საზოგადოება

როგორ ცდილობს მარიკა ლაფაური გერმანიაში საქართველოს პოპულარიზაციას და რის გადასარჩენად იბრძოდა ის წლები

№9

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:42

მარიკა ლაფაური
დაკოპირებულია

მარიკა ლაფაური გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი და ჟურნალისტი გახლავთ. მისი ცხოვრება და აქტივობები, ძირითადად, საქართველოს უკავშირდება და ძალიან საინტერესოა.

მარიკა ლაფაური: მუსიკოსების ოჯახში დავიბადე. დედა – მედეა ქელბაქიანი მუსიკალური მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორია, მამა – სოლომონ ლაფაური კი ნამდვილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ. შეიძლება, შვილისგან უხერხული იყოს მშობლის ასე მოხსენიება, მაგრამ ამაში ბევრი დამეთანხმება. რომ არა მისი მოღვაწეობა, დღევანდელი საქართველო ასეთი არ იქნებოდა.

მამაჩემი კახეთში დაიბადა, სოფელ კისისხევში. პატარა იყო, როცა მამა ქერჩის ბრძოლაში დაკარგა და ობლობაში გაიზარდა. დუხჭირმა ცხოვრებამ სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება ასწავლა. როგორც ნიჭიერი ბავშვი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში მოხვდა. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, როგორც ჩვენი გვარის ბევრ წარმომადგენელს. შემდეგ კონსერვატორია დაამთავრა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს საზოგადოებრივი არხის შექმნას ჩაეყარა საფუძველი და სწორედ მაშინ, მამასთვის დამაარსებელი ჯგუფის წევრობა შეუთავაზებიათ. ასე გახდა ის ამ დიდი ისტორიის ნაწილი, ანუ ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მამამ შემდეგი 40 წელი ტელევიზიაში გაატარა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ამის შესახებ არსებობს მისი წიგნიც, რომელიც ბევრ საინტერესოს გვიამბობს ჟურნალისტიკასა და სარედაქციო მუშაობაზე.

– ამგვარად, ძალიან ბუნებრივად, მუსიკამაც და ჟურნალისტიკამაც დიდი ადგილი დაიკავა თქვენს ცხოვრებაში.

– ასე გამოვიდა. საერთოდ, ძალიან ლაღი და მხიარული ცხოვრება გვქონდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა ჩემი შუათანა ძმა 9 წლის ასაკში არდაიცვალა. ის არასწორად გაკეთებულ აცრებს ემსხვერპლა. მაშინ ძალიან ბნელი ჟამი დადგა ჩვენი ოჯახისთვის, ყველა დადუმდა და ბევრი წელი დაგვჭირდა სილაღის დასაბრუნებლად.

რაც შეეხება ჩემი პროფესიის არჩევას, ამ მხრივ, ჩემი ოჯახიც საბჭოთა შეხედულებების ჩარჩოში იჯდა. მშობლებმა დაინახეს, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა და სხვა პროფესიაზე აღარც გვიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა საგნები ძალიან მაინტერესებდა, არჩევანი არ მქონია. მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, შემდეგ – კონსერვატორია.

კონსერვატორიაში სწავლისას ძალიან დამაინტერესა ორღანმა. ამ მიმართულებაზე ყველას არ იღებდნენ და მე გამიმართლა, რომ მიმიღეს. ძალიან მძიმე პირობები იყო, ყველა გარბოდა. დილის 6 საათიდან ვიწყებდით მეცადინეობას ან გვიან ღამით. ფიზიკურადაც ძნელი იყო და პედაგოგის, ეთერ მგალობლიშვილის ხასიათის სიმძიმის გამოც ვერ უძლებდნენ სტუდენტები. მე გავძელი, რადგან ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად კარგი გუნდი შევიკარით. დღეს რომ კონსერვატორიაში ორღანი დგას, ჩვენი ჯგუფის დამსახურებაა. წლები ვიბრძოდით მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის.

– გერმანიას როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება?

– როცა სწავლა დავამთავრე, საქართველოში გასაქანი აღარ მქონდა და გადავწყვიტე, ლიტვაში წავსულიყავი. კონტაქტები მანამდეც გვქონდა. ლიტველი პროფესორი, ლეო დიგრისი, ძალიან ცნობილი ორღანისტი მანამდე გავიცანი. ის ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდა. 1989 წელს წავედი ლიტვაში სტაჟირებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასობაში ერთ-ერთ ცნობილ გერმანელ ორღანისტ ლეო კრემერთან დავამყარე კონტაქტი, რომელიც საქართველოშიც გახლდათ და მე მისი ასისტენტი ვიყავი. მას სხვადასვა ქვეყანაში ჰქონდა კონცერტები და კვლავ ასისტენტობა შემომთავაზა. მისივე მოწვევით ჩამოვედი გერმანიაში 1989 წლის ზაფხულში.

– როგორც ვიცი, მუსიკამ შეგახვედრათ მომავალ მეუღლესაც. შვილები გერმანიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. რა დოზით არის საქართველო მათ ცხოვრებაში?

– მეუღლე პროფესიით ინჟინერია, მაგრამ მოწოდებით – ხელოვანი. რომანების წერა და ხატვა მისი ჰობია. როცა გავიცანი, ძალიან დიდი სახელოსნო ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან კარგად ხატავს. ჩვენ უკვე კარგა ხანია, ერთად არ ვცხოვრობთ, თუმცა, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ.

ჩვენს შვილებს ძალიან უყვართ საქართველო და კარგად იციან ქართული ენა. ენის მიმართ მე თვითონაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. როგორც კი შევატყვე, რომ სიტყვები მავიწყდებოდა, ანუ, ისე ვიწყებდი საუბარს, როგორისთვისაც მანამდე სხვებზე გულუბრყვილოდ მეცინებოდა, მაშინვე განსაკუთრებული ზრუნვა დავიწყე ამ საკითხზე, ყველანაირად ვცდილობდი, მშობლიური ენა შემენარჩუნებინა, რაც ვფიქრობ, მოვახერხე, თუმცა როგორც მეუბნებიან, აქცენტი მაინც მაქვს. ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში, წელიწადში რამდენჯერმე.

– ჟურნალისტიკამ როდის დაიკავა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი?

– ჩემმა ბიოგრაფიამ მიმიყვანა ჟურნალისტიკამდე. გერმანიაში აქტიური საკონცერტო კარიერის პერიოდში ჩემი უცხო გვარის გამო ბევრი ინტერესდებოდა ჩემი წარმომავლობით. კონცერტის მერე სახლში ვერ ვბრუნდებოდი, მსმენელის ცნობისმოყვარეობა უნდა დამეკმაყოფილებინა, თუ ვინ ვიყავი და რომელი ქვეყნიდან. გამუდმებით ასე ხდებოდა. არსებულმა ინტერესმა მიბიძგა, ჩემი კონცერტებისთვის წინასიტყვაობის სახით დამემატებინა ჩემი ბიოგრაფიული მონაცემები. ასე დავიწყე გერმანელი მსმენელისთვის საქართველოს გაცნობა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, უბრალოდ, საჭირო იყო და უარს ვერ ვამბობდი. ამასობაში ფოკუსი შემეცვალა, ანუ, ჩემი მუსიკალური კარიერა უფრო მეტად ღონისძიებების ორგანიზებისა და ჟურნალისტიკისკენ გადაიხარა. მალე ამას დაემატა გერმანიაში თუ საქართველოში მცხოვრები საინტერესო ქართველების გერმანელი აუდიტორიისთვის გაცნობის სურვილი.

– ასე გახდით საქართველოსა და გერმანიის დამაკავავშირებელი კულტურული ღონისძიებების ავტორი. არაერთი ქართველი ხელოვანი გყავდათ გერმანიაში მიწვეული სიმღერისა თუ ფილმის პრემიერებით და ასე შემდეგ.

– დიახ, არაერთი პროექტი განვახორციელეთ. არ დარჩენილა მუზეუმი თუ საკონცერტო დარბაზი, სადაც რამე არ გამიკეთებია. როგორც ახლა, მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის დროსაც, კარგად გამოჩნდა, ქართველები საკმაოდ კრეატიულები ვართ. სუფრა ქუჩაში, ცეკვა ქუჩაში, თბილისური ეზოს პროექტი პირველმა გავაკეთე აქ, თუმცა, საკუთარ თავზე ამ კუთხით საუბარი უხერხულია. ვცდილობდი, გერმანიაში ქართული კულტურა კარგად გაეცნოთ. ჩვენი პროგრამებით საფრანგეთსა და შვეიცარიასთანაც მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა.

– მხოლოდ ქვეყნის არა, თქვენი სოფლის, კისისხევის პოპულარიზებისთვისაც არ დაიშურეთ ძალისხმევა.

– მამაჩემა ძალიან დიდი ძალისხმევა მოახმარა საკუთარ სოფელს და მე ამას პატარა ასაკიდანვე კარგად ვხედავდი. კისისხევი ისტორიული სოფელია, ის იურულამის მიწა იყო, რომელიც ხუთ ძლიერ თავადს აერთიანებდა: ჩიჯავაძეებს, ქობულაშვილებს, მდივნიშვილებს, ჩოლოყაშვილებსა და ბახუტაშვილებს. მამაჩემის დამსახურებით, ბავშვობიდანვე ბევრი საინტერესო ისტორია ვიცოდი. მამა ყოველთვის აგროვებდა მასალებს, ისტორიების გადარჩენას ლამობდა და მეც ამ ზრუნვა-წუხილში გავიზარდე. ამიტომ, ვცდილობდი, ის გამეკეთებინა, რაც მამამ ვერ მოასწრო. კისისხევში არის მეოთხე-მეექვსე საუკუნის ძეგლი – ღვთისმშობლის ეკლესია, ულამაზესი და მრავალმხივ საინტერესო ძეგლი, რომელიც დანგრევის პირას იყო. მამა მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა. ბევრი წელი დამჭირდა მიზნის განსახორციელებლად. ფულს ვაგროვებდი კონცერტებიდან, შემოწირულებობით, საკუთარი დაბადების დღეებზე მიღებული ფულადი საჩუქრებიც კი ამ საქმისთვის გადავდე და ასე წვალებით მივაღწიე იმას, რომ ამ ეკლესიის შესწავლა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, შესაბამის გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, მისი სანიმუშოდ რესტავრირება დავგეგმეთ. ქართული მხარის „დამსახურებით“ ძალიან დიდი ბრძოლები გამოვიარეთ, მაგრამ შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა. ეკლესია გადავარჩინეთ, მაგრამ მეტის გაკეთება მინდოდა, რისი საშუალებაც, ისევ და ისევ, ქართულმა მხარემ არ მოგვცა, ანუ, კომპლექსური კვლევა არ გამოგვივიდა.

– როგორია თქვენი ბოლოდროინდელი აქტივობები...

– რადგან მუდმივად პროექტებში ვარ ჩართული, ერთი-ერთი მათგანი აქაურ რადიოში – გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კულტურის არხზე – მივიტანე. ძალიან კარგი გამოვიდა, მოეწონათ და მათთან დავრჩი ავტორად, მუსიკალურ რედაქციაში. ზოგჯერ ქართული თემები მაქვს, ზოგჯერ – საბჭოთა, ისტორიული. მაგალითად, ბოლო გადაცემის თემა გარმანული იყო. მოკლედ, ასე გავხდი დარგობრივი ჟურნალისტიკის წარმომადგენელი. შემდეგ, შემომთავაზეს და სიამოვნებით გავხდი გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ქართულ სივრცეში რადიოც დავაარსე, მაგრამ შემდეგ ამ საქმეს დავემშვიდობე.

2013 წელს კისისხევში დავაარსე „კარგი სახლი“, ესეც ძალიან დიდი და კარგი პროექტია. თუ გინდა, რომ შენმა სახლმა კარგად იფუნქციონიროს, შესაბამისი მენეჯმენტია საჭირო: პროცესები სწორად უნდა წარმართო, ბევრი სხვადასხვა შინაარსი მოიცვა და უზრუნველყო. ამგვარად, საკუთარ სახლში მუშაობის პრინციპი წარმოვიდგინოთ, მაგრამ მასშტაბები გავზარდოთ, იმისთვის, რომ კარგი საზოგადოება მივიღოთ. ზუსტად ესაა ჩემი „კარგი სახლის“ იდეა. ამ პროექტმა ძალიან დიდი ენერგია და ფინანსები მოითხოვა. ხელშემშლელი ფაქტორი ბევრი იყო, ისევ და ისევ, საქართველოს მხრიდან. რაღაცები ისე არ გამოვიდა, როგორც ვგეგმავდი და დროებით შევაჩერე. ამ პროცესში კი ჩემი მხარის შესახებ იმდენი მასალა მოვაგროვე, რომ დამენანა ამხელა ნამუშევრის დაკარგვა, ამიტომ გადავწყვიტე, სანამ „კარგ სახლში“ აქტიური პროექტები გაჩერებული მაქვს, მოგროვილი მასალით გამოვუშვა წიგნი, რომელშიც შევა როგორც მამაჩემისგან დატოვებული მასალები, ასევე, ჩემი პროექტის ფარგლებში დაგროვილი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ძალიან მოცულობითი წიგნი გამოვა. ეს წიგნი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ამგვარი კვლევებით, მასალების თავმოყრით მაინცდამაინც განებივრებული არ ვართ. არადა, რაც უფრო მეტი გვექნება, მით უფრო კარგია საქართველოსთვის. იმედი მაქვს, მალე ეს პროექტიც სრულყოფილ სახეს მიიღებს და დაკისრებულ მისიას შეასრულებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა