როგორ ცდილობდა ჯუანშერ ვათეიშვილი ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტების მოპოვებას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 29.04

ისტორიკოსი ჯუანშერ ლევანის ძე ვათეიშვილი (ვათაძე) დაიბადა 1931 წელს თბილისში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში. შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.
1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, 1971 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1973 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
1970-იანი წლების ბოლოდან ვათეიშვილი თანამშრომლობდა მეცნიერებათა ორი ეროვნული აკადემიის სისტემაში – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და რუსეთის ისტორიის ინსტიტუტებთან და იმავდროულად, იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრების პროფესორი თბილისისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში.
1977-1982-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ.
ჯუანშერ ვათეიშვილმა შვედეთის ეროვნულ არქივში აღმოაჩინა წერილები, რომლებიც საქართველოს მეფე არჩილ მეორემ გაუგზავნა ჩარლზ მეთორმეტესა და შვედეთის სამთავრობო უწყებებს, რათა გაეთავისუფლებინათ მისი ვაჟი, პეტრე პირველის თანამოაზრე, პირველი ფელდცეიხმაისტერი რუსეთის ისტორიაში, ალექსანდრე იმერეტინსკი.
ვათეიშვილი იყო მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი, ასევე, გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების „გიორესგეზელშაფტის“ ნამდვილი წევრი.
ჯუანშერ ვათეიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა საქართველოს ურთიერთობის ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.
1960-იანი წლებიდან მუშაობდა თავის მრავალტომეულ ნარკვევზე „საქართველო და ევროპის ქვეყნები“ (XIII-XIX სს. ურთიერთობათა ისტორიის ნარკვევები). გამოიცა 2014-2017 წლებში 7 ტომად.
1990 წელს ჯუანშერ ვათეიშვილს, არნოლდ ჩიქობავასთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, მონოგრაფიისთვის – „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები. არნოლდ ჩიქობავა, ჯუანშერ ვათეიშვილი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).
1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში მისივე დაფუძნებულ, ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან – ამსტერდამში, ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ „გეორგიკას“.
1993 წელს ზაანდამში, ფონდის ინიციატივითა და ჯუანშერ ვათეიშვილის პირადი მონაწილეობით, პეტრე პირველის სახლის მთავარი ფასადის მარცხენა კუთხეში დამონტაჟდა ქართველი თავადის, ალექსანდრე იმერეტინსკისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. მოსკოვში, კუტუზოვის გამზირზე დაიდგა პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. არის არაეთი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი.
გამოქვეყნებულია ჯუანშერ ვათეიშვლის 150-მდე ნაშრომი. გარდაიცვალა 2019 წელს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
2021 წელს მეცნიერის არქივი მისმა ოჯახმა გადასცა საქართველოს ხელოვნების სასახლეს კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციაში დასაცავად. მასალების დამუშავების დროს, სხვა საინტერესო დოკუმენტურ წყაროებთან ერთად, აღმოჩნდა ქართველი ისტორიკოსისა და ღვთისმეტყველის, მიხეილ თარხნიშვილის არქივი, რომელიც მანამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. ეს დოკუმენტები, როგორც ჩანს, ღვაწლმოსილმა მეცნიერმა საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, მაშინ როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ ტაბუირებული იყო და სამშობლოში ჩამოიტანა. სავარაუდოდ, სჯეროდა, რომ მომავალში აუცილებლად გაჩნდებოდა ამ მასალების შესწავლისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა.
გამოყენებული მასალების წყარო: nplg.gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ; ვიკიპედია; catholic.ge/post.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან