საზოგადოება

როგორ ცდილობდა გიორგი ჟურული მაჰმადიან ქართველებში ქართული ორიენტაციის განმტკიცებას და რაზე უთხრა უარი მან საბჭოთა რუსეთს

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.01, 2023 წელი

გიორგი ჟურული
დაკოპირებულია

ილია ჭავჭავაძის უმცროსი მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი ჟურული დაიბადა 1865 წელს. ბავშვობა სოფელ არბოში გაატარა. შემდეგ ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან გიორგის მამა, დურმიშხან ჟურული ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა. დურმიშხანის მეუღლე ქეთევან ნამორაძე მეუღლის მსგავსად, ძალიან განათლებული, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართული, ქართული სკოლისა თუ თეატრის დიდი გულშემატკივარი და მოამაგე გახლდათ.

გიორგი ჟურული სწავლობდა თბილისის სამხედრო გიმნაზიაში. კადეტთა კორპუსი დაამთავრა, მაგრამ უარი თქვა სამხედრო კარიერაზე და სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა. გამოცდებისთვის მთელი წელი ემზადებოდა, პარალელურად კი სიღრმისეულად სწავლობდა ქართულ ისტორიასა და ლიტერატურას. სწორედ ამ დროს გაეცნო ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, რამაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. გიორგი პარიზიდან ერთ წელიწადში წამოვიდა და სწავლა მოსკოვის აგრონომიულ აკადემიაში განაგრძო. მისი დასრულების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე აირჩიეს ქართული სასკოლო, ბანკის ზედამხედველი კომიტეტებისა და დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად.

ეს ის პერიოდია, როდესაც ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდების აქტიურად ჩაბმა საზოგადოებრივ საქმიანობაში მომავალი კადრების მოსამზადებლად. გიორგი ჟურული ახალი თაობისადმი ილიას დამოკიდებულებას შემდეგნაირად აღწერს, – „ორიგინალური იყო ილიას მოქცევა ჩვენი ახალგაზრდების მიმართ. ძალიან უხაროდა ახლების საქმეში ჩაბმა, მაგრამ არაფრით გვაჩვენებდა, რომ ჩვენ იმისი ხელმძღვანელობა გვესაჭიროებოდა. პირიქით, ისე გვექცეოდა და ისეთ მოთხოვნილებებს გვიყენებდა, როგორც საქმეში დიდი ხნობით ჩახედულ ხალხსა... საზოგადოდ წინააღმდეგი იყო პროტექციებით ვისიმე წინ წაწევისა. საინტერესო და საქმისათვის სასარგებლოდ მხოლოდ იმათ სთვლიდა, ვინც საკუთარი ღონით, ცოდნით და გამრჯელობით დაიმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. ასე ექცეოდა გარეშეთაც და შინაურებსაც.“

ყველაზე მეტად გიორგის გული ჟურნალისტობისკენ მიუწევდა და „ივერიის“ რედაქციას მიმართა. იქ მუშაობის პერიოდიდან ბევრი საინტერესო მოგონება დაგვიტოვა ილიას პიროვნების შესახებ. ასევე ილიას შეხედულებებზე ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

1895 წელს გიორგი ჟურული აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის გამგედ ივანე მაჩაბლის ნაცვლად. გიორგის გაზეთ „ივერიასთან“ თანამშრომლობა არ შეუწყვეტია. საკუთარ საქმეს წლების განმავლობაში აქტიურად ემსახურებოდა. ჟურნალისტობასთან ერთად, ის სახელმწიფო სამსახურშიც ჩადგა - სამიწათმოქმედო სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ეს საშუალებას აძლევდა, საზღვარგარეთ ევლო მივლინებით და კვალიფიკაცია აემაღლებინა. პარალელურად, საცენზურო კომიტეტშიც მოღვაწეობდა ქართული ენის ცენზორად. აქ მან რაფიელ ერისთავი შეცვალა.

1902 წელს გიორგი ჟურული აირჩიეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამგეობის წევრად და თითქმის 10 წლის განმავლობაში უკვე ახალ ამპლუაში ემსახურებოდა ქართულ საქმეს. იყო ქალაქის თავის მოადგილეც და სიტყვითაც და საქმითაც აქტიურად ცდილობდა ახალშემოერთებულ აჭარაში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებში ქართული ორიენტაციის განმტკიცებას.

1905 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგში მიავლინა დელეგაცია მოთხოვნით, რუსეთის მომავალ პარლამენტში კავკასიასაც მისცემოდა საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება. დელეგაციაში სულ სამი დეპუტატი იყო – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული. დელეგაციის წარმატებასა და საიმპერატორო ქალაქში მათი ცხოვრების შესახებ გიორგი ჟურულმა კიდევ ერთი ვრცელი მოგონება დაგვიტოვა.

გიორგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ყველა მოვლენაში. 1910 წელს გიორგი ჟურული თბილისის საქალაქო გამგეობის წევრად აირჩიეს. 1917 წელს, ტრიფონ ჯაფარიძესთან და სპირიდონ კედიასთან ერთად თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას, რომელზეც განიხილეს საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოსო საბჭოს შექმნის საკითხები. გიორგი შედიოდა საფინანსო კომისიაშიც, რომელსაც დაევალა სახსრების მოძიება ტაო-კლარჯეთის სასულიერო ძეგლების შესასწავლი ექსპედიციის დასაფინანსებლად.

1917 წლის ნოემბერში, პირველ ეროვნულ ყრილობაზე შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაში გიორგი ჟურულიც შედიოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1918 წელს გიორგი გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი და ეს პოსტი შეინარჩუნა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე.

საქართველოს გასაბჭოების დროს გიორგი ჟურული ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკებმა მოინდომეს მისი ცოდნის გამოყენება, მაგრამ ოკუპანტების სამსახურზე გიორგიმ უარი თქვა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მძიმე ბედი გაიზიარა.

1921 წლის 18 მარტს გიორგი ჟურული საქართველოს მთავრობასთან ერთად გაემგზავრა. ის ემიგრაციაშიც აგრძელებდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თავმჯდომარეობდა ორგანიზაციას „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“. ცხოვრება განაგრძო პარიზში და გახდა პარიზის ქართული სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე.

საფრანგეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხშირად აწყობდნენ ქართველი მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოებს. გერმანიაში გამართულ ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გიორგი ჟურულმა წაიკითხა თავისი მოგონება „ილიასთან შორი–ახლოს დგომით“. ეს მოგონება გამოქვეყნდა პარიზში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში „ქართლოსი“. ჟურულის წერილები იბეჭდებოდა ასევე სხვადასხვა ჟურნალებში.

გიორგი ჟურული გარდაიცვალა 1951 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე მეუღლესთან, ელენე ჟურულთან ერთად.

წყარო: სარალიძე ლელა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები; ქიტიაშვილი, ნანა; თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომელთა სამეცნიერო შრომების კრებული; ჟურული გიორგი. საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე / გურამ შარაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი