როგორ ცდილობს ნინო ბერიძე შვილების დაცვას ტკივილისგან და როგორ აგრძელებს ის ცხოვრებას საყრდენის დაკარგვის შემდეგ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 11.01, 2023 წელი
ერთი წელი გავიდა ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან. მისი ოჯახისთვის ეს წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა, თუმცა, ნიკას მეუღლე - ნინო ბერიძე შვილების გამო ცდილობს, ყველა სირთულესა და ტკივილს გაუმკლავდეს.
ნინო ბერიძე: რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ნიკას გარეშე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ნიკას გარდაცვალებიდან პირველი პერიოდი შოკში ვიყავი, ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე, როცა ჩვენ გარშემო ხალხი დაიფანტა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ნიკას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდება მისი გვერდით ყოფნა, შვილებს ძალიან აკლიათ მამა. განსაკუთრებით რთულია ახალი წლის დღეები, 5 იანვრის მოახლოება...
5 იანვრის დილით ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა...
ამ ახალ წელს ყველაფრის ხალისი მაქვს დაკარგული. ყველაფერს იძულებით და ბავშვების გამო ვაკეთებ. ვცდილობ, შვილებს ეს დანაკარგი შევუმსუბუქო. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები და ტკივილი დაინახონ. სახე რომ შემეცვლება ხოლმე, მაშინვე მეუბნებიან - დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? ჩვენც გვენატრება... რაც შემიძლია, ვცდილობ, დავიცვა ისინი ტკივილისგან.
- რას ეუბნებით, როგორ უხსნით პატარებს?
- მიჭირს ამ თემაზე მათთან საუბარი. ჯერ ძალიან პატარები არიან და ვერ გაიაზრეს, რა ხდება. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს. უფროსი ხშირად მეუბნება: აბა, მაჩვენე მამას ტანსაცმელები თუ გვაქვს გარდეროფშიო. ალბათ, ფიქრობს, თუ ტანსაცმელი ისევ თავის ადგილას გვაქვს, მამა დაბრუნდება და ამიტომ ხშირად ამოწმებს. მეც არაფერს ვცვლი.
- ნიკას დედა როგორ არის?
- ნელი კიდევ უფრო განიცდის ამ ყველაფერს. დედისთვის შვილი ყველაზე დიდი ტკივილია. ისიც გულში იკლავს ბავშვების გამო, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აისახება ეს განცდები. ნერვიულობაზე შაქარი შეიძინა და არ არის კარგად. ერთმანეთს ვანუგეშებთ. ვცდილობთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა გვაძლებინებს ამ დარდისთვის. არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილი დაგავიწყდება ან გაგინელდება. ის სულ შენს გულშია, უბრალოდ, სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. რამდენ ხანსაც აიტანს შენი ორგანიზმი, რამდენ ხანსაც გასტანს შენი ჯანმრთელობა, იმდენ ხანს ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად.
გამიგია ქალების შესახებ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ რომ ლოგინად ჩავარდნენ და მათ შვილებს წლები სხვები ზრდიდნენ. მე ეს ეგოისტობა მგონია. მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი. მე ვიცოდი, რომ ჩემზე უკეთ ჩემს შვილებს ვერავინ გაზრდიდა და ვცდილობ, მათ გამო მაგრად ვიყო, თავი გავიმხნევო. ჩემს თავს ხშირად ვეუბნები: „მე შვილები მყავს“ და ეს მაძლევს ძალას, რომ ფეხზე მყარად ვიდგე.
- მატერიალურად როგორ ართმევთ თავს საჭიროებებს, ბავშვებთან ერთად მუშაობას ახერხებთ?
- თავიდან ძნელი იყო. ბავშვებს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდათ, მეც არ ვიყავი კარგად. ბავშვებს ეშინოდათ ჩემი სახლიდან გასვლის. ეგონათ, რომ შეიძლებოდა მეც წავსულიყავი, სახლში აღარ დავბრუნებულიყავი და დედაც დაეკარგათ. სამსახურში ვერ მივდიოდი, ტიროდნენ, ისტერიკები ემართებოდათ. ვამშვიდებდით, ხან რას ვპირდებოდით, ხან რას, მაგრამ დედის გარდა არავინ უნდოდათ. აქედან გამომდინარე, პირველი 3-4 თვე ძალიან გამიჭირდა. მერე ფსიქოლოგიც დავიხმარეთ იმის გასააზრებლად, რომ მე მათ არ მივატოვებდი. ძალიან მეხმარებიან ოჯახის წევრები, ნიკას მეგობრები. რუსთაველის თეატრის მსახიობებმა გაუხსნეს ანაბარი ბავშვებს და გარკვეული თანხა უგროვდებათ, რომელსაც ვფიქრობ, სამომავლოდ მათი სწავლისთვის გამოვიყენებთ. მეც დავიწყე მუშაობა შემცირებული გრაფიკით და თავი გაგვაქვს.
- „იმედზე“ დღემდე გადის სერიალი „შუა ქალაქი“ და ალბათ, ეს თქვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ჩვენს ოჯახში სულ ჩართულია, ნელი სულ უყურებს. დღეში შეიძლება, ხუთჯერ გადაახვიოს და თავიდან უყუროს. როგორც კი ნიკა ეკრანზე გამოჩნდება, თუ იმწუთას ტელევიზორთან არ ვარ, ბავშვები მაშინვე ყვირილს იწყებენ: დედა, ჩქარა მოდი, მამა ტელევიზორშიაო. თითქოს მამა მოვიდა და ჩვენთან არის, ასეთი განცდა აქვთ. ძალიან უხარიათ.
- ნიკას ნოემბერში ჰქონდა დაბადების დღე. როგორ შევხვდით ამ დღეს მის გარეშე და თვითონ როგორ ხვდებოდა ხოლმე?
- არ უყვარდა საკუთარი დაბადების დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა. მხოლოდ რამდენიმე საუკეთესო მეგობართან ერთად აღნიშნავდა სახლში. თუმცა ამბობდა, ქუდბედიანი დავიბადე, ჩემი ბედნიერება შენთან შეხვედრა და ჩვენი არაჩვეულებრივი შვილები არიანო. წლევანდელი დაბადების დღე პირველი იყო მის გარეშე. ამ დღეს საფლავზე შევხვდით. ჩემთვის ეს დაუჯერებელი იყო, ნიკას დაბადების დღე მის საფლავზე...
- რუსთაველის თეატრში დიდი ხანი მისვლას ვერ „ბედავდით“, არა?
- „დაკანონებული უკანონობა“ - ნიკა თამაშობდა ამ სპექტაკლში და კი მინდოდა მის სანახავად მისვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი. შიგნით დიდი ემოცია რომ გაქვს და გეშინია, გული არ გაგისკდეს, ეს მომენტი მქონდა და წასვლისგან მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. ახლა საახალწლო სპექტაკლებზე მინდოდა ბავშვების წაყვანა და ვიფიქრე, არ იქნებოდა კარგი, თუ პირველად ბავშვებთან ერთად მოვიდოდი თეატრში, რადგან ვიცოდი, რომ ცრემლებს ვერ შევიკავებდი. ამიტომ გავბედე ცოტა ადრე წასვლა. სიმღერას, რომელიც ამ სპექტაკლშია, ნიკა უმღეროდა ხოლმე ლაზარეს, როდესაც აძინებდა. ამიტომ ის ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი აღმოჩნდა და თითქმის მთელი სპექტაკლი ტირილში გავატარე. თავჩაღუნული ვიჯექი, მახსენებოდა ის მომენტები, როცა ბავშვებს უმღეროდა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.
გამორიცხული იყო, ნიკას ბავშვები სასეირნოდ წაეყვანა და რუსთაველის თეატრში არ შესულიყვნენ. ლაზარე ჯერ თვეების იყო, რუსთაველის თეატრს რომ ათვალიერებდა. ძალიან ბევრი რამ დააკლდათ ჩემს შვილებს ნიკას წასვლით და ყველაზე რთულად ასატანი ჩემთვის ეს არის.
- როდესმე უსაუბრია ნიკას გარდაცვალებაზე?
- კი, შარშან ახალი წლის ღამეს. ნიკა ხშირად სვამდა გარდაცვლილი მსახიობების სადღეგრძელოს და იმ ღამესაც დალია. დააყოლა, მახათაზე ახალი პანთეონი გაიხსნა და მიხარია, ალბათ, მეც რომ გარდავიცვლები, იქ დამასაფლავებენო. 31 იანვრის ღამე იყო, სუფრასთან ვისხედით და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მისი ეს სიტყვები. მაშინვე შევაწყვეტინე, ასე რატომ ლაპარაკობ, მით უმეტეს, ახალ წელს-მეთქი. თითქოს გრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო...
- როგორ გამოჩნდა ნიკა თქვენს ცხოვრებაში?
- ნიკა ისტორიულ უბანში ცხოვრობს. შენობა, რომელშიც ცხოვრობდა ავარიული იყო და მასთან დაკავშირებით მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე. მოკლე შეხვედრა გვქონდა. მეორე დღესვე მეგობრობა გამომიგზავნა „ფეისბუქზე“. ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ მისი პიროვნებით მანამდე არ დავინტერესებულვარ. სოციალურ ქსელში დაიწყო ჩვენი მიწერ-მოწერა. კარგი იუმორით საუბარში ამიყოლია და შეხვედრაზეც დამითანხმა. პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორედაც მალევე შევხვდით. მაშინ ხელი ჩამკიდა და მას შემდეგ არც გაუშვია. გაცნობიდან, დაახლოებით, ცხრა თვეში დავქორწინდით.
- როგორი შეყვარებული და მეუღლე იყო?
- ძალიან ყურადღებიანი. შეგეძლო ბოლომდე დაყრდნობოდი, ჩემთვის ზურგი იყო. მასთან თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ჩემი საყრდენი კედელი გახდა. ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა ასე მალე. როგორც მეუღლე არაჩვეულებრივი იყო. ერთხელ ვსეირნობდით და ვუთხარი, როგორ შეყვარებულებივით ვსეირნობთ-მეთქი. შემომხედა და მითხრა: კი, მაგრამ ჩვენ ახლაც შეყვარებულები ვართო. ძალიან კარგი მეოჯახე იყო. არავის ეგონა, რომ ნიკა ასე შეიცვლებოდა. თავისუფალი, მოქეიფე და „მოგულავე“ კაცი იყო, მაგრამ საოცრად მზრუნველი მეუღლე და მამა გახდა. მიყვებოდნენ ხოლმე, როგორი იყო მანამდე, მაგრამ ჩვენს თანაცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო. თვითონაც აღნიშნავდა ხოლმე, შენ შემცვალე, ძალიან ბევრი რამის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულებაო. თავის პროფესიულ წარმატებებსაც ჩემთან შეხვედრას და ჩვენს სიყვარულს აბრალებდა. მეცინებოდა ხოლმე, ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად არ იყო. ყველაფერი ჩვენს სიყვარულს უკავშირდებოდა და ეს სიყვარული ორივეს დიდ სტიმულს გვაძლევდა. ასეთ სიყვარულში რომ ცხოვრობ და უცებ მას კარგავ, ცხოვრების ხალისიც გეკარგება.
ვცდილობ, ეს ჩემმა შვილებმა არ იგრძნონ. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ გული გამიქვავდა იმდენად თავშეკავებული ვარ. არ მინდა, მათ ნახონ როგორ განვიცდი, როგორ ვტირი. ბევრჯერ მიტირია ღამე იმის გამო, რომ დღე მათ არ დაენახათ. საფლავზე რომ გავდივართ, სულ თვალებში მიყურებენ, რომ მიხვდნენ, მე რას განვიცდი. კარგად ვიცი, რომ შვილისთვის დედის ცრემლები ყველაზე მძიმე დასანახია და ამიტომ ვცდილობ, მათ ეს არ დავანახო. მაქსიმალურად ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, ყველგან წავიყვანო, იქნება ეს დაბადების დღე თუ გასართობი ცენტრი. არ მინდა, რამე დააკლდეთ. საახალწლოდ ნაძვის ხეს რომ ვრთავდი, ხალისი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს უნდა გააკეთო-მეთქი. „ჩემი შვილების გამო“ - ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი, რომელიც ყველაფერს მაკეთებინებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან