როგორ წავიდა ნანა ტომარაძე ომში საყვარელი ადამიანის გვერდით საბრძოლველად და როგორ დაამარცხა მან ბრძოლის ველზე შიში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 11.04, 2022 წელი
![ნანა ტომარაძე ნანა ტომარაძე](/files/2022/04/08/4370/nana-tomaradze_w_h.jpeg)
ნანა ტომარაძე ქართველი მოხალისეა უკრაინის ომში. უკრაინული ფესვებით, ქართული პატრიოტიზმით, უკრაინელი მეუღლის სიყვარულითა და მებრძოლი ხასიათით თბილისში მშვიდად ჯდომა ვერ შეძლო და ახლა მოვლენების ეპიცენტრში ცდილობს პროცესის სასიკეთოდ წარმართვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ნანა ტომარაძე: ქართული ნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში ვარ. დედა მყავდა უკრაინიდან, ამ ქვეყანაში ჩემი ბევრი ახლობელი და მეგობარია. ჩემი ძმა საკუთარი მეუღლითა და შვილით აქ ცხოვრობს. რომ გავიგე, ომი დაიწყო, ვერ დავიჯერე, მორიგი პოლიტიკური თამაში მეგონა. სამწუხაროდ, მის რეალურობაში ძალიან მალე დავრწმუნდი. სიტუაცია სწრაფად დამძიმდა და გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა. ზუსტად ვიცოდი, აქ წამოსვლის შესახებ ჩემიანებისთვის ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ხელს აუცილებლად შემიშლიდნენ. ამიტომ არ ვთქვი. მეგობარს ვუთხარი, რომ ძალიან განვიცდიდი იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა და მინდოდა, აქ წამოსვლა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა. მან მითხრა, რომ არსებობდა მოხალისეთა ჯგუფები. ამის შემდეგ, დომენიკ მანგოს დავუკავშირდი, ვესაუბრე და მის ჯგუფთან ერთად წამოვედი უკრაინაში.
– საქართველოში ვინ დატოვე?
– მამაჩემი და ჩემი შვილი. რვა წლის გაბრიელი მყავს და არ მინდოდა ენერვიულათ. გზაში ვიყავი, როცა ვუთხარი, უკვე გზას ვადგავარ-მეთქი. სიმართლე რომ ვთქვა, მამას მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. სადაც კი რამე პრობლემა იყო, მე ყოველთვის იქ ვჩნდებოდი. ეს ჩემი ხასიათია. პრობლემების არ მეშინია. პირიქით, მსიამოვნებს მათ მოგვარებაში ჩემი წვლილის შეტანა. იქნებ რამე შევძლო, რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო. არ ვამბობ, რომ ყოვლისშემძლე და ანგელოზი ვარ, მაგრამ მინდა, ადამიანებს კარგისკენ ვუბიძგო და არა კონფლიქტისა და დაძაბულობისკენ. ამიტომაც, მამას ძალიან არ გაჰკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება. შვილი თავიდან პანიკაში იყო, დედიკო, რამე არ მოგივიდეს, არ მომიკვდეო, მეუბნებოდა. ავუხსენი, რომ ცხოვრება ასეთია, ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. თან, მეუღლე კიევიდან მყავს. ახლა ის კიევშია და იბრძვის. 2014-შიც უკრაინის ტერიტორიას იცავდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი აქ წამოსვლის ძირითადი მიზეზი ჩემი მეუღლე იყო. მე თბილისში ვარ და ჩემი მეუღლე კიევში იბრძვის, როგორია?! ახლაც იბრძვის, სტრუქტურაში მუშაობს და ძალიან დაკავებულია თავის ქვეყნის სამსახურში.
– მან იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე?
– კი, აქ რომ მოვდიოდი, დავურეკე. აზრი არ აქვს ლაპარაკს, უკვე გზაში ვარ და ვერავინ შემაჩერებს-მეთქი. მე მაშინვე კიევში ვაპირებდი წასვლას. მაგრამ რადგან მანგოსა და ჯგუფს გამოვყევი, ეს ადამიანები, ვინც ერთად წამოვედით, ერთ ძალად ვიქეცით. ხუთი დღე ერთ ავტობუსში ვათენებდით და ვაღამებდით. მე ისედაც ძალიან მიყვარს საქართველო და უკრაინა, მაგრამ ამ მომენტამდე, მე მაინც უფრო მეტად ჩემი მეუღლის სიყვარულით მივდიოდი ამ ომში. თუმცა, გზად მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი სიყვარულის გზას არ ვედექი. ჩემი უკრაინელი დედა გარდაიცვალა, მისი სულის გასახარად, საქართველოს თავისუფლების გამო, უკრაინის თავისუფლების გამო, ეს ნაბიჯი ყველაფრისთვის გადავდგი. ამ გზაზე ჩვენ ერთ გუნდად შევიკარით. აქ რომ ჩამოვედი, მაშინვე ლეგიონში მოვედი, რადგან ამ ადამიანებს დავუმეგობრდი და ვეღარ დავტოვებდი. რამე რომ მომხდარიყო, მინდოდა, მეც შემძლებოდა მათი დაცვა. სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით. ერთ კვირაში მე და ჩემი მეუღლე დავუკავშირდით ერთმანეთს და მასთან შესახვედრად კიევში წავედი. მარტომ, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი მოვიარე, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე – მან გათავისუფლება ვერ შეძლო. ახლა ჩვენი ლეგიონი ქალაქს იცავს. ამჟამად ლვოვში ვართ. თუმცა, დეტალურად იმის მოყოლა, რითაც ჩვენ ვართ დაკავებული, არ შემიძლია, რადგან კონფიდენციალურია.
– ძმაც ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში?
– ჩემი ძმა და მისი ოჯახი აქამდე წყნარად და მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სიმშვიდე დაგვირღვიეს. საბრძოლო მოქმედებებში ვერ იქნება ჩართული, რადგან ორი ტყუპი ჰყავს, პატარა შვილების მამაა.
– თბილისში როგორი იყო თქვენი ცხოვრება, ჯართან, სამხედრო ძალასთან რა საერთო გაქვთ?
– მე მხატვარი ვარ. ვცეკვავდი კიდეც და სამსახურების თვალსაზრისით, მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე, თუმცა სამხედრო ძალასთან კავშირი აქამდე არ მქონია. მამაჩემი მსახურობდა ჯარში, ნათლიაჩემი მსახურობს, ბაბუა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და დამსახურებული მეომარი იყო. ამიტომ ეს სულისკვეთება ჩემთვის უცხო არ ყოფილა. მე ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი იარაღით, თუმცა მაშინ ომში მონაწილეობის მიღებაზე ვერ ვიფიქრებდი, უბრალოდ, იარაღი და მიზანში სროლა მომწონდა – ხან ბოთლებს ვესროდი, ხან ტირს. საერთოდ ეს ტიპაჟი ვარ – ბავშვობიდან ხან ფეხბურთზე დავდიოდი, ხან ომობანას ვთამაშობდი, ბიჭებთან ვმეგობრობდი. თუმცა ზოდიაქოთი ტყუპები ვარ, შესაბამისად, ცვალებადი ხასიათი მაქვს – ხან ძალიან ქალური ვარ, ხან ძალიან მეამბოხე.
– მიუხედავად იმისა, რომ ომის სისასტიკე, დაახლოებით, ყველას გვაქვს წარმოდგენილი, შორიდან შესაძლოა, იქ საკუთარ როლს ცოტა რომანტიკულად უყურებდი. ადგილზე რამდენად გაგიმართლა იმედები საკუთარმა თავმა?
– თავიდან, რომ ჩამოვედი და სულ განგაშის, სროლისა და აფეთქების საშინელი ხმები მესმოდა, ძალიან მიჭირდა. მერე ჩემს თავს ვუთხარი, თუ გიჭირს, მაშინ წადი, აქ რატომ ხარ-მეთქი?! საკუთარ თავში წინააღმდეგობები გადავლახე. აქ ვინც ვართ, ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველას გვყავს ნათესავები უკრაინაში და ომმა ჩვენც ძალიან ახლობლებად გვაქცია ერთმანეთისთვის. უკვე და-ძმასავით ვართ. ხომ არსებობს ანდაზა: ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, ზუსტად ამ პრინციპით ვცხოვრობთ ტყეში, ღრეში თუ სადაც გვიწევს არსებობა. ერთმანეთს ყველაფერში გვერდით ვუდგავართ, შიში აღარც გვახსოვს. ღმერთის გვწამს, ქრისტიანები ვართ და შეიძლება, ვინმეს ფანატიკურად მოეჩვენოს, მაგრამ ამ მდგომარეობაში მე უფლის იმედი მაქვს და ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო. შეიძლება, გარშემო ბევრი პრობლემა, ქაოსი და საშიშროებაა, მაგრამ რაც უფრო პოზიტიურად უყურებ მოვლენებს, მით უკეთ შეგიძლია მოქმედება. შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე მგონია, რომ მტერი სიკეთეს ერიდება, გაურბის. აქ რომ მოდიხარ, უკვე ყველაფრისთვის მზად ხარ, იმასაც იაზრებ, რომ შეიძლება, ეს საკუთარი თავის გაწირვასაც ნიშნავდეს და სამწუხაროდ, ასეც ხდება – ომი ბევრ სიცოცხლეს გვაკარგვინებს, მაგრამ ეს უკან დახევისკენ არ გიბიძგებს, პირიქით, მებრძოლში სულ სხვა სულისკვეთება იღვიძებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან