როგორ ცდილობდა ქართული ლუვრის შექმნას დიმიტრი შევარდნაძე და რის მიხედვით არჩევდა ამისთვის ექსპონატებს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 28.02, 2023 წელი
„მე არაფრის მეშინია, რადგან ბრალი არაფერში მიმიძღვის!“ – ამ სიტყვებით გამოეთხოვა 1937 წლის 10 ივნისს თავის უახლოეს მეგობარს, მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი დიმიტრი შევარდნაძე.
ახდენილი ოცნება
…1906 წელს დიმიტრი სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა და წარმატებით ჩაირიცხა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. ნიჭიერ და იმედის მომცემ ახალგაზრდას საზღვარგარეთ ყოფნისას მატერიალურ დახმარებას უწევდნენ გიმნაზიის პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები და ჭიათურის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა საბჭო. რადგან სამშობლოდან დახმარებას მაინც არასტაბილური ხასიათი ჰქონდა, მხატვარი ხელმოკლედ ცხოვრობდა და იძულებული იყო, სამხატვრო აკადემიაში სწავლა მიუნხენის ერთ-ერთ ფოტოატელიეში რეტუშორად მუშაობისთვის შეეთავსებინა. სწავლისა და ფოტოატელიეში მომქანცველი მუშაობისგან თავისუფალ დროს დიმიტრი სამხატვრო გალერეებისა და მუზეუმების გაცნობას ანდომებდა, მოგზაურობდა გერმანიის ქალაქებში ხელოვნების ცნობილი მუზეუმების დასათვალიერებლად და იღებდა პირებს სახელგანთქმული მხატვრების ნამუშევრებიდან. გადმოცემით, დრეზდენის სურათების გალერეაში კორეჯოს ერთ-ერთი ფერწერული ნაწარმოების პირზე მუშაობისას დიმიტრი შევარდნაძის ოსტატობას აღუფრთოვანებია გალერეის მაღალი რანგის სტუმარი – რუმინეთის მეფე... სწორედ, მიუნხენიდან სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნების შემდეგ დააარსა ქართული კულტურისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელოვნო პროფესიული ორგანიზაცია – „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“. მხატვრისთვის ჩვეული თავმდაბლობა, ჩრდილში ყოფნით საქმის კეთება გახდა იმის მიზეზი, რომ დიმიტრი შევარდნაძემ „საზოგადოების“ თავმჯდომარის პოსტზე პირველ საორგანიზაციო კრებას ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრის – გიორგი ჟურულის კანდიდატურა წარუდგინა. „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარედ, დიმიტრი შევარდნაძისვე წინადადებით, ივანე ჯავახიშვილი დასახელდა. მოკრძალებული ბუნების მხატვარმა თავმჯდომარის ამხანაგის (ანუ მოადგილის) პოსტი დაიკავა და, ფაქტობრივად, თავად იტვირთა „საზოგადოების“ მუშაობის მთელი სიმძიმე. ამგვარი საზოგადოების შექმნა მხოლოდ დიმიტრი შევარდნაძის ახდენილი ოცნება არ ყოფილა, მისი აუცილებლობა დრომ მოიტანა – საზოგადოებას უნდა ეთავა ქართული ხელოვნების ძეგლების მეურვეობა, ქართველი მხატვრების ერთ ოჯახად შეკავშირება, მათი კერძო ინტერესების საერთო, საზოგადო ინტერესებისთვის დაქვემდებარება. დიმიტრი შეარდნაძის ეს საშვილიშვილო წამოწყება ნამდვილად დროული იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ მეტად სავალალო მდგომარეობას, როდესაც, სრული განუკითხაობის გამო თვალსა და ხელს შუა იღუპებოდა ქართული კულტურის ძეგლები, ქვეყნის ეროვნული განძი.
უმნიშვნელოვანესი დაკვეთა
„ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ“ დაარსებისთანავე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. ეს იყო ისტორიულ ნაშთთა დაცვის მიზნით ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულ, „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებასთან“ შეთანხმებით მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციებში აქტიური მონაწილეობა და მათი შედეგების ექსპონირება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდსაცავებში დაცულია ამ ექსპედიციების დროს დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის პირები... 1918 წელს დიმიტრი შევარდნაძემ ივანე ჯავახიშვილისგან უმნიშვნელოვანესი დაკვეთა მიიღო – ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის ბეჭდისა და გერბის შექმნა. მხატვარმა უნივერსიტეტის ავტორიტეტულ საბჭოს რამდენიმე ესკიზი წარუდგინა, რომელთა შორისაც საუკეთესო შეირჩა. „საზოგადოება“ და მისი პროგრესულად მოაზროვნე ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად იღვწოდა ეროვნულ სკოლებში ესთეტიკური სწავლების დასანერგად, ხელს უწყობდა ეროვნული საჯარისო ფორმირების შექმნას. ამ წლებში პირადად დიმიტრი შევარდნაძემ ზედიზედ მიიღო დაკვეთა – შეესრულებინა ეროვნული ფულის ნიშნების, საფოსტო მარკების, სამხედრო ტანისამოსის ესკიზების პროექტები. არსებობს ცნობა, რომ დიმიტრი შევარდნაძეს 1920 წელს მხატვრულად გაუფორმებია „ჩემოს“ (ჭიათურის საექსპორტო მანგანუმის საზოგადოების) აქციები, ძმები ქავთარაძეების ქარხნის სარეკლამო ფირნიში და სხვა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში „საზოგადოებამ“ გააგრძელა სამეცნიერო-სამხატვრო, საექსპედიციო და ფართო საგამოფენო საქმიანობა, რომელსაც წარმატებით შეუხამა მესამე, საგანმანათლებლო გეზი, რომლის შედეგადაც, დაოსტატების მიზნით, უცხოეთის კერებს მიაშურეს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ გამგეობისა და პირადად დიმიტრი შევარდნაძის მიერ შერჩეულმა კადრებმა: დავით კაკაბაძემ, ლადო გუდიაშვილმა, შალვა ქიქოძემ, ქეთევან მაღალაშვილმა, ელენე ახვლედიანმა, მიხეილ ჭიაურელმა და სხვებმა. ამავე პერიოდში წამოიწია დიმიტრი შევარდნაძის მიერ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ სხდომებზე არაერთგზის დაყენებულმა საკითხმა – თბილისში დაარსებულიყო საშუალო და უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლები.
დამტვრეული ჩონგურები
დიმიტრი შევარდნაძის უახლოესი მეგობრის, მხატვარ გიორგი ერისთავის მოგონებით: „დიტო იყო მეტად კეთილი, უანგარო, თავმდაბალი და დაუზარელი ადამიანი, მაგრამ სხვისთვის სიკეთის ქმნისთვის მზადმყოფი. ...დიტოს ჰქონდა საოცარი უნარი თავისი იდეის პრაქტიკულად განხორციელებისა. ენერგიულად შეუდგებოდა ხოლმე საქმეს, მოზღვავებულ ენთუზიაზმს სხვებსაც გადასცემდა და საქმეში ჩააბამდა. მას ფართო განათლება და უნივერსალური ცოდნა ჰქონდა. ზედმიწევნით იცოდა მხატვრობა და ხუროთმოძღვრება. ერთხელ კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა მოუტანა დამტვრეული ჩონგურები. დიტომ ისე მშვენივრად აღადგინა, კოტე მეტად გახარებული იყო – ჩემი საყვარელი ინსტრუმენტები გამიცოცხლაო“.
გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ დიმიტრი, თურმე, თბილისში ღუნიბის (ამჟამად ვასილ ბარნოვის) ქუჩაზე, ¹ 23 სახლში დაფუძნდა თავის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. „ამ სახლში ჩაისახა ყველა აზრი და იდეა იმ დიდი ეროვნული წამოწყებებისა, რაც ასე აწვალებდა და მოსვენებას არ აძლევდა დიტოს. მისი ბინის აივნიდან იშლებოდა თბილისის წარმტაცი ხედი მეტეხითურთ. ეს აივანი იყო ჩვენი შთაგონებისა და ახალგაზრდული სიხარულის მოწმე. აქ მოსვლა ყველას უხაროდა“ (გიორგი ერისთავი).
დიმიტრი შევარდნაძესთან სტუმრობა, მასთან საუბარი რომ განსაკუთრებით უყვარდათ, კიდევ ერთი მოგონებით დასტურდება. ტიციან ტაბიძის მეუღლე – ნინო ტაბიძე იხსენებდა: „დიტო უცნაურად, ლამაზად და არაჩვეულებრივად ცხოვრობდა. ეწვეოდით თუ არა ბარნოვის ქუჩაზე, მაშინვე სახლის სახურავზე მიგიპატიჟებდათ, სადაც შეზლონგები იდგა, შავ ყავას მოგართმევდათ და იწყებოდა საუბარი სურათებსა და ახალ ლექსებზე. ვიჯექით და შევყურებდით ლამპიონებში ჩაფლულ ქალაქს. ზღაპრული სანახაობა იშლებოდა ჩვენ თვალწინ! ვიგონებდით ფიროსმანს, მის ახლახან ნაპოვნ სურათებზე ვკამათობდით... დიტოს ბინა პატარა მუზეუმს ჰგავდა, იქიდან ყველა მასპინძელზე შეყვარებული გამოდიოდა“ (ნ. ტაბიძე, „ტიციანი და მისი მეგობრები“...
სწორედ დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით და პირადი მონაწილეობით შეიქმნა ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ძირითადი კოლექცია, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მისივე დამსახურებაა, რომ ეროვნული გალერეის ბაზაზე შეიქმნა აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშების სრულიად უნიკალური კოლექციები...
გადარჩენილი მეტეხი
1925 წელს, დეკორატიული ხელოვნების პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე საბჭოთა საქართველოდან წარმოდგენილი იყო ორი მხატვრის – ირაკლი გამრეკელისა და დიმიტრი შევარდნაძის – თეატრალური ესკიზები: თბილისში კოტე მარჯანიშვილის დადგმული ვერფელის პიესის, „კაცი – სარკის“ ირაკლი გამრეკელისეული დეკორაციის ესკიზი და დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ მეორე დადგმის დეკორაციების ესკიზები. დიმიტრი შევარდნაძის გრაფიკული ნამუშევრების შესახებ საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი – მას, როგორც მხატვარს, დაევალა ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის გარდაქმნის პროექტის წარმოდგენა და დიმიტრიმ ეს იმდენად წარმატებით შეასრულა (1926 წელს), რომ აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე წლების შემდეგ, 1986 წელს, დაბეჯითებით იტყვის: „დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტი სავსებით იმსახურებს, რომ კვლავ შემოვიღოთ ხმარებაში“. მხატვრის გრაფიკულ მემკვიდრეობაში საგანგებო ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველს და მის უკვდავ პოემას, „ვეფხისტყაოსანს“. მხატვარს 1936 წელს შეუსრულებია შოთა რუსთაველის პორტრეტი, რომელიც გამიზნული იყო 1937 წელს „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ 1937 წლის 10 სექტემბერს, როდესაც მხატვარი უკვე რეპრესირებული იყო, მუზეუმ „მეტეხის“ ეზოში საჯაროდ დაწვეს დიმიტრი შევარდნაძის კაბინეტში არსებული „არასამუზეუმო“ ფასეულობად მიჩნეული ნივთები. სწორედ მაშინ, აგიზგიზებული კოცონის მხილველმა ხელოვნებათმცოდნე მამია დუდუჩავამ, სხვებისგან მალულად, ცეცხლის ენებს გამოსტაცა დიმიტრი შევარდნაძის შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის გარდაქმნის პროექტი...
დიმიტრი შევარდნაძის სახელთანაა დაკავშირებული ქართული კინომხატვრობის ისტორიის დასაწყისიც. მიუნხენიდან დაბრუნებისთანავე დიმიტრი შევარდნაძე რეჟისორმა ალ. წუწუნავამ მიიწვია პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს“ გასაფორმებლად. შემდეგ, 20-30-იან წლებში იყო ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით წუწუნავასვე გადაღებული ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ და ეგნატე ნინოშვილის ისტორიული რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი „ჯანყი გურიაში“. დიმიტრი შევარდნაძე იყო მხატვარი ალ. ყაზბეგის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებული ფილმისა – „ელისო“. საბედისწერო 1937 წელს დიმიტრი შევარდნაძე კვლავ დაუკავშირდა კინოს – იგი მიიწვიეს ალექსანდრე პუშკინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მხატვრული ფილმის „მოგზაურობა ერზურუმში“ სამხატვრო კონსულტანტად. ეს იყო მხატვრის ბოლო ნამუშევარი. 1956 წელს, დიმიტრი შევარდნაძის ოფიციალური რეაბილიტაციისთვის მიცემული ჩვენებისას, ცნობილმა პორტრეტისტმა, ქეთევან მაღალაშვილმა საჯაროდ განაცხადა შემდეგი: „როდესაც საპყრობილე გადაიტანეს ორთაჭალაში, ხოლო მეტეხის ციხესიმაგრეში გარემონტდა ერთი კორპუსი, რომ ექსპონატების ნაწილი დაებინავებინათ, მოულოდნელად მოვიდა ბრიგადა, ბერიას განკარგულებით, რათა აეფეთქებინათ მეტეხის საყდრის შენობა და იმ ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლი აღემართათ. დიმიტრი შევარდნაძემ არ მისცა ტაძრის აფეთქების უფლება და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან (გიორგი ჩუბინაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები) ერთად გაემართა ბერიასთან. ბერიამ შესთავაზა ამ ტაძრის იერი მოგონებაში ფოტოსურათებისა და მაკეტის საშუალებით შემოენახათ. მათ ამაზე უპასუხეს: რა პასუხს გავცემთ ჩვენ შთამომავლობას, როდესაც გვკითხავენ, თუ რატომ დავანგრიეთ ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ბერიამ ყველა დაითხოვა, მხოლოდ დიმიტრი შევარდნაძე დაიტოვა – „რისთვის მოიყვანეთ ისინი? საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის, არა? თქვენ მეტეხის ტაძარს დაანგრევთ, ოღონდ თქვენივე ხელით. მე კი, თქვენ დაგეხმარებით მუზეუმის ახალი შენობის აგებაში“. ამაზე დიმიტრი შევარდნაძემ კატეგორიული უარი განაცხადა. ამ ინციდენტის შემდეგ დიმიტრი გაემგზავრა მოსკოვს და იქ მიაღწია „მეტეხის“ მუზეუმისათვის და ქართული ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით ხუთი მილიონი მანეთის გამოყოფას. მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე იგი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ჯერ თანამდებობიდან მოხსნეს, მერე კი, სულ მალე, დააპატიმრეს და დახვრიტეს“.
მხატვრის მეგობრები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ დიმიტრი შევარდნაძეს ჩეკისტებმა არ აპატიეს ის, რომ როდესაც რუსეთის ცენტრალური მუზეუმებიდან მეორეხარისხოვანი მხატვრების სურათები რესპუბლიკების მუზეუმებს დაეგზავნათ, მან უარი განაცხადა ამ გადარჩეული, უხარისხო ბალასტის მიღებაზე – მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, „მეტეხის“ მუზეუმიდან ქართული „ლუვრის“ შექმნა და ექსპონატებსაც საგულდაგულოდ, მხოლოდ ხარისხის ნიშნით აგროვებდა. დიმიტრი შევარდნაძისათვის წაყენებული ბრალდებებიდან მეტად უცნაური და იმავდროულად სიმპტომატურია ერთი ასეთი კურიოზული „სამხილიც“: „მუზეუმის მთელ მუშაობაში იყო შინაური ატმოსფერო. მუზეუმში არ იყო შრომითი დისციპლინა, არც სოციალისტური შეჯიბრება, საუბარიც კი ზედმეტია, რომ არ იყო პარტიული უჯრედი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან