საზოგადოება

როგორ ცდილობდა ილია კუჭუხიძე ემიგრაციაში, რომ სამშობლოს გამოსდგომოდა და რატომ დაკარგა მან ოჯახთან კონტაქტი

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 03.07

ილია კუჭუხიძე
დაკოპირებულია

ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც მინდია ლაშაურის სახელითაა ცნობილი, ცხოვრობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენთან ახლოს, ქალაქ კირჰაიმში. კინდლერის ლიტერატურულ ენციკლოპედიაში (Kindlers Literatur Lexikon) შესულია ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ.

ილია კუჭუხიძეს ეკუთვნის მრავალი თხზულება საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის შესახებ; უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები. ის აქვეყნებდა სტატიებს ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში: „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“, „ივერია“, „მამული“ და სხვა. 1985 წელს ილია კუჭუხიძის სტატიები ქართულ პრესაში პირველმა პროფესორმა, გერმანისტმა შოთა რევიშვილმა გამოაქვეყნა.

სანამ ილია კუჭუხიძე მიუნხენში დაიდებდა ბინას, საქართველოში ცხოვრობდა. დაიბადა 1906 წელს ხობის რაიონის სოფელ აბასთუმანში. დედა გახლდათ ქრისტინე ქარდავა, მამა – ვასილ კუჭუხიძე. მამა თერძი იყო, ანუ, ჩოხებს კერავდა. ილია თავის ჩანაწერებში ბავშვობას ძალიან ტკბილად იხსენებს.

ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად, სწავლობდა სოციალურ-ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო.

წერა ადრე დაიწყო. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს დაბეჭდა. ეს იყო იოსებ იმედაშვილის ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით, 1931 წელს გამოაქვეყნა პიესა „თებერვალი სოფლად”, რომელიც დაუდგამთ კიდეც.

სხვადასხვა დროს იყო ბათუმის ქართველ მსროლელთა ლეგიონის კლუბის დრამატული წრის წარმომადგენელი. მუშაობდა თბილისში მეორე დივიზიის ბიბლიოთეკის გამგედ, ამიერკავკასიის სტატისტიკური სამმართველოს სტატისტიკოსად, კინოს სამმართველოს იურისტად...

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ილია კუჭუხიძე ჯარში გაიწვიეს. 1942 წლის ივნისში ქერჩის ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა. ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა, რომელმაც მოუარა, ჩააცვა და პოლონეთში, რადომთან ახლოს, სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა, სადაც ბიბლიოთეკის მუშაკად მოეწყო. მალე ბერლინიდან ჩამოვიდა გაზეთ „საქართველოს” მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე, ილია თან წაიყვანა და რედაქციის მდივნად დანიშნა. გარდა გაზეთ „საქართველოსი“ ის მუშაობდა „ქართველი ერის” რედაქციაში. ეს სწორედ ის ჟურნალი იყო, რომელთანაც თანამშრომლობდა მთელი ემიგრანტული ელიტა: გრიგოლ რობაქიძე, აკაკი პაპავა, ტიტე მარგველაშვილი...

როცა საბჭოთა არმია ბერლინს მიუახლოვდა, მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა, ილიაც მათ გაჰყვა. ომი რომ დამთავრდა, ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო, სადაც ლუკმაპურისთვის გლეხებთან მუშაობდა. შემდეგ მიუნხენში ჩავიდა, სადაც ბედმა გაუღიმა და აკაკი პაპავას რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში, მდივნის თანანმდებობაზე. რადიო „თავისუფლება” 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. ქართულ ენაზე გადაცემები 1953 წლის 17 მარტს დაიწყო, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს. პირველი რედაქციის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე. ეს სამი პირია ქართული რედაქციის ფუძემდებელი. ქართულ რედაქციაში ილია კუჭუხიძე ორმოცი წლის განმავლობაში იყო წამყვანი და ყოველთვის ცდილობდა ეროვნული პრობლემების წინ წამოწევას. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო – ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო „თავისუფლების” ყოველი თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა საქართველოს სუვერენიტეტს არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია, გონიერებითა და განათლებით. 1984 წლის ნოემბერში ილია კუჭუხიძე პენსიაზე გავიდა.

ილია კუჭუხიძე ქართველოლოგ, პროფესორ იულიუს ასფალგის რეკომენდაციით, მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა, სადაც ახალ ქართულ ენას ასწავლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოდან მოშორებით, მიუნხენში ცხოვრობდა, ყოველთვის იცოდა, რა მდგომარეობა იყო მის სამშობლოში, ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა, ქართველ საზოგადოებას ქმედებებით გამოსდგომოდა.

საქართველოში ილია კუჭუხიძეს დარჩა მეუღლე – ნატო სოლოღაშვილი. მასთან ჰყავდა ორი შვილი – ნოდარი და მზია. რომელთა შესახებ ომის შემდეგ არაფერი იცოდა. შემდეგში ოჯახთან დაკავშირებაში რეზო თაბუკაშვილი დაეხმარა.

მიუნხენში ცხოვრებისას ილია კუჭუხიძემ კიდევ ერთხელ შექმნა ოჯახი. საქართველოში დარჩენილ შვილიშვილთან შეხვედრა 1991 წელს მიუნხენში მოახერხა. ეს იყო მათი პირველი და სამწუხაროდ, უკანასკნელი შეხვედრა. თუმცა მანამდე მათ მიმოწერა ჰქონდათ.

ილია კუჭუხიძე 1992 წელს მიუნხენში გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: ინასარიძე შუქურა. დაბრუნებული „ქართული სული”: ილია კუჭუხიძის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის; კვირაძალს საკითხავი // „საქართველოს რესპუბლიკა“; emigrantebi.weebly.com; nplg.gov.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული