როგორ ცდილობდა ნინო ყაუხჩიშვილი ემიგრაციაში გაფანტული ქართველების შემოკრებას და რა ანდერძი დატოვა მან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 21.05

ნინო ყაუხჩიშვილი 1919 წელს ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში დაიბადა.
ინჟინერი, ელექტრო-მექანიკოსი, ქიმიკოსი მიხეილ ყაუხჩიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს საქართველოს წარმომადგენლად შვედეთში გაგზავნა. 1919 წელს ის გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა „სიმენსს“ დაუკავშირა. 1931-1939 წლებში იყო ფირმის დირექტორი გერმანიაში, ხოლო 1939-1947 წლებში – იმავე ფირმის იტალიური განყოფილების დირექტორი. მიხეილ ყაუხჩიშვილის პროექტით აშენდა საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი რიგი. მიხეილ ყაუხჩიშვილი გახლდათ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ძმა.
ნინო ყაუხჩიშვილმა ბერლინში კლასიკური გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ სწავლობდა ჯერ ბერლინის (სადაც ქართულ ენას მიხაკო წერეთელი ასწავლიდა), შემდგომ მილანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომანისტიკის განხრით. წლების განმავლობაში ნინო ყაუხჩიშვილი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი, პრორექტორი; ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა.
1958 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილისა და მისი ძმის, გიორგის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს. მათ თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ და ამას კონკრეტული საქმეც მოჰყვა.
მისი თაოსნობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ქართველოლოგები. მისი ინიციატივითა და სპონსორობით იტალიაში გაიმართა ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები: ბერგამოში – 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში – 1980 წელს, პავიაში – 1986 წელს. 1979 წელს მისივე თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში.
1999 წელს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის ნინო ყაუხჩიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.
2005 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილი შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას. 2008 წელს დააფუძნა ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არაკომერციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, იტალიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.
ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა მილანში 2010 წელს.
ყოველი წლის 27 იანვარს მილანის ქართული სათვისტომო წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად იწვევენ იმ სახელოვან იტალიელ მეცნიერებსა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ დღეს საზოგადოებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ უდიდესი წმიდანის ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი საზოგადოება „სამშობლო – გულით სატარებელს“. ქალბატონი ნინოს ხსოვნა სათვისტომოს იმ დიდი ვალის აღსრულებას აკისრებს, რაც მან ანდერძად დაუტოვა – „მარად და ყველგან გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის ავახმიანოთ ქართული სიტყვა, ქართული სიმღერა და წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა“.
გამოყენებული მასალების წყარო: http://www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან