საზოგადოება

როგორ ცდილობდა ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარებას ალექსი წერეთელი და რას სწერდა შვილს აკაკი წერეთელი მის ნიჭზე

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 30.03, 2022 წელი

ალექსი წერეთელი
დაკოპირებულია

აკაკი წერეთლისა და ნატალია პეტრეს ასულ ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი, ალექსი წერეთელი სოფელ სხვიტორში დაიბადა. აკაკის მეუღლე ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ და შესაბამისად, დიდ სიმდიდრეს ფლობდა. თუმცა, მამის სიკვდილის შემდეგ მათი ქონება ბიძამ მიითვისა. ნატალია პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში იყო აღზრდილი და სოფელში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. მიატოვა კიდეც სხვიტორი და შვილთან ერთად პეტერბურგში გადავიდა. ალექსი რუსეთში გაიზარდა. ის პროფესიით ინჟინერი გახლდათ, მაგრამ ცხოვრება ოპერას დაუკავშირა.

ალექსი წერეთელი არაჩვეულებრივად ერკვეოდა რუსულ და ევროპულ ხელოვნებაში, ის თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ უნიჭიერეს შემფასებლად მიიჩნეოდა და თვითონვე დგამდა ოპერებს. მისი მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზით გატაცება ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობას მოითხოვდა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დედა-შვილი ხან პეტერბურგში ცხოვრობდა, ხან ხარკოვში, თბილისში, კიევსა და რუსეთის იმპერიის მაშინდელ სხვა ქალაქებში, ხანაც – პარიზში, ბერლინსა, მილანში.

მან 1896-1897 წლებში ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები – ოდესა, მოსკოვი და წარმატების მწვერვალს პეტერბურგში მიაღწია. მის სპექტაკლში მონაწილეობდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის საუკეთესო მომღერლები. წერეთელს განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა ახალი ტალანტების აღმოჩენა. მან აღმოაჩინა შემდეგში ცნობილი საოპერო მომღერლები: ნატალია ერმოლენკო-იუჟინა, მარია კუზნეცოვა, დირიჟორი ემილ კუპერი და სხვები.

1902 წელს თბილისის საოპერო თეატრი რემონტის გამო დახურეს. ანტრეპრენიორმა ალექსი წერეთელმა ხარკოვის რუსული საოპერო დასი ჩამოიყვანა და ბილეთებსაც ხელმისაწვდომი ფასი დაადო. მან ორი სრული სეზონი გაატარა თბილისში და საზოგადოების ყურადღება არ მოჰკლებია. აკაკის შვილის მოღვაწეობის მკვლევარ ნონა თევდორაძის აზრით, „არ არის გამორიცხული, რომ ის პიროვნება, რომელმაც მიხეილ ნანობაშვილი, შემდგომში „მიშელ დარიალის“ სახელით ცნობილი, პარიზის „გრანდ ოპერის“ სოლისტი, პარიზში გაგზავნა სასწავლებლად და თვიურად ოცი თუმანი სტიპენდია დაუნიშნა – იყო ალექსი წერეთელი.“ თუ კი ახალგაზრდას სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, წერეთელი მისთვის არც ენერგიას იშურებდა და არც მატერიალურ სახსრებს. 1913 წელს ალექსი წერეთელმა პეტერბურგშიც ჩაატარა ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო. მისი წერილებიდან ჩანს, როგორ ზრუნავდა ქართულ ეროვნულ საოპერო ხელოვნებაზე: „გმადლობთ ცნობისათვის ოპერის შესახებ, ძალიან მაინტერესებს დავით ანდღულაძე. რა ხმა აქვს – ტენორი თუ ბარიტონი? გამომიგზავნეთ ფოტოსურათი და რეცენზიები“. ან კიდევ – „როგორ მღერის იაშვილი? ფალიაშვილს სურდა ჩამოსვლა, მაგრამ არ ჩანს“. იოსებ გოგოლაშვილის ცნობით, „ალექსი წერეთელს განზრახული ჰქონდა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ დადგმა. შევადგინეთ კიდეც დამხმარე კომიტეტი და ვთხოვეთ ზაქარიას პარტიტურა“, მისგან მივიღეთ პასუხი – „მე თვითონ ვაპირებ პარიზში ჩამოსვლას და საჭირო მასალებს ჩამოვიტან“. როგორც ჩანს ალექსი წერეთელი ცდილობდა, ქართული ოპერა საზღვარგარეთ გაეტანა, მაგრამ დიდი კომპოზიტორის უდროო გარდაცვალებამ მის ჩანაფიქრს ხელი შეუშალა.

ალექსი წერეთელმა ყველაზე დიდი ამაგი რუსულ საოპერო მუსიკას დასდო. 1902 წლიდან მის საოპერო ორკესტრსა და დასს, სახელწოდებით – „ახალი ოპერა“, პეტერბურგის სახალხო სახლის სცენა ეკავა. რუსული მუსიკის ისტორიაში ხაზგასმულია, რომ რიმსკი-კორსაკოვის ოპერების „მეფის საცოლისა“ და „პან ვოევოდას“ დადგმა მთელ რუსეთში პირველმა ალექსი წერეთელმა განახორციელა. ალექსიმ ამერიკელებს გააცნო თეოდორ შალიაპინი, რომელთანაც შემოქმედებითი კავშირი არც შემდეგში შეუწყვეტია.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ალექსი წერეთელი პარიზში გადასახლდა. მის მიერ ფრანგ კანოსთან ერთად შეკრებილი ახალი დასი რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა ესპანეთის თეატრებში. მან ალფრედ მასნესთან ერთად პარიზში დააფუძნა „რუსული ოპერა“, რომელიც გაკოტრდა და მის მფლობელებს შორის დავა სასამართლომდე მივიდა. წერეთელმა სასამართლო პროცესი მოიგო და ემიგრანტ ვასილი ბაზელის კომპანიონობით „რუსული ოპერა“ აღადგინა. დასი ევროპაში მართავდა სპექტაკლებს.

აკაკი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეტრფოდა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში მოღვაწე შვილის ნიჭს, განათლებას, მიზანსწრაფულობასა და ენერგიას. ალექსის ახასიათებენ, როგორც სიმპათიურ, ზრდილობიან და კეთილი გულის პატრონს. მას მამა ძალიან უყვარდა. ქართული ნაკლებად იცოდა, მაგრამ მამის თხზულებათა შინაარსი ზედმოწევნით ჰქონდა შესწავლილი. ერთხელ ალექსის უცდია სხვების დახმარებით მამისთვის წერილი ქართულ ენაზე მოეწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: „შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით“.

ნატალია საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. თავად აკაკი 1905 წლის ზაფხულში და 1909 წელს რამდენიმე თვით სამკურნალოდ იყო ჩასული საფრანგეთში და ცოლ-შვილთან ცხოვრობდა. ალექსი წერეთელს მაშინ საოპერო დასი ჰყავდა პარიზში საგასტროლოდ ჩაყვანილი. როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალია თბილისში ჩამოვიდა და თავზე დაადგა.

ალექსი წერეთელი არ დაქორწინებულა. ის 1942 წელს გარდაიცვალა და იმის მიუხედავად, რომ პარიზში ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა, მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ექვთიმე თაყაიშვილისგან ვიგებთ, რომ ალექსიმ დასის მთელი რეკვიზიტები, პირადი ქონება და ბიბლიოთეკა „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა. ეს ყველაფერი მილიო-ნახევრად იყო შეფასებული. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად ცნეს და ქონება აუქციონზე გაიყიდა.

ალექსი წერეთელი დაკრძალულია სენტ-უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ.

გამოყენებული მასალების წყარო: ალექსი წერეთელი – რუსული ოპერის მოამაგე / თეატრალური მოამბე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ვიკიპედია; ilovanski.wordpress.com; belcanto.ru.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა