საზოგადოება

როგორ ცდილობდა გიზო ნიშნიანიძე შოკური თერაპიის ჩატარებას ცოცხლებისა და გარდაცვლილებისთვის

№11

ავტორი: ეკა პატარაია 14:00 24.03

გიზო ნიშნიანიძე
დაკოპირებულია

გიზო ნიშნიანიძე – ნაღდი თბილისელი, ვერელების ნამდვილი სული და გული. იგი საჩხერეში სტუმრობისას, ახლობლების წრეში საკუთარი ლექსის კითხვისას გარდაიცვალა. პოეტური ბუნების კაცი იყო და პოეტურად აღესრულა. განსაკუთრებით უყვარდა თბილისი. წუხდა, რომ თბილისი დღეს უბრალო მისამართად იქცა. მისთვის კარგი თბილისელი ის იყო, ვინც უადგილო ადგილას ჩემოდანსაც არ დადგამდა. გოგლას ნათქვამი ახსენდებოდა – თბილისელობა პროფესიააო. თბილისურად ვინც აზროვნებს, ჩამოსული იქნება თუ აქაური, მნიშვნელობა არ აქვს, უკვე თბილისელად ითვლებაო. ჩამოსული იყო გალაკტიონიც, მაგრამ მოუხდა თბილისს... დედაქალაქის მიმართ თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას „მუხამბაზში“ ახსნილ სიყვარულს უდარებდა: ბემურაზი ვიყო, თუ ვიცოდე, რად მიყვარხარო. თან დაამატებდა, ამაზე უკეთ სიყვარულს ვერავინ განმარტავსო.

საშინელი რეაქცია ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ აგვისტოს ომის დღეებში თბილისიდან გარბოდნენ. სამარცხვინო იყო, რომ გარბოდნენ ან კიდევ, სად გარბოდნენ?! ასე მგონია, ნაღდი თბილისელები არ გაიქცეოდნენ, დედაქალაქს არ მიატოვებდნენ. ნათქვამი მაქვს, ქართველებმა უკანდახევა არ იცოდნენ, რადგან საქართველოში უკანდასახევი გზა არ არის-მეთქი. ახლა ამ ქართველებმა იმდენი „ივაჟკაცეს“, რომ აღმოაჩინეს უკანდასახევი გზა და სუყველა კედელთან მიგვაყენეს.

იმ დღეებში თბილისიდან არ გავსულვარ. ჩემი ხასიათი ასეთია: დიდი მიწისძვრის დროსაც, როცა ჩემს ოჯახში ერთი ამბავია, არ ვდგები ხოლმე და ვამბობ: თუ საერთო გასაჭირია, მეც იმ გასაჭირში უნდა ვიყო. ხალხი, თითქოს, გულგრილი გახდა. ჩვენს დროს ფაშისტებისგან პირველი დაჭრილი რომ ჩამოვიდოდა თბილისში, მთელი დედაქალაქი მას დასტიროდა. მწარე მოგონებად მახსოვს, ფანჯრებზე ნაჭრები იყო ჩამოფარებული, რათა დაბომბვისას არ შეემჩნიათ. ინვალიდ ფანჯრებს ვეძახდით. ეს მაშინდელი ლენინგრადის ანალოგიური იყო, სადაც გერმანელების მიერ დაცხრილულ ხეებზე წაეწერათ: „ინვალიდი ატეჩესტვენნოი ვაინი.“

თბილისის ომის დროს გიზო ნიშნიანიძეს ტყვია მოხვედრია და ამ ტყვიას სხეულით ატარებდა. ჭონქაძის ქუჩაზე რომ ატყდა „პერესტრელკა“, უფიქრია, ბავშვები ქუჩაში თამაშობენ, გამოვარიდოო და გარეთ გავარდნილა. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო და მოხვდა „აკაესის“ ტყვია. კიდევ კარგი, ტრაექტორია დაკარგული ჰქონდა და მიწიდან ასხლეტით მოხვდა, მაგრამ მისი ბედი იყო – უნდა გადარჩენილიყო.

„ბედი რომ მქონოდა, ამ დროში არ გავჩნდებოდი, როცა ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ, ან წინაპარს რას ვეუბნებით, საფლავში რომ მოგვიწევს წასვლა, ან აქ დარჩენილებს რას ვუტოვებთ?! ჩვენს დროს დაიკარგა ეს ყველაფერი და მე არ ვარ დამნაშავე? ყველა ვართ დამნაშავე. პატარა ერი გამარჯვებულისა და დამარცხებულის სინდრომს ვერ ითავსებს. რას ნიშნავს ერთის გამარჯვება და მეორის დამარცხება?!“ – ამბობდა. შურისძიებასთან მიმართებით საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდა და ხანდახან ამ გრძნობას ამართლებდა კიდეც. საამისოდ პუშკინის ნათქვამს იშველიებდა: „სამართლიანი შურისძიება ზოგჯერ უდიდესი კეთილშობილებაა“. ყველაფრის პატიება შეუძლებელია. ქვეყნის შიგნით აუცილებლად უნდა ვამხილოთ ადამიანი, მაგრამ გარეთ, უცხოეთში ნუ გამოვაჭენებთ. რა საჭიროა, მსოფლიომ შეიტყოს, როგორ გაგვაბრიყვა პატარა-პატარა საცთურებმა, მუცელს გადავყევით და დაგვავიწყდა, რომ მუცელს გადაყოლილი ქალია ცოდო, თორემ მუცელს გადაყოლილი კაცი – სამარცხვინო“.

ამ აზრის გასამყარებლად რუსული მაგალითი ახსენდებოდა. თურმე, ბადენ-ბადენის კაზინოში რუს მწერალს, თეოდორ დოსტოევსკის დიდძალი თანხა წაუგია, რომელიც ვერ გადაუხდია. ამის გამო იქაურებს ფირნიში გაუკრავთ: „ამ კაზინოში ფული წააგო დოსტოევსკიმ“. მოგვიანებით ერთმა ახალმა რუსმა გადაიხადა ეს თანხა, ფირნიში ჩამოახსნევინა და რუსული სირცხვილის კვალი ჩამოარეცხინა...

„ფარაონებს შემთხვევით როდი ჰყავდათ ისეთი მრჩეველი, რომელიც დღეში რამდენჯერმე საგანგებოდ შედიოდა მასთან და შეახსენებდა: ხელმწიფეო, შენ ღმერთი არ ხარ, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ამის შეხსენება ყველას სჭირდება. ამასვე ითვალისწინებდა ჩვენებური მასხარას ინსტიტუტი. ევგენი ევტუშენკოს კი გენიალურად უთქვამს: „ქვეყნიერების იყვნენ პატრონნი, იუმორისა კი – არასოდეს“.

გიზო ნიშნიანიძეს მიაჩნდა, რომ ბრბოს დიქტატორი სჭირდება, ხალხს – პრეზიდენტი, ხოლო ერს – მეფე. დაესესხებოდა ხოლმე ვოლტერს – ერი, რომლის ხსნაც ერთ კაცს შეუძლია, ყველაფრის ღირსია. „განა შეიძლება, ერთი კაცის იმედად ვიყოთ? მართლმსაჯულების ქალღმერთ თემიდას, სასწორთან ერთად, ხელში ხმალი რომ არ ეჭიროს, იმ სასწორს თავზე გადააფშვნიდნენ. ამიტომ კანონი სამართლიანი უნდა იყოს და კანონობდეს“.

ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობაში დაღუპულ მეგობარს ბოლომდე უპატრონა. გიზო ნიშნიანიძემ ლამის უკვდავყო ნიაზ დიასამიძე – თუ სცენიდან, თუ მოგონებებში... რომანტიკულად მოყვებოდა ხოლმე, როგორ აუყვანა ნიაზმა სატრფოს გალაკტიონი, რადგან სხვა საჩუქარი არ ჰქონდა... როგორ მოწმინდა დაღუპულ გალაკტიონს პირველად სისხლი იმავე ნიაზმა... ნიაზს უტირაჟო კაცად მოიხსენიებდა, რომლის იუმორით იწყებოდა და მთავდებოდა ვერელების დღეები. გარდაცვლილი მეგობრისადმი ერთგულებამ ერთხელაც მის ყოფილ სახლში მიიყვანა და ნიაზის „მოლოდინში“ ზარი დარეკა...

„20 წლის წინ, როცა დოკუმენტურ პოემას, „პაემანი ვერაზე“ ვწერდი, ჩავიარე ბელინსკის ათ ნომერში. იქ ვინც უნდა იცხოვროს ახლა, ჩემთვის მაინც ნიაზი ცხოვრობს. მომინდა დამერეკა და მივეცი ზარი. ვიფიქრე, გავივლი და ვერ შემამჩნევენ-მეთქი. ამ დროს ქალი გამოვიდა, დავიბენი, ნიაზის ამხანაგი ვარ-მეთქი.

– კარგი რა, აღარ შემიძლია ამდენი ნიაზითო.

მოვუტრიალდი და ვუთხარი, ქალბატონო, ცას ახედეთ-მეთქი.

– არ გეწყინოთ, თქვენსავით ბევრი ჩამოირბენს, ზარს მისცემს და ნიაზს დაეძებსო. ეს იცით, რა გრძნობაა?“

„როცა კოკა იგნატოვის პანო ჯერ კიდევ ამშვენებდა მთაწმინდას, ახალი წლის შესახვედრად ხუთასამდე კაცი ავედით მთაწმინდაზე. პურმარილის თავკაცმა გვითხრა, ერთი კარგი სადღეგრძელო მოვიფიქროთო. მაშინ ვიკითხე, ვინმეს თბილისთან ერთი-ერთზე დაგილევიათ-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური სადღეგრძელო არავის შეესვა. წამოვუდექით დედა თბილისს, გამოვედით აივანზე და მისი სადღეგრძელო ერთი-ერთზე შევსვით. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვა, ამ ჭიქით უკეთესი სადღეგრძელო აღარ უნდა დაილიოსო. ყველამ გაუშვა ჭიქას ხელი და ხუთასი სასმისი დაიმსხვრა. ხანდახან ვცდილობ, კოკა იგნატოვის პანოს მომპარავიც გავამართლო, ალბათ იმდენად მოიხიბლა ნამუშევრით, ვეღარ გაუძლო ცთუნებას და თბილისის ნაგლეჯი წაიღო. იქნებ, ეს იმ განცდის მსგავსია, ჟამიდან ჟამზე რომ მეუფლება და მაშინ თბილისის მზის მოპარვაზე ვოცნებობ, იმდენად თბილია ეს მზე, იმდენად სხვანაირად, თბილისურად ანათებს,“ – იხსენებდა გიზო ნიშნიანიძე და წუხდა, რომ განუხორციელებელი დარჩა რადიო-სცენარი „პაემანი მცხეთაში“. ამ რადიო-სცენარის საშუალებით გიზო ნიშნიანიძეს სურდა, მიცვალებულები „აელაპარაკებინა“. ცოცხლები უკვე გადედლდნენ და მკვდრები მაინც ავამეტყველოო. (წყარო: For.ge) „პაემანი მცხეთაში“ ჩაფიქრებული იყო ფილოსოფოს პლატონის „ნადიმის“ მსგავსად. მისტიკურ სუფრაზე ერთმანეთს შეხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები და თანამედროვეები. ეს იქნებოდა შოკური თერაპია დღევანდელი თაობისთვის – ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდა გიზო ნიშნიანიძეს. ახმიანდებოდა გრიგოლ რობაქიძის, ივანე ჯავახიშვილის და ქართველ მამულიშვილთა ხმები, ნოდარ დუმბაძის სიკვდილის წინ ნამღერი სიმღერა, რაც რადიოს ოქროს ფონდში ინახებოდა. განსაკუთრებულად ივანე ჯავახიშვილს ახსენებდა, რომელიც დეპუტატობას, თურმე, მხოლოდ იმისთვის დათანხმდა, რომ ერისთვის ჭაპანი გაეწია.

***

„ზემელზე ვცხოვრობდი. აივანზე დედას „ვიშნიოვკა“ ჰქონდა ჩამოკიდებული. ერთხელ უფროსი თაობის ჩეკისტმა ჩამოიარა და ამ „ვიშნიოვკას“ იარაღი დაუმიზნა. ერთი მეზობელი მყავდა, მეტსახელად „ჯაბახანა“. „ჯაბახანამ“ მას მაუზერი ჩამოაწევინა: არ გინდა, აქ ჩვენი ძმაკაცი ცხოვრობსო. ეს „ჯაბახანა“ დიდი ავარდნილი და ყომარბაზი ვინმე გახლდათ, ისეთი, „შავებს“ რომ ეძახიან. სინამდვილეში, მიხეილ ჯავახიშვილის დისშვილი თუ ძმისშვილი იყო. გავიდა დრო, მიიღო კარგი განათლება, გახდა დოქტორი და ცხვრის ახალი ჯიშიც კი გამოიყვანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...