არ დანგრეულა, ბზარიც არ გასჩენია. კომუნისტებმა ორბელიანის სასახლე სანატორიუმად გადააკეთეს, ახლა კი იქ სასტუმროა განთავსებული.
ადგილობრივებს ანასტასია ორბელიანის ამაგი არ დავიწყებიათ. სოფელ უტესში, სადაც ეს სასახლე დგას, ორად ორი ქუჩაა, რომელთაგან ერთი პრინცესა გაგარინას სახელობისაა.
2007 წელს, ანასტასიას გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, უკრაინელმა არქიტექტორმა, ვიქტორ გორდეევმა ქართველი თავადის ქალის მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება დადგა, რომელსაც „სიყვარულის ხსოვნა“ დაარქვა.
გამოყენებული მასალების წყარო: sputnik-georgia.com; შარვაშიძე ბაბო. მემუარები / ინგლისურიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ; nplg.gov.ge-საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11:00 30.12, 2024 წელი
10:30 23.12, 2024 წელი
10:15 23.12, 2024 წელი