საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 17:00

გვარები
დაკოპირებულია

თავხელიძე

თავხელიძე ძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან ფიქსირდება. ადრეულ საბუთებში მოხსენიებულია ასათ თავხელისძის ოჯახი, რომელმაც სვეტიცხოველს შესწირა მამული და გლეხები, რაც საგვარეულოს ქონებრივ შესაძლებლობასა და საეკლესიო კავშირს ადასტურებს. მეჩვიდმეტე საუკუნეში თავხელიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ სამეფო ადმინისტრაციულ და სამხედრო ცხოვრებაში. საამილახვროს დავთრის მიხედვით, მათგან კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა, რაც სახელმწიფო სამსახურსა და სამხედრო ვალდებულებას ნიშნავს. წყაროებით ირკვევა, რომ თავხელიძეთა შორის იყვნენ აზნაურებიც, და მათ ფლობდნენ მოლარეთუხუცესის სახელოს — ეს იყო სამეფო ფინანსური აპარატის მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც ხაზინისა და ფულადი რესურსების მართვასთან იყო დაკავშირებული. ასეთი სახელოს ფლობა საგვარეულოს მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელია. ამრიგად, თავხელიძეები წარმოადგენენ აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საგვარეულოს, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდნენ საეკლესიო, სამხედრო და სამეფო-საფინანსო ცხოვრებაში.

ამჟამად საქართველოში მხოლოდ 400 თავხელიძე ცხოვრობს.

თედორაძე

თედორაძე დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით იმერეთსა და გურიაში ძველი ქართული გვარია. გვარის ფუძეა ქრისტიანული სახელი თედორე (ფეოდორე). თედორაძეები დოკუმენტურად იხსენიებიან უკვე 1558 წელს, რაც ადასტურებს გვარის მეთექვსმეტე საუკუნეში არსებობას იმერეთის ისტორიულ სივრცეში. მოგვიანებით ისინი ფიქსირდებიან საეკლესიო-სამეურნეო საბუთებში, მათ შორის ქუთაისის საყდრის ბეგარის ნუსხებში. ერთ-ერთ ჩანაწერში მოხსენიებულია ივანა თედორაძე, რომელსაც ეკისრებოდა ფულადი და ნატურალური გადასახადები (თეთრი, სანთელი, მატყლი, მარცვლეული, მარილი და სხვა), რაც იმ დროის საყდრის ყმათა ვალდებულებათა ტიპური ფორმა იყო. ისინი წარმოადგენდნენ ქრისტეს საფლავის ყმებს.

ამჟამად საქართველოში 2 115 თედორაძეა.

ზადიკაშვილი

ზადიკაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე აქტიურად ჩანან ისტორიულ საბუთებში. 1663–1672 წლების ნასყიდობის წიგნებში ზადიკაშვილი გრიქურ (გრიკორა) და ზადიკაშვილი დავითა მოხსენიებულნი არიან, როგორც მიწის გარიგებების მოწმეები. იმ დროისთვის მოწმედ იწვევდნენ მხოლოდ სანდო და გავლენიან პირებს, რაც გვიჩვენებს, რომ ზადიკაშვილები ადგილობრივ საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ეს ცნობები ადასტურებს, რომ გვარი მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე დამკვიდრებული და აქტიური იყო სამართლებრივ და სამეურნეო ურთიერთობებში.

დღეს საქართველოში ცხოვრობს 87 ზადიკაშვილი.

ზაზუაშვილი

ზაზუაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნის ზემო ქართლის საბუთებში ფიქსირდებიან როგორც მამულით უზრუნველყოფილი და საზოგადოებრივად აქტიური გვარი. დათუნა ზაზუაშვილი და პაპუნა ზაზუაშვილი მოხსენიებულნი არიან ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი, ფ. 7014), რაც მიუთითებს, რომ მათ ჰქონდათ საკუთარი მამული. სეხნია ზაზუაშვილი ასევე ფიქსირდება იმავე ნუსხაში, როგორც მამულის მქონე პირი. 1699 წლის 20 დეკემბერს პაპუნა ზაზუაშვილი მოწმედ არის დასახელებული ნიკოლოზ ზანდუაშვილის მიერ ზურაბ ბაგრატიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში. ეს ცნობები აჩვენებს, რომ ზაზუაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში ზემო ქართლში იყვნენ მიწათმფლობელები და სამართლებრივ გარიგებებში სანდო მოწმეებად მონაწილეობდნენ, რაც მათ სოციალურ სტატუსსა და ავტორიტეტზე მიუთითებს.

დღეს საქართველოში ცხოვრობს 65 ზაზუაშვილი.

ვაჩეიშვილი

ვაჩეიშვილი ქართული, ძირითადად, გურული გვარია. მისი მთავარი კერები იყო ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლები – ბოხვაური, ბუკისციხე, დვაბზუ, იანეული, ვაკიჯვარი, ნატანები და სხვა. გვარის ფუძეა ძველი ქართული სახელი ვაჩე, რომელსაც ენათესავება გვარები: ვაჩნაძე, ვაჩიძე, ვაჩაბერიძე. მონათესავე ფორმა „ვაჩიძე“ ისტორიულ საბუთებში უკვე 1700 წელს ფიქსირდება. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ვაჩეიშვილები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საეკლესიო მსახურებით: დავით ვაჩეიშვილი – 1840 წელს მღვდელი გოგორეთში (ოზურგეთი), წმიდა გიორგის ეკლესიაში. გიორგი ვაჩეიშვილი – 1869 წელს მედავითნე იმავე ეკლესიაში. ვაჩეიშვილები ისტორიულად მჭიდროდ არიან დაკავშირებული გურიის ეკლესიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, თუმცა მოგვიანებით გვარი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. ისიდორე ვაჩეიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ალავერდის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიებში.

დღეს საქართველოში ცხოვრობს 1 190 ვაჩეიშვილი.

ვარდანისძე / ვარდანიძე

ვარდანისძენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეოდალური საგვარეულო იყო მეთერთმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების საქართველოში. ისინი, სავარაუდოდ, წარმოშობით მარუშიანთა (მარუშაძეთა) ხაზს უკავშირდებიან; მოგვიანებით „მარუშიანი“ თავად ვარდანისძეთა შიგნით პირის სახელად დამკვიდრდა. ვარდანისძეთა წარმომადგენლები იყვნენ: ერისთავთერისთავები, სვანთა ერისთავები მეფის კარზე ეკავათ მაღალი თანამდებობები: მეჭურჭლეთუხუცესობა, მსახურთუხუცესობა (ლიხთ-იმერეთი), მანდატურთუხუცესობა და სხვა სავაზირო ხელები. 1344 წლის საბუთში იხსენიება მათი საკუთრება — მოლაღრურის სამი დღის მიწა, რაც შიომღვიმის მთავარმემღვიმემ იოანემ და დეკანოზმა დავითმა ჯაუნორ ბავტისძეს უწყალობეს. ეს ცნობა ადასტურებს საგვარეულოს აქტიურობას მეთოთხმეტე საუკუნეშიც. მოგვიანებით გვარის ფორმად დამკვიდრდა ვარდანიძე, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვხვდება (ქვილიშორი, ყუმისთავი და სხვა). მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილია გაბრიელ ივანეს ძე ვარდანიძე – 1870 წელს მედავითნე ჟონეთში (წყალტუბო), მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიაში.

დღეს საქართველოწი ცხოვრობს 879 ვარდანიძე.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი